ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების დისტანციურად განხილვის დროს არსებული პრობლემები

19 მაისი 2023


მაკა სალხინაშვილი
პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, სამართლის აკადემიური დოქტორი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული კომიტეტის თანათავმჯდომარე

     
2019 წლის ბოლოს covid 19 მსოფლიოში გავრცელდა. დაავადების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდებოდა აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, ხოლო ევროპა ვირუსის ეპიცენტრი გახდა, სადაც ჩინეთთან შედარებით, ყოველდღიურად ახალ-ახალი შემთხვევები რეგისტრირდებოდა. მსოფლიოს ათეულობით უმსხვილესი ქალაქის კერძო და საჯარო სამსახურებში სამუშაო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა. დღესაც ზოგიერთი სამსახური (კერძო და საჯარო) კვლავ დისტანციურად ან ჰიბრიდულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. გამონაკლისი არც საქართველო იყო, ადმინისტრაციული ორგანოები, სასამართლოები დისტანციურად იხილავდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებს. საკანონმდებლო დონეზე დისტანციურად საქმეთა განხილვის შესახებ ცვლილებები მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს შეეხო,  ხოლო ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ამ მხრივ ცვლილებები მოგვიანებით შევიდა რამდენმე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტში. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოებმა და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა პანდემიის პირობებში დროულად უზრუნველყვეს დისტანციურ  წარმოებაზე გადასვლა. სხდომების დისტანციური ჩართვების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ხშირად სხდომების დაგვიანებით დაწყებასა და გადადებას განაპირობებდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ, ადმინისტრაციულ საპროცესო  და   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ბევრი ცვლილებაა შეტანილი. დასახელებულ კოდექსებში სამწუხაროდ, დისტანციურად პროცესების გამართვის შესახებ ცვლილება არ იყო შესული, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლოებმა კი საჯარო სხდომების გამართვა საკუთარი ინიციატივით დისტანციურად დაიწყეს. 

ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოებში ჩვეულ რეჟიმში სხდომების გაგრძელება ზრდიდა ვირუსის გავრცელების თანმხლებ რისკებს. ადმინისტრაციულ ორგანოებს და სასამართლოებს პანდემიის დროს თავიდან უნდა აეცილებინათ მათ სივრცეში ვირუსის გავრცელების საფრთხე ისე, რომ არ დარღვეულიყო საპროცესო ვადები. გამოსავალიც მოიძებნა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლოებმა საპროცესო ვადების დაცვით დაიწყეს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომების ჩატარება. ისინი იყენებდნენ და იყენებენ (ზოგიერთმა ადმინისტრაციული ორგანომ დანერგა ჰიბრიდულ რეჟიმში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვა) პროგრამებს (ზუმი, გუგლი, ნექსუსი, ვებექსი და სხვა).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული საამრთალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვას, სადაც აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმის განხილვა შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის დადებას და საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას დამრღვევისათვის.

ამავე კოდექსის 261-ე მუხლში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი. კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილით  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა  ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით  (სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები) გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს  საქალაქო სასამართლო.

ამავე კოდექსის მეორე ნაწილის შესაბამისად, კი 116-ე–125-ე  (სატრანსპორტო სამართალდარღვევები) მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.   ამავე  კოდექსის 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით  ( საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმა ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება) გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება მათი ჩადენის ადგილას ან დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის სხვა ადგილიც.   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიძლება განიხილონ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით, საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ მათ სამსახურებრივ ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში, სამართალდამრღვევისათვის დადგენილი წესით საქმის განხილვის ადგილისა და დროის წინასწარ შეტყობინების საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341-ე და 261-ე მუხლები განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის ადგილს, არსად არ არის მითითებული დისტანციურად საქმეთა განხილვის შესახებ. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა კანონმდებელს ეზრუნა აღნიშნული პრობლემის მოგვარების შესახებ ცვლილებების შეტანის გზით. 

საინტერესოა როგორი პრაქტიკაა დანერგილი ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოებში დისტანციურად ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვისას. 

ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლოები ადმინისტრაციული საამრთალდარღვევის საქმეებს იხილავენ დისტანციურად, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები არ არის შესული მოქმედ კანონმდებლობაში და გასაჩივრების შემთხვევებში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოები, სასამართლოებიც ძალაში ტოვებენ ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოების დადგენილებებს სახდელის დადების შესახებ. უფრო მეტიც, ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლოები საერთოდ არ მსჯელობენ გადაწყვეტილებებში ამ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ მხარე შეიძლება აპელირებდეს და დადგენილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად სწორედ ამას უთითებდეს. ვფიქრობ, ეს საკითხი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოების და სასამართლოების განსახილველია და გვერდის ავლა არასწორად მიმაჩნია.

ბოლო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვისას სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირს სთავაზობენ თავად გააკეთოს არჩევანი: დაესწროს  სხდომას ჩვეულ რეჟიმში (გამოცხადდეს ადმინისტრაციულ ორგანოში) ან  ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ჩაერთოს საქმის განხილვისას და ისე დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ჩემი აზრით, ასეთი შეთავაზება ძალიან კარგია და ხელს უწყობს დროის დაზოგვას. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სპეციალურ ნორმაში  საჯარო სხდომების დისტანციურად ჩატარების შესახებ ცვლილებები შევიდა. კერძოდ, საქართველოს კანონის ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“  2021 წლის 22 დეკემბრის ცვლილების შესაბამისად  221-ე მუხლში ჩაიწერა, რომ კომისია უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, ისე, რომ დაინტერესებული პირებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით მონაწილეობის შესაძლებლობა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,სემეკი“) ადმინისტრაციული წარმოების დებულებას 2022 წლის 28 თებერვლის #4 დადგენილების საფუძველზე დაემატა 201 მუხლი, სადაც განისაზღვრა კომისიის სხდომის დისტანციურად ჩატარების საკითხები, კერძოდ კომისიის სხდომა, შესაძლებელია, ჩატარდეს დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით.  სემეკმა 2022 წლის 28 აპრილს #21 დადგენილების საფუძველზე ,,დავების განხილვის წესებში“ 181 მუხლი დაამატა, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიამ სხდომა შესაძლებელია ჩაატაროს დისტანციურად,  ვიდეოკონფერენციის მეშვეობით სემეკის 2021 წლის 13 მაისის #9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დებულების“ 201 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულ პირს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს კომისიის დისტანციურად ჩატარებულ სხდომაში, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე კომისია უზრუნველყოფს სხდომაში მის მონაწილეობას კომისიის ადმინისტრაციული შენობიდან.

მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის #826 დადგენილება ,,სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, რომელიც ძალაშია 2021 წლის 01 იანვრიდან. ამ დადგენილების მე-18 და 23-ე მუხლების თანახმად, განისაზღვრა საბჭოს სხდომების ჩატარება ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. კერძოდ, საბჭოს სხდომა შეიძლება, წარიმართოს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, რა დროსაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საბჭოს სხდომის ყველა მონაწილის ერთდროული აუდიო-ვიდეოკავშირი და დოკუმენტების პირდაპირ რეჟიმში გაცვლის შესაძლებლობა.  საინტერესოა ასევე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის #40 ბრძანება ,,საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების შესახებ“, რომელიც ძალაშია 2020 წლის 04 ნოემბრიდან. ამ ბრძანების                   24-ე  მუხლის თანახმად, სხდომა შესაძლებელია წარიმართოს ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოებში დისტანციურად ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვების  გამართულად წარმართვის მიზნით გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციასა და წინადადებას:

• ცვლილებებია შესატანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, კერძოდ, კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვისას ვიდეოკონფერენციის გამოყენება;

• გასაჩივრების შემთხვევებში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლოები  უნდა მსჯელობდნენ იმ საფუძვლებზე, რომლებზეც მხარე აპელირებს, მათ შორის დისტანციურად საქმის განხილვის საფუძველზე (კანონმდებლობით როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს საკითხი არ რეგულირდება);

• ვფიქრობ ადმინისტრაციულ ორგანოებში კანონმდებლობამ უნდა დაარეგულიროს ჰიბრიდულ რეჟიმში სხდომების წარმართვის შესაძლებლობა;

• ჰიბრიდული რეჟიმის დანერგვა ხელს შეუწყობს დროის დაზოგვას და საქმის გაჭიანურების თავიდან აცილებას, როგორც დამრღვევის, ისე საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი