ეთიკის კომისიაში საჩივრის შემოტანა შეგიძლიათ როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით, თუ მიგაჩნიათ, რომ ადვოკატის ქმედებით დაირღვა თქვენი უფლებები და ინტერესები. წარმომადგენლის მიერ საჩივრის შემოტანისას, საჩივარს უნდა დაურთოთ რწმუნებულება, სადაც მითითებული იქნება, რომ თქვენს რწმუნებულს უფლება აქვს ეთიკის კომისიაში აწარმოოს თქვენი საქმე.
საჩივრით შეგიძლიათ მოგვმართოთ მხოლოდ მოქმედი ადვოკატის მიმართ და მის მიერ საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მოქმედება/უმოქმედობასთან დაკავშირებით.
საჩივრის შემოსატანად შეგიძლიათ ისარგებლოთ ხელით შესავსები ფორმით (იხ. საჩივრის შევსების ვიდეო ინსტრუქცია) ან ელექტრონული ფორმით (იხ. ქვემოთ "საჩივარი").
საჩივრის ფორმით სარგებლობისას შეავსეთ მხოლოდ ის გრაფები, რომლებზეც ფლობთ სათანადო ინფორმაციას, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სავალდებულოა შესაბამის ველში მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, ფაქტობრივი მისამართი და აქტიური საკონტაქტო ინფორმაცია. თუ ეთიკის კომისიაში წარმომადგენელი გეყოლებათ, მიუთითეთ მისი ვინაობა, ფაქტობრივი მისამართი და აქტიური საკონტაქტო ინფორმაცია. საჩივარში ლაკონურად და ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი პრეტენზია ადვოკატის კონკრეტული ქმედების თუ უმოქმედობის შესახებ.
თუ პრეტენზია რამოდენიმე ადვოკატის მიმართ გაქვთ, თითოეულ მათგანზე იწერება ცალკე საჩივარი.
საჩივარში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებას უნდა დაურთოთ მისი დამადასტურებელი მტკიცებულება.
ხელით შესავსები ფორმით სარგებლობისას, საჩივარი და თანდართული დოკუმენტები ეთიკის კომისიაში უნდა წარმოადგინოთ 2 ეგზემპლარად. საჩივარი შეგიძლიათ შემოიტანოთ ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ეთიკის კომისიის განყოფილებაში (მის: თ. ვირსალაძის 1- ლი ჩიხი, N1), გამოგზავნოთ ფოსტით ამავე მისამართზე ან გამოაგზავნოთ დასკანერებული სახით შემდეგ ელ. მისამართზე: ethics@gba.ge
ელექტრონული ფორმით სარგებლობისთვის გთხოვთ, გახსნათ და შეავსოთ ქვემორე საჩივრის ფორმა. ელექტრონული ფორმით საჩივირს გამოგზავნის შემდეგ, საშუალება გექნებათ შეინახოთ სისტემის მიერ ჩამოტვირთული ფორმის ასლი.