ისტორია

ადვოკატის პროფესიას საქართველოში მდიდარი ისტორია და ტრადიციები აქვს. სასამართლოს დარბაზებში ადვოკატები მე-19 საუკუნის სამოციანი წლებიდან გამოჩდნენ და თავდაპირველად მათ ნაფიც რწმუნებულებს უწოდებდნენ. ადვოკატთა პირველი გაერთიანებების ჩამოყალიბებაც სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 1919 წლის 11 ნოემბრის დეკრეტი, რომლითაც გაუქმდა რუსეთის იმპერიის ტფილისის სასამართლო პალატის ოლქის ნაფიც რწმუნებულთა ინსტიტუტი და დაარსდა დამოუკიდებელი საქართველოს ნაფიც ვექილთა (ადვოკატთა) საბჭო, რაც თამამად შეიძლება მივიჩნიოთ დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის ისტორიის ათვლის წერტილად.

თანამედროვე საქართველოს ადვოკატურის დასაწყისად 2001 წლის 20 ივნისი შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ადვოკატთა შესახებ“ და ამით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, როგორც ერთიანი და დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას. ადვოკატთა ასოციაციის ფორმირების პროცესი 2005 წელს დასრულდა, თუმცა მალევე ასოციაცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა, რაც უკავშირდებოდა ერთიანი და დამოუკიდებელი ადვოკატურის იდეის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. მიუხედავად ამისა, ადვოკატთა კორპუსის უდიდესი ნაწილის მტკიცე პოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით, ერთიანი, დამოუკიდებელი და თვითმმართველი ადვოკატთა ორგანიზაცია რეალობად იქცა.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნების შემდეგ დამტკიცდა ასოციაციის წესდება, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, დებულება დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ, ასოციაციის სიმბოლიკა, ადვოკატის ორდერის ნიმუში და ადვოკატის პროფესიის მარეგულირებელი სხვა აქტები. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განაგრძობს იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობისა და საადვოკატო საქმიანობაში მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფის გზით საქართველოში ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი