არასრულწლოვანის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის თავისებურებანი - არსებული პრაქტიკა

17 ოქტომბერი 2022

ავტორი: ქეთევან უტიაშვილი, 
ადვოკატი, სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სამოქალაქო სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე,
ა(ა)იპ. „ბავშვთა უფლებათა დაცვის ცენტრის" დირექტორი

 

ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის რატიფიცირებით, რომელიც საქართველოში 1994 წლის 02 ივლისს შევიდა ძალაში, საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება უზრუნველყოს „ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს“ (კონვენციის მე-3 მუხლის მეორე ნაწილი).

იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მოქმედების მიუხედავად ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის ერთიანი ხედვა არ არსებობდა და სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა ბავშვის უფლებათა დაცვის ძლიერი სისტემა, 2019 წლის 20 სექტემბერს მიღებულ იქნა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტური იმპლემენტაციის ხელშეწყობით.
არასრულწლოვანს, ასაკიდან გამომდინარე, არ გააჩნია სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადების უნარი. მას არ შეუძლია, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან ნებისმიერ სხვა სფეროში, თვითონ გამოავლინოს ნება და დადოს გარიგება. 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში. ამდენად, აღნიშნული ნორმა არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენლებს ანიჭებდა უფლებამოსილებას, განსაკუთრებული რწმუნებულების გარეშე განეხორციელებინათ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა, მათ შორის არასრულწლოვანის სახელით დაედოთ გარიგებები. 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დღიდან იცავდა და მიუთითებდა არასრულწლოვანის ინტერესის გათვალისწინებას გარიგების დადებისას და გარიგების ნამდვილობის წინაპირობას უკავშირებდა არასრულწლოვანის მიერ სარგებლის მიღება. თუმცა, აღნიშნული საკითხი ფასდებოდა მხოლოდ არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლების შეხედულების შესაბამისად და რაიმე კონტროლის მექანიზმი, იმის შესაფასებლად, თუ რამდენად შეესაბამებოდა გარიგება, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანის საკუთრებაში რიცხული ქონების განკარგვა-გასხვისება, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს, ვერ ხდებოდა. ფორმალური მიდგომა, რომ მშობელი ყოველთვის ბავშვის ინტერესებით მოქმედებდა, საფრთხეს უქმნიდა ქონების განკარგვის შესაბამისობის შეფასებას ბავშვის საუკეთესო ინტერესთან მიმართებაში. შესაბამისად, ნათელი იყო კონტროლის ძლიერი მექანიზმის საჭიროება.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებისა და ამოქმედების შედეგად აღნიშნული საკითხი სრულად მოწესრიგდა და კოდექსის საფუძველზე ნათლად და ცალსახად განისაზღვრა ბავშვის ქონების განკარგვისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესთან აღნიშნული გარიგების შესაბამისობის კვლევის აუცილებლობა. კოდექსის მე-19 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას 2020 წლის 01 სექტემბრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მეორე ნაწილით ამოქმედებულ ცვლილებას ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის განკარგვის წესთან დაკავშირებით, ვინაიდან „ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“. ამდენად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო კვლევის საგანს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, რამდენად გამომდინარეობს ნივთის გასხვისება არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან. ნასყიდობის საგნის რეალიზაცია ცალსახად უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის უპირატეს ინტერესებს და ქონების გასხვისების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს, უზრუნველყოს არასრულწლოვანის ინტერესების უპირატესი დაცვა, მისი მატერიალური და მორალური კეთილდღეობა, უსაფრთხოება, პირადი ცხოვრების განვითარება. 

მსგავსი ცვლილება განხორციელდა მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით გარიგების დადებისას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლში მიეთითა, რომ ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. 

მითითებული ნორმების ამოქმედებამდე სასამართლო არაერთ განჩინებასა და გადაწყვეტილებაში განმარტავდა არასრულწლოვანის ინტერესების პრიორიტეტულობაზე: „არასრულწლოვანის ქონების განკარგვის შესახებ ნებისმიერი გარიგების დადების დროს პრიორიტეტულია არასრულწლოვანის ქონებრივი უფლებების დაცვა, რადგან დაუშვებელია გარიგების შედეგად გაუარესდეს არასრულწლოვანის ქონებრივი მდგომარეობა. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის კეთილდღეობასა და მომავალზე ზრუნვა არის უპირატესი ინტერესი გარიგების დადების დროს და გარიგების დადება განპირობებული უნდა იყოს ბავშვის როგორც მატერიალური, ისე – არამატერიალური აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობით სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge 11 (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლების მიღება, ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ.) (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე N2ბ/3789-15).

ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ბავშვი არის 18 წლამდე არასრულწლოვანი. ოჯახი – საზოგადოების ძირითადი ჯგუფი და ბავშვის აღზრდისთვის, კეთილდღეობისა და დაცვისთვის ბუნებრივი გარემო, ხოლო მშობელი – ბავშვის დედა ან/და მამა. ამავე კოდექსის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესი არის ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით. მე-8 მუხლის თანახმად კი ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. 

ამდენად, როგორც აღინიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც იკვლევს სასამართლო არასრულწლოვანის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის საკითხის გადაწყვეტისას, არის არასრულწლოვანის აზრი და მისი უფლება – იყოს მოსმენილი. 

ბავშვის უფლება, მოუსმინონ და სერიოზულად განიხილონ მისი მოსაზრებები, წარმოადგენს კონვენციის ერთ–ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებათა კომიტეტი (კომიტეტი) მე–12 მუხლს კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად მიიჩნევს, დანარჩენები კი არის: დისკრიმინაციის აკრძალვის უფლება, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება.

კონვენციის მე-12 მუხლი ადგენს ყველა ბავშვის უფლებას თავისუფლად გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მასზე გავლენას ახდენს და ამის მომდევნო უფლებას, ეს მოსაზრებები მნიშვნელოვნად იყოს მიჩნეული ბავშვის ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ეს უფლება წევრ სახელმწიფოს აკისრებს ნათელ სამართლებრივ ვალდებულებას, აღიაროს ეს უფლება და უზრუნველყოს მისი აღსრულება ბავშვის მოსმენით და მისი მოსაზრებისთვის შესაბამისი მნიშვნელობის მინიჭებით.

ბავშვს აქვს უფლება, არ ისარგებლოს ამ უფლებით. აზრის გამოხატვა ბავშვის არჩევანია.

მონაწილე სახელმწიფოები „უზრუნველყოფენ“ ბავშვის უფლებას თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრებები. „უზრუნველყოფა“ არის სპეციალური სიძლიერის მქონე სამართლებრივი ტერმინი, რომელიც სახელმწიფოს არ უტოვებს დისკრეციულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოებს აქვთ მკაცრი ვალდებულება, სპეციალური ღონისძიებები გაატარონ იმისათვის, რომ ყველა ბავშვისთვის სრულად აღასრულონ ეს უფლება. ეს ვალდებულება ორი ელემენტისგან შედგება, რომლებიც უზრუნველყოფს მექანიზმის არსებობას ბავშვის უფლებების დასაცავად ყველა იმ სიტუაციაში, რომლებიც მასზე ახდენს გავლენას და ამ მოსაზრებების სათანადოდ გათვალისწინება. 

მე-12 მუხლი განმარტავს, რომ ბავშვის უბრალოდ მოსმენა საკმარისი არ არის; ბავშვის მოსაზრებები სერიოზულად უნდა იყოს განხილული, როდესაც ბავშვს შეუძლია საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. ამავე კოდექსის 24-ე მუხლი ადგენს ბავშვის ოჯახში ცხოვრებისა და პიროვნული განვითარების უფლებას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდა-განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია პატივი სცეს ბავშვის პიროვნებას, აღზარდოს ის მშვიდობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებით, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, მოამზადოს საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობელი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელია და განსაკუთრებული რწმუნებულების გარეშე გამოდის მისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში. დაუშვებელია მშობლის მიერ მშობლის უფლებების ისე განხორციელება, მათ შორის ბავშვის ქონების იმგვარად მართვა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ზიანი მიადგეს. 

უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ ეტაპზე კვლავ ღიად რჩებოდა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა საკითხი იმის შესახებ, რა სახის გარიგებების დადებისას იყო საჭირო სასამართლოს თანხმობა. დღეისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 186-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკით განისაზღვრა, რომ სასამართლოს თანხმობა აუცილებელია იმ გარიგებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება არასრულწლოვანის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთისა და 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის განკარგვას, რაც გულისხმობს გასხვისებას და არა გაქირავებას ან იჯარით გადაცემას, ვინაიდან აღნიშნული გარიგების დადებისას უძრავ და მოძრავ ნივთზე არასრულწლოვანის საკუთრების უფლება ნარჩუნდება.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 186-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განსაკარგად სასამართლო თანხმობას იძლევა კონკრეტულ გარიგებასთან მიმართებაში, რა დროსაც აფასებს, მათ შორის ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისობას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებთან. ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან გარიგების შესაბამისობის კვლევისა და არასრულწლოვანის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების განკარგვის მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გარდა, რაც უპირობოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული არასრულწლოვანის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების განკარგვისას, ასევე არის ნივთის ღირებულების განსაზღვრა და იმ გარემოებების მტკიცება, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა რატომ შეესაბამება უშუალოდ არასრულწლოვანის ინტერესებს და მისი ინტერესები როგორ იქნება დაცული გასხვისების შემდეგ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი