კონფიდენციალობის დაცვა საადვოკატო საქმიანობაში

3 მარტი 2020

ავტორი: ციცინო ცხვედიანი
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი

 

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი  საადვოკატო საქმიანობის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს, მათ შორის, საადვოკატო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი, კონფიდენციალობის პრინციპია.

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე თავში ჩამოთვლილია ადვოკატის ის  ზოგადი უფლებები და ვალდებულებები, რომლებითაც მან უნდა იხელმძღვანელოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას.  კანონის   მე-7  მუხლი  ადვოკატის ერთ-ერთ ვალდებულებად მიიჩნევს  ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვას და განმარტავს, რა მოიაზრება პროფესიულ საიდუმლოებაში. კანონის ამ ნორმის შესაბამისად,  ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსში  არსებობს მე-4 მუხლი-კონფიდენციალობის პრინციპის შესახებ.

კონფიდენციალობის პრინციპი  ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პრინციპია. კლიენტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის ინფორმაცია, რაც მისგან ან მის საქმესთან დაკავშირებით ცნობილი გახდება ადვოკატისათვის, რჩება  საიდუმლოდ და არასოდეს არ იქნება მის წინააღმდეგ გამოყენებული, წინააღმდეგ შემთხვევაში,  კლიენტს ადვოკატის ნდობა არ ექნება და ვერც ადვოკატი დაიცავს კლიენტს სრულფასოვნად ასეთ ვითარებაში, რადგან მას სრულად არ ექნება  ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის მიხედვითაც მან უნდა განსაზღვროს შემდგომი მოქმედებების ტაქტიკა და სტრატეგია.

რა არის კონფიდენციალური ინფორმაცია? ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ქვეპუნქტი ამ კითხვას ასე პასუხობს:  კონფიდენციალურია ინფორმაცია, რომელიც ადვოკატისათვის ცნობილი გახდა მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. კონფიდენციალობის ვალდებულება ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც ადვოკატისათვის ცნობილი გახდა კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან, ასევე, იმ ინფორმაციაზე, რომელიც ადვოკატმა მიაწოდა კლიენტს ან ადვოკატმა სხვა წყაროდან გაიგო კლიენტთან ან მის საქმესთან დაკავშირებით.

ნებისმიერ ინფორმაციაში, რომელიც ეთიკის კოდექსის თანახმად კონფიდენციალურია, მოიაზრება კლიენტის ვინაობაც. ადვოკატები ამ საკითხს მეტად ფრთხილად უნდა მოექცნენ.  სოციალურ ქსელებში ხშირად ქვეყნდება ადვოკატთა ინფორმაციები კონკრეტული კლიენტების ვინაობის, საქმის შინაარსის მითითებით  და  ფოტოსურათების გამოქვეყნებითაც კი. ყველა ასეთი შემთხვევა წინასწარ  შეთანხმებული უნდა იყოს კლიენტთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კონფიდენციალობის პრინციპის უხეში დარღვევა, რაზეც ადვოკატს აუცილებლად მოეთხოვება პასუხი.      

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისთვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა, შესაბამისად,  კლიენტად მოიაზრება არა მხოლოდ ის პირი, რომლის კონკრეტულ სისხლის სამართლის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ) საქმესაც ადვოკატი აწარმოებს სასამართლოში ან სამართალდამცავ ორგანოებში, არამედ ნებისმიერი პირი, რომელმაც ადვოკატს, თუნდაც მხოლოდ იურიდული რჩევისათვის მიმართა და მათი ურთიერთობა  ამ რჩევის მიღებით დამთავრდა.  ამდენად, კლიენტის ცნება  ძალიან ფართოა და ადვოკატს ევალება კლიენტისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის  დაცვა.   

ნებისმიერ ინფორმაციაში, რომელზეც კონფიდენციალობა ვრცელდება, რა თქმა უნდა, არ შედის აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია, რაც ადვოკატმა კლიენტისაგან მიიღო. კლიენტმა შესაძლოა ისაუბროს ისეთ საკითხებზეც, რაც საერთოდ არ ეხება საქმეს (სანამ ადვოკატი ბოლომდე არ მოისმენს, ვერ განსაზღვრავს, ეს ინფორმაცია სჭირდება თუ არა და, შესაძლებელია, ბევრი არასაჭირო და უსარგებლო ინფორმაციაც მიიღოს კლიენტისგან), შეიძლება დაასახელოს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები და ა. შ. ასეთ ინფორმაციაზე კონფიდენციალობის პრინციპი არ გავრცელდება. კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევად არ შეიძლება ჩაითვალოს ადვოკატის მიერ ისეთი ზოგადი ინფორმაციის გამჟღავნება, რაც კლიენტის (ან მისი საქმის) იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა.

მნიშვნელოვანია ის საკითხიც, რომ ადვოკატმა არა მხოლოდ თვითონ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა, არამედ უნდა მიიღოს ზომები, რომ  ამ ინფორმაციაზე მესამე პირებსაც არ მიუწვდებოდეთ ხელი, უფრო მეტიც, ადვოკატმა მის პარტნიორებს, თანამშრომლებსა და სხვა პირებს, რომლებიც მის მიერ არიან მოწვეულნი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, უნდა მოსთხოვოს კონფიდენციალობის დაცვა.

აქვს თუ არა კონფიდენციალობას ხანდაზმულობა? ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვნად კატეგორიულია:  კანონის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია დაიცვას პროფესიული საიდუმლო გასული დროის მიუხედავად, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსშიც მითითებულია, რომ კონფიდენციალობა დროში შეზღუდული არ არის.    

კონფიდენციალობა ზოგჯერ შეიძლება  უნებლიედ დაირღვეს, ზოგჯერ კი განზრახაც. ცხადია, კონფიდენციალობის პრინციპის განზრახ დარღვევა უფრო მძიმე გადაცდომაა. პროფესიული ეთიკის კოდექსი  უთითებს, რომ ადვოკატმა კონფიდენციალური ინფორმაცია განზრახ არ უნდა გამოიყენოს კლიენტის საწინააღმდეგოდ, ასევე, საკუთარი ან მესამე პირის მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი შესაბამის თანხმობას განაცხადებს.

როგორც ვხედავთ, ადვოკატს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.  თავისთავად  ჩნდება კითხვა, როდესაც არის ისეთი შემთხვევა, რომ ადვოკატისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს რაიმე კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, როგორ უნდა მოიქცეს იგი,  არჩევანი გააკეთოს, გასცეს ინფორმაცია და კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევისათვის დაისაჯოს, სამაგიეროდ ის საკითხი მოაგვაროს, რისთვისაც ეს ინფორმაცია სჭირდება,  თუ არ გასცეს ინფორმაცია და არ დაისაჯოს, მაგრამ  ვერ მოაგვაროს  ის საკითხი, რისთვისაც სჭირდებოდა ეს ინფორმაცია. 

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი (შესაბამისად, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსიც) ითვალისწინებს შემთხვევბს, როდესაც ადვოკატს შეუძლია გასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია, მაგრამ ეს შემთხვევები შეზღუდულია, კერძოდ, ადვოკატს უფლება აქვს გასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია სამ შემთხვევაში:

კლიენტის თანხმობით;

თუ ინფორმაციის ამგვარი გამოყენება წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში გამართლებული და აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ დაცული უნდა იყოს ის პირობა, რომ ასეთი ინფორმაციის გაცემა კლიენტს ადვოკატისათვის წინასწარ არ აუკრძალავს;

თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მის მიმართ წაყენებული ბრალდებისგან ან მოთხოვნისაგან თავის დასაცავად ან საკუთარი ჰონორარის მიღებისათვის.

 ამდენად, კონფიდენციალობის პრინციპი ამომწურავად და გასაგებადაა გადმოცემული ზემოთ მითითებულ ნორმებში და ითვალისწინებს როგორც კლიენტის, ასევე ადვოკატის ინტერესებსაც, რის გამოც მისი დარღვევის შემთხვევები  ნაკლებადაა. როგორც ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის პრაქტიკა ცხადყოფს, კონფიდენციალობის პრინციპს საქართველოს ადვოკატები საკმაოდ კარგად იცავენ, რადგან თითქმის არ არის საჩივრები ადვოკატების მიერ კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.  

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი