საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ 2026 წლის 1 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის მონიტორინგს.
ადვოკატ ია სირანაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 1 სექტემბერს მას, მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან შეეზღუდა საადვოკატო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განსაკუთრებით უსვამს ხაზს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებისა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასების აუცილებლობას.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევა, მისთვის პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა, აგრეთვე ძალადობის, მუქარის ან ზეწოლის ნებისმიერი ფორმა, როდესაც აღნიშნული ქმედებები დაკავშირებულია ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან, საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დროულ, ეფექტიან, სრულყოფილ და ობიექტურ სამართლებრივ რეაგირებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, ინციდენტის დღესვე, ია სირანაშვილის კლინიკაში მონახულებისას, საჯაროდ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს რეაგირების მოთხოვნით, ხოლო მეორე დილით ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვა გამოძიების დაწყება პროფესიული საქმიანობის შესაძლო ხელშეშლისა და შესაძლო ძალადობის ფაქტზე.
მალევე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები ადვოკატის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.
ასოციაციის თავმჯდომარემ დღეს, 15 სექტემბერს, დამატებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, რათა შეფასდეს ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებების კავშირი მის პროფესიულ საქმიანობასთან და, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ასოციაცია აგრძელებს საკითხის მონიტორინგს, ხოლო ასოციაციის ადვოკატის უფლებების დაცვის კომიტეტის ადვოკატები უზრუნველყოფენ კოლეგის წარმომადგენლობას ყველა საპროცესო მოქმედებაში.




