ხშირად დასმული კითხვები

რა შედის ეთიკის კომისიის უფლებამოსილებაში?

ეთიკის კომისია არის ადვოკატთა საერთო კრების მიერ არჩეული ორგანო, რომელიც ადვოკატის წინააღმდეგ საჩივრის შემოტანისას, ამოწმებს ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე. ეთიკის კომისია დამოუკიდებელია და  გადაწყვეტილებებს იღებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის საფუძველზე. საქმისწარმოებისას ეთიკის კომისია ხელმძღვანელობს „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულებით. ეთიკის კომისიის შემადგენლობაში შედის ხუთი დისციპლინური კოლეგია, ხოლო კოლეგია  შედგება სამი წევრისგან.

ვის შეუძლია საჩივრის შეტანა?

საჩივრის შეტანა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ ადვოკატის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები ან ინტერესები.

ვის წინააღმდეგ შეიძლება საჩივრის შეტანა?

თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ საჩივარი მოქმედი ადვოკატის მიმართ, თუ მიგაჩნიათ, რომ ადვოკატმა თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით დაარღვია პროფესიული ქცევის წესები.  ამასთან, ადვოკატს სადავოდ გამხდარი ქმედება ჩადენილი უნდა ჰქონდეს საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში. 

რას მირჩევთ საჩივრის შეტანამდე?

საჩივრის შეტანამდე გირჩევთ შეეცადოთ გამოიყენოთ თქვენი პრობლემის გადაწყვეტის ისეთი გზა, როგორიც არის თქვენი პრეტენზიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მოლაპარაკება უშუალოდ ადვოკატთან ან იმ საადვოკატო ბიუროს უფროს პარტნიორთან, სადაც ადვოკატი მუშაობს.

რას უნდა ელოდოთ ეთიკის კომისიისგან?
  • ეთიკის კომისია სრულყოფილად განიხილავს თქვენს საჩივარს და შეაფასებს თქვენს მიერ წარმოდგენილ ყველა სათანადო მტკიცებულებას;
  • თქვენ შესაძლებელია დაგიბარონ დამატებითი ახსნა-განმარტების ან მტკიცებულების წარმოდგენის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს საქმის განხილვას;
  • თქვენ შეტყობინებით გეცნობებათ სხდომის ჩატარების თარიღი და დრო;
  • თქვენ შეტყობინება ჩაგბარდებათ იმ ვარაუდით, რომ ეთიკის კომისიაში დროულად გამოცხადების და საქმის მომზადების შესაძლებლობა გქონდეთ;
  • თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ საქმის მასალებს, გადაიღოთ მათი ასლები, განაცხადოთ აცილება, მიმართოთ ეთიკის კომისიას შუამდგომლობით, წარმოადგინოთ საკუთარი მოსაზრებები წარმოების დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე;
  • მტკიცებულების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეთიკის კომისიას შეუძლია თქვენი შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვოს მტკიცებულებები;
  • საქმის წარმოებისას თქვენ იქნებით ინფორმირებული საქმის განხილვის ეტაპის თაობაზე;
  • ეთიკის კომისია გამოიტანს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზეც გეცნობებათ და ჩაგბარდებათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.
როგორ ხდება საადვოკატო მომსახურების ფასის გონივრულობის შეფასება და ეთიკის კომისიას შეუძლია თუ არა ამაზე კლიენტის საჩივრის განხილვა?

ჰონორარი წარმოადგენს ადვოკატის გასამრჯელოს, რომლის ოდენობა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, განისაზღვრება ადვოკატსა და კლიენტს შორის შეთანხმებით და რომელსაც ადვოკატი გამოიმუშავებს შეთანხმებული მომსახურების შესრულებისას. ადვოკატის გასამრჯელოს ოდენობის განსაზღვრა ან სამომავლოდ, საქმის წარმატების დასრულების შემთხვევაში გადასახდელი საზღაურის გამოთვლის წესი და მისი დაკონკრეტება ადვოკატსა და კლიენტს შორის შეთანხმების საგანია და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის მარეგულირებელი ნორმებით რაიმე დათქმა ამის თაობაზე არაა გათვალისწინებული. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-8 ნაწილი ადგენს ადვოკატის პროფესიულ ვალდებულებას, რომ ჰონორარი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და მისი გამოთვლის წესი და შესაბამისი განაკვეთი წინასწარ უნდა იყოს ცნობილი და მისაღები კლიენტისათვის. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი არ ადგენს ჰონორარის გონივრულობის კრიტერიუმებს, შესაბამისად საადვოკატო მომსახურების ფასის გონივრულობის შეფასება ცდება ეთიკის კომისიის კომპეტენციას და წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივი გადაწყვეტის საგანს.

რას არ უნდა ელოდოთ ეთიკის კომისიისგან?

კომისია:

  • არ იძლევა სამართლებრივ კონსულტაციებს და არ სთავაზობს კლიენტებს საადვოკატო მომსახურებას;
  • არ განიხილავს და მიიღებს დისციპლინური წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, იმ საჩივრებზე, რომლებიც ეთიკის კომისიამ ადრე უკვე განიხილა, თუ საჩივარი ეხება იმავე მხარეებსა და იმავე პრეტენზიას;
  • არ განიხილავს და მიიღებს დისციპლინური წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, თუ პრეტენზია ეხება ადვოკატის ისეთ ქმედებას, რომელიც განახორციელა არა ადვოკატის, არამედ სხვა სტატუსით, მაგ: როგორც ორგანიზაციის თანამშრომელმა, ლექტორმა და ა.შ.;
  • არ იხილავს ადვოკატისათვის გადახდილი ჰონორარის უკან დაბრუნების ან ადვოკატის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების  საკითხს;
  • არ გაითვალისწინებს კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.
არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვები ვადებთან დაკავშირებით?

ეთიკის კომისია ვერ იმსჯელებს ადვოკატის იმ ქმედებებზე, რომელთა განხორციელებიდან გასულია 5 წელი. 

როგორ შეიძლება შევიტანო საჩივარი?

საჩივრის შესატანად შეგიძლიათ შეავსოთ ელექტრონული ფორმა. ასევე, საჩივარი შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობით, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში მიტანით ან ფოსტით ან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით. საკონტაქტო ინფო: ზუბალაშვილების ქ. №36, თბილისი, 0108, ethics@gba.ge

თუ არ სარგებლობთ საჩივრის ელექტრონული ფორმით, საჩივარში უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა). თუ წარმომადგენილი გყავთ, მიუთითეთ მისი ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია; უნდა მიუთითოთ ადვოკატის ვინაობა, ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ ადვოკატის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა) თუ ეს თქვენთვის ცნობილია. დეტალურად აღწერეთ ადვოკატის რომელ ქმედებას ასაჩივრებთ. ბოლოს, სავალდებულოა საჩივარს ხელი მოაწეროთ.

საჩივართან ერთად უნდა წარმოადგინოთ იმ მტკიცებულებების ასლები, რომლებიც ადასტურებენ საჩივარში მითითებულ გარემოებებს. დოკუმენტების ორიგინალები შეგიძლიათ არ წარმოადგინოთ, საჭიროების შემთხვევაში მოგთხოვთ ეთიკის კომისია. 

შეიძლება თუ არა მივიღო დახმარება საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით?

დიახ. ეთიკის კომისიის აპარატის იურისტებს შეუძლიათ დაგეხმარონ, თუ გაქვთ კითხვები საჩივრის წარდგენაზე ან მისი განხილვის პროცედურებზე.

საჩივრის შეტანისთვის უნდა გადავიხადო მოსაკრებელი?

საჩივრის შეტანა უფასოა.

რა ხდება საჩივრის შეტანის შემდეგ?

საჩივრის მიღების შემდეგ ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გადასცემს საჩივარს საპროცესო კოლეგიას, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის, აღძვრაზე უარის თქმის ან წარმოების შეწყვეტის შესახებ. თავდაპირველად საპროცესო კოლეგია შეაფასებს თქვენს საჩივარს და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით თქვენ ტელეფონით ან წერილობით დაგიკავშირდებიან საპროცესო კოლეგიის შემადგენლობასთან შეხვედრის ჩასანიშნად. ამ შეხვედრაზე თქვენ მოგეცემათ საშუალება წარმოადგინოთ ახსნა-განმარტება და საჩივარში ასახული ფაქტების დადასტურების მიზნით წარადგინოთ დამატებითი მტკიცებულებები. ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის ან წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დისციპლინური წარმოება სრულდება. საპროცესო კოლეგიის გადაწყვეტილება გეცნობებათ წერილობით.

დისციპლინური დევნის აღძვრის შემთხვევაში საქმე გადაეცემა განხილვის კოლეგიას, რომელიც ჩაატარებს სხდომას თქვენი და იმ ადვოკატის მონაწილეობით, რომლის წინააღმდეგაც შემოტანილია საჩივარი. ამ სხდომაზე თქვენ მოგეცემათ საშუალება სრულად წარმოადგინოთ საკუთარი პოზიცია, შეკითხვები დაუსვათ მოწმეებს, წარმოადგინოთ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებანი, დააყენოთ შუამდგომლობები განხილვის კოლეგიაში დამატებითი მასალების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, აგრეთვე, მოითხოვოთ მოწმეთა გამოკითხვა. 

დაცული იქნება ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა?

დისციპლინური წარმოების პროცესი კონფიდენციალურია, ვინაიდან, შესაბამისი ინფორმაცია ცნობილია მხოლოდ საჩივრის განხილვაში მონაწილე მხარეებისთვის, თუმცა ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები საჯაროა. ეთიკის კომისიის წევრები და ეთიკის კომისიის აპარატის თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დისციპლინური წარმოების დროს.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი საჩივრის ასლს გაეცნობა ადვოკატიც, რომლის წინააღმდეგაც თქვენ შემოგაქვთ საჩივარი. ამის მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ ორივე მხარემ თანაბრად ისარგებლოს საკუთარი პოზიციის სრულად წარმოდგენის და დაცვის უფლებით. კომისია ვალდებულია შეატყობინოს ადვოკატს, თუ რას შეეხება საჩივარი და ვინ არის მისი ავტორი.

შემიძლია საჩივრის გამოთხოვა?

დიახ. თქვენ შეგიძლიათ წერილობით გამოითხოვოთ საჩივარი. საჩივრის გამოთხოვის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია შეწყვიტოს დისციპლინური წარმოება ადვოკატის მიმართ, რომლის წინააღმდეგაც წარმოდგენილი იყო საჩივარი.

ხომ არ დამეკისრება პასუხისმგებლობა ჩემი საჩივრის გამო?

არა. თქვენ სრული უფლება გაქვთ საჩივრით მიმართოთ კომისიას. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ საჩივრის შეტანამ შეიძლება შეცვალოს ადვოკატის დამოკიდებულება თქვენს მიმართ. 

პრობლემების თავიდან ასაცილებლად დარწმუნდით, რომ საჩივარი ზუსტია, შეტანილია კეთილსინდისიერების ფარგლებში და ეხება ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას და არა პირადად მას.

რა დრო სჭირდება ჩემი საჩივრის განხილვას?

საჩივრის მიღებიდან 2 თვის განმავლობაში საპროცესო კოლეგია შეისწავლის საქმის მასალებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, არსებობს თუ არა დისციპლინური დევნის აღძვრის საკმარისი საფუძველი. თუ საპროცესო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის აღძვრის თაობაზე, საქმე გადაეცემა განხილვის კოლეგიას, რომელმაც 3 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ადვოკატზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ.

იმ შემთხვევაში თუ კოლეგია მიიღებს დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის ან წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, საჩივრის მიღებიდან 2 თვის განმავლობაში წარმოება სრულდება.

შეიძლება საქმის განხილვას დასჭირდეს უფრო დიდი ვადები, ვიდრე ეს ზემოთ არის მითითებული, თუ საქმის განხილვისას წარმოიშვა ობიექტური სირთულეები ადვოკატის ავადმყოფობა, მტკიცებულებების შეგროვებისთვის საჭირო დრო, ან სხვა შემთხვევები, რის შედეგადაც საქმის წარმოება დროებით შეჩერდა. 

რა შემთხვევაში არ აღძრავს საპროცესო კოლეგია ადვოკატის მიმართ დისციპლინურ დევნას?

საპროცესო კოლეგია არ აღძრავს დისციპლინურ დევნას, თუ საჩივარი ან შეტყობინება ინფორმაციის სისწორის შემთხვევაშიც კი არ იძლევა დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძველს ან არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც კოლეგიას შეუქმნიდა ადვოკატის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გონივრულ ვარაუდს.

ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის რა სახეები არსებობს?

დისციპლინური პასუხისმგებლობა შედგება დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების ან დისციპლინური სახდელის სახეებისგან.

ა) კანონით დადგენილი დისციპლინური სახდელებია: 

- გაფრთხილება 

- საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით 

- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა 

ბ) კანონით დადგენილი დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებია:

- ადვოკატისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა 

- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.

რა მოხდება თუ არ დამაკმაყოფილებს კომისიის მიერ ჩემს საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება?

დისციპლინური წარმოების შეწყვეტის, დისციპლინური დევნის არაღძვრის, ადვოკატის გამართლების, ადვოკატისთვის დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება, ხოლო ადვოკატისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ სახდელდადებულ ადვოკატს.

ჩვენ გირჩევთ მიიღოთ დამოუკიდებელი სამართლებრივი კონსულტაცია კანონით განსაზღვრული სამართლებრივი დაცვის საშუალებების თაობაზე.

ვის აქვს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება?

ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს ადვოკატს, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური სახდელი. ადვოკატი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ასაჩივრებს გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანება ეთიკის კომისიაში. საჩივრის მიღებიდან 1 კვირის ვადაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ატყობინებს მხარეებს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი