თითოეულ ადვოკატს გულითადად გილოცავთ ამ საუკუნოვან იუბილეს!

3 ნოემბერი 2019

დავით ასათიანი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტავმჯდომარე 

 

ძვირფასო ადვოკატებო, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობის დაწყებისთანავე, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 11 ნოემბრის დეკრეტით, გააუქმა რუსეთის იმპერიის ტფილისის სასამართლო პალატის ოლქის ნაფიც რწმუნებულთა ინსტიტუტი და დაარსა საქართველოს ნაფიც ვექილთა (ადვოკატთა) საბჭო, რაც დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის ისტორიის ათვლის წერტილია.

თითოეულ ადვოკატს გულითადად გილოცავთ ამ საუკუნოვან იუბილეს!

 ამ 100 წლის განმავლობაში, ქართულმა ადვოკატურამ გაიარა რთული და ეკლიანი გზა, თუმცა ჩვენი პროფესიის ფუნდამენტური ღირებულება – საზოგადოებისათვის მსახურება და ადამიანის უფლებების დაცვა – მუდამ სახელმძღვანელო პრინციპად გასდევდა და გასდევს ჩვენს პროფესიულ საქმიანობას.

დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ინსტიტუციური დამოუკიდებლობით, თვითმმართველობის მაღალი ხარისხით, პროფესიული ერთობით, რეფორმებითა და განვითარების მაღალი ტემპით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძირეული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის. რა თქმა უნდა, წინ ბევრი გამოწვევა და სამუშაოა, გასატარებელია არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, დასანერგია არაერთი სიახლე იმ სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენს პროფესიულ კორპორაციას განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე აიყვანს.

ადვოკატურის გაძლიერების გზაზე უმნიშვნელოვანესია ჩვენი პროფესიის იმ ძირითადი პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვა, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, კორპორატიული ერთობა, პროფესიული ღირსება და კოლეგების პატივისცემა, კლიენტის ინტერესების ერთგულება, მაღალი კომპეტენცია და პროფესიული საიდუმლოება. მჯერა, რომ ამ იდეების ირგვლივ გაერთიანებით ჩვენ, ერთად, კიდევ უფრო გავაძლიერებთ იურიდიულ პროფესიას და დავამკვიდრებთ სამართლის უზენაესობასა და სანდო მართლმსაჯულებას საქართველოში.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს მთავარ მონაპოვარს – ერთიან, ძლიერ და თვითმმართველ ადვოკატთა გაერთიანებას ალტერნატივა არ გააჩნია, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და პროფესიული თავისუფლება.

 კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს, გისურვებთ ოპტიმიზმს, შემართებასა და წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში!

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი