ადვოკატის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ადვოკატი, უფლებების ეფექტიანი დაცვა და პრო ბონო სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.
კონფერენციამ 200-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგატები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ადვოკატები, დიპლომატიური კორპუსის, იურიდიული სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები.
ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სტანდარტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დანიელე კანგემიმ, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენლობის უფროსმა მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ვლადიმირ შკოლნიკოვმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ალექს ტალონმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტმა დავით ასათიანმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტმა რაიკო მარიჩმა და Expertise France-ის ხელმძღვანელმა აუდრიუს ბიტინასმა.
მისასალმებელი სიტყვებით ასევე წარდგნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, უკრაინისა და თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო ევროპის საბჭოს ეგიდით დამტკიცებული „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ კონვენციის მნიშვნელობა“ იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საადვოკატო საქმიანობის განვითარებას, პრო ბონო სერვისებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას ადვოკატის პროფესიაზე.




