6 ივლისს, ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა სათათბირო ჯგუფის პირველი შეკრება გაიმართა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა შეხვედრის მონაწილე ადვოკატებს მიაწოდა ინფორმაცია ადვოკატთა ასოციაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის და სიახლეების შესახებ და მოისმინა წევრი ადვოკტების რეკომენდაციები და მოსაზრებები ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებით.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკავშირდება საადვოკატო საქმიანობას და იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, როგორიცაა: პირველ ინსტანციაში სამოქალაქო სამართალწარმოებისას ადვოკატის წარმომადგენლობის ექსკულუზიურობა; საზოგადოებრივ ადვოკატთა სავალდებულო დაცვის ფარგლებში (საპროცესო შეთანხმებებში) მონაწილეობის პრობლემატიკა; პენიტენციალურ სისტემაში ბრალდებულთან (კლიენტთან) შეხვედრისას რიგებთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა არსებული სირთულეები; ტრენინგების თემატიკის გაუმჯობესება და ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი და შესატანი ცვლილებები.
ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის და მოუწოდა ყველა დაინტერესებულ ადვოკატს უფრო ინტენსიურად ჩაერთონ ასოციაციის საქმიანობის პროცესში. თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სათათბირო ჯგუფის შეხვედრები გახდება ადვოკატებისათვის აზრთა გაცვლის პლატფორმა, რომელიც სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.
ადვოკატთა სათათბირო ჯგუფის იდეა წარმოადგენს ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივას, რომელიც განზაღვრულია აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით და მიზნად ისახავს ადვოკატების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფას პროფესიაში არსებული პრობლემატური საკითხების გადასაწყვეტად.