ადვოკატთა ასოციაციამ საერთო კრება ჩაატარა

23 დეკემბერი 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება, წევრთა საერთო კრება ჩაატარა. ასოციაციის თავმჯდომარემ, ეთიკის კომისიამ და სარევიზიო კომისიამ წევრებს საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინეს.

საერთო კრებაზე ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობის სიგელები გადასცა ადვოკატებს, რომლებიც ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა და პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე მიმდინარე pro bono პროექტში აქტიურად მონაწილეობენ.

„ადვოკატთა ასოციაცია არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიული პროფესიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების მიმართულებით. იმ ფონზე, როცა ზოგიერთ ინსტიტუციასთან შეჩერებულია საერთაშორისო თანამშრომლობა, ადვოკატთა ასოციაციამ კიდევ უფრო ინტენსიური გახადა პარტნიორობა საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებთან, რაც დადებითად აისახება იმ სამომავლო პროექტებზე, რომლებსაც ასოციაცია 2025 წელს განახორციელებს.

ჩვენი მხრიდან ევროპული ღირებულებებისა და ინტეგრაციის ერთგულების ნათელ მაგალითს წარმოადგენს ასოციაციის საერთაშორისო აღიარება 2024 წელს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ კიდევ უფრო გააღრმავა ევროპის ყველაზე დიდ პროფესიულ გაერთიანებასთან CCBE-თან თანამშრომლობა და ორგანიზაციის ასოცირებული წევრი გახდა, ხოლო პირველად ისტორიაში ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, საქართველოს ადვოკატურის ხელმძღვანელი აირჩიეს.

ყოველივე აღნიშნული ნათლად მოწმობს, რომ ჩვენ არა სიტყვებითა და ემოციური ლოზუნგებით გამოვხატავთ ევროპული მისწრაფების მხარდაჭერას, არამედ საქმით და მიღწეული შედეგებით ვადასტურებთ ქვეყნის ურყევი განვითარებისა და ევროინტეგრაციის მიმართ ჩვენს მტკიცე ერთგულებას. 

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ მკაფიო პოზიცია გამოთქვა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ადამიანების, დაკავებული დემონსტრანტებისა და პროცესებში მონაწილე ადვოკატების მხარდასაჭერად. დღესაც ვიმეორებთ, რომ იმ პირთა მასობრივი დაკავების პრაქტიკა, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მოქმედებენ, შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების ხარისხიანად განხორციელების ინტერესებთან. 

მიმდინარე მოვლენების დროს, ადვოკატურის ვალდებულებას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და დაცვის უფლების გარანტირებულად უზრუნველყოფა, რა მიზნითაც ასოციაციაში pro bono იურიდიული დახმარების ცენტრია შექმნილი. ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა და პირის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე გამოცდილი ადვოკატების მიერ უფასო და კვალიფიციური სამართლებრივ დახმარება გაეწია ათეულობით მოქალაქეს.

ადვოკატთა ასოციაციამ, ასევე, მკაფიო მოსაზრება დააფიქსირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც პირის სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით დაკავებას ითვალისწინებს. ამ მიმართებით, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელებისათვის. 

ადვოკატთა ასოციაცია, როგორც ქვეყანაში მოქმედი ყველაზე მრავალრიცხოვანი, დამოუკიდებელი და თვითმმართველი პროფესიული გაერთიანება, მზადაა კვლავაც ემსახუროს ქართველ ხალხს, რათა ქვეყანამ კეთილგონიერად გადალახოს არსებული გამოწვევები და საქართველომ გააგრძელოს შეუქცევადი განვითარება, რომელიც სამართალსა და სამოქალაქო მშვიდობაზე იქნება დაფუძნებული.“  განაცხადა დავით ასათიანმა. 

ადვოკატთა ასოციაცია საერთო კრებას წელიწადში ერთხელ მართავს, სადაც ადვოკატები მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ერთობლივ გადაწყვეტილებას იღებენ და გაწეული საქმიანობის შედეგებს აჯამებენ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი