ეთიკის კომისიის წევრებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მოსამართლეების შემადგენლობით შექმნილი სამუშაო ჯგუფი საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადვოკატის საჩივრის განხილვის წესზე მუშაობს. სადისციპლინო პალატა 2012 წლიდან ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთადისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებისას სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებებში უთითებს ანალოგიის წესით აღნიშნული კანონით გათვალისწინებული პროცედურის ადვოკატის საჩივრის განხილვის გავრცელებაზეც. მოცემული კანონი ადვოკატზე ცალკე დათქმას არ აკეთებს და წლებია მიმდინარეობს მსჯელობა, რომ საჭიროა სახდელდადებული ადვოკატის საჩივრის განხილვის პროცედურის მომწესრიგებელი აქტის შემუშავება.
სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შევა დამატება, რომელიც მიუთითებს, რომ ადვოკატის საჩივრის განხილვისას სადისციპლინო პალატა ხელმძღვანელობს ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით და განსხვავებული, სპეციფიური ნორმები ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში გაიწერება.
სამუშაო ჯგუფმა მუშაობის განმავლობაში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა და უკვე არსებობს ცვლილებათა/დამატებათა სამუშაო ვერსია. ცვლილებებზე მუშაობა 2016 წლის 15 ოქტომბერს დასრულდება ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა/დამატებათა პროექტის შემუშავებით.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ფინანსურად მხარს უჭერს USAID-PROLOG-ის პროექტი ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება.“