26 ივლისს, ბათუმის იუსტიციის სახლში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იუსტიციის სამინისტროს და საფრანგეთის ადვოკატთა ეროვნული საბჭოს, ევროპისა და საერთაშორისო საქმეების კომისიის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციის თემებია: ადამიანის უფლებები – საკუთრების დაცვა, პერსონალური მონაცემების დაცვა, მოქალაქეთა სერვისები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მე–8 კონგრესზე მიღებული ,,საბაზისო პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ“, ადვოკატის პროფესიაში შესვლა, ადვოკატის სტატუსის მოსაპოვებლად არსებული მოთხოვნები, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ყურადღებას გაამახვილებს ადვოკატის როლისა და სტატუსის, ასევე ინსტიტუციონალური გაძლიერების პრობლემურ საკითხებზე, ხელისშემშლელ გარემოებებზე. ისაუბრებს გაეროს მიერ დეკლარირებული საბაზისო პრინციპებზე ადვოკატის როლის შესახებ და ქართული მართლმსაჯულების პირობებში გაეროს მიერ მიღებული პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე.
კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე, საფრანგეთის ადვოკატთა ეროვნული საბჭოს ევროპისა და საერთაშორისო საქმეების კომისიის პრეზიდენტი ბერტრან დებოსკი დელეგაციასთან ერთად, რომელშიც შედიან ფრანგი ადვოკატები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი.
კონფერენცია 27 ივლისს დაასრულებს მუშაობას.