COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციისა და კორონავირუსით დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით, გთხოვთ, გაიზიაროთ შემდეგი რეკომენდაციები:
ზოგადი რეკომენდაციები:
► იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ალბათობა, რომ შეხება გქონდათ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში ნამყოფ პირებთან ან თავად იმყოფებოდით აღნიშნულ ქვეყნებში, მკაცრად დაიცავით უსაფრთხოებისა და თვითიზოლაციის წესები (იხ. წესები).
► აუცილებელი საჭიროების გარდა, გადადეთ დაგეგმილი სამივლინებო თუ სხვა ტიპის მგზავრობა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეყნებში.
საადვოკატო საქმანობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
1. კლიენტებთან/საქმესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან ურთიერთობისათვის მაქსიმალურად გამოიყენეთ სატელეფონო ან ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები (ელ-ფოსტა, WhatsApp, Viber, Telegram, Facebook, Messenger და სხვა). ამ გზით კლიენთან მიმოწერის ან საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს “ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციას და ექვემდებარება პროფესიული საიდუმლოების რეგულაციებს.“
2. თუკი გარდაუვალია კლიენტთან უშუალო კომუნიკაცია, მკაცრად დაიცავით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები.
3. იმ საქმეებზე, რომელიც არ უკავშირდება განხილვის შემჭიდროვებულ ვადებს, კლიენტებს აუხსენით ზეპირი მოსმენების დროებით გადადების აუცილებლობა და მათთან შეთანხმებით, იშუამდგომლეთ სასამართლოსთან სხდომის გადადების თაობაზე დისტანციური სერვისებით, როგორიცაა: სასამართლოების ელ-ფოსტა (ელ-ფოსტის მისამართები იხ.: http://court.ge/geo_courts) ანდა საფოსტო სერვისები.
4. ადვოკატებს, რომელთაც უკვე გაქვთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გააქტიურებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, შეგიძლიათ სასამართლოსთან ნებისმიერი კომუნიკაცია აწარმოოთ შემდეგი ვებ-პორტალის მეშვეობით: www.ecourt.ge, რომელზეც რეგისტრაცია უფასოა, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.
5. იმ საქმეებზე, რომელთა განხილვაც დაკავშირებულია შემჭიდროვებულ ვადებთან, სასამართლო განხილვაში მონაწილეობა მიიღეთ დისტანციურად, საერთო სასამართლოების მიერ დანერგილი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე, ადვოკატთა ასოციაცია გაგიზიარებთ ინსტრუქციებს აღნიშნული ტექნიკური საშუალებების გამოყენების წესთან დაკავშირებით.
6. საადვოკატო ბიუროებმა, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, გადაიყვანეთ ოფისის თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
7. საადვოკატო ბიუროებმა უზრუნველყავით ოფისების სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება და ოფისში სადეზინფექციო ხსნარების განთავსება, ასევე სამუშაო მაგიდებისა და ნივთების პერიოდული დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მუდმივ კომუნიკაციას აწარმოებს იურიდიული დახმარების სამსახურთან, საერთო სასამართლოებთან, პროკურატურასთან და პენიტენციურ სამსახურთან და მოვლენათა განვითარების კვლადაკვალ მოგაწვდით საადვოკატო საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელებასთან დაკავშირებულ დამატებით რეკომენდაციებს.
კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგი ელ-ფოსტის მეშვეობით: t.devdariani@gba.ge
გთხოვთ, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოეკიდოთ არსებულ გლობალურ გამოწვევას და დაიცვათ, როგორც საკუთარი, ისე საზოგადოების უსაფრთხოება.