CCBE-ს მიმართვა საქართველოს პარლამენტს და იურიდიული პროფესიის გაძლიერებისადმი გამოხატული მორიგი მტკიცე მხარდაჭერა

7 სექტემბერი 2023

,,ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭომ’’ (CCBE), რომელიც წარმოადგენს 45 ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებს და მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს, საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართა და მხარი დაუჭირა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

CCBE ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროფესიული ვალდებულებების განხორციელებისას ადვოკატები იცავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ამ გზით, უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების განხორციელებასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. 

პარლამენტისადმი მიმართვაში CCBE ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ადვოკატთა ასოციაციის მიერ ინიცირებული ცვლილებები მიზნად ისახავს ადვოკატის როლის გაძლიერებას, განსაკუთრებით კი აღნიშნავს საკანონმდებლო ცვლილებების იმ პუნქტებს, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატებისთვის წარმომადგენლობის ექსკლუზიური უფლების მინიჭებასა და პროფესიული საიდუმლოების პრინციპის შემდგომ განმტკიცებას ეხება.

CCBE მხარდაჭერას უცხადებს პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატების წარმომადგენლობის ექსკლუზიურობას და, მათ შორის, აღნიშნავს შემდეგს: არაადვოკატ პირთა მიერ წარმომადგენლობამ შეიძლება განაპირობოს მეტი შეცდომის დაშვება (არადამაკმაყოფილებელი/არასათანადო წარმომადგენლობა) და გაზარდოს გასატარებელ სამუშაოთა მოცულობა სასამართლოებისთვის. ამასთან,  ზედა ინსტანციის სასამართლოსთვის ძალზე რთულია იმ შეცდომების გამოსწორება, რომლებიც დაშვებულია პირველ ინსტანციაში. ამას გარდა, მხარეები/კლიენტები არათანაბარ პირობებში ხვდებიან, როდესაც ერთი მათგანი წარმოდგენილია ადვოკატით, ხოლო მეორე - არაადვოკატით ან  პირით, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული კვალიფიკაცია და შესაბამისად, მისი ქცევა არ არის რეგლამენტირებული ადვოკატთა ეთიკის კოდექსით. ამასთან, მაშინ, როდესაც ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლეობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“, მუხლი 10), არსებული კანონმდებლობით ნასამართლობის მქონე არაადვოკატ პირს შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რამაც შესაძლოა, სერიოზული რისკის ქვეშ დააყენოს კლიენტის ინტერესები და დააზიანოს იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის რეპუტაცია.  

ამ და პარლამენტისადმი მიმართვაში აღნიშნული სხვა გარემოებების საფუძველზე, CCBE მხარს უჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს სამოქალაქო საქმეთა წარმოებასთან დაკავშირებით და მიმართავს საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს CCBE-ს მოსაზრებები ასოციაციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების შეფასებისას. 

CCBE ასევე ეხმაურება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში განსახორციელებელი ცვლილების მნიშვნელობას, რომელიც პროფესიული საიდუმლოების დაცვას ეხება. CCBE ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროფესიული საიდუმლოება და ადვოკატსა და კლიენტს შორის არსებული კონფიდენციალობის პრინციპი კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული იურიდიული სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ადვოკატსა და კლიენტს შორის მიმდინარე კომუნიკაციის კონფიდენციალური ხასიათის დაცვა საკვანძო მნიშვნელობის მქონეა ადვოკატის პროფესიული ფუნქციების განხორციელებისა და მათი კლიენტის უფლებების ეფექტიანად დაცვისთვის. ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციასთან მიმართებით პროფესიული საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის მნიშვნელობა, ასევე, აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (CJEU) შესაბამისი პრეცედენტული სამართლით. ადვოკატის ფუნქციის არსი გულისხმობს იმას, რომ სწორედ მას უზიარებს კლიენტი ინფორმაციას, რომელსაც არ გაუზიარებს სხვა პირს და კონფიდენციალობა არის ის პრინციპი, რომლის საფუძველზეც ხდება ადვოკატი აღნიშნული და სხვა ინფორმაციის მიმღები. კონფიდენციალობის გარეშე ვერ იარსებებს ნდობა. ამდენად, CCBE მტკიცედ უჭერს მხარს ეროვნულ კანონმდებლობებში ადვოკატთა პროფესიული საიდუმლოების პრინციპის დაცვის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ყველა ინიციატივას. 

CCBE-ს აღნიშნული მიმართვა წარმოადგენს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაძლიერებისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების მტკიცე მხარდაჭერას და დასტურს იმისა, რომ CCBE მიესალმება ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტიანობისა და იურიდიული მომსახურების ხარისხის გაზრდას. 

CCBE-ს პარლამენტისადმი მიმართვის სრული ვერსიის გასაცნობად იხილეთ წერილი: ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი