შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები 

17 ოქტომბერი 2022

ავტორი: ქეთევან მარგალიტაძე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და სოციალური დაცვის საკითხების ექსპერტი


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიცაა გაეროს 2006 წლის კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ. ამ დოკუმენტის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის დეკემბერს განახორციელა. დოკუმენტის რატიფიცირებით საქართველოს სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სხვათა თანასწორად სრული რეალიზება შეზღუდული შესაძლებლობის გამო აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ტერმინზე „სხვათა თანასწორად“, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კონვენცია ხაზს უსვამს შშმ პირებისთვის უფლებების რეალიზების უზრუნველყოფას.

კონვენცია შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ ხანგრძლივი ფიზიკური, მენტალური, ინტელექტუალური და სენსორული დარღვევები და ამის გამო შეიძლება წააწყდნენ ბარიერებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობის მხრივ. კონვენცია ყურადღებას ამახვილებს ადამიანის თანდაყოლილი პიროვნული ღირსების, მისი ინდივიდუალური ავტონომიის პატივისცემაზე, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებისა და პიროვნების დამოუკიდებლობის ჩათვლით, დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ ჩართვასა და მონაწილეობაზე, თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფასა და მისაწვდომობაზე.

კონვენცია ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უნივერსალურობასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ამ უფლებებით დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობის უზრუნველყოფას. კონვენცია განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა დინამიკური ცნებაა და გულისხმობს ჯანმრთელობის დარღვევის მქონე პირებს, მათ მიმართ დამოკიდებულებისა და გარემო ბარიერების ურთიერთქმედების შედეგს, რაც აფერხებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ თანაბარ, სრულყოფილ და ეფექტურ მონაწილეობას. ამის მისაღწევად სასურველია დაინერგოს კომუნიკაციის ისეთი მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს მომსახურების თანაბარ მისაწვდომობას. 
კონვენციაში საუბარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებათა რეალიზებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე – მისაწვდომობაზე, ასევე მსჯელობს „გონივრული მისადაგებისა“ და „უნივერსალური დიზაინის“ მეთოდებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.  

კონვენციის ძირითადი მიზანია, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.  ასევე საზოგადოებრივი სარგებლობის ნებისმიერი ინფორმაციით, მომსახურებებითა და ობიექტების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით სხვათა თასწორად მისაწვდომობით უზრუნველყოფა. 

სახელმწიფოების მიერ კონვენციის მნიშვნელოვან უფლებათა ეფექტურად იმპლემენტაციისათვის გაეროს შესაბამისმა კომიტეტმა კონვენციის სხვადასხვა მუხლზე შეიმუშავა ზოგადი კომენტარები, რომლებიც სიღრმისეულად განმარტავენ შესაბამისი მუხლის შინაარსს. 

პირველი ზოგადი კომენტარი, რომელიც კომიტეტმა მიიღო, კონვენციის მე-12 მუხლს ეხება – „კანონის წინაშე თანასწორობას“. აღნიშნული დოკუმენტი დამატებით მსჯელობს ისეთ უფლებებზე, როგორებიცაა : თანდაყოლილი ღირსების, ინდივიდის ავტონომიის, მათ შორის არჩევანის თავისუფლების, პიროვნების დამოუკიდებლობისა და პატივისცემის უფლებაზე, დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე; საზოგადოებაში სრულყოფილ და ეფექტურ ჩართვასა და მონაწილეობაზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობის პატივისცემასა და მიღებაზე, რაც ადამიანთა მრავალფეროვნებისა და ადამიანურობის ნაწილია; ასევე საუბრობს თანაბარ შესაძლებლობებზე. 

მეორე მნიშვნელოვანი კომენტარი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა მიიღო, ეხება კონვენციის მე-9 მუხლს, „ხელმისაწვდომობას“ .

აღნიშნული დოკუმენტი ეძღვნება ხელმისაწვდომობის უფლებას და მსჯელობს მის მინიშნებაზე შეზღუდული შესაძლებლობის პირების საზოგადოებაში სრული და თანაბარი ინტეგრაციისთვის. ხელმისაწვდომობა აღქმული უნდა იქნას არა მხოლოდ თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კონტექსტში, არამედ საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალებად, კერძოდ: ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის ხელმისაწვდომობა წინაპირობაა იმისა, რომ მან შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებაში სრულფასოვნად და თანასწორად მონაწილეობა . ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე ხელმისაწვდომობა მიჩნეულია აზრისა და გამოხატვის თავისუფლების წინაპირობად, რომელსაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი იცავს . 

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მეხუთე ზოგადი კომენტარი აწესებს რეკომენდაციებს კონვენციის №19 მუხლის იმპლემენტაციისთვის და განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის, გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლირების/მართვის სხვებთან თანაბარი უფლება.

კონვენციის №19 მუხლი აერთიანებს სამოქალაქო და პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს და ყურადღებას ამახვილებს ამ უფლებების ურთიერთდამოკიდებულებასა და ერთობლიობაზე. საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული ჩართულობის უფლების რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა უფლება ეფექტურად განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრებაში.
აღნიშნული კომენტარი კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად განმარტავს, რომ „სრულყოფილი ჩართვა და მონაწილეობა საზოგადოებაში“ გულისხმობს სრულ სოციალიზაციას და ყველა მომსახურების მისაწვდომობას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მნიშვნელოვანია მათთვის მისაღებსა და საჭირო ფორმატში სხვებთან თანასწორის წვდომა ინფორმაციაზე.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი № 6 გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-5 მუხლთან – „თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა“ – დაკავშირებით.
გაეროს №6 კომენტარის მიზანია განმარტოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციისა და თანასწორობის მიმართ სახელმწიფოთა ვალდებულებები.

თანასწორობა და არადისკრიმინაციული დამოკიდებულება/მიდგომები საერთაშორისო სამართალში ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული ადამიანის ღირსებასთან და ადამიანის უფლებების საფუძველს წარმოადგენს. ყველა ადამიანი თანასწორია და დაუშვებელია მათ მიმართ ნებისმიერი სახის/ფორმის დისკრიმინაცია . 
თანასწორობის უფლება კონვენციის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და კონვენციის სხვა ძირითად მუხლებში არაერთხელ/მრავალჯერადად არის ნახსენები „სხვათა თანასწორად“ უფლების ფორმულირებასთან ერთად, რომელიც ყველა ძირითად უფლებას აერთიანებს. 

დისკრიმინაციის აკრძალვა ნიშნავს დაცვას დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დოკუმენტების მიხედვით, გამოიყოფა ოთხი ძირითადი სახეობის/ტიპის/სახის დისკრიმინაცია, რომლებიც შეიძლება არსებობდეს/განხორციელდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთდროულად: „პირდაპირი დისკრიმინაცია“, „არაპირდაპირი/ირიბი დისკრიმინაცია“, „უარი გონივრულ მისადაგებაზე“ და „შევიწროება“.

კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია „კომბინირებული დისკრიმინაცია“, რომელიც მაშინ ვლინდება, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ან ადამიანი, რომელიც ასოცირდება შეზღუდულ შესაძლებლობასთან, დისკრიმინაციის მსხვერპლია ერთობლიობაში შეზღუდული შესაძლებლობის გამო კანის ფერის, სქესის ან გენდერის ან სხვას სტატუსის საფუძველზე. კომბინირებული დისკრიმინაცია შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი და გამოიხატებოდეს გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმით ან შევიწროებით.

2020 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. კანონის მიზანია, რომ საქართველოს სახელმწიფომ შეასრულოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შშმ პირთა უფლებების ევროპული სტანდარტის დამკვიდრებისა და ქმედითი განვითარების ხედვის ჩამოყალიბების თაობაზე. უზრუნველყოს შშმ პირების უფლებების განსაზღვრა განათლების, დასაქმების სფეროებში, საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია და უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა სერვისებზე თანასწორობის პრინციპის დაცვითა და პიროვნული ღირსების პატივისცემით. ასევე უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა. ყოველივე ზემოაღნიშნულისთვის აუცილებელია, რომ საერთაშორისო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების სრული იმპლემენტაციისთვის შშმ პირების კონვენციით გათვალისწინებული უფლებები საქართველოს კანონით დარეგულირდეს. უნდა არსებობდეს ეფექტური ადმინისტრაციული სისტემა, რომელიც დაიცავს შშმ პირების უფლებებს, უზრუნველყოფს მათ ჩართულობას როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების პროცესში კანონი ხელს შეუწყობს სახელმწიფოში შეიმუშაონ ინკლუზიური პოლიტიკა, შესაბამისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციისა, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ხელმისაწვდომობისა და მხარდაჭერის სერვისების შექმნასაც და თითოეული სახელმწიფო სტრუქტურის მიერ მკაფიო სამოქმედო გეგმის შემუშავებასაც, რათა უზრუნველყოფილი იქნეს შშმ პირთა ინკლუზია საზოგადოების ყველა სფეროში.

კანონი ასევე მთლიანად პასუხობს გაეროს 2030 მდგრადი განვითარების გეგმის მოთხოვნებს, რომელთა მიხედვითაც უნდა შემუშავდეს გზამკვლევი სახელმწიფო დონეზე . კანონის ერთ-ერთი მიზანია ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმები, რომლებიც ეფექტური ინკლუზიური პოლიტიკის არსებობას და შშმ პირების ინტეგრაციის ეფექტური მექანიზმების შექმნას უზრუნველყოფს. 

კანონის ზოგად დებულებებში განმარტებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრების ძირითადი პრინციპები და მექანიზმები, რათა მიღწეულ იქნეს: ინდივიდუალური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის, მათ შორის თავისუფალი არჩევანის, თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლების განხორციელება:

  • დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შესაძლებლობების განვითარება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობა;
  • საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტიგმატიზაციის პრევენცია და აღმოფხვრა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციისგან, ძალადობისგან, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან დაცვა;
  • ნებისმიერ სფეროში მომსახურების ხელმისაწვდომობა;
  • კანონის ნორმების თანახმად, სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზებას და უზრუნველყოფს მათი პიროვნული ღირსების დაცვას;
  • ასეთ გარანტიათა შორისაა განათლების უფლების სრული რეალიზება, მათ შორის განათლების ინკლუზიურ სისტემაზე წვდომის უზრუნველყოფა, რომელიც შშმ პირს საშუალებას აძლევს მიიღოს საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება.

კანონი წარმოადგენს ჩარჩო კანონს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე უნდა შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ღირსეული და სრული მონაწილეობის ინსტრუმენტებისა და მექანიზმების შემუშავების ვალდებულება. ასევე უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების საქართველოს კანონმდებლობაში სრულად და ეფექტურად იმპლემენტაციის მექანიზმები. ამ დოკუმენტში გაწერილი უფლებების შესრულების გარანტიებსა და მექანიზმებს შეიმუშავებენ/დაამატებენ სხვადასხვა კანონსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. 


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი