შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების რეგულირება და საკანონმდებლო სიახლეები

16 ივნისი 2025

ავტორი: სალომე ბეჟაშვილი

საადვოკატო ბიურო BBK - Business & Law მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, სასამართლო მედიატორი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თავმდომარე. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) წევრი

საქართველო ცნობილია თავისი უნიკალური ბუნებრივი რესურსებით. მისი წყლები ბუნებრივად მრავალფეროვანია და მოიცავს მდინარეებს, ტბებს, წყაროებს, წყალსაცავებსა და შავ ზღვას. ეს რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკოლოგიაში, ეკონომიკასა (ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი) და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენი ქვეყნის მდიდარ ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნის დაახლოებით 800 - ზე მეტი ტბა, დაახლოებით 26 000 მდინარე და შავი ზღვა, რომლის სანაპირო ზოლი დასავლეთ საქართველოს ეკუთვნის.

საზღვაო ქვეყანის სტატუსი მისი დიდი გეოპოლიტიკური უპირატესობაა. თუმცა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის შიდა სახმელეთო წყლები. რიგი სახელმწიფოებისა, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ეგვიპტე, აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოები და ა.შ. მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისათვის აქტიურად იყენებენ მდინარეებსა და ტბებს.

საქართველოს წყლის სისტემის მრავალფეროვნების მიუხედავად, ამ დრომდე შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი არ იყო მოქცეული სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოებში. მდინარეებსა და ტბებზე ტვირთის გადატანა თუ მგზავრთა გადაყვანა ხდებოდა სახელმწიფო კონტროლისა და უსაფრთხოების შემზღუდავი ნორმების გარეშე.

საკანონმდებლო ბაზის არარსებობა ქმნიდა გარკვეულ რისკებსა და გამოწვევებს; არსებობდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, რამაც რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება. გარდა ამისა, პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის რეგულირება ხდებოდა თვითნებურად, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რაც სავალალო სამართლებრივი პრაქტიკის დამკვიდრებას გამოიწვევდა.

წყლის ტრანსპორტის განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე სახელმწიფოების კარგი საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი აუცილებელ რეგულირებად სფეროს წარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითია გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკის კომისიის ევროპის შიდა წყლების კოდექსი, რომელიც მისი მიღებიდან არაერთხელ იქნა მოდიფიცირებული და შეცვლილი. ამ დოკუმენტის მიღმა, ევროპის კავშირის თითოეული სახელმწიფო შიდა კანონმდებლობის დონეზე ადგენს მარეგულირებელ ნორმებს.

2023 წელს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით. კანონპროექტის ავტორის მიზანს წარმოადგენდა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის მოქცევა ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში და მის ნაწილად ქცევა. აღნიშნული რეგულირება კი გამოიწვევდა საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 

ხსენებულმა პროექტმა კანონის ძალა მიიღო 2023 წლის ივნისში, თუმცა მისი გარდამავალი დებულებების შესაბამისად სრულად ამოქმედდა 2025 წლიდან.

საკანონმდებლო ცვლილებით შემუშავდა საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესები, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ექსპლუატაციის რეგულირებასა და უსაფრთხოებას ნორმების დადგენას. ასევე დადგინდა ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციისა თუ სხვა სახის სტანდარტები, რომელიც ერთიანობაში შესაძლებლობას იძლევა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ექსპლუატაცია შესაბამისობაში იყოს უსაფრთხოების ნორმებთან.

კანონის შემუშავებისას მნიშვნელოვანი იყო განსაზღვრულიყო მარეგულირებელი და ზედამხედველი ორგანო. უწყებრივი ფუნქციების გადანაწილების თვალსაზრისით, ასეთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განსაზღვრა მართებულ გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული. სწორედ, ეს უკანასკნელი სააგენტო ახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის რეგულირებას, რომლის კომპეტენციას აწ უკვე მიეკუთვნება, ასევე, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო სფერო. 

ძირითადი საკანონმდებლო ცვლილება შეეხო „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონს. ცვლილების თანახმად შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი ინტეგრირდა ქვეყნის ერთიანი სატრანსპორტო სისტემის დეფინიციაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონმა განმარტა შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალება, როგორც მცურავი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გადაადგილდება.

შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი გამიჯნულ იქნა სხვა სახის ტრანსპორტისაგან. დღეის მდგომარეობით, ეს არის ტრანსპორტის სფერო, რომელიც მოიცავს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას ან/და ტვირთის გადაზიდვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

კანონპროექტი შეიცავდა რა გარდამავალ დებულებებს, მიმდინარე წელს მიღებულ იქნა რიგი კანონქვემდებარე აქტებისა. მათ შორისაა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესები, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციისა და ინსპექტირების წესები და სხვ.

მნიშვნელოვანია თუ რა მოიაზრება შიდა სახმელეთო წყლებში. „წყლის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციაში გვხვდება ტერნიმი „საქართველოს შიგა წყლები”. აღნიშნული ტერმინოლოგიური შეუსაბამობა გამოსწორებულია „წყლის რესურსების მართვის” შესახებ საქართველოს კანონში, რომლის ამოქმედებითაც 2026 წლის 01 სექტემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი. „წყლის შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, შიგა წყლებში შედის მდინარეები, ტბები და სხვა წყლის ობიექტები, წყლები, რომელთა ნაპირები მთლიანად ეკუთვნის საქართველოს; შავი ზღვის წყლები ხმელეთსა და ტერიტორიული წყლების ასათვლელად დადგენილ სწორ ამოსავალ ხაზებს შორის; საქართველოს ნავსადგურის წყლები, რომლებიც შემოსაზღვრულია ზღვის მხარეს ნავსადგურის ჰიდროტექნიკური ან მისი სხვა მუდმივი ნაგებობის უკიდურეს წერტილებზე გამავალი ხაზით. „წყლის რესურსების მართვის” შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, 2026 წლის 01 სექტემბრიდან შიდა წყლები განიმარტება, როგორც მდინარეები, ტბები, მყინვარები, ჭაობები, თოვლის მუდმივი საფარი, წყალსაცავები, არხებსა და ტბორებში არსებული წყლები, ასევე, მიწისქვეშა წყალი; ასევე ზედაპირული წყლები არის შიდა წყლები (გარდა მიწისქვეშა წყლებისა), გარდამავალი წყლები, სანაპირო წყლები, ტერიტორიული წყლები და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები; შესაბამისად, სწორედ ამ სახის წყლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების საკანონმდებლო რეგულირება ამოქმედდა მიმდინარე წლიდან.

სატრანსპორტო საშუალების დეფინიცია კიდევ უფრო ვრცელი სახით არის წარმოდგენილი სააგენტოს ბრძანებაში. საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არის მცურავი ობიექტი, ძრავის მქონე ან არათვითმავალი (მათ შორის, აფრიანი), რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ, მგზავრების გადასაყვანად ან/და ტვირთების გადასაზიდად, სპორტული ღონისძიებებისთვის ან/და სხვა მიზნებისთვის. კანონქვემდებარე აქტებში ვხვდებით შიდა სახმელეთო წყლის ტრანსპორტის კიდევ უფრო ვიწრო დიფერენციაციას, როგორიცაა მაგალითად, არათვითმავალი ან / და აფრიანი სატრანსპორტო საშუალება.  

ახლა უკვე სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია დაარეგისტრიროს სატრანსპორტო საშუალებები რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააგენტო. ასევე, მესაკუთრეს აქვს ვალდებულება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის ცვლილების ან კანონით დადგენილი სხვა გარემოებების შემთხვევაში მიმართოს სააგენტოს რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელების მიზნით. 

2025 წლიდან რეგისტრაციის გარეშე აიკრძალა შიდა სახმელეთო წყლებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია. სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს უფლება განახორციელოს ნაოსნობა, თუ ის რეგისტრირებული არ არის რეესტრში და არ გააჩნია რეგისტრაციის მოწმობა.

რეესტრში რეგისტრაციას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები, ასევე რეგისტრაციის ვალდებულებისგან თავისუფლდება უცხო სახელმწიფოს ან უცხო სახელმწიფოს ფიზიკური / იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება 60 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადით არასამეწარმეო მიზნით.

სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია რეგისტრაციამდე მიმართოს სააგენტოს პირველადი ინსპექტირების გავლის მიზნით. 

ინსპექტირება განხვავდება სახეების შესაბამისად. პირველადი ინსპექტირება ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციამდე, რეგისტრაციის მიზნებისათვის. პერიოდული ინსპექტირება ხორციელდება ყოველწლიურად. ხოლო  არაგეგმიური ინსპექტირების საფუძველია სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა, ინციდენტის შემთხვევაში მდგომარეობის დადგენა ან სააგენტოსთვის ცნობილი ნებისმიერი სხვა გარემოებების შემთხვევაში, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ნაოსნობის უსაფრთხოებაზე.

პირველადი ინსპექტირებისას ხორციელდება მცურავი საშუალების შესაბამისობის დადგენა ფაქტობრივ მდგომარეობასთან, კორპუსის შემოწმება წყალგაუმტარობაზე, ყველა მექანიზმის ტექნიკური გამართულობისა და აღჭურვილობის შესაბამისობის დადგენა.

სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია მუდმივია, თუმცა სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას. მოწმობის განახლების საფუძველია სავალდებულო ყოელწლიური ტექნიკური ინსპექტირება, რომლის გარეშე დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის მესაკუთრე წარუდგენს სააგენტოს სატრანსპორტო საშუალების 2 ფოტოსურათს, მისი წინა და გვერდითი ხედებით, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი საბუთის დედანს ან დადგენილი წესით დამოწმებული ასლს, პირველადი ინსპექტირების ანგარიშსა და კანონით დადგენილ სხვა საჭირო დოკუმენტებს;

კანონმდებელმა დაარეგულირა აგრეთვე შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობა. ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებად იქნა მიჩნეული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატი, მათ შორის სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის სერტიფიკატი. გამონაკლისს წარმოადგენს წყლის ველოსიპედი და სკუტერი, რომლის მართვა დასაშვებია მართვის სერტიფიკატის გარეშე, 14 წელს მიღწეული ნებისმიერი ქმედუნარიანი პირის მიერ.

პირს უფლება აქვს მიიღოს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სერტიფიკატი, თუ იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი. ამისათვის საჭიროა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა, პირადობის მოწმობა ან სამოქალაქო პასპორტი, აღიარებული გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, საფასურის გადახდის ქვითარი და ფოტოსურათი ელექტრონული სახით.

მძღოლის სერტიფიკატი გაიცემა 5 წლით. პირი, რომელსაც სურს მძღოლის სერტიფიკატის განახლება და გააჩნია სატრანსპორტო საშუალების ფლობის ან დამსაქმებლის წერილი / ხელშეკრულება, შეუძლია სერტიფიკატი განაახლოს გადამზადების პროგრამის გავლის გარეშე.

სწორედ სატრანსპორტო საშუალების მძღოლია პასუხისმგებელი სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი ყველა პირის უსაფრთხოებაზე. თავის მხრივ, პირი, რომელიც იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაზე, ვალდებულია დაიცვას წესრიგი და დაემორჩილოს მძღოლის მითითებებს.

შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის №71 ბრძანების თანახმად განისაზღვრა თუ რა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას ევალება სამაშველო ჟილეტის, მოტივტივე  რეზინის რგოლის, სამაშველო რგოლის, ნიჩბის, ღუზის, ცეცხლმაქრის,  წყლის ამოსახაპად საჭირო ჭურჭლის, ხელის ტუმბოს, წყალგაუმტარი ელექტრო ფანრის, პროჟექტორისა თუ სხვა სახისა და მახასიათებლების სამაშველო აღჭურვილობის უზრუნველყოფა.

სატრანსპორტო საშუალება ასევე აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული სანავიგაციო განათებით, რომელიც გამოიყენება დღე-ღამის ბნელ პერიოდში ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში.

ნიშანდობლივია, რომ სამაშველო ჟილეტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფთა რაოდენობას, ბავშვები კი აღჭურვილი უნდა იყვნენ შესაბამისი ზომის სამაშველო ჟილეტებით.

გარდა სამაშველო ჟილეტებისა და სხვა სამაშველო აღჭურვილობის სატრანსპორტო საშუალებაზე არსებობისა, უსაფრთხო ნაოსნობის მიზნებისათვის აიკრძალა სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა მის მაქსიმალურ ტვირთამწეობაზე მეტად. დატვირთვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა  და კორპუსის სიმტკიცე.  ასევე, სატრანსპორტო საშუალებაზე არ უნდა იმყოფებოდეს იმაზე მეტი მგზავრი, ვიდრე ეს განსაზღვრულია სარეგისტრაციო მოწმობით. მაგალითისთვის, თუ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში მითითებულია, რომ მასზე შეიძლება იმყოფებოდეს ერთდროულად არაუმეტეს 4 პირისა, გადაჭარბების შემთხვევაში, მძღოლი ან მესაკუთრე დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმით (მოქმედი რედაქციით, პირველ ჯერზე 500 ლარით).

ნებისმიერი სატრანსპორტო სისტემა (საგზაო, საზღვაო, საჰაერო და ა.შ.) შეიცავს ინციდენტების საფრთხეს, რაც პრაქტიკაში მრავლადაა. რეგულირება რომ დეკლარაციული ხასიათის არ იყოს, აუცილებელია შიდა სახმელეთო წყლების სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევა, რომლის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს.

ინციდენტის მოკვლევის მიზანია მისი თანმდევი გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა, გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების დადგენა, მასში მონაწილე პირთა ქმედებების შეფასება, აგრეთვე ნაოსნობის უსაფრთხოების გაუმჯობესება და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება შემდგომში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

შემთხვევები სიმძიმის მიხედვით  შეიძლება კლასიფიცირდეს შემდეგნაირად: შიდა სახმელეთო წყლების შემთხვევა, სერიოზული შემთხვევა, ინციდენტი, რომელთა შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოსა და მოკვლევის ბიუროს.

თავის მხრივ, მესაკუთრეები და პირები, რომლებიც მართავენ სატრანსპორტო საშუალებას, მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას. შიდა სახმელეთო წყლებში, სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ ისეთი სიჩქარით (უსაფრთხო სიჩქარე), რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, დროულად შეძლოს უსაფრთხო ნავიგაციასთან დაკავშირებული ეფექტური ზომების მიღება, მათ შორის, უსაფრთხო მანძილზე გაჩერება, შეჯახების თავიდან აცილება ან სხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის საფრთხის შექმნის არიდება.

უსაფრთხო სიჩქარის განსაზღვრისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ასევე უნდა გაითვალისწინოს ხილვადობა, მანევრირება, სატრანსპორტო საშუალების სრულად გაჩერებისთვის საჭირო მანძილი და მეტეოროლოგიური პირობები.
განსაკუთრებით რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, როგორიცაა ნისლი, ბინდი, თოვლი, კოკისპირული წვიმა და სხვა შეზღუდული ხილვადობის პირობები, ნაოსნობა აკრძალულ იქნა. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია დაუშვებელია მაშინაც, თუ ხილვადობა შიდა სახმელეთო წლებში 2 კმ. - ზე ნაკლებია.

როგორც აღინიშნა, შიდა სახმელეთო წყლებში ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1145 მუხლის თანახმად, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის განისაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, დაექვემდებარა სანქცირებას 1000 ლარის ოდენობით.

ახალმა საკანონმდებლო ბაზამ განსაზღვრა ასევე სხვადასხვა სარეგისტრაციო საფასური. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის, იპოთეკის რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილების შეტანის, დუბლიკატის ან ამონაწერის გაცემის, მძღოლის სერტიფიკატის გაცემისა და შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებათა მომსახურების სახეები, ვადები და საფასურის განაკვეთები განისაზღვრება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით.

რაც შეეხება ვადებს, 2025 წლის 1 აპრილიდან, პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მიზნით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი