საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს საუნივერსიტეტო კლინიკის ფარგლებში სტუდენტებში ადვოკატის პროფესიული ქცევის სტანდარტების შესახებ ცოდნის გავრცელებას და სტუდენტებისთვის იურისტის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში „ეთიკის კლინიკამ“ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის მორიგი სასწავლო კურსი ჩაატარა.
ადვოკატის პროფესიული ქცევის სტანდარტების შესახებ „ეთიკის კლინიკის“ პრაქტიკული კურსი 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრში 24 სტუდენტმა გაიარა, სწავლება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კურსის დასკვნითი შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციაში ჩატარდა. სტუდენტებს სერთიფიკატები ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა ნოზაძემ გადასცეს.




