ადვოკატთა ასოციაციაში ციფრული განვითარების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს

1 აგვისტო 2025

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია თანმიმდევრულად აგრძელებს პროფესიის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მუშაობას. სწორედ ამ მიზნის ფარგლებში, 2024 წლის მაისში, ასოციაციასა და ა(ა)იპ „ნასტავია“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ხანაში ციფრული შესაძლებლობების და რისკების შეფასებას ისახავდა მიზნად, თანმდევი რეკომენდაციებით.

„ნასტავიამ“ დეტალურად განიხილა ადვოკატთა ასოციაციის მიერ ადმინისტრირებადი ციფრული პლატფორმები, მათ შორის საგამოცდო პორტალი, ადვოკატის პორტალი, ეთიკის კომისიის ელექტრონული სისტემა, პენიტენციური ჯავშნების პორტალი და ადაპტაციის კურსის ელექტრონული სერვისები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პლატფორმების ანალიზი ჩატარდა როგორც ტექნიკური, ისე მომხმარებლის პერსპექტივიდან. შესწავლილი და შეფასებული იქნა საერთაშორისო პრაქტიკის საუკეთესო მაგალითები.

კვლევის პროცესში ჩატარდა ფოკუს ჯგუფების სერია სხვადასხვა პროფილის ადვოკატებთან, რაც დაგვეხმარა პრაქტიკული საჭიროებებისა და სისტემური გამოწვევების იდენტიფიცირებაში. მიღებული შედეგები ასახულია შეფასების ანგარიშში - "ადვოკატის პროფესიის ციფრული ტრანსფორმაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში", რომელიც ასოციაციას ციფრული ტრანსფორმაციის შემდგომი ეტაპის სტრატეგიულ დაგეგმვაში დაეხმარება.

ჩატარებული სამუშაოების განხილვისა და მიგნებების გაზიარების მიზნით „ნასტავიამ“ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის წინასწარი ანგარიში წარადგინა. შეხვედრას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და კომიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ნასტავია“ უკვე წლებია ახორციელებს საზოგადოებრივ პროექტებს საჯარო სექტორისა და პროფესიული გაერთიანებებისთვის, მათ შორის, სამართლებრივ სფეროშიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ თანამშრომლობის საშუალებით ადვოკატთა ასოციაციის ჩართვა ციფრული ტრანსფორმაციის იმ პროცესში, რომელიც საერთო მიზანს — მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ადვოკატურაში ეფექტიანი სერვისების დანერგვას ემსახურება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი