6 მარტს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიისთვის 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მან ისაუბრა ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილი კომიტეტების და კომისიების საქმიანობის, განხორციელებული პროექტების, ადვოკატის პროფესიის ინსტიტუციური დაცვის გარანტიების და პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელისშეშლის ფაქტების შესახებ.
ადვოკატთა ასოციაციაში პროფესიული გარანტიების უზრუნველყოფის და დაცვის სრულფასოვნად განხორციელებისთვის შექმნილია სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, კომერციული სამართლის, სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომიტეტები და ადვოკატის უფლებების დაცვის კომისია.
პრეზენტაციაზე ადვოკათა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ანგარიში წარადგინა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირაკლი ყანდაშვილმა რომელმაც ისაუბრა სასწავლო ცენტრის განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში განხორციელებული სავალდებულო სემინარების და ტრენინგების, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ახალი, ელექტრონული ფორმით ჩატარების შესახებ. მნიშვნელოვანია სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომიტეტეის საქმიანობა, რომელმაც მნიშვნელოვან საკანონმდებლო წინადადებაზე დაასრულა მუშაობა. ადვოკატის უფლებების დაცვის კომისიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე განიხილა, რომელიც ადვოკატის პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელისშეშლის ფაქტებს შეიცავს. თითოეულ ასეთ საქმეზე მწვავე რეაქცია ჰქონდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და იურიდიული გაერთიანებების (CCBE) პრეზიდენტს.
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ციცინო ცხვედიანმა პრეზენტაციაზე ეთიკის კომისიის მიერ განხილული საჩივრების, დაგეგმილი და მიმდინარე აქტივობების შესახებ ისაუბრა. მან ასევე 2015 წელს დაგეგმილი ღონისძიებები მიმოიხილა.