ეთიკის კიმისიამ კახეთის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან შეხვედრა გამართა

26 აპრილი 2017

2017 წლის 22-23 აპრილს, „ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა“  და USAID PROLOG–ის პროექტის „ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების“ ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის  ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ციცინო ცხვედიანმა და კომისიის წევრებმა - თეა ჭეიშვილმა და ქეთევან უტიაშვილმა გასვლითი შეხვედრა გამართეს კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავსა და სიღნაღში. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო კახეთის რეგიონში რეგისტრირებული ადვოკატებისათვის ეთიკის კომისიის საქმიანობის, არსებული პრაქტიკული საკითხების და შესაძლებლობების გაცნობა, ასევე, პრობლემური საკითხების გამოკვეთა და შეხვედრაზე მყოფი ადვოკატებისათვის, კითხვა-პასუხის რეჟიმში მათ კონკრეტულ, პრაქტიკულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემა.

 

შეხვედრას დაესწრო კახეთის რეგიონის ყველა რაიონში მოღვაწე ადვოკატი, რომელთა შორის იყვნენ როგორც ფიზიკური პირი ადვოკატები, ასევე, თელავის ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სიღნაღის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად შეხვედრის ორი კონკრეტული ადგილისა, როგორც თელავში, ასევე, სიღნაღში მოწვეული იქნა ადვოკატები კახეთის სხვა რაიონებიდან, მათი მაქსიმალური ჩართულობისა და ინფორმირებულობისათვის.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ეთიკის კომისიის საქმიანობა, დანიშნულება და მიზნის განმარტება, სადაც ხაზი გაესვა კომისიის საგანმანათლებლო და პრევენციულ საქმიანობასა და მიზანს. ეთიკის კომისიის წევრების მიერ დამსწრე ადვოკატებს განემარტათ დისციპლინური სამართალწარმოებისა და პრაქტიკის საკითხები, კერძოდ, მიეწოდათ ინფორმაცია საჩივრის ავტორებისა და საჩივრის სახეების, შესაძლო დარღვევების, არსებული პრაქტიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების შესახებ. შეხვედრების მიმდინარეობისას კომისიის წევრები პასუხობდნენ ადვოკატებს შეკითხვებს და მონაწილეობას იღებდნენ დისკუსიაში.

შეხვედრა დამსწრე ადვოკატების მიერ ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა, ვინაიდან, მათი განცხადებით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდათ ეთიკის კომისიის საქმიანობისა და პრაქტიკის შესახებ. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა შეხვედრის ფორმატი - დისკუსია და კითხვა-პასუხი, რადგან შეხვედრის მონაწილეებს მაქსიმალურად მიეცათ საშუალება გამოეთქვათ საკუთარი აზრი და დაესვათ შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრების ბოლოს დაფიქსირდა სურვილი, რომ, სამომავლოდ, მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართოს როგორც იგივე ქალაქებში, ასევე, რეგიონის სხვა ქალაქებშიც.

„ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა“  და USAID PROLOG–ის პროექტი გრძელდება. ეთიკის კომისიის წევრები მიმდინარე წლის განმავლობაში - მაისისა და ივნისის მიმდინარეობისას განახორციელებენ გასვლით შეხვედრას იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე ადვოკატებისათვის.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი