ევროპულ საბჭოს,
ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის,
6 დეკემბერი, 2023 წელი
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს განაცხადის მხარდასაჭერად
პატივი მაქვს, მოგმართოთ ქართული ადვოკატურის სახელით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დამოუკიდებელ და თვითმმართველ საჯარო ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელიც ქვეყანაში მოქმედ ყველა ადვოკატს აერთიანებს, იცავს და ახმოვანებს საქართველოში იურიდიული პროფესიის ინტერესებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ხელს უწყობს ქვეყანაში იურიდიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას, სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფას.
ადვოკატებს, როგორც მართლმსაჯულების წარმომადგენლებს, შეგვიძლია რეალურად შევაფასოთ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის პროგრესი სამართლის უზენაესობის განმტკიცებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს გაძლიერების გზაზე. ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ კიდევ რჩება რიგი გამოწვევები, თუმცა, აღსანიშნავია არაერთი წინგადადგმული ნაბიჯიც, რის შედეგადაც დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებები უფრო მეტად არის დაცული, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი, ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობა და თვითორგანიზება გარანტირებული, ხოლო საკანონმდებლო ჩარჩო ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებული. ამ პოზიტიური ძვრების პროცესში განუზომელია ევროკავშირში ინტეგრაციის ყოველი მექანიზმის როლი, რასაც ადასტურებს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილებაც. კერძოდ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისათვის ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) დამკვირვებელი წევრის სტატუსის მინიჭებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენ მიერ იურიდიული პროფესიის ევროპული ფასეულობების გაზიარებასა და საქართველოში საადვოკატო საქმიანობის განხორციელების გარემოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში. შესაბამისად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროპული საბჭო მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპული რეფორმების დღის წესრიგს და ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის საუკუნოვანი მისწრაფების აღსრულებას, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არსებით როლს შეასრულებს ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური ლიდერების იმ საერთო მიზნის გარშემო მობილიზების პროცესში, როგორიცაა მნიშვნელოვანი რეფორმების დაჩქარება სრულფასოვანი დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მისაღწევად.
ჩვენ, ადვოკატებს, ყოველდღიურად ათასობით ადამიანთან და ბიზნეს ორგანიზაციასთან გვიწევს ურთიერთობა. შესაბამისად, ვფლობთ ინფორმაციას ჩვენი საზოგადოების განწყობის შესახებ საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე - ესაა იმედის განცდა; იმედისა, რომ ხორცი შეესხმება ჩვენს ისტორიულ სწრაფვას ევროპულ ოჯახში გაერთიანებისაკენ.
საქართველოს ადვოკატურის სახელით, იმედს გამოვთქვამ, რომ ევროპული საბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს განამტკიცებს და შეასრულებს კატალიზატორის როლს, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაში.
პატივისცემით,
დავით ასათიანი
თავმჯდომარე
მიმართვას ასევე უერთდებიან ადვოკატები: