ავტორი: მარიამ მაძღარაშვილი
ადვოკატი სისხლის სამართალში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში,
სამართლის დოქტორანტი
საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში საჯაროობას მნიშვნელოვანი როლი უკავია. საქართველოს კონსტიტუცია ნათლად მიუთითებს საჯაროობის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და სხვა ნორმატიული აქტები. საჯაროობა და ზეპირობა არა მხოლოდ ქართულ კანონმდებლობაში, არამედ საერთაშორისო სტანდარტებშიც სამართლიანი სასამართლოს აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. სხდომის საჯაროობა გულისხმობს, როგორც მოქალაქეების საჯარო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას, ასევე მედიის მიერ პროცესების გაშუქებას. აღნიშნული რეგულაცია რამდენჯერმე შეიცვალა. მიუხედავად ამისა, დღევანდელ რეალობაში, კვლავ ვაწყდებით ნორმატიულ თუ პრაქტიკულ პრობლემებს.
წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს სისხლის სამართლის საქმეებში საჯარო სასამართლო განხილვების მნიშვნელობის შეფასებას, როგორც ბრალდებულის უფლებასთან მიმართებით, ისე საზოგადოების ჩართულობის შედეგებთან დაკავშირებით. ასევე, ამ დროისთვის არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის მიმოხილვასა და რეკომენდაციების შემოთავაზებას იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ახლდეს საჯარო სასამართლო პროცესებს, თუ მათ შეზღუდვებს.
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი ითვალისწინებს სასამართლო სხდომის საჯაროდ ჩატარების აუცილებლობას, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. შესაბამისად, საქმის ღია სასამართლო სხდომაზე განხილვა არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლით ბრალდებულის უფლება, არამედ კონსტიტუციური აუცილებლობა და სისხლის სამართლის პროცესის პრინციპია.
სხდომის საჯაროდ ჩატარება ნიშნავს, სასამართლო დარბაზში ზეპირ სასამართლო სხდომაზე, პროცესის მსვლელობისას დამსწრეების, დაინტერესებული პირების, საზოგადოების წევრების დასწრებისა და მედია საშუალებებით გაშუქების შესაძლებლობას. საჯაროობა, როგორც სისხლის სამართლის ერთ-ერთი აუცილებელი პრინციპი, ასევე გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადების კონსტიტუციურ ვალდებულებას. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ. ხსენებული კონსტიტუციური დებულება სასამართლოში საქმის განხილვის ზოგად წესად ადგენს ღია სხდომას. ,,საქართველოს კონსტიტუცია, საჯარო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი უფლების მიღმა, სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებისას, განცალკევებით გამოჰყოფს სასამართლოს სხდომების საჯაროობის პრინციპს. ამგვარი კონსტიტუციური გადაწყვეტა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მართლმსაჯულების გამჭვირვალობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მას სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის სამოქმედო პრინციპად განიხილავს“.
ქართულ სისხლის სამართალში, საჯაროობა წარმოადგენს საპროცესო კოდექსის პრინციპს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით სასამართლო სხდომები, გარდა იმავე კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ტარდება საჯაროდ. მოსამართლის მიერ სხდომის დახურვას შეიძლება ქონდეს აუცილებელი ხასიათი. მაგალითად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალები დახურულ სხდომაზე განიხილება.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სხდომის დახურვა უნდა ემსახურებოდეს უფრო დიდი სამართლებრივი სიკეთის დაცვას, ვიდრე სასამართლოს მუშაობის გამჭირვალობაა.
,,კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება“. არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესი, შესაძლებელია დახურული იყოს მოსამართლის შეხედულებისამებრ, ან მხარის შუამდგომლობით. აღნიშნული ემსახურება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესს, რათა არ მოხდეს მათი მეორეული ვიქტიმიზაცია. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საქმის დახურულ სხდომაზე განხილვა პირველ რიგში იცავს მას ე.წ. ,,დამნაშავის იარლიყისგან“. აქედან გამომდინარე, ივარაუდება, რომ არასრულწლოვანთა ინტერესი პრიორიტეტულია საჯაროობის პრინციპთან მიმართებით. საფრთხე, რაც შეიძლება ამ პროცესის საჯაროობას მოყვეს უფრო დიდია ვიდრე შეზღუდვის მიერ მიყენებული ზიანი.
მიუხედავად სასამართლო სხდომების დახურვისა, ყველა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქვეყნოდ გამოცხადება მოსამართლის კონსტიტუციური ვალდებულებაა. აღნიშნული ნორმა ასევე გაწერილია საერთო სასამართლოების შესახებ კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. თუმცა, საინტერესოა როგორ ცხადდება საქვეყნოდ დახურულ სასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საქმე ეხება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს.
არასრუწლოვანთა მართლმსაჯულება პროცესის დახურვის იმპერატიულ მოთხოვნას აყენებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ემსახურება არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცულობას. ის დაცულია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცულობა ასევე გამოიხატება მის მიერ კანონთან კონფლიქტში ყოფნის გაუმჟღავნელობაში. როდესაც გადაწყვეტილების გამოცხადებისას სასამართლო კონსტიტუციური წესით საჯაროდ აცხადებს განაჩენს ფაქტიურად ირღვევა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რადგან მისი სახელი და გვარი, მისი ვიზუალური აღქმადობა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დამსწრესთვის. შესაბამისად არასრუწლოვნის მიერ კანონთან კონფლიქტში ყოფნის ფაქტი შესაძლებელია ცნობილი გახდეს გარეშე პირებისთვის.
თუ სასამართლო სხდომის მთელი პროცესის მანძილზე დახურვის მიზნად არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დაცულობას მოვიაზრებთ, საბოლოოდ გადაწყვეტილების გამოცხადებისას ეს პრინციპი დაირღვევა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროცესის მიმდინარეობის სტადიაზე კანონმდებელმა ჩათვალა, რომ საჯაროობასთან მიმართებით არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი პრიორიტეტულია, თუმცა იგივე ინტერესი პრიორიტეტული აღარ არის, როდესაც საქვეყნოობის იმ ნაწილს ვეხებით, რომელიც ავალდებულებს ყველა მოსამართლეს გადაწყვეტილება ღია სასამართლო სხდომაზე გამოაცხადოს.
საჯარო სასამართლო სხდომებში ასევე დიდი როლს თამაშობს მედია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქება პრესის მხრიდან აქტიური მოვლენაა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად შევხვდებით საინფორმაციო გამოშვებებს, სადაც საუბარია სასამართლოს მიერ განსახილველ თუ განხილულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
რა თქმა უნდა, სასამართლო პროცესების გაშუქების შესაძლებლობა ემსახურება სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებას და სასამართლო სისტემის გამართულად მუშაობაში ხალხის ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. თუმცა, მედიის მხრიდან საჯარო სასამართლო სხდომების გაშუქება გარკვეულ სირთულეებთანაც ასოცირდება, მაგალითად: უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა, საზოგადოებრივი აზრი, სასამართლო შემადგენლობაზე შესაძლო უარყოფითი გავლენები და სხვ.
ქართული კანონმდებლობით მედიის მიერ პროცესის გაშუქებას და სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე სიუჟეტების და კომენტარების გაკეთებას არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია, საერთო სასამართლოების შესახებ კანონი და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი.
სასამართლო პროცესების გადაღების შესახებ მარეგულირებელი კანონი რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველი რედაქციით სასამართლო პროცესზე ფოტო, აუდიო, კინო, ვიდეო გადაღების აკრძალვა დაიშვებოდა მხოლოდ მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით. 2005 წლის 28 ნოემბრიდან სასამართლო სხდომაზე სტენოგრაფირების, ფოტო, კინო, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის, აგრეთვე რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაციის წესს და შეზღუდვის მიზანშეწონილობას, სასამართლო მოტივირებული გადაწყვეტილებით განსაზღვრავდა. თუმცა, 2007 წლის ივლისიდან სასამართლოში ნებისმიერი სახის ფოტო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა დაუშვებლად გამოცხადდა კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე. ცვლილების მიხედვით, დაუშვებელი იყო როგორც პროცესის გაშუქება, ასევე სასამართლოს ტერიტორიაზე, შენობაში თუ ეზოშიც გადაღება. მეტიც, სასამართლოს შენობაში შესული ნებისმიერი პირი ვალდებული იყო დაეტოვებინა ნებისმიერი ელექტორნული მოწყობილობა, რომელსაც აქვს ჩაწერის ან გადაღების ფუნქცია.
,,2013 წლის ცვლილებების საფუძველზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მე-13 მუხლი ძალდაკარგულად გამოცხადდა და ძალაში შევიდა ახალი 131, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომების მასობრივი საშუალებებით გაშუქება კვლავ ნებადართული გახდა“.
ამ ცვლილების საფუძველზე სასამართლოს საჯაროობა და გამჭირვალობა გაიზარდა. საზოგადოებისთვის შესაძლებელი გახდა მონაწილეობა მიიღონ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესებში და ქონდეთ ინფორმაცია გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით. თუმცა, დადებითი ცვლილებების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს არაერთი დაბრკოლება თუ პრობლემა პრესის მხრიდან, სხდომების და სასამართლოში მიმდინარე საქმეების გაშუქებასთან დაკავშირებით.
ყველა მაუწყებელი თუ მედია საშუალება ინფორმაციის გაშუქების დროს, ვალდებულია დაიცვას ,,მაუწყებლის ქცევის კოდექსი“. კოდექსის პრინციპების მიხედვით მედია საშუალება ვალდებულია გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს ინფორმაციის გაშუქების დროს ზიანის მიყენების შესაძლებლობა და კონკრეტულ აუდიტორიაზე ზემოქმედების შესაძლებლობა. მე-12 მუხლი მაუწყებლებს ავალდებულებს ინფორმაცია გადმოსცენ ჯეროვანი სიზუსტით, მიუკერძოებლად. ეს ასევე ითვალისწინებს მათ ვალდებულებას განსაკუთრებით სიფრთხილით მოეკიდონ შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაშუქებას, პატივი სცენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. სასამართლო სხდომების თუ მიმდინარე პროცესების გაშუქებისას. 48-ე მუხლის საფუძველზე, მედია საშუალებები ვალდებულნი არიან დაიცვან ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას შორის. გარდა ამისა არსებობს მთელი რიგი გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ინფორმაციის გაშუქება, ისე, რომ არ დაირღვეს მართლმსაჯულების და ბრალდებულის/მსჯავრდებულის/გამართლებულის ინტერესები. ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მიხედვით უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება გააჩნია მედია საშუალებებსაც. გარდა ამისა, ისინი ვალდებულნი არიან განცხადების თუ სიუჟეტის გაკეთებამდე შეაფასონ სავარაუდო ზიანი, რაც მათ მიერ არასწორი ინფორმაციის გამჟღავნებას ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეიძლება მოჰყვეს. იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ნაფიცი მსაჯულები იხილავენ, მასობრივი ინფორმაციის გაშუქების საშუალებები ვალდებულნი არიან არ გაამჟღავნონ მათი ვინაობა, გარეგნული ნიშნები და პერსონალური მონაცემები. ასევე შესაძლებელია მოსამართლემ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული აკრძალოს მოწმესა და დაზარალებულთან მიმართებით, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
სამწუხაროდ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ,,მაუწყებლთა ქცევის კოდექსი“ ეფექტიანად არ მუშაობს, რაც ხშირად იწვევს იმას, რომ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საჯაროდ გავრცელებული სისხლის სამართლის აქტუალურ საქმეებზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობაზე საზოგადოებაში არსებობს წინასწარ შექმნილი მოსაზრებები, რომლის გავრცელებასაც მასობრივი ინფორმაციის გაშუქების საშუალებებიც ხელს უწყობს. სიტუაცია ბევრად უფრო საფრთხილოა, როდესაც საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. მოსამართლე, ნაფიც მსაჯულებისგან განსხავებით არის სპეციალური ცოდნით და გამოცდილებით აღჭურვილი პირი, რომელიც ვალდებულია იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საზოგადოებრივი აზრისგანაც კი.
,,მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით“. ,,მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში ან მიუთითოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე“. ,,სასამართლო დამოუკიდებლობა არის კანონის უზენაესობის და სამართლიანი პროცესის ფუნდამენტური გარანტიის წინაპირობა“. ,,მოსამართლემ უნდა განახორციელოს მისი სამოსამართლო ვალდებულებანი ფავორიტიზმის, მიკერძოების ან წინასწარი განწყობის გარეშე“.
როდესაც საქმეს იხილავს მოსამართლე, მას ერთი მხრივ ევალება იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, გადაწყვეტილება გამოიტანოს მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე და საზოგადოებრივმა აზრმა არ მოახდინოს მასზე გავლენა, ხოლო მეორე მხრივ ის ვალდებულია იზრუნოს იმავე საზოგადოებაში მართლმსაჯულების მიმართ ნდობის ამაღლებაზე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებში შესაძლებელია პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს მოსამართლე. როდესაც საზოგადოებრივი დამოკიდებულება ბრალდებულის მიმართ არის უარყოფითი (ისინი ფიქრობენ, რომ ბრალდებული დამნაშავეა), იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე გამოიტანს გამამართლებელ გადაწყვეტილებას, საზოგადოებაში ეს გამოიწვევს უარყოფით დამოკიდებულებას კონკრეტული მოსამართლისა და ზოგადად სასამართლო სისტემის მიმართ, ან პირიქით.
2010 წლიდან ქართულ სისხლის სამართლის პროცესში დაინერგა ახალი ინსტიტუტი - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში 18 წელს გადაცილებულმა პირებმა, რომლებიც არ არიან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პროკურორი, გამომძიებელი, პოლიციელი, ადვოკატი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, სასულიერო პირი, აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე, ბრალდებული, ბოლო 1 წლის მანძილზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებისთვის სახდელდადებული პირი ან/და ნასამართლევი შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში და გადაწყვიტონ ბრალდებულის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის საკითხი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12, 10, 8 ან 6 ძირითადი მსაჯულისა და 2 სათადარიგო მსაჯულისგან. ნაფიცი მსაჯულები წარმოადგენენ საზოგადოებას. ისინი მოსამართლისგან განსხვავებით არ ფლობენ სპეციალურ ცოდნას. ნაფიცი მსაჯულები, მოსამართლეებისგან განსხვავებით, არ ატარებენ სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერდიქტის სისწორეზე. ყოველივეს გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სასამართლოს არსებით სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, ვერდიქტზე შესაძლებელია გარეშე ფაქტორებმაც იმოქმედონ, როგორიცაა საზოგადოების დამოკიდებულება ბრალდებულის მიმართ, ან პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, განსაკუთრებით გახმაურებულ საქმეებზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე, მედია საშუალებებში ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ,,მტკიცებულებების“ გავრცელება მანამ, სანამ მათ მტკიცებულებითი ძალა მიენიჭებათ ან დაუშვებელი მტკიცებულებების გავრცელება და სხვ. ყოველივე ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების სრულფასოვნად განხორციელებას. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრესის მხრიდან ინფორმაციის გავრცელება შესაძლოა გავლენა ქონდეს პროცესის შედეგზე, რაც კი იმას ნიშნავს, რომ მედია საშუალებები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ყველა ინფორმაციის გაჟღერებას, რადგან ამას შესაძლოა მოყვეს ბრალდებულის/დაზარალებულის ან პროცესის სხვა მონაწილისთვის ზიანის მიყენება.
დასკვნა
,,სასამართლო სისტემის გამართული ფუნქციონირება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისა და რეალიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს“. ,,უფლება საჯარო სასამართლო განხილვაზე იცავს მხარეებს მართლმსაჯულების ფარულად და თვითნებურად განცხორციელებისგან, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების გამჭირვალობას და სასამართლო სისტემის საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებას და მართლმსაჯულების მიმართ მოსახლეობის ნდობის განმტკიცებას.“
მართლმსაჯულების მომხმარებელი საზოგადოებაა. შესაბამისად საზოგადოების ნდობა და ჩართულობა აუცილებელი წინაპირობაა სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისთვის. მნიშვნელოვანია საზოგადოების წევრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სასამართლოების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ამის უზრუნველყოფის გზებია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესაძლებლობა და სასამართლო სხდომებზე შეუზღუდავად დასწრების უფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
საჯაროობა არის ერთ-ერთი ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში სასამართლოზე კონტროლის განსახორციელებლად, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობას. მოქალაქეების მეტი დაინტერესება და ჩართულობა, სასამართლოს საქმიანობის მეტი გამჭირვალობა გარანტია იმისა, რომ სასამართლო ვერ იქნება მიკერძოებული ან დამოკიდებული პოლიტიკურ თუ აპოლიტიკურ მოვლენებზე, ნაკლებად იარსებებს კორუფცია სასამართლოში, მხარეები და მართლმსაჯულების მომხმარებელები დაცულები იქნებიან სასამართლოს მხრიდან თვითნებობისგან და სხვ.
ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება სასამართლოს ფუნქციონირებისა და მისი როლის თაობაზე, ასევე მისი სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისგან დამოუკიდებლობის თაობაზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასამართლოს მოქმედების ფარგლების სწორად გაცნობიერებას და იმის აღქმას, რომ სასამართლო წარმოადგენს დემოკრატიული კონსტიტუციონალური სისტემების ქვაკუთხედს.
საჯაროობის მნიშვნელოვანი ხასიათიდან გამომდინარე, სხდომის დახურვა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ უკიდურეს აუცილებლობას და უნდა იყოს დასაბუთებული მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით. სასამართლო პროცესების დახურვის აუცილებლობის მიზეზი ხელმისაწვდომი და გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის. ამის მიღწევის გზებია ღია სასამართლო სხდომაზე სხდომის დახურვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადება და ასეთი გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოებასა და მედიისთვის.
მედიის ან მაღალი თანამდებობის პირების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ან ბრალდებულისთვის ღიად მხარის დაჭერა იწვევს საზოგადოების განწყობის ფორმირებას საქმის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა უარყოფითად აისახოს სასამართლოს ობიექტურობაზე და საზოგადოების მიერ მართლმსაჯულების სისტემის ნდობაზე, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. როგორც კვლევაში აღინიშნა, მოსამართლისგან განსხვავებით, ნაფიცი მსაჯულები არ არიან სპეციალური ცოდნის და უნარ-ჩვევების მატარებლები. მათ არ აქვთ გამომუშავებული იმის უნარი, რომ ვერდიქტი დააყრდნონ მხოლოდ სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ისინი არ ატარებენ პასუხისმგებლობას ვერდიქტის სისწორეზე. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ისინი დაეყრდნონ არა ფაქტებს, არამედ შინაგან რწმენას, რომელიც სასამართლოს შენობის გარეთაც იქმნება. ასევე მნიშვნელოვანია მხარეებმა თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნებისგან, რომელსაც ჯერ არ აქვს მტკიცებულებითი ძალა და არ არის არსებით სხდომაზე დაშვებული გამოსაკვლევად ან გამოკვლეული. ამ გზით ნაფიც მსაჯულებს ეძლევათ ისეთი ინფორმაცია, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პირობებში ვერ იქნებოდა გამოყენებული ბრალდებულის წინააღმდეგ ან მის სასარგებლოდ და შესაბამისად არ არის კანონიერი.
ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ მასობრივი ინფორმაციის გაშუქების საშუალებებმა გამოიჩინონ მაღალი ეთიკური მიდგომები და საქმეების გაშუქება ხდებოდეს მიუკერძოებლად. ამისათვის კარგი იქნება, რომ მეტი კონტროლი ხორციელდებოდეს მაუწყებლობის ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტებზე და არსებობდეს შესაბამისი სანქციები. ამის განხორციელების ეფექტური მექანიზმი არის საბჭო, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში შეაფასებს ეთიკის ნორმის დაღრვევას გამოხატვის თავისფლებასთან მიმართებით. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ის შეიძლება შეიზღუდოს, თუ საფრთხე ეხება სხვისი უფლებების დარღვევას. მედიის მხრიდან ბრალდებულის ან სხვა პროცესის მონაწილის უფლებების დარღვევის შესაბამისობას კი სწორედ ასეთი საბჭო/სამსახური შეაფასებს. ასეთი საბჭოს მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია მათი არსებობის შესახებ საზოგადოების ცოდნაზე, რაც ამ ეტაპზე ძალიან მცირეა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ფაქტიურად არ იცის, რომ არსებობს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და არაეთიკური ქცევის გამო შესაძლებელია საჩივრით მიმართვა.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სისხლის სამართლის პროცესების საჯაროობა მხარეებისთვისაც საკმაოდ ძლიერ იარაღს წარმოადგენს. პროკურორს, ისევე როგორც ადვოკატს და ამ შემთხვევაში დაზარალებულსაც კი აქვს იმის შესაძლებლობა, რომ პროცესის მსვლელობის გასაჯაროვების გზით შექმნას წინასწარი განწყობა საზოგადოებაში, დააინტერესოს საზოგადოების წევრები პროცესის მსვლელობაში, წარმოაჩინოს ძლიერი თუ სუსტი მხარეები, თუნდაც გაავრცელოს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც ვერ მოხვდა სასამართლო პროცესზე, როგორც მტკიცებულება. საზოგადოებაში იმ განწყობის შექმნამ, რომელიც მხარეს ან/და დაზარალებულს სჭირდება, შესაძლოა მათ პროცესში გამარჯვებაში საკმაოდ დაეხმაროს. თუმცა, მხარეები მეტად უნდა გავუფრთხილდეთ საჯარო ინფორმაციას, რადგან ჩვენ, როგორც სპეციალური ცოდნის და ლიცენზიის მქონე პირებს, გვაკისრია მეტი მორალური თუ ეთიკური ვალდებულება არ გამოვიყენოთ საჯარო სასამართლო პროცესები იმგვარად, რომ ამით დავაზიანოთ მართლმსაჯულება თუ სასამართლოს მიმართ ნდომა საზოგადოებაში. ასევე პირიქით, ადვოკატებმა შესაძლოა რიგ შემთხვევებში ვიგრძნოთ ვალდებულება საჯარო გავხადოთ სასამართლო ორგანოს მხრიდან არაკანონიერი ქმედებები, რაც დაგვეხმარება მართლმსაჯულების გაკეთილშობილებაში.
ყოველივეს გათვალისწინებით, საჯაროობის, როგორც სამართლიანი სასამართლოს აუცილებელი პრინციპიდან გამომდინარე, თითოეულმა საჯარო დაწესებულებამ, მედია საშუალებამ, თანამდებობის პირმა, მოსამართლემ, ნაფიცმა მსაჯულმა, მხარეებმა, პროცესში მონაწილე სხვა პირებმა, დამსწრეებმა და თითიეულმა საზოგადოების წევრმა საჯაროობის პრინციპი უნდა გამოიყენონ იმგვარად, რომ არ ხდებოდეს ამით პროცესის მონაწილეების უფლებების დარღვევა და გაუფრთხილდნენ მართლმსაჯულების ობიექტურობასა და საზოგადოებრივ ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ეფექტური და გამჭირვალე მართლმსაჯულება დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი ელემენტია. ამ ელემენტის არსებობა კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საჯაროობის პრინციპზე.