20 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სისხლის სამართლის სფეროში მოღვაწე ადვოკატების ღია შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწიელობას იღებდნენ ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი საბჭოს, სისხლის სამართლის კომიტეტის და ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები და ასევე ასოციაციის წევრი ადვოკატები, რომლებიც სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მოღვაწეობენ.
ადვოკატებმა ისაუბრეს და გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს სისხლის სამართალში დანერგილ არასწორ პრაქტიკაზე, რაც ხელს უშლის საადვოკატო საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას და ასევე ზოგადად მართლმსაჯულების პრინციპებს. ადვოკატებმა იმსჯელეს პოლიციის სამმართველოებში ადვოკატის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პირველი შეხვედრისას შექმნილი დაბრკოლებებზე, რის შესახებაც ასოციაციას ხშირად მომართავენ ადვოკატები. აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ტარიელ კაკაბაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც არასწორად არის განმარტებული მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები და საფრთხის ქვეშ აყენებს ჯვარედინი დაკითხვის სრულყოფილად ჩატარებას.
ადვოკატებმა იმჯსელეს პრობლემათა გადაჭრის სამართლებრივ გზებზე და სამომავლო გეგმებზე, რომელსაც ადვოკატთა კორპუსი ერთობლივად განახორციელებს.