საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ვაშინგტონის ადვოკატთა ასოციაციის (DC Bar) ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა

21 სექტემბერი 2021

20 სექტემბერს ვაშინგტონში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ვაშინგტონის ადვოკატთა ასოციაციის (DC Bar) ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეები თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატზე შეთანხმდნენ, მათ შორის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში პრო-ბონო იურიდიული დახმარების სისტემის ინსტიტუციონალიზაციის, სამოსამართლო კანდიდატების შეფასების სისტემის სრულყოფისა და განგრძობადი იურიდიული განათლების მიმართულებით.

DC Bar სავალდებულო წევრობაზე დაფუძნებული თვითმმართველი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც 1972 წელს დაფუძნდა და 110,000-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

ასევე, 20 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა და აშშ-ს სასამართლოების ნაციონალური ცენტრის (NCSC) ვიცე-პრეზიდენტმა - ჯეფრი აპერსონმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ქართველი და ამერიკელი იურისტების ჩართულობით ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სახის ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის მიმართულებით NCSC-ის ხანგრძლივ გამოცდილებასა და რესურსებზე, რომელსაც დაგეგმილი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები გაგვიზიარებენ.
NCSC 1971 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების სისტემების ხარისხიანი ადმინისტრირების ხელშეწყობა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი