საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის მიმდინარეობს სემინარი თემაზე - საერთაშორისო სისხლის სამართალი და სამართალწარმოების პროცედურები საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში.
ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვიცე პრეზიდენტმა რობერტ ფრემრმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამდივნოს ხელმძღვანელმა პიტერ ლიუისმა.
სემინარში მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და გაიარონ შესაბამისი პროცედურები სასამართლოს დაცვის მხარის სიაში (List of Counsel) მოსახვედრად.
სემინარს უძღვებიან სამართლის მაღალი დონის ექსპეტრები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ერთად, სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, ბელარუსი, უკრაინა, ესტონეთი, პოლონეთი, ირანი და ასე შემდეგ.
„ეჭვგარეშეა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს საერთაშორისო სამართალის სფეროში, რომელიც არის რომის სტატუტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დაუსჯელობის პრევენციის გარანტი და შესაბამისად არის ეფექტური მექანიზმი ადამიანის უფლებათა დაცვისათვის მსოფლიო მასშტაბით. სწორედ აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ საქართველო იყო რომის სტატუტის ერთ-ერთი პირველი ხელშემკვრელი სახელმწიფო. ეფექტური და ხარისხიანი დაცვის ულფლების განხორციელების, ასევე მსხვერპლის და პროცესის სხვა მონაწილეების ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, ძალიან მნიშვნელოვანია დაცვის მხარის როლი. იმედი მაქვს, რომ ეს სამუშაო შეხვედრა წაახალისებს ბევრ მონაწილეს შეიტანოს განაცხადი ამ სიაში მოსახვედრად და იმედი მაქვს ქართველი ადვოკატები დააკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომელიც გაწერილია საკონკურსო სტანდარტებით.“ - განაცხადა დავით ასათიანმა.