წლების განმავლობაში, სისხლის სამართლის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ადვოკატებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის (ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანა) არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა.
კერძოდ, გამომძიებლების მიერ დაკავებული პირისთვის ხდებოდა კონკრეტული ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაწევა; ასევე, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას, ბრალდებულს დაუყოვნებლივ ენიშნებოდა დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე; აგრეთვე, საპროცესო შეთანხმებისას სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულო დაცვის საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაშიც, საზოგადოებრივი ადვოკატები აგრძელებდნენ საქმეში მონაწილეობას. ყოველივე აღნიშნული საფრთხეს უქმნიდა ბრალდებულის საპროცესო უფლებების სრულფასოვნად დაცვასა და საადვოკატო საქმიანობის ეფექტიან განხორციელებას.
აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, ძალზედ მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ საქართველოს პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იურიდიული დახმარების სამსახურთან. 2021 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი აწერენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს და აღასრულებს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას, რომლის თანახმადაც, გამომძიებლებს დაევალებათ, დაკავებულ პირს არ გაუწიონ რეკომენდაცია კონკრეტული ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით;
საქართველოს პროკურატურა შიდა უწყებრივ ინსტრუქციას შეიმუშავებს და აღასრულებს, რომლის მიხედვითაც, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან, ბრალდებულს გონივრული ვადა მიეცემა (არანაკლებ 24 საათისა) ადვოკატის მოსაწვევად (დაცვა შეთანხმებით) და მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდება დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე;
იურიდიული დახმარების სამსახური საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის შეიმუშავებს და აღასრულებს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას, რომლის თანახმადაც, საპროცესო შეთანხმებისას სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულო დაცვის საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში (დაცვა შეთანხმებით), საზოგადოებრივი ადვოკატები მიმართავენ სამსახურს საქმიდან ჩამოშორების შუამდგომლობით.
ჩვენ თითოეულ ზემოაღნიშნულ უწყებასთან გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას იმისთვის, რომ მემორანდუმით გათვალისწინებული დებულებები სრულყოფილად აღსრულდეს ბრალდებულის საპროცესო უფლებების სრულფასოვნად დაცვისა და საადვოკატო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.