საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიაზსა და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ჯოზეფ კაფერტის, შეხვდა.
ირაკლი ყანდაშვილმა ამერიკელ სტუმრებს ასოციაციის ოფისში უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და აშშ-ის საელჩოს შორის მრავალწლიანი და აქტიური თანამშრომლობა შეაჯამეს. განიხილეს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ასოციაციამ, INL-ის მხარდაჭერით, ადვოკატთა პროფესიის განვითარებისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების მიმართულებით განახორციელა. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.




