ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა. ნატალია ვუტოვამ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს შორის მრავალწლიანი, აქტიური თანამშრომლობა შეაჯამეს. მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ასოციაციამ ადვოკატთა პროფესიის განვითარებისთვის ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განახორციელა, ასევე მიესალმნენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
„ვფიქრობ, შეხვედრა ნაყოფიერი იყო. ქალბატონმა ნატალიამ ევროპის საბჭოსა და ადვოკატთა ასოციაციის მრავალწლიან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ადვოკატის პროფესიის სიძლიერე და დამოუკიდებლობა ქვეყანაში, რაც ხარისხიანი მართლმსაჯულების პირობებს უზრუნველყოფს. მე ვთხოვე, რომ მათი მხრიდან მოხდეს ადვოკატთა პროფესიული განვითარების ახალი პროექტის ინიცირება და მხარდაჭერა, რათა ჩვენი წევრებისთვის პროფესიული განვითარება უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერად გაგრძელდება“. - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.




