ადვოკატთა ასოციაციის მნიშვნელოვანი განცხადება / დისტანციური სასამართლო სხდომების ჩატარების შესახებ /

21 მარტი 2020

ძვირფასო ადვოკატებო, 


მოგეხსენებათ, რომ COVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული უსაფრთხოების ზომების შესაბამისად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ შემუშავებულ იქნა საადვოკატო საქმიანობის განხორციელების აუცილებელი რეკომენდაციები (იხ. https://bit.ly/3b4BJBM და https://bit.ly/2vEVGAd). 

ამასთან, მიუხედავად ამ ექსტრაორდინალური სიტუაციისა, კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები განუხრელად უნდა იქნას დაცული. შესაბამისად, ჩვენი - ადვოკატების როლი და მოვალეობა უცვლელია: უზრუნველვყოთ კლიენტებისთვის ხარისხიანი იურიდიული მომსახურების მიწოდება და ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვა.

როგორც უკვე ჩვენს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებშია მითითებული, იმ საქმეებზე, რომელიც არ უკავშირდება განხილვის შემჭიდროვებულ ვადებს, კლიენტებს აუხსენით ზეპირი მოსმენების დროებით გადადების აუცილებლობა და მათთან შეთანხმებით, იშუამდგომლეთ სასამართლოსთან სხდომის გადადების თაობაზე დისტანციური სერვისებით, როგორიცაა: სასამართლოების ელ-ფოსტა (ელ-ფოსტის მისამართები იხ.: http://court.ge/geo_courts) ანდა საფოსტო სერვისები. 

იმ საქმეებთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ/შემჭიდროვებულ ვადებთან, იმისთვის, რომ ერთის მხრივ, არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება და მეორეს მხრივ, მაქსიმალურად იქნას დაცული ვირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურის, პენიტენციური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კოორდინირებული მუშაობით, დაინერგა სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების პლატფორმა.

სხდომების ჩატრების დისტანციური პლატფორმით სარგებლობისთვის:   

1. კომპიუტერში/პლანშეტში უნდა დააყენოთ Webex-ის პროგრამის აპლიკაცია. დაყენების ინსტრუქციები იხილეთ ბმულებზე: ვიდეოს სახით ან დოკუმენტის სახით.


2. კომპიუტერს/პლანშეტს უნდა გააჩნდეს საჭირო ტექნიკური მონაცემები და ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოთ შესაბამისი ხარისხის უწყვეტი ინტერნეტით. აღნიშნული მონაცემების გასაცნობად იხილეთ ბმული

შენიშვნა: თუ ადვოკატს არ გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა (შესაბამისი მონაცემების კომპიუტერი/პლანშეტი ან ინტერნეტი ა.შ.) და შესაბამისად მისთვის შეუძლებელია დისტანციურ სასამართლო სხდომაში მონაწილეობა და ამასთან, შემჭიდროვებული ვადების გამო ვერ ხერხდება პროცესის გადადება, აღნიშნულის შესახებ აცნობეთ სხდომის მდივანს სასამართლო სხდომის ჩვეულ რეჟიმში (სხდომის დარბაზში გამოცხადებით) ჩატარების თხოვნით, რა დროსაც უნდა დაიცვათ უსაფრთხოების რეკომენდაციები: https://bit.ly/3b4BJBM

3. სხდომის დისტანციურად ჩატარების  შესახებ კომუნიკაცია იქონიეთ შესაბამისი სასამართლოს სხდომის მდივანთან, რომელიც უზრუნველყოფს როგორც დისტანციური სხდომის დაწყების პროგრამულ ორგანიზებას, აგრეთვე პროცესის მონაწილე ყველა მხარის დისტანციურ ჩართვას.  

4. პირის პენიტენციურ დაწესებულებასა ან დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის შემთხვევაში, შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ სასამართლო სხდომაში მის დისტანციურ ჩართვას, წინასწარ მოწყობილი ოთახებისა და კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით.

5. თუკი დაკავებული ან პატიმრობაში მყოფი პირის უფლებების ეფექტიანი დაცვის განსახორციელებლად, დისტანციური პროცესის მსვლელობის დროს, აუცილებელია ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ცალკე კომუნიკაცია, სასამართლო უზრუნველყოფს შესვენების გამოცხადებას, ხოლო შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს მისცემს ცალკე დისტანციური კომუნიკაციის შესაძლებლობას.

შენიშვნა: დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებულია სამსახურებრივი ტელეფონები; პროცესის დაწყებამდე საკონტაქტო ნომერი მიეწოდება ადვოკატს და საჭიროების თუ სურვილის შემთხვევაში შეუფერხებლად შეძლებს დაცვის ქვეშ მყოფ პირთან გასაუბრებას.

6. დისტანციური სასამართლო სხდომის დაწყებამდე, თქვენს კომპიუტერში/პლანშეტში იქონიეთ ადვოკატის მოწმობის, ორდერის და სხვა ნებისმიერი წარსადგენი მტკიცებულების/დოკუმენტის დასკანერებული ფაილები გახსნილი ფორმით (დოკუმენტის დასკანერება შესაძლებელელია როგორც სკანერის აპარატით, ასევე სმატრფონის შესაბამისი აპლიკაციის ან დოკუმენტისთვის ფოტოს გადაღების გზით). აღნიშნული დოკუმენტების  გაზიარება პროცესის მონაწილეთათვის შესაძლებელია დისტანციური პლატფორმის შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით (იხ. ინსტრუქცია გვ.6). 

თითოეულ ადვოკატს გთხოვთ, რომ გულისხმიერად მოვეკიდოთ არსებულ სიტუაციას და იმისთვის, რომ არ მოხდეს სისტემის გადატვირთვა თუ შეფერხება, დისტანციური პლატფორმის გამოყენება განხორციელდეს უპირველეს ყოვლისა იმ სასამართლო სხდომებზე, რომელიც უკავშირდება ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომას, წინასასამართლო სხდომას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას, საპატიმრო სისხლის სამართლის საქმეებს და ასევე იმ საქმეებს, რომელზეც ვრცელდება სპეციალური/შემჭიდროვებული ვადები. 

დისტანციური პლატფორმის გამოყენების დროს შექმნილი დაბრკოლებების აღმოფხვრის მიზნით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 599-88-72-77; 591-95-95-08; 595-35-77-22; 557-54-99-73; 599-71-18-18;        აჭარის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებისთვის: 593-24-35-15; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებისთვის:592-95-10-03; იმერეთის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებისთვის:597-59-02-88/598-99-18-81;

Webex პროგრამის დაყენების ინსტრუქცია: ვიდეოს სახით ან დოკუმენტის სახით

კომპიუტერის/ინტერნეტის საჭირო ტექნიკური მონაცემები: მონაცემები

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი