ავტორი: სოფიო დუღაშვილი
პრაქტიკოსი იურისტი, მედიატორი, ლექტორი, აკრედიტირებული ტრენერი, დოქტორობის კანდიდატი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (icom) ეთიკის კომიტეტის წევრი.
შესავალი
თანამედროვე გარემოში ხელოვნებისა და სამართლის ურთიერთმოქმედება მოითხოვს მტკიცე სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი გამოხატვის დაცვას. კვლევის საგანი ხელოვნების სფეროს სამართლებრივი რეგულირების რთულ შრეებთან ერთად ყოვლისმომცველი სამართლებრივი დებულებების როლის გამოკვეთაა, რომლებიც ხელს უწყობენ სიცოცხლისუნარიანი და დინამიური ხელოვნების სისტემის განვითარებას. როდესაც საზოგადოება ვითარდება და ტექნოლოგიური წინსვლა გარდაქმნის ხელოვნებას, სულ უფრო აქტუალური ხდება მკაფიო წესებისა და დაცვის ზომების ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს ხელოვანთა მთლიანობასა და მათ ავტონომიას.
ხელოვნება წარმოადგენს ინდივიდუალური თვითგამოხატვის, კოლექტიური იდენტობის და საზოგადოებრივი დიალოგის მნიშვნელოვან საშუალებას. იგი არ არის მხოლოდ ინდივიდუალური შთაგონების ნაყოფი. ხელოვნება ასევე გვევლინება, როგორც საზოგადოების, კულტურისა და ადამიანური გამოცდილების ანარეკლი.
შემოქმედებითი გამოხატვა იქნება ეს მხატვრობა, სკულპტურა, ციფრული ხელოვნება, თუ პერფორმანსი ადამიანის ცივილიზაციის ქვაკუთხედია, რომელიც ამდიდრებს საზოგადოებას და გამოწვევის წინაშე აყენებს ჩვენს აღქმას, ამიტომ აუცილებელია, რომ მხატვრული ინოვაციის აღნიშვნის პარალელურად, ყურადღება გამახვილდეს იმ სამართლებრივ გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება ხელოვნების შექმნის, გავრცელებისა და მოხმარების პროცესებს.
ხელოვნების დარგში სამართლებრივი სირთულეების გაანალიზებით და იურიდიული დაცვის ჩარჩოს განსაზღვრით, მნიშვნელოვანია განიმარტოს ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს ხელოვნებისა და სამართლის ურთიერთკვეთას.
I. მხატვრული გამოხატვის დაცვის მნიშვნელობა
მხატვრული გამოხატვის დაცვის აუცილებლობა სცდება ინდივიდუალური უფლებების ფარგლებს და წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებით ელემენტს, რომელიც აფასებს მრავალფეროვნებას, შემოქმედებითობას და გამოხატვის თავისუფლებას. ამ კონტექსტში, იურიდიული მექანიზმები აუცილებელია ხელოვანთა უფლებებისა და ინტერესების დაცვისთვის, რათა მათი შემოქმედებითი წვლილი იყოს სათანადოდ დაცული, აღიარებული და ანაზღაურებული.
მხატვრული გამოხატვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების, ან კომერციული ინტერესების დაცვით. მისი საფუძველი არის ხელოვნების უნიკალური უნარი, შთააგონოს, ჩამოაყალიბოს და გააერთიანოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები. ხელოვნება, არა მხოლოდ თვითგამოხატვის ფორმაა, არამედ იგი წარმოადგენს პლატფორმას სოციალური დიალოგისთვის და კულტურული იდენტობის განმტკიცებისთვის.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საავტორო უფლებების დაცვით, მორალური უფლებების შენარჩუნებით და სახელშეკრულებო მოლაპარაკებების მკაფიო საზღვრების დადგენით სამართლებრივად უზრუნველყოფილია შემოქმედთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ დაცვის მექანიზმები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ პოზიციებს სახელოვნებო სფეროში.
თანამედროვე სამყაროს მზარდი სირთულეების და ცვლილებების ფონზე, როგორიცაა გლობალიზაცია, ტექნოლოგიური პროგრესი და კულტურული დივერსიფიკაცია, აუცილებელია, რომ ხელოვნების სამართლებრივი ჩარჩო განვითარდეს და ადაპტირდეს ახალ რეალობასთან. აღნიშნული ჩარჩო უნდა იყოს მოქნილი და შესაბამისი ახალ გამოწვევებთან, როგორიცაა ციფრული პლატფორმების გავლენა ინტელექტუალურ საკუთრებაზე, კულტურული აპროპრიაციის საკითხები და ხელოვნების გავრცელებისა და მოხმარების ეთიკური ასპექტები. ამავდროულად, მან უნდა შეინარჩუნოს ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება, მხატვრული ავტონომია და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა.
ამრიგად, ხელოვნების სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება უნდა იყოს ორიენტირებული, არა მხოლოდ არსებული გამოწვევების მართვაზე, არამედ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაზე, რაც ხელს შეუწყობს კრეატიული ინდუსტრიების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას გლობალურ დონეზე.
II. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სამართლებრივი ასპექტები
1. საავტორო უფლებები
ხელოვნების სფეროში საავტორო უფლებების აღიარების მიზანია ხელოვანთა ორიგინალური ნამუშევრების დაცვა და მათთვის ექსკლუზიური უფლებების მინიჭება საკუთარ შემოქმედებაზე. ეს უფლებები ვრცელდება სხვადასხვა ფორმის ვიზუალურ ხელოვნებაზე, როგორიცაა ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ნახატები და სხვა ვიზუალური ქმნილებები. იმისათვის, რომ ნამუშევარი საავტორო უფლებებით იყოს დაცული, ის უნდა აკმაყოფილებდეს ორიგინალურობის კრიტერიუმს და უნდა იყოს გამოხატული ხელშესახები ფორმით. ორიგინალურობა გულისხმობს, რომ ნამუშევარი შეიქმნას ავტორის მიერ დამოუკიდებლად და შეიცავდეს მინიმალურ შემოქმედებით ელემენტს.
საავტორო უფლებები ასევე ვრცელდება წარმოებულ ნამუშევრებსა და კრებულებზე, თუ ისინი შეიცავს საკმარის შემოქმედებით ელემენტს, რაც უზრუნველყოფს ხელოვანთა ფართო დაცვის არეალს, მიუხედავად იმისა, გამოქვეყნებულია, თუ არა ნამუშევარი. ეს გულისხმობს, რომ ავტორებს შეუძლიათ თავიანთი ნამუშევრები დაამუშაონ, გარდაქმნან, დაამატონ მათ ახალი ელემენტები, ან გადააკეთონ ისე, რომ წარმოიშვას ახალი შემოქმედებითი პროდუქტი, და ამავდროულად, კვლავ ისარგებლონ მასზე საავტორო უფლებებით. შესაბამისად, ხელოვანთა შემოქმედებითი თავისუფლება არ არის შეზღუდული ნამუშევრის თავდაპირველი ფორმით, ან გამოქვეყნების სტატუსით, პირიქით მათ ენიჭებათ სრული შესაძლებლობა განავითარონ და გაამდიდრონ თავიანთი შემოქმედება ისე, რომ მათი უფლებები სრულად იყოს დაცული. აღნიშნული დაცვის მექანიზმები ხელს უწყობს ინოვაციის პროცესს და ქმნის ხელსაყრელ გარემოს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის.
2. სახვითი ხელოვნების ნამუშევრის ავტორის უფლებები
საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ წარმოადგენს მნიშვნელოვან იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ემსახურება შემოქმედებითი საქმიანობის უფლებების უზრუნველყოფას და ავტორთა უფლებების დაცვის მექანიზმების შექმნას.
სახვითი ხელოვნების ნამუშევრის ავტორთა უფლებები, არსებით როლს ასრულებს საავტორო უფლებების რეგულირებაში და ადგენს საზღვრებს ნამუშევრების რეპროდუცირებისა და ჰონორარის მიღების მიმართულებით.
რეპროდუცირების უფლება წარმოადგენს ავტორის უფლებას, მოითხოვოს ნამუშევრის მესაკუთრისგან ნებართვა, რათა მესაკუთრეს ლეგიტუმურად შეეძლოს ნამუშევრების ასლების შექმნა და გავრცელება, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის. ასეთ დროს მესაკუთრეს არ ეკისრება ვალდებულება, რომ ნამუშევარი პირადად მიაწოდოს ავტორს, რაც ქმნის დაბალანსებულ მიდგომას ავტორის უფლებების უზრუნველყოფისა და მესაკუთრის ზედმეტი მოვალეობებისგან გათავისუფლების კუთხით.
ჰონორარის უფლება ავტორის საქართველოს კანონმდებლობით დაცული უფლებაა, რომელიც ანიჭებს, როგორც ავტორს, ისე მის მემკვიდრეს შესაძლებლობას მიიღოს ჰონორარი ნამუშევრის ყოველი მომდევნო გაყიდვის შედეგად, ორიგინალის პირველად გასხვისების შემდეგ. ჰონორარის გადახდის ვალდებულება, როგორც წესი წარმოეშობათ პროფესიონალ შუამავლებს ხელოვნების დარგში, სამხატვრო სალონებს, სახვითი ხელოვნების გალერეებს და სხვა.
ჰონორარის ოდენობა საქართველოს კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ დიფერენცირებულია ნამუშევრის გაყიდვის ფასის მიხედვით შემდეგნაირად:
• 500 ლარიდან 100,000 ლარამდე – ჰონორარი შეადგენს 4%-ს;
• 100,000.01 ლარიდან 400,000 ლარამდე – ჰონორარი შეადგენს 4,000 ლარს + 100,000.01 ლარს ზემოთ თანხის 3%-ს;
• 400,000.01 ლარიდან 700,000 ლარამდე – ჰონორარი შეადგენს 13,000 ლარს + 400,000.01 ლარს ზემოთ თანხის 1%-ს;
• 700,000.01 ლარიდან 1,000,000 ლარამდე – ჰონორარი შეადგენს 16,000 ლარს + 700,000.01 ლარს ზემოთ თანხის 0.5%-ს;
• 1,000,000 ლარზე მეტი – ჰონორარი შეადგენს 17,500 ლარს + 1,000,000 ლარს ზემოთ თანხის 0.25%-ს.
კანონი აწესებს ჰონორარის მაქსიმალურ ოდენობას, რომელიც გადასახადების გადახდის გარეშე, არ უნდა აღემატებოდეს 25,000 ლარს.
ჰონორარის შეგროვება ხორციელდება კოლექტიური უფლებების მმართველი ორგანიზაციების მიერ, და არა უშუალოდ ავტორების, ან მათი მემკვიდრეების მხრიდან.
კოლექტიური უფლებების მმართველი ორგანიზაციები პასუხისმგებელნი არიან ავტორის უფლებების უზრუნველყოფასა და ჰონორარის აგროვებაზე. აღნიშნულ ორგანიზაციებს კანონით აქვთ მინიჭებული უფლება მოსთხოვონ პროფესიონალ შუამავლებს ხელოვნების დარგში, სამხატვრო სალონებს და სახვითი ხელოვნების გალერეებს ნამუშევრების გაყიდვის შესახებ ინფორმაციის მათთვის მიწოდება და გაყიდვის დადასტურების შემთხვევაში მოსთხოვონ მათ ჰონორარის გადახდა. კანონი ზღუდავს ჰონორარის უფლების გასხვისებას და ეს უფლება შესაძლებელია გადავიდეს მხოლოდ ავტორის მემკვიდრეზე საავტორო უფლების მოქმედების ვადით.
უნდა აღინიშნოს, რომ ნამუშევრის ასლები, რომლებიც დამზადებულია შეზღუდული რაოდენობით იურიდიულად უთანაბრდება ავტორის მიერ შექმნილ ორიგინალებს. მსგავსი სამართლებრივი დანაწესი უზრუნველყოფს ავტორის უფლებების გაფართოებას და სამართლიანი კომპენსაციის მიღებას, არა მხოლოდ პირველადი ნამუშევრის, არამედ მისი ასლების მიმართაც, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საავტორო უფლებების სრულფასოვანი უზრუნველყოფის პროცესში.
3. საავტორო უფლებების მოქმედების ვადა
საავტორო უფლებების მოქმედების ვადა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ნამუშევრის შექმნის თარიღსა და გამოქვეყნების სტატუსზე. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საავტორო უფლებები წარმოიშობა ნამუშევრის შექმნისთანავე და გრძელდება ავტორის სიცოცხლის განმავლობაში და მისი გარდაცვალების შემდეგ დამატებით 70 წლის მანძილზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებსაც თავად კანონი აწესებს, კერძოდ:
• იმ ნამუშევრებზე, რომელთა გამოცემა ან საჯარო გაცნობა მოხდა ფსევდონიმით, ან ანონიმურად საავტორო უფლებები მოქმედებს 70 წლის განმავლობაში აღნიშნული ფაქტის დადგომის თარიღიდან. თუ ამ ვადაში ავტორი გაამჟღავნებს თავის ვინაობას, ან თუ მისი ვინაობა ეჭვს არ იწვევს, საავტორო უფლება გაგრძელდება მისი გარდაცვალების შემდეგ დამატებით 70 წლის ვადით;
• თანაავტორობით შექმნილ ნამუშევრებზე საავტორო უფლებები მოქმედებს თითოეული თანაავტორის სიცოცხლის განმავლობაში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის მანძილზე;
• აუდიოვიზუალური ნამუშევრების საავტორო უფლებების მოქმედების ვადა გრძელდება ავტორის/უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში;
• მართლზომიერად გამოცემული, ან საჯაროდ გაცხადებული ნამუშევრის რომელიც მანამდე არ გამოცემულა, ან საჯაროდ არ გაცნობილა, ქონებრივ საავტორო უფლებას ექვემდებარება 25 წლიანი მოქმედების ვადა, რომელიც აითვლება ასეთი ფაქტის დადგომის თარიღიდან.
აღნიშნული ვადების ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის 1 იანვრიდან, როდესაც დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები შეესაბამება ბერნის კონვენციით „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ განსაზღვრულ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს ავტორის ეკონომიკური და მორალური უფლებების მყარ და ხანგრძლივ დაცვას. კანონით დადგენილი ხანგრძლივი ვადები კი ხელს უწყობს როგორც ავტორთა, ასევე მათ მემკვიდრეთა ეკონომიკური ინტერესების დაცულობას.
4. საავტორო უფლებების საკუთრება და გადაცემა
საავტორო უფლებები თავდაპირველად ეკუთვნის ნამუშევრის შემოქმედს. თუმცა, ავტორს აქვს უფლება, საკუთარი გადაწყვეტილებით, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, ეს უფლებები მთლიანად, ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს. ასეთი გადაცემა შესაძლებელია მოიცავდეს საავტორო უფლებების გაყიდვას, ლიცენზირებას, ან უფლებების დელეგირებას, რაც საშუალებას აძლევს მესამე მხარეს გამოიყენოს და განკარგოს ნამუშევარი გარკვეული პირობებით.
მიუხედავად ამისა, საავტორო უფლებების გადაცემისას მორალური უფლებები, როგორიცაა ავტორობის უფლება და ნამუშევრის მთლიანობის დაცვა, ჩვეულებრივ რჩება ავტორის საკუთრებაში. ეს უფლებები უზრუნველყოფს, რომ ავტორის ნამუშევარი არ შეიცვალოს, ან დამახინჯდეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. მორალური უფლებები განსაკუთრებულად არის დაცული იმ ქვეყნებში, რომლებიც ცივილური სამართლის ტრადიციებს ემყარებიან, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც მოქმედებს “droit d'auteur“ სისტემა, რომელიც მოითხოვს, რომ ავტორის უფლებები ნამუშევრის ყოველი გამოყენებისას იყოს დაცული.
შეერთებულ შტატებში, „ვიზუალური ხელოვანთა უფლებების აქტის“ (Visual Artists Rights Act, VARA) თანახმად, ავტორებს ენიჭებათ უფლებები, რომ დაიცვან თავიანთი ნამუშევრები დამახინჯების, დაზიანების, ან სხვა სახის ცვლილებებისაგან, რომლებიც მათ ღირსებას ან რეპუტაციას ზიანს აყენებს. აღნიშნული აქტი წარმოადგენს განსაკუთრებულ მექანიზმს მორალური უფლებების დაცვისთვის ისეთ ქვეყანაში, რომელიც საერთო სამართლის (Common Law) სისტემას მისდევს.
ამავე დროს, საერთაშორისო დონეზე, ბერნის კონვენცია „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ადგენს მორალური უფლებების მინიმალურ სტანდარტებს და მოითხოვს, რომ ხელმომწერი ქვეყნები უზრუნველყოფენ ავტორის უფლებების პატივისცემას და დაცვას. ამგვარად, საავტორო უფლებების გადაცემა მოიცავს როგორც ეკონომიკურ, ასევე მორალურ უფლებებს, რომელთა დაცვა დამოკიდებულია ქვეყნის სამართლებრივ ტრადიციებსა და კანონმდებლობაზე.
III. მორალური უფლებების დაცვა
1. ავტორობის უფლება
ავტორობის უფლება ხელოვანს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს საკუთარი ავტორობის აღიარება თავისი ნამუშევრების მიმართ და გააპროტესტოს ნებისმიერი სახის დამახინჯება, დაზიანება, ან მოდიფიკაცია, რომელიც შეიძლება ზიანს აყენებდეს მის ღირსებას, ან რეპუტაციას. აღნიშნული უფლება უზრუნველყოფს ხელოვანთა სათანადო აღიარებას მათი შემოქმედებითი შრომისთვის და მათი ნამუშევრების დაცვას არასასურველი ცვლილებებისგან.
შეერთებულ შტატებში „ვიზუალური ხელოვანთა უფლებების აქტის“ (Visual Artists Rights Act, VARA) შესაბამისად, ქმნილების ავტორებს ენიჭებათ უფლება, იყვნენ ნახსენები, როგორც თავიანთი ნამუშევრების ავტორები და აღკვეთონ ნებისმიერი მცდარი მითითება ავტორობაზე.
ევროპული სამართლებრივი სისტემების, მაგალითად, საფრანგეთის “droit d'auteur“-ის სისტემის მიხედვით, ავტორობის უფლება მორალური უფლებების ცენტრალური კომპონენტია და უზრუნველყოფს ხელოვანთა უფლებების მაღალ დაცვას. ეს უფლებები აძლიერებს ავტორებს, ვინაიდან იცავს, მათი ნამუშევრების ფიზიკურ მთლიანობას.
2. ნამუშევრის მთლიანობის დაცვის უფლება
ნამუშევრის მთლიანობის დაცვის უფლება ხელოვანთა ჯგუფს ანიჭებს უფლებას, აკრძალონ თავიანთი ნამუშევრების ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ზიანს აყენებს მათ ღირსებას, ან რეპუტაციას. აღნიშნული უფლება უზრუნველყოფს, რომ ნამუშევრები არ იყოს შეცვლილი, განადგურებული, ან წარმოდგენილი ისეთ ფორმატში, რომელიც არღვევს ავტორის შემოქმედებით ხედვას. „ვიზუალური ხელოვანთა უფლებების აქტი“ (Visual Artists Rights Act, VARA) უზრუნველყოფს ხელოვანთა დაცვის ისეთ ლეგიტიმურ მექანიზმებს, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ მათი ნამუშევრების განზრახ დამახინჯების, ან დაზიანების აღსაკვეთად, მათ შორის განადგურების ფაქტის დადგომისას.
იმ ქვეყნებში, სადაც მორალური უფლებები ძლიერი ტრადიციებით არის დაცული, მთლიანობის უფლება განიხილება როგორც მუდმივი და შეუცვლელი უფლება, რომელიც არ ექვემდებარება დათმობას ან გადაცემას. მორალური უფლება ითვლება ამომავალ წერტილად ავტორის უფლებების დაცვისთვის და უზრუნველყოფს, რომ ნამუშევარი იყოს წარმოჩენილი იმგვარად, რაც შეესაბამება ხელოვანის შემოქმედებით შეხედულებებს და მის მორალურ პრინციპებს.
3. მორალური უფლებების დათმობა და გადაცემა
მიუხედავად იმისა, რომ მორალური უფლებები ბევრ იურისდიქციაში განიხილება როგორც შეუცვლელი უფლება, ზოგიერთ ქვეყანაში ნებადართულია მათი დათმობა, ან გადაცემა განსაზღვრულ პირობებში. შეერთებულ შტატებში, „ვიზუალური ხელოვანთა უფლებების აქტის“ (Visual Artists Rights Act, VARA) თანახმად, ავტორებს შეუძლიათ დათმონ თავიანთი მორალური უფლებები, თუმცა ეს დათმობა უნდა იყოს წერილობითი ფორმით შედგენილი და მკაფიოდ გამოხატავდეს დათმობის ნებას. ამის საპირისპიროდ, საფრანგეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მორალური უფლებების დათმობას, რაც ხაზს უსვამს ხელოვანსა და მის ნამუშევარს შორის არსებულ მყარ და მუდმივ კავშირს. მორალური უფლებების დათმობის ან გადაცემის შესაძლებლობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხელოვანთა ჯგუფზე, განსაკუთრებით კომერციულ კონტექსტში, სადაც ეს უფლებები შესაძლოა გახდეს მოლაპარაკებების საგანი.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მორალური უფლებები, მათ შორის ავტორობის უფლება და ნამუშევრის მთლიანობის დაცვის უფლება, განიხილება როგორც ავტორის პიროვნების განუყოფელი ნაწილი და არ ექვემდებარება გადაცემას, დათმობას, ან მემკვიდრეობით გადასვლას. ეს უფლებები მტკიცედ არის დაცული და რჩება ავტორთან, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური უფლებები (მაგ., ნამუშევრის გაყიდვა, ან ლიცენზირება) შეიძლება გახდეს გადაცემის, და/ან დათმობის საგანი. ამგვარად, საქართველოში მორალური უფლებების დათმობა კანონით არ არის ნებადართული და ის წარმოადგენს მუდმივ და შეუცვლელ უფლებას, რომელიც ავტორს მთელი სიცოცხლის განმავლობაში და შემდეგაც ეკუთვნის.
IV. ხელოვნების ავთენტიფიკაცია, წარმომავლობა და საკუთრების დაცვის მექანიზმები
1. ავთენტურობის მნიშვნელობა
ავთენტურობა წარმოადგენს ხელოვნების სფეროს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს. ავთენტიფიკაციის პროცესი უზრუნველყოფს, რომ ნამუშევრები სწორად მიეკუთვნოს მათ შემქმნელებს, რითაც დაცული იქნება ხელოვნების მემკვიდრეობის მთლიანობა, ხოლო კოლექციონერები და სხვა დაინტერესებული პირები დაცული იქნებიან თაღლითობისა და მოტყუებისგან.
ავთენტურობის მნიშვნელობა სცილდება მხოლოდ ნამუშევრების წარმომავლობის დადგენასა და მათი ლეგიტიმაციის უზრუნველყოფას. იგი ასევე ზრდის ხელოვნების ობიექტების კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას. ავთენტური ნამუშევრები უნიკალურ წყაროს წარმოადგენენ შემოქმედებითი პროცესის, მხატვრული ტექნიკებისა და სოციალური და კულტურული კონტექსტების შესასწავლად, რაც ხელს უწყობს ჩვენი ცოდნის გამდიდრებას და ხელოვნების ისტორიის სწორად შეფასებას.
2. ავთენტიფიკაციის მეთოდები
ხელოვნების ნამუშევრების ავთენტიფიკაცია მოიცავს სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნიკებს, რომლებიც გამოიყენება ნამუშევრების ნამდვილობის დასადასტურებლად, კერძოდ:
ა. წარმოშობის კვლევა გულისხმობს ნამუშევრის მფლობელობის ისტორიის დადგენას მისი შექმნის მომენტიდან დღემდე. ეს პროცესი მოიცავს ნამუშევრის დოკუმენტირებას სხვადასხვა კოლექციებში, გამოფენებში და ტრანზაქციებში მონაწილეობის შესახებ ცნობებს. წარმოშობის კვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ნამუშევრის წარმომავლობის, მფლობელობისა და გამოფენების ისტორიის შესახებ, რაც ავთენტიფიკაციის პროცესის კრიტიკულ ნაწილს წარმოადგენს;
ბ. ფორენზიკული ანალიზი მოიცავს სხვადასხვა სამეცნიერო ტექნიკებისა და მეთოდების გამოყენებას, რათა განისაზღვროს ხელოვნების ნამუშევრების მასალები, ტექნიკები და ფიზიკური მახასიათებლები. მაგალითად, რადიოკარბონის დათარიღება, პიგმენტების ანალიზი და რენტგენული გამოსახულება, რომლებიც უზრუნველყოფს ფასდაუდებელ ინფორმაციას ნამუშევრების წლოვანების, შემადგენლობისა და ავთენტურობის შესახებ;
გ. ექსპერტის მოსაზრება წარმოადგენს ხელოვნების ნამუშევრების ავთენტიფიკაციაში უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. სპეციალისტები, მეცნიერები და ხელოვნების შემფასებლები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას იყენებენ ნამუშევრების ავთენტურობისა და ავტორობის შესაფასებლად. გამოცდილი ხელოვნებათმცოდნეები და შემფასებლები ეყრდნობიან საკუთარ ექსპერტიზას, სტილისტურ ანალიზს, წარმოშობის კვლევებსა და ისტორიულ კონტექსტებს, რათა დაადგინონ ნამუშევრის ავთენტურობა;
დ. ტექნიკური ანალიზი მოიცავს მრავალფეროვანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებას, როგორიცაა ინფრაწითელი რეფლექტოგრაფია, ულტრაიისფერი ფლუორესცენცია და მულტისპექტრული გამოსახულება, რომლებიც საშუალებას აძლევს ექსპერტებს გამოავლინონ ნამუშევარში დამალული დეტალები, ცვლილებები, ან ანომალიები. ნამუშევრის ტექნიკური ანალიზით შეიძლება გამოვლინდეს ავტორის დამალული ხელმოწერა, ქვედა ფენის გამოსახულება, ან რესტავრაციის ნიშნები, რაც ცხადია გავლენას ახდენს ნამუშევრის ავთენტურობაზე.
ამგვარად, ავთენტიფიკაციის სხვადასხვა მეთოდების კომბინირებული გამოყენება ექსპერტებს საშუალებას აძლევს, ნამუშევრის ავთენტურობის შესახებ ყოვლისმომცველი და სიღრმისეული შეფასება განახორციელონ, რაც ზრდის სანდოობას ხელოვნების სფეროში და ხელს უწყობს თაღლითობის აღკვეთას.
V. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეპატრიაციის სამართლებრივი საკითხები
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მხატვრული ნამუშევრების მთლიანობის შენარჩუნებისა და შემოქმედებით საზოგადოებაში ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის მდგრადი გარემოს შესაქმნელად. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ არტეფაქტების შენარჩუნებით. ის ასევე მოიცავს საზოგადოებისა და ერების იდენტობისა და მემკვიდრეობის დაცვის პროცესებს. კულტურული ობიექტები წარმოადგენს ისტორიულ ნარატივებს, მხატვრულ ტრადიციებს და კოლექტიურ მეხსიერებას, რომელიც ასახავს კაცობრიობის მრავალფეროვან კულტურულ ქრონოლოგიას. აქედან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამართლებრივი ჩარჩოები მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკანონო ვაჭრობის, ძარცვისა და კულტურული ქონების განადგურების პრევენციას, მათ შორის ექსპორტისა და იმპორტის კონტროლს, კულტურული ობიექტების ინვენტარიზაციას და ეროვნული მემკვიდრეობის რეესტრების შექმნას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ვრცელდება როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, როგორიცაა ზეპირი ტრადიციები, წარმოდგენითი ხელოვნება, რიტუალები და ტრადიციული ხელოსნობა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის აღიარებით, იუნესკომ 2003 წელს მიიღო „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენცია, რომელიც ხაზს უსვამს ცოცხალი კულტურული გამოხატულებების დაცვასა და ხელშეწყობას.
გლობალური თანამშრომლობა აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტრანსნაციონალურ გამოწვევებზე საპასუხოდ. მრავალმა საერთაშორისო შეთანხმებამ და კონვენციამ შექმნა ქვეყნების თანამშრომლობისთვის პლატფორმა უკანონო ტრეფიკინგთან ბრძოლასა და უკანონოდ გატანილი კულტურული ობიექტების რესტიტუციის ხელშეწყობისთვის. მაგალითად, იუნესკოს 1970 წლის კონვენცია „კულტურული ქონების უკანონო იმპორტის, ექსპორტისა და საკუთრების გადაცემის აკრძალვისა და პრევენციის საშუალებებზე“ მიზნად ისახავს კულტურული ქონების უკანონო ვაჭრობის პრევენციას და ჩარჩოს ქმნის მოპარული ან უკანონოდ ექსპორტირებული კულტურული ობიექტების რესტიტუციისთვის. ანალოგიურად, 1995 წლის უნიდროიტის კონვენცია „მოპარული ან უკანონოდ ექსპორტირებული კულტურული ობიექტების შესახებ“ მიზნად ისახავს ეროვნული კანონების ჰარმონიზაციას კულტურული ქონების რესტიტუციის საკითხებში და სამართლებრივ საფუძველს ქმნის უკანონოდ გატანილი ობიექტების წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნებისთვის.
რეგიონული ინიციატივები, როგორიცაა ევროპის საბჭოს „კულტურული ქონების დანაშაულების შესახებ კონვენცია“ (2017), ავსებს საერთაშორისო ძალისხმევას ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების გზით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და უკანონო ტრეფიკინგთან ბრძოლისთვის.
კულტურული ობიექტების რესტიტუციისა და რეპატრიაციის მოთხოვნები იურიდიულ, ეთიკურ და პოლიტიკურ საკითხთა რთულ კომპლექსს წარმოადგენს. ასეთი მოთხოვნები ხშირად ჩნდება, როდესაც კულტურული ობიექტები უკანონოდ არის შეძენილი, გატანილი, ან გადანაცვლებული მათი წარმოშობის ქვეყნებიდან კოლონიზაციის, ომის ან ძარცვის გზით.
რესტიტუციის აღიარებული მოთხოვნები ემსახურება ისტორიული უსამართლობის პრევენციას და უკანონოდ შეძენილი, თუ მოპოვებული კულტურული ობიექტების დაბრუნებას კანონიერი მფლობელებისთვის, ან წარმოშობის ქვეყნებისთვის. ეს მოთხოვნები შეიძლება ემყარებოდეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ადგილობრივ კანონმდებლობას, ან ორმხრივ შეთანხმებებს. თუმცა, რესტიტუციის პროცესს ხშირად თან ახლავს სირთულეები, როგორიცაა კანონიერ მფლობელთა განსაზღვრა, მტკიცებულებითი სტანდარტები, ხანდაზმულობის ვადები და სხვა ობიექტური გარემოებები. გარდა ამისა, რეპატრიაციის საკითხმა შეიძლება გააჩინოს კითხვები მიმღები ქვეყნების შესაძლებლობების შესახებ, შეინარჩუნონ და დაიცვან დაბრუნებული არტეფაქტები, რაც თავის მხრივ უკავშირდება კულტურული მრავალფეროვნების და მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს გლობალიზებულ სამყაროში.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რესტიტუციისა და რეპატრიაციის საკითხთა საკანონმდებლო დონზე მოწესრიგება მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამეგობრობას და ურთიერთპატივისცემას.