ანტიკორუფციულ ბიუროში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რაჟდენ, კუპრაშვილს შეხვდა. შეხვედრა შეეხებოდა გრანტების შესახებ საქართველოს კანონისა და უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ (ფარა) საქართველოს კანონთან დაკავშირებულ აღსრულების მექანიზმებს და ამ პროცესში ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვის საკითხს.
კლიენტის ინტერესების დაცვის პროცესში საადვოკატო საქმიანობის მთავარ ქვაკუთხედს კლიენტისა და ადვოკატის ნდობა და მათი კომუნიკაციისა და მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა წარმოადგენს. პროფესიული საიდუმლოების დაცვა ადვოკატის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და ვალდებულებაა, რაც გარანტირებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე, მრავალი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით.
„სწორედ აღნიშნულ საკითხზე ვისაუბრეთ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გრანტების შესახებ საქართველოს კანონისა და უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ (ფარა) საქართველოს კანონთან დაკავშირებული აღსრულების პრაქტიკის დანერგვისას ადვოკატის პროფესიული საიდუმლოს დაცვის უფლება სრულად იქნება გარანტირებული“. - აღნიშნა დავით ასათიანმა.
ადვოკატთა ასოციაცია აღნიშნული კანონების აღსრულებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე უახლოეს პერიოდში, დაინტერესებული ადვოკატების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრებს გამართავს.