28 სექტემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ხელი მოეწერება მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ სტუდენტთა და პროფესორ - მასწავლებელების უფლებათა დაცვის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებას; უმაღლესი იურიდიული განათლების თანამედროვე სტანდარტების შემუშავებასა და დამკვიდრებას; სტუდენტ იურისტთა პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარებას და ამ მიზნით იურიდიული კლინიკების ქსელის გაფართოებას; სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებში კოპერირების პროცესს; საგრანტო პროექტებში პარტნიორულ თანამშრომლობას.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჭეხანი, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორები და სამართლის სკოლების დეკანები.