საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს პარლამენტის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში იურიდიული პროფესიის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა.
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს შორისაა „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლში შესული ცვლილება, რომლის შესაბამისად პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლა წარმოადგენს ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო წინაპირობას. ხსენეული ცვლილება უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარ-ჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას. ადაპტაციის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და შედგება ორი ნაწილისგან: 3-თვიანი თეორიული კურსი და 9-თვიანი სტაჟირება.
ადაპტაციის პროგრამის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე არიან ანდა იყვნენ ასოციაციის წევრები. ამასთან, ადაპტაციის პროგრამა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე მიმართეს ასოციაციას გაწევრიანების თაობაზე ანდა დარეგისტრირდნენ ადვოკატის სტაჟიორად კანონით დადგენილი წესით.




