როდესაც მოსარჩელე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია

17 ოქტომბერი 2022


ავტორი: ანა არგანაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ადვოკატი 

                              

2014 წელს საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის რატიფიკაცია (UN CRPD) მოახდინა. ამ პერიოდში ხშირად გაიგონებდით ფრაზას: ამ კონვენციას შშმ პირებისთვის ახალი უფლებები არ მიუნიჭებია, მასში აისახა იგივე უფლებები, რომლებიც მანამდე სხვა საერთაშორისო სამართლის ხელშეკრულებებითა და საქართველოს კონსტიტუციით იყო გარანტირებული."

ეს ფრაზა ძალიან დამაფიქრებელია. ბუნებრივია, რომ UN CRPD ადამიანის უფლებების პრინციპულად ახალ ვერსიას ვერ შემოგვთავაზებდა, მაგრამ სხვა რომელ კონვენციაში გვხვდება „დამოუკიდებელი ცხოვრების“ უფლება ან „გონივრული მისადაგების პრინციპი“? და მაინც, რისთვის გვჭირდება კონვენციას „არაფერი ახალი“ განწყობით შევხვდეთ? ამით ხაზს ხომ არ ვუსვამთ, რომ ჩვენ, იურისტებს, ახალი არაფერი გვაქვს სასწავლი ამ კონვენციით? მსგავსი მიდგომა ერთ-ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა, რომლის დაშვებაც ჩვენ შეგვეძლო შშმ პირთა სამართალში. 

ადამიანის უფლებების არაერთი სპეციალისტის აზრით, შშმ პირთა უფლებები ახალი სამყაროა, რომელმაც ძირეული ცვლილებები გამოიწვია არა მხოლოდ იურისპრუდენციაში, არამედ ჩვენს აზროვნებაშიც, ხოლო UN CRPD-ი კარია, რომელიც ახალ სამყაროში შეგვიყვანს. 

საზოგადოება ხანდახან ადამიანის უფლებებს და განსაკუთრებით საერთაშორისო ხელშეკრულებებს უნდობლად უყურებს. ამ უნდობლობის მიზეზი დაწერილ უფლებათა აღუსრულებლობაა. იმ უფლებების, რომელთაც საკუთარ თავზე ვერ გამოცდიან, არ სჯერათ. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. სწორედ ამიტომ გაეროს შშმ პირთა კონვენციამ მთელი ძალისხმევა ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებისაკენ მიმართა. მასში ფუნდამენტურად ახალი პრინციპები, გზები, პარადიგმებია ძირითადი უფლებების აღსრულებისთვის შშმ პირების მიმართ.

გაეროს შშმ პირთა კონვენციამ ადვოკატებისთვის, შეიძლება ითქვას, ყველაფერი შეცვალა. პირველ ყოვლისა, დაგვაფიქრა ჩვენი პროფესიული პრაქტიკის მართებულობაზე, კლიენტთან კომუნიკაციის წესზე, სასამართლოში სამართალწარმოების გზებზე. ვინაიდან ეს კონვენცია და მასზე დაფუძნებული შშმ პირთა სამართალი, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის ჩათვლით, ძალიან ვრცელია, მხოლოდ რამდენიმე ძირითად ასპექტს შევეხები და ვეცდები, ვუპასუხო შეკითხვას: როგორ ვმუშაობთ ადვოკატები, როდესაც მოსარჩელე შშმ პირია და ის ადამიანის უფლებების დარღვევას ასაჩივრებს,

ადმინისტრაციული დავის ფარგლებში: კლიენტის ინტერესები

ადვოკატები ძილში თუ არა, ყოველი მეორე წინადადების დაწყებისას ვიმეორებთ ფრაზას, რომ კლიენტის ინტერესი უპირატესია. თუმცა, როდესაც შშმ პირს ვიცავთ, შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ვინ არის კლიენტი? ცოტა გავართულოთ საქმე: თუ შშმ პირი, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირია (ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი), აქვს კომუნიკაციის პრობლემა, ინტელექტუალური შეზღუდვა ან, ორივე ერთად – შეგვიძლია თუ არა, მის ნაცვლად, როგორც ადვოკატებს, კავშირი გვქონდეს მის მშობელთან, მეუღლესთან. მესამე პირისგან მივიღოთ დავალება ან თავად განვსაზღვროთ, შშმ პირისთვის რა არის უკეთესი?

გაეროს შშმ პირთა კონვენციამ ამ საკითხზე მკაფიო პასუხი გაგვცა: არ შეგვიძლია. კონვენციის მე-12 და მე-13 მუხლები, რომლებიც კანონის წინაშე თანასწორობას და მართლმსაჯულების მისაწვდომობას ეხება, ცალსახად მიუთითებს, რომ შშმ პირი, რა მდგომარეობა თუ სტატუსიც უნდა ჰქონდეს მას, ქმედუნარიანი სამართალსუბიექტია. ის არასოდეს კარგავს ქმედუნარიანობას, როგორც უნდა გაუარესდეს მისი მდგომარეობა. ამ ჩანაწერზე დაყრდნობით, ჩვენ, ადვოკატები, ჩვენს კლიენტად ყოველთვის მივიჩნევთ შშმ პირს. მასთან ურთიერთობას არასოდეს ვანაცვლებთ  მის მშობელთან ურთიერთობით. მეტიც, თუ ჩვენი კლიენტისა და მშობლის ინტერესს შორის პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს ვხედავთ, მშობელთან ურთიერთობას ვწყვეტთ და ვიცავთ ჩვენი კლიენტის ინტერესებს. ხანდახან მისთვის სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერის დახმარებით.

განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევა: 

ჩვენი კლიენტი შშმ პირია, რომელსაც აქვს ფსიქოსოციალური საჭიროება. იგი ჩვენგან მოითხოვს გავასაჩივროთ სასამართლოს გადაწყვეტილება არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე. ჩვენი შეფასებით, სასამართლომ სწორად დაინახა რისკი და ეს ადამიანი მართლაც წარმოადგენს საფრთხეს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ აშკარაა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმები არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევისთვის. შეგვიძლია, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გავასაჩივროთ, ? – არა. კონვენციის თანახმად, ჩვენ ყოველთვის ზუსტად ისე ვასრულებთ შშმ პირის მოთხოვნას, როგორც ნებისმიერი სხვა კლიენტის მოთხოვნას შევასრულებდით ან, უარს ვამბობთ მომსახურებაზე და საშუალებას ვაძლევთ, დროულად იპოვოს სხვა ადვოკატი.

შეგვიძლია თუ არა, რაიმე გადაწყვეტილება მივიღოთ შშმ პირის საუკეთესო ინტერესზე დაყრდნობით? არა. როდესაც ჩვენი კლიენტი არის ზრდასრული შშმ პირი, „საუკეთესო ინტერესი“-ს მიდგომის გამოყენება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, როგორია მისი ინტელექტუალური შესაძლებლობა. იგი ყოველთვის თავად ან, სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერის დახმარებით განსაზღვრავს რა არის მისი ინტერესი და ჩვენ ადვოკატები არასოდეს განვსაზღვრავთ ამას მის ნაცვლად.

ინფორმაციის დროულად მიწოდება და სამართლებრივი სტრატეგიის შეთანხმება

ადვოკატები, რომელთაც გვევალება კლიენტის სრული ინფორმირება, მათთან შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფა და სამართლებრივი სტრატეგიის შეთანხმება, შეიძლება შევფერხდეთ ყრუ და უსინათლო კლიენტების მომსახურებისას. უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ჩვენგანი არ ფლობს ჟესტურ ენას, არც ის ვიცით, როგორ გავაცნოთ ჩვენს უსინათლო ან მცირედმხედველ კლიენტს საქმის რამდენიმეტომიანი მასალები. თუმცა, UN CRPD ამ საკითხსაც ერთმნიშვნელოვნად აწესრიგებს: შშმ კლიენტები სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებული სამართალწარმოების შესახებ. ამიტომ ადვოკატებმა ურთიერთობის ბარიერებს გადასალახად გზა უნდა გამოვნახოთ. აი ასეთი გზების არასრული ჩამონათვალი:
1.    ყრუ კლიენტებთან მუშაობისას მოვძებნოთ ჟესტური ენის კვალიფიციური და ობიექტური თარჯიმანი, რომელიც არ იქნება დაინტერესებული პირი. ჩვენს კლიენტს ვკითხოთ, რა ტიპის კომუნიკაცია იქნება მისთვის მისაღები და მისი არჩევანის შემთხვევაში მივმართოთ წერილობით კომუნიკაციას ან განვიხილოთ მის მიერ შემოთავაზებული სხვა შესაძლებლობები. იქნებ ჟესტური ენის სწავლაზეც გვეფიქრა? ჩვენ ხომ უცხოენოვან კლიენტებს ვემსახურებით, ჟესტური ენაც ერთ-ერთ უცხო ენად არის მიჩნეული. 

2. შევისწავლოთ უსინათლო ადამიანებისთვის სპეციალურად შემუშავებული კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და მათი მუშაობის პრინციპი. ძალიან ადვილია იმის დამახსოვრება, რომ ეს გამხმოვანებელი პროგრამები ვორდის ფაილს კითხულობს და ვერ არჩევს ნახატებს. თავად უსინათლო ადამიანები ყველაზე კომპეტენტურად აგვიხსნიან, როგორ მივაწოდოთ მათ საქმის მასალები ისეთი ფორმატით, რომ კომპიუტერული წამკითხველი პროგრამით შეძლონ გაცნობა. ასევე არსებობს ალტერნატივად ბრაილის შრიფტი და დამხმარე ადამიანის სერვისია, რომელიც უსინათლო კლიენტს მასალებს გააცნობს. 

3. როდესაც ჩვენი კლიენტი ინტელექტუალური შეფერხების ან ფსიქოსოციალური შეზღუდვის მქონე პირია, შესაძლოა გაუჭირდეს რთული, თან პროფესიული ენით საუბრის და ტექსტის გაგება. ამიტომ სამართლებრივი დოკუმენტების მათთვის გასაგებ ენაზე ახსნა უპირველესად ჩვენი მოვალეობაა. თუმცა, არამხოლოდ ჩვენი: ყველა ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოს წარმომადგენლის ვალდებულებაა, შშმ პირისთვის გასაგები და აღსაქმელი ფორმით მიაწოდოს ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ განჩინება. მაგრამ, რადგან დღეს ისინი ამ ვალდებულებას არ ასრულებენ, ჩვენ, ადვოკატები, მათ გასაგები ფორმით ვუხსნით ამ გადაწყვეტილებებს. აღსანიშნავია, რომ ბევრ ქვეყანაში, რომლებიც UN CRPD-ის მონაწილე მხარეა, არსებობს კოგნიტური თარჯიმნის პოზიცია (შესაძლოა იყოს სხვა სახელით), რომელიც, უსინათლო ადამიანებისთვის ტექსტის წამკითხველი პირების მსგავსად, ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირებს ადვილ ენაზე უთარგმნის სამართლებრივ დოკუმენტებს. ამარტივებს ენას, ხსნის მაგალითებით და რწმუნდება, რომ მან ეს სწორად გაიგო.

შშმ პირის მონაწილეობა მართლმსაჯულების პროცესში
 
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კლიენტების მონაწილეობას ყველა ადმინისტრაციულ თუ სასამართლო პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. გარდა იმისა, რომ მონაწილეობა, კონვენციის თანახმად, მართლმსაჯულების მისაწვდომობის აუცილებელი ელემენტია, ხშირად სხვა დატვირთვასაც იძენს. 

ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, ხშირად ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო სამართალწარმოებაში ჩართული პირები ინფორმირებული არ არიან შშმ პირთა უფლებების შესახებ. უფრო მეტიც, მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა თავად შშმ პირისგან მოესმინათ დარღვეული უფლების შესახებ. საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები ხშირად სწორედ ამ გამოცდილების ნაკლებობას უკავშირდება. სასამართლო პროცესზე არაერთხელ ვხდებით მოწმე, რომ მოსამართლეს ყველაზე კარგად შშმ პირის მიერ ახსნილი პრობლემა ესმის. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე პირები შშმ პირების მიერ განცდილ რეალობას სრულფასოვნად ვერასოდეს აღვიქვამთ. ჩვენ, ადვოკატებს, მხოლოდ მათი გადმოცემული ინფორმაცია გვაქვს. ამიტომ, კონვენციის მე-3 მუხლის ზოგადი პრინციპიდან, ასევე მე-4 მუხლის სახელმწიფოს ვალდებულებებიდან გამომდინარე და ამავე კონვენციის მე-13 მუხლზე დაყრდნობით, მართლმსაჯულების პროცესში შშმ პირთა პირდაპირ თუ ირიბად ჩართვა სავალდებულო წესია. ამავე კონვენციის მიხედვით, ყველა საკანონმდებლო აქტი, რომლებიც შშმ პირს, შეზღუდული შესაძლებლობის გამო, სამართალწარმოებაში მონაწილეობას უზღუდავს, კონვენციის დარღვევაა.

სასამართლოს მისაწვდომობა

2019 წელს, PHR-ისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტით ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში სასამართლო შენობები შშმ პირებისათვის ჯერ კიდევ სრულად მისაწვდომი არ იყო. რამდენიმე სასამართლო შენობაში სერვისები მისაწვდომია ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებისათვის, თუმცა სენსორული შეზღუდვის მქონე პირებისათვის – არა. ყველა სასამართლოს შენობებში არ არის საინფორმაციო დაფები, საინფორმაციო ნიშნები, გზამკვლევი ნიშანდებები და ტაქტილური რუკები. სასამართლოს შენობები განთავსებული საინფორმაციო სერვისები, მათ შორის თანამშრომლებთან კომუნიკაციის საშუალებები, საჩივრის ყუთები, ტაბლოები და სხვ. შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ინფორმაციის ფონზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ UN CRPD-ის თანახმად, მისაწვდომობა შშმ პირებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა. ყველა შენობა, სერვისი, სივრცე თუ ინფორმაცია სრულად მისაწვდომი უნდა იყოს მოქალაქეებისთვის. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეკონომიკური რესურსების სიმწირის მიზეზით არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მისაწვდომობის ვალდებულებას ნაწილობრივ ავადებს. თუმცა ადვოკატებმა ყველაზე კარგად ვიცით, რომ ფინანსური პრობლემები არგუმენტად ვერ ამართლებს ხელისუფლების მხრიდან მისაწვდომობის უფლების დარღვევას, როდესაც საქმე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და  მისაწვდომობის მინიმალურად აუცილებელ სტანდარტს ეხება. 

რა ხდება, თუ შენობას პანდუსი და სხვა, ერთი შეხედვით, მისაწვდომობის ელემენტები აქვს, მაგრამ ჩვენი შშმ კლიენტი მაინც ვერ შემოდის, ვერ იღებს მომსახურებას? ამავე კონვენციით, აქ ირთვება გონივრული მისადაგების უფლება, რომელიც შშმ პირს საშუალებას აძლევს, მოითხოვოს სტანდარტულ მისაწვდომობაზე მეტი მხარდაჭერა, საკუთარი, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებელი ადაპტაცია, რომელიც სერვისს მისთვის ხელმისაწვდომს გახდის. ადვოკატებმა ისიც კარგად ვიცით, როგორ დავასაბუთოთ გონივრული მისადაგება პროპორციულობის მრავალსაფეხურიანი ტესტით.

თანასწორობა და დისკრიმინაციისგან დაცვა

შშმ პირთა თანასწორობის დაცვა სამართალწარმოების პროცესში ალბათ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ადვოკატებისთვის. თანასწორობის უფლება ადმინისტრაციულ პროცესში, შესაძლოა, რამდენიმე ფორმით დაირღვეს: 
ხშირად ადმინისტრაციული ორგანო შშმ კლიენტისთვის თანაბარ შესაძლებლობებს არ უზრუნველყოფს: შშმ პირებს ეზღუდებათ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა, ადმინისტრაციული მასალების გაცნობა მათთვის გასაგები ფორმით, მტკიცებულებათა მოპოვება და სხვ. ყველა ეს შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ჩვენს კლიენტს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს, თუმცა საქმე კიდევ უფრო რთულდება, როდესაც უთანასწორობას ადგილი აქვს სასამართლოს განხილვის ეტაპზე.

ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს შშმ პირების საჭიროების გაუთვალისწინებლობას როგორც დავის მოსამზადებელ, ისე არსებითი განხილვის ეტაპზე. მაგალითად: როდესაც შშმ პირები სასამართლოსგან თანასწორობას ითხოვენ სამართალწარმოების პროცესში, ხშირად უარს იღებენ სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის საფუძველზე. ხანდახან, შშმ პირი ითხოვს სასამართლოს გასვლითი სხდომის ჩატარებას იმ მიზეზით, რომ თავად არ შეუძლია სასამართლოში გამოცხადება. შშმ პირი, როგორც წესი, უარს იღებს იმ მოტივით, რომ მსგავს დავაზე გასვლითი სხდომა არ ტარდება. თუმცა სასამართლო არ მსჯელობს იმის შესახებ, რომ შშმ პირის საქმე სხვა საქმეების ზუსტი ანალოგია არ არის, ხოლო შშმ პირისთვის მონაწილეობის შეზღუდვა სამართალწარმოებაში დისკრიმინაციის ფორმაა. 

განსაკუთრებით უნდა გავუსვათ ხაზი, UN CRPD-ის მე-13 მუხლის (მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობა) განმარტებას, რომელიც შეგნებულად ცვლის „გონივრული მისადაგების“ სტანდარტს „პროცედურული მისადაგების“ სტანდარტით. ეს უკანასკნელი პროპორციულობის ტესტს არ ექვემდებარება და მოთხოვნა ყოველთვის უნდა დაკმაყოფილდეს. ამ ცვლილების ისტორია კი ასეთია: როდესაც შშმ პირთა კონვენცია იწერებოდა, მასში, ყველა სხვა კონვენციისგან განსხვავებით, შშმ პირთა ორგანიზაციები და ინდივიდუალური შშმ ექსპერტები მონაწილეობდნენ. მათ ბევრი იბრძოლეს, რომ მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობა „გონივრული მისადაგების“ მოთხოვნას არ დაჰქვემდებარებოდა, რათა არასდროს და არც ერთ ვითარებაში სამართალწარმოებაში მონაწილეობა არ შეზღუდოდათ ფინანსების უქონლობის და სხვა მსგავსი ფორმალური მიზეზით.

პატიოსნად და უშიშრად დაიცვას კლიენტის უფლებები

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ადვოკატების მუშაობაში UN CRPD-მ გამოიწვია, ალბათ ჩვენი მუშაობის კრიტიკულად გადახედვის აუცილებლობაა. თუ აქამდე შშმ პირების უფლებების დაცვისთვის მათ მზრუნველებს მივმართავდით, ახლა ჩვენც უნდა ვისწავლოთ შშმ პირებთან კომუნიკაცია ღირსებისა და თანასწორობის დაცვით. მეტიც, ადმინისტრაციულ და სასამართლო პროცესებზე ყველასგან მოვითხოვოთ, ყველასგან პატივისცემით მიიღონ ჩვენი კლიენტის მოსაზრება, რაც არ უნდა განსხვავებულად ჟღერდეს ის და მიუხედავად მისი კოგნიტიური შესაძლებლობებისა.

ყველაზე რთული გამოწვევა ჩვენთვის საკუთარი სტერეოტიპებისა და მიკერძოების აღმოჩენაა. ჩვენ ვიყავით და ვართ იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც შშმ პირების მიმართ სტერეოტიპებითაა გამსჭვალული. იმისათვის, რომ ამ სტერეოტიპებს დავუპირისპირდეთ. უნდა ვაღიაროთ, რომ სოციალიზაციის პროცესში ჩვენ თავადაც სტერეოტიპები შევიძინეთ. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ჩვენ, ადვოკატები, UN CRPD-ის თანახმად, შშმ პირებთან მუშაობისას უნდა გავუმკლავდეთ, საკუთარი ძალაუფლების კონტროლია. ძალიან რთულია თავის შეკავება, რომ მის ნაცვლად არ ვისაუბროთ პროცესზე – როდესაც ჩვენ სხვა პროცესზე გვაგვიანდება, გვგონია, რომ შშმ პირზე კარგად შეგვიძლია აზრის ჩამოყალიბება, როცა ვხედავთ პროცესის მონაწილეების მოუთმენლობას, მაგრამ უნდა შევძლოთ, საკუთარი ძალაუფლება გავუნაწილოთ ჩვენს კლიენტს და შევუქმნათ პირობები, რომ მან ზუსტად იმდენი დრო დაუთმოს აზრის ჩამოყალიბებას, რამდენიც სჭირდება. ზუსტად იმდენჯერ მეტი დრო დავხარჯოთ მისთვის მოსამართლის განჩინების ასახსნელად, რამდენიც სჭირდება.

ეს მცირე მიმოხილვა ზღვაში წვეთია UN CRPD-ის მიერ შემოტანილი სიახლეებისა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამ ახალ სივრცეში კარის შეღება გაცილებით დიდ შრომას მოითხოვს, რომელიც შშმ პირების მონაწილეობითა და მათთვის თანასწორი გარემოს უზრუნველყოფით იქნება შესაძლებელი. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი