იურიდიული პროფესიის გაფართოება დავის გადაწყვეტის პროცესების დივერსიფიცირების კვალდაკვალ

12 დეკემბერი 2024

ავტორი: ნათია ჩიტაშვილი

სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი., დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

 

                      მედიაციის სამართლის პრაქტიკად განსაზღვრის საკითხისათვის*

დავის გადაწყვეტის სისტემის დარგობრივი პოლიტიკის მიზანია, დაიცვას საზოგადოება და პროცესის მხარეები ინტერესთა კონფლიქტით გამოწვეული ზიანისგან. დავის ალტერნატიული გადაწყვეტის კონტექსტში ეს მიზანი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია , რადგან ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას საფრთხე ექმნება პროცესის ეთიკურ მთლიანობას, ადვოკატებისა და მედიატორების რეპუტაციას, მხარეთა და საზოგადოების ნდობას დავის გადაწყვეტის პროცესების მიმართ.  ადვოკატის, როგორც ნეიტრალური მესამე პირის, პროცესში მონაწილეობის ეთიკური საფუძვლების მკაფიოდ გამოკვეთა დადებით გავლენას ახდენს იმ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც ყალიბდება სახელმწიფოში იურიდიული პროცესების წარმართვასთან დაკავშირებით.  სოციუმის წინაშე არსებული ზნეობრივი პასუხისმგებლობის გაზიარების მიზანი ნათლად არის გადმოცემული საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის  პრეამბულაში.  ამასთან, ეთიკის წესების ეფექტიანი აღსრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა სრულყოფილად იქნეს გამოყენებული მედიაციის პოტენციალი.  

საქართველოში სამართლის პრაქტიკოსების მიერ იურიდიული და სამედიაციო პრაქტიკის კომბინირება , მედიაციის კულტურის გაძლიერებასთან და გამოყენების გაფართოების კვალდაკვალ, სულ უფრო მზარდი ტენდენცია ხდება.  აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა მედიაციის ეთიკური საფუძვლების განსაზღვრამ, რომელმაც წაახალისა საზოგადოების ინტერესი და შესაბამისად, გაზარდა მიმართვიანობა ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული, სამართლიანი დავის გადაწყვეტის პროცესის - მედიაციის მიმართ. მედიაციის ფართო გამოყენება პირდაპირპროპორციულად ზრდის მოთხოვნას ადვოკატებზე მედიაციაში წარმომადგენლობის თუ ნეიტრალური მესამე პირის სტატუსით მონაწილეობის კუთხით. 

იურისტების მზარდი მობილობა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის პროცესებში და იურიდიული პროფესიის მუდმივად ცვალებადი მოთხოვნები დღის წესრიგში აყენებს ეთიკის სფეროში არსებული რეგულაციების თანამედროვე განვითარების ტენდენციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. აღნიშნული განსაკუთრებით შეეხება დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ პროცედურებში ადვოკატის ნეიტრალური მესამე პირის სტატუსით მონაწილეობის ეთიკური საფუძვლების განსაზღვრას.  

დავის გადაწყვეტის პროცესებში კლიენტის წარმომადგენლობასთან ერთად, ადვოკატების ნეიტრალური მესამე პირის როლით ჩართულობა, სიკეთესთან ერთად, წარმოშობს გარკვეულ რისკს სხვადასხვა პროფესიის (ამ შემთხვევაში ადვოკატისა და მედიატორის) ეთიკურ ვალდებულებათა აღრევის თვალსაზრისით.  აღნიშნული, მედიაციის პრაქტიკის გაფართოებასთან ერთად, ბევრ ეთიკურ დილემას წარმოშობს  დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში ჯანსაღი პრაქტიკის დამკვიდრების თვალსაზრისით. ADR-ის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ინსტიტუციები და ადვოკატთა პროფესიული ორგანიზაციები აღნიშნული რეალობისთვის მომზადებულნი უნდა იყვნენ შესატყვისი რეგულაციებით და მათი ეფექტიანი აღსრულების სისტემით.

მსგავსი საჭიროებები არსებობდა იმ დემოკრატიულ სახელმწიფოთა სისტემებში, სადაც ათწლეულების განმავლობაში დავის გადაწყვეტის პროცესების დივერსიფიცირების კვალდაკვალ, იზრდებოდა აღნიშნულ პროცესებში სხვადასხვა როლით მონაწილე ადვოკატის პროფესიული ქცევის სპეციალური ეთიკის ნორმებით რეგულირების აუცილებლობა.  ცალკეულ დავის გადაწყვეტის პროცესში ადვოკატის განსხვავებული და ხშირად, თვითმყოფადი პროფესიული როლი არსობრივად მოითხოვდა დამოუკიდებელი ქცევის წესების დადგენის აუცილებლობას. დემოკრატიული მართლწესრიგის ქვეყნები მედიაციის პროფესიული იდენტობის აღიარებით მივიდნენ მედიატორთა პროფესიული ეთიკის რეგლამენტაციამდე. 

მედიაცია საქართველოში ჯერ კიდევ ახალგაზრდა დისციპლინაა, თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული მართლმსაჯულების  რეფორმის  საფუძველზე ჩამოყალიბდა ისეთი საკანონმდებლო ლანდშაფტი, რომელმაც მედიაციის დამოუკიდებელ და თვითმყოფად პროფესიად ფორმირებას შეუწყო ხელი. შედეგად, ,,სამედიაციო შეთანხმება სულ უფრო მზარდად განიხილება სასამართლო წარმოების დასრულების ბუნებრივ ფორმად.“  

სამედიაციო საქმიანობა როგორც იურიდიული თუ ,,ჯვარედინი პროფესიული“ პრაქტიკა?

მედიატორის პროფესიული ეთიკის კოდიფიცირებამდე უცხოურ სამეცნიერო თუ პრაქტიკულ წრეებში მწვავე დისკუსიის საგანი იყო სამედიაციო პრაქტიკის იურიდიულ პრაქტიკად აღიარების საკითხი.  მედიატორი, რომელიც წაახალისებს მხარეებს მიიღონ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი კონსულტაცია ადვოკატებისგან,  გაანალიზონ მათი საქმის გადაწყვეტის ალტერნატივები მედიაციის მიღმა - სასამართლო ან საარბიტრაჟო წარმოებაში, შეაფასონ საქმის ძლიერი და სუსტი სამართლებრივი ასპექტები, ფაქტობრივი გარემოებები, განახორციელონ სამართლებრივი რისკების ობიექტური ანალიზი შეთანხმების არეალის (BATNA-ს, WATNA-ს, LATNA-ს გათვალისწინებით ) გამოკვეთის მიზნით,  მიიღონ ინფორმირებული,  ურთიერთსასარგებლო,  თავისუფალი ნების ამსახველი გადაწყვეტილება,  იურისტების როლის გამოყენებით შეადგინონ გაცნობიერებული, დეტალურად განსაზღვრული, შესრულებაუნარიანი და აღსრულებაუნარიანი სამედიაციო მორიგება, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული პრაქტიკის განმახორციელებლად? აღნიშნულის საპასუხოდ ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის რეზოლუციით დადგენილ იქნა, რომ მედიაცია არ არის სამართლის პრაქტიკა.  

აღიარებულია, რომ იურიდიული პრაქტიკის არსებობისათვის აუცილებელია კლიენტის მონაწილეობა ურთიერთობაში.  მედიაციის პროცესის მხარეები არ არიან (პროფესიით) ადვოკატი მედიატორის კლიენტები, /  რადგან მედიატორს ფუნდამენტურად ეკრძალება სამართლებრივი რჩევის გაცემა  მედიაციის პროცესში ნეიტრალური მესამე პირის როლის შესრულებისას.  სამართლებრივი რჩევის ელემენტი არის ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობის მაკვალიფიცირებელი საფუძველი.  გარდა მხარეთა შეთანხმებისა, ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობის დაწყების საფუძვლად მიიჩნევს ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მიმართა. 

საქმიანობის სამართლის პრაქტიკად შეფასებისთვის არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, მათგან შესაძლებელია დასახელდეს ,,სამართლებრივი შეფასების“ ტესტი, რომლის თანახმად, იურიდიული პრაქტიკისთვის პირს სავალდებულო წესით ესაჭიროება სპეციალური იურიდიული განათლება და უნარები. ,,ეს საქმიანობა გულისხმობს სამართლებრივი პრინციპების გამოყენებას, რჩევის მიცემის ან სხვაგვარი დახმარების გზით პირის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.“  ეს მახასიათებელი განიმარტება ასევე როგორც ,,იურიდიული განათლებით შეძენილი უნარი, რომელიც გულისხმობს სამართლის ნორმებისა და ფილოსოფიური პრინციპების გამოყენებას კლიენტის კონკრეტული პრობლემის კონტექსტში, მის მოსაგვარებლად.“ 

მართალია, მედიაციის პროცესში მედიატორს აუცილებლად სჭირდება გარკვეული სამართლებრივი ცოდნა,  თუმცა ეს არ არის პროფესიის მთავარი ფოკუსი.  სამართლის დარგობრივი კომპეტენცია არ არის სამედიაციო საქმიანობის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა, თუმც კი არის მედიატორის მნიშვნელოვანი შედარებითი უპირატესობა.  ეს უპირატესობა განსაკუთრებით გამოკვეთილია დავის შინაარსის მართვის კომპეტენციების გამოყენების პროცესში.  მიუხედავად იმისა, რომ მედიაციის პროცესში ფართოდ შემოდის ადვოკატი წარმომადგენლების მიერ სამართლებრივი ანალიზის აუცილებლობა, მედიატორის მიერ სამართლის გამოყენება ინციდენტურია და არ არის მისი ცენტრალური როლის გამომხატველი. მაგალითად, იურიდიული დოკუმენტის მომზადება-შედგენა,  რომელიც გავლენას ახდენს პირთა უფლება-მოვალეობებზე მიჩნეულია იურიდიული პრაქტიკის განხორციელების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად  და შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილება გამორიცხულია მედიატორის კომპეტენციიდანაც.  კერძოდ, ,,მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები ან/და მხარეთა წარმომადგენლები უზრუნველყოფენ სამედიაციო მორიგების შედგენას. მედიატორი შეიძლება დაეხმაროს მხარეებს სამედიაციო მორიგების შედგენაში. 

მედიაციის პრაქტიკის სამართლის პრაქტიკისგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია ასევე სამართლის პოლიტიკის თვალსაზრისითაც, რათა არ მოხდეს იურიდიული საზოგადოების მიერ პროფესიის მონოპოლიზაცია. 

ზოგჯერ მედიატორი, მისი პროფესიული როლიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ლეგიტიმატორი, რომელიც ეხმარება მხარეებს დაინახონ მეორე მხარის უფლებები, სამართლებრივი პერსპექტივა,  მოახდინონ საკუთარი პოზიციების რაციონალიზაცია, რადგან კონფლიქტის მონაწილე მხარეებს უმეტესწილად აქვთ გადაჭარბებული თვითშეფასება და სამართლებრივი თუ ობიექტური რეალობის არაობიექტური აღქმა. ისინი ხშირად გადაჭარბებულად აფასებენ საქმის ძლიერ სამართლებრივ მხარეებს.  ამიტომ მედიატორი ხშირად წარმოდგება როგორც რეალობის აგენტი,  შუამავალი, რომელიც ეწინააღმდეგება ექსტრემალურ ან არარეალურ, არარაციონალურ პოზიციებს.  ამგვარად, მედიატორი შეიძლება იყოს ზედამხედველის, მასწავლებლის, განმმარტებლის, ადვოკატის (პროცესის) და თუნდაც ეშმაკის ადვოკატის როლში.  აღნიშნულ პროცესში ადვოკატი მედიატორის მიერ დიდი სიფრთხილით უნდა განხორციელდეს ,,რეალობის ტესტის“  გამოყენება,  რათა ამ ტექნიკამ არ მიიღოს სამართლის შეფასებითი ხასიათი და არ გადაიზარდოს ეთიკური ნორმების დარღვევაში.  ვირჯინიის უზენაესი სასამართლოს დავების გადაწყვეტის დეპარტამენტის მიერ მიღებული სტანდარტები მედიაციისა და არაავტორიზებული სამართლის პრაქტიკის შესახებ  განსაზღვრავს მედიატორის მიერ ,,შეფასების“ განხორციელების ფარგლებს. კერძოდ, ამ სახელმძღვანელო სტანდარტების თანახმად, მედიატორმა მისი უნარების გამოყენებით უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეებმა დამოუკიდებლად შეაფასონ საქმის ძლიერი და სუსტი ასპექტები, ასევე, მედიაციის პროცესს მიღმა საქმის გადაწყვეტის ალტერნატივები ან სავარაუდო დაბრკოლებები. ამავე სტანდარტებით, მედიატორს ეკრძალება დავის მოსალოდნელი სასამართლოსეული გადაწყვეტის პროგნოზირება,  რადგან ამ კონტექსტში ის იჭრება ადვოკატის საქმიანობის სფეროში და ამგვარი ქმედების განხორციელება აყალიბებს კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობას.  

სწორედ ზემოთქმულიდან გამომდინარე დაუშვებელია მედიატორმა გასცეს იურიდიული შინაარსის რჩევა,  შეფასებითი სამართლებრივი ინფორმაცია,  რამეთუ ეს ქმედება თავისთავად გამოკვეთს რომელიმე მხარის სამართლებრივ უპირატესობას და ჩაითვლება კლიენტის კონსულტაციად. აღნიშნული კი მედიატორის ნეიტრალურობის პრინციპის რღვევას განაპირობებს და იწვევს ადვოკატის მედიატორის უფლებამოსილების წარმომადგენლის ფუნქციებად გარდასახვას. 

ნეიტრალურ მესამე პირს დასაშვებია ჰქონდეს შეფასებითი ფუნქციები განსაზღვრული ფარგლებით. კერძოდ, ადვოკატ მედიატორს შეუძლია გასცეს სამართლებრივი ინფორმაცია იმ ხარისხით, სადამდეც აღნიშნული არ მიიღებს წარმომადგენლობითი (ადვოკატ-კლიენტის) ურთიერთობის შინაარსს.  მედიატორმა არ უნდა გაუზიაროს მხარეებს პერსონალური და პროფესიული მოსაზრება მათი დარწმუნების მიზნით, რომ მოაგვარონ დავა, ასევე არ უნდა მისცეს პირდაპირი მიმართულება რომელიმე საკითხის გადაწყვეტას. მხარეთა თვითგამორკვევისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით,  მედიატორმა უნდა წაახალისოს მხარე და წარმომადგენელი გამოკვეთონ საქმის შესაძლო შედეგები, განიხილონ სარჩელის ან შესაგებლის უპირატესობები, საქმის ძლიერი და სუსტი მხარეები. 

თუ ადვოკატი მედიატორი შეეცდება რომ დაიცვას ორივე მხარის ,,პოზიციები“, აღნიშნული ინტერესთა კონფლიქტის წყარო გახდება, რადგან მხარეთა ინტერესები ხშირად ურთიერთსაპირისპიროა  და ასეთი ქმედება ეთიკური ვალდებულების დარღვევად ითვლება უმრავლესი უცხოური რეგულაციით.  მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსი  იმპერატიულად ადგენს, რომ ადვოკატს უფლება არა აქვს კონსულტაცია გაუწიოს ან წარმოადგინოს ორი ან მეტი კლიენტი ერთსა და იმავე საქმეზე, თუ აღნიშნულ კლიენტთა ინტე¬რე¬სებს შორის არსებობს კონფლიქტი ან მისი წარმოშობის მნიშვნელოვანი რისკი. მსგავსად, საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის თანახმად, ადვოკატს უფლება არა აქვს პროფესიული რჩევა მისცეს ან წარმოადგინოს ორი ან მეტი კლიენტი ერთი და იმავე საქმეზე, თუ კი არსებობს აღნიშნული კლიენტების ინტერესებს შორის ინტერესთა კონფლიქტი. 

საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს ასევე ე.წ. ,,კლიენტის ნდობის ტესტი“, რომელიც საქმიანობის სამართლის პრაქტიკად სახელდებისთვის აუცილებლად მიიჩნევს პროფესიონალის მიერ გაცემული ინფორმაციის აღქმას კლიენტის პერსპექტივიდან მისი ინტერესების შესაბამის იურიდიულ კონსულტაციად.  ამიტომაც სამართლებრივი საკითხების განხილვაში ჩართული მედიატორის მიერ მხარეებს დასაწყისშივე უნდა განემარტოთ , რომ ნეიტრალური მესამე პირი არ ასრულებს ადვოკატის უფლებამოსილებას,  რათა მედიაციის მონაწილეებს არ ჰქონდეთ აღნიშნულის მოლოდინი პროცესის წარმმართველი მონაწილისგან, მის მიერ რომელიმე მხარის ინტერესების დაცვის კუთხით.  

ცალკეული მცდელობის მიუხედავად, სამართლის პრაქტიკის ზუსტი განსაზღვრების შესაძლებლობა გამორიცხა არიზონას შტატის უზენაესმა სასამართლომ  ადვოკატის საქმიანობის ფარგლებში განსახორციელებელი ყველა მოქმედების განმარტების სირთულიდან გამომდინარე.  

მედიატორის საქმიანობის სამართლის პრაქტიკად აღიარება განაპირობებს ადვოკატის პროფესიული მოვალეობებისა და ეთიკის ნორმების მედიატორზე გავრცელებას და ადვოკატის უფლებამოსილების რეალიზებას მედიაციის პროცესში,  რომელიც ფუნდამენტურად შეუთავსებელი იქნება მედიატორის როლთან.  მაგალითად, კლიენტის ინტერესების დაცვის ვალდებულება  წინააღმდეგობაში მოდის მედიაციის მონაწილე პირების მიმართ მედიატორის მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის ვალდებულებასთან. 
მედიაციის მიკუთვნება იურიდიული პრაქტიკისადმი გამოიწვევს ინტერდისციპლინური სფეროს, სხვადასხვა პროფესიის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლების  სამართლის პრაქტიკოსთა წრეში ავტომატურ ჩართვას, რომელიც არაგონივრულად გაზრდის იურიდიული პრაქტიკის ფარგლებს.  

ამრიგად, საერთაშორისო თუ ეროვნულ სამართლებრივ სივრცეში მედიაციის ეთიკის რეგულირების ჩარჩოს ფორმირება განხორციელდა მედიაციის თვითმყოფად პროფესიად ლეგიტიმაციის გზით,  რომელსაც უნდა ჰქონოდა დამოუკიდებელი და თვითკმარი პროფესიული სტანდარტი - ეთიკის ნორმათა დამოუკიდებელი სისტემა.  მედიაციის ,,პროფესიონალიზაციის“  ყველაზე მძლავრი გამოხატულება საქართველოში, უცხოურ მართლწესრიგთა მსგავსად, მედიატორთა პროფესიული ეთიკის სტანდარტების კოდიფიცირება იყო მედიაციის სამართლის პრაქტიკად აღიარების გარეშე. 

* წინამდებარე პუბლიკაცია ეფუძნება ავტორის მიერ 2024 წელს გამოცემულ მონოგრაფიას -  ,,მედიაციის ეთიკის საფუძვლები“. 
Menkel-Meadow C., Plapinger E., Model Rule for The Lawyer as Third-Party Neutral, Preamble, CRP Georgetown Commission on Ethics and Standards in ADR, 2002, 17.
იქვე, 18. იქვე, 22.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, დამტკიცებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2006 წლის 15 აპრილს, 2012 წლის 8 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებებითა და დამატებებით. 
ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.7.1 მუხლი, მითითებულია: კვაჭაძე მ., გასიტაშვილი ე., ბოჭორიშვილი კ., კორძახია ი., ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კომენტარები ეთიკის კომისიის პრაქტიკაზე დაყრდნობით, ევროკავშირის პროექტი - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა, თბ., 2011, 8.
Alfini J.J., Mediation as a Calling: Addressing the Disconnect between Mediation Ethics and the Practices of Lawyer Mediators, South Texas Law Review, Vol. 49, 2008, 839.
Folberg J., Golann D., Mediation, The Roles of Advocate and Neutral, Wolters Kluwer Law and Business, Aspen Casebook Series, Austin, Boston, Chicago, New York, The Netherlands, 2011, 424.
სამართლისა და სამედიაციო პრაქტიკის შესახებ იხ. Lande J., How Will Lawyering and Mediation Practices Transform One Another?, 24 Fla. St. U. L. Rev. 839, 1997, 839-901.
მედიატორისა და ადვოკატის როლის ეთიკურ დილემათა შესახებ იხ. Moffitt M., Loyalty, Confidentiality And Attorney-Mediators: Professional Responsibility in Cross-profession Practice, Harv. Negot. L. Rev., Vol.1, 1996, 204, 211; Folberg J.,Golann D., Mediation, The Roles of Advocate and Neutral, Wolters Kluwer Law and Business, Aspen Casebook Series, Austin, Boston,Chicago, New York, The Netherlands, 2011, 424-427.
Muigua K., Promoting Professional Conduct, Ethics, Integrity & Etiquette in ADR, 2021, 13, [08.11.2024].
მაგალითად, ადვოკატი მედიატორის შემთხვევაში კონფიდენციალურობის, ინტერესთა კონფლიქტის, სამედიაციო მორიგების შედგენის, ნეიტრალურობის კუთხით. იხ. Furlan F., Blumstein E., Hofstein D.N., Ethical Guidelines for Attorney Mediators: Are Attorneys Bound by Ethical Codes for Lawyers When Acting as Mediators? Journal of the American Academy of Matrimonial Law, Vol.14, Issue 2, 1997, 2.
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი აშშ-ის მასშტაბით პირველად მიიღეს ალაბამის შტატში 1887 წელს, რის შემდეგაც იურისტის საქმიანობის სფეროს გაფართოების შესაბამისად, მრავალი სახელმძღვანელო სტანდარტი იქნა დამტკიცებული. იხ. Parley L., A Brief History of Legal Ethics, Fam. L.Q., Vol. 33, 1999, 637.
საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ წრეებში აღიარებულია, რომ მედიაცია არის მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რეფორმა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. Zubick J., Callow S., ADR for Legal Professionals, Emond Publishing, 2022, 13. საქართველოში, 2019 წელს მედიაციის სფეროში განხორციელებული ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო ცვლილებები, სავალდებულო სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეთა კატეგორიების განვრცობა და უმნიშვნელოვანესი ნორმატიული გარანტიების სისტემის შემოღება სწორედ რომ იყო ფუნდამენტური რეფორმის მნიშვნელობის მატარებელი სახელმწიფოებრივი ძალისხმევა. 
Lande J., How Will Lawyering and Mediation Practices Transform One Another?, Fla. St. U. L. Rev., Vol.24, 1997, 846. (საუბრობს liti-mediation კულტურის ფორმირებასა და გაძლიერებაზე).
Virginia Supreme Court Department of Dispute Resolution, Guidelines on Mediation and Unauthorised Practice of Law (UPL), 1999-2000. იხ. ასევე, 
Furlan F., Blumstein E., Hofstein D.N., Ethical Guidelines for Attorney Mediators: Are Attorneys Bound by Ethical Codes for Lawyers When Acting as Mediators? Journal of the American Academy of Matrimonial Law, Vol.14, Issue 2, 1997, 1-64.
აღნიშნულ კომპეტენციას ვალდებულების სახით ითვალისწინებს არაერთი 
Zubick J., Callow S., ADR for Legal Professionals, Emond Publishing, 2022, 191; Ordover A., Doneff A., Alternatives to Litigation, Mediation, Arbitration and the Art of Dispute Resolution, Boulder: National Institute for Trial Advocacy, 2014, 257. თუმცა, თუ სამართლებრივი უპირატესო მნიშვნელოვნად ერთ მხარესაა, სამედიაციო მორიგების საუკეთესო ალტერნატივის (BATNA) ანალიზი ხშირად მხარეს წაახალისებს არ დათანხმდეს იმაზე ნაკლებ შემოთავაზებას, ვიდრე სასამართლოში მოსალოდნელი საუკეთესო შედეგი იქნებოდა. იხ.  Golann D., Folberg J., Mediation the Role of Advocate and Neutral, 4th ed., Aspen Casebook Series, 2022, 156. 
,,მედიატორის კომპეტენციების ჩარჩო“ დამტკიცებული სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ (ნოემბერი, 2021).
American Academy of Matrimonial Lawyers, Rule 8.4. 
Burnett C.G., Advising Clients About ADR: A Practical Guide to Having Difficult Conversations About Selecting Options, TSU Alternative Dispute Resolution - Yearbook 2014, Tbilisi State University National Centre for Alternative Dispute Resolution, 2014, 187.
Shin C. P., Drafting Agreements as an Attorney-Mediator: Revisiting Washington State Bar Association Advisory Opinion 2223, 89 Wash. L. Rev., 2014, 1042.
Kovach K. K., Mediation in a Nutshell, 3rd ed., West Academic Publishing, United States of America, 2014, 311. იხ. ასევე, Maclean M., Eekelaar J., Lawyers and Mediators: The Brave New World of Services for Separating Families, Oxford and Portland Oregon, Bloomsbury, 2016, 127.
Laflin M. E., Preserving the Integrity of Mediation through the Adoption of Ethical Rules for Lawyer-Mediators, Notre Dame Journal of Law, Ethics and Public Policy, Vol. 14, Issue 1, 2000, 503; Kovach K.K., Mediation in a Nutshell, 3rd ed., West Academic Publishing, United States of America, 2014, 311; Meyerson B., Lawyers Who Mediate Are Not Practicing Law, 14 Alternatives 74, 1996, მითითებულია: Alfini J. J., Press S.B., Stulberg J. B., Mediation, Theory and Practice, Reporter’s Notes, 3rd ed., LexisNexis, 2013, 449; კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობის კრიტერიუმს იყენებს სამედიაციო პრაქტიკისგან მთავარ განმასხვავებელ ნიშნად ვირჯინიისა და დასავლეთ ვირჯინიის ეთიკის კოდექსები: Standards of Ethics and Professional Responsibility for Certified Mediators, Adopted by the Judicial Council of Virginia April 5, 2011 Effective Date: July 1, 2011; West Virginia Rules of Professional Conduct, The Amendments effective January 1, 2015.
Furlan F., Blumstein E., Hofstein D.N., Ethical Guidelines for Attorney Mediators: Are Attorneys Bound by Ethical Codes for Lawyers When Acting as Mediators? Journal of the American Academy of Matrimonial Law, Vol.14, Issue 2, 1997, 21.
მედიაციის სამართლის პრაქტიკად მიჩნევის კრიტიკული ანალიზი  იხილეთ ნაშრომში: Clark B., Lawyers and Mediation, Springer, Heidelberg, New York, Dordrecht, London, 2012, 92. 
Meyerson B.E., Mediation and the Practice of Law, Dispute Resolution Magazine, Vol.3, Number 2, 1996, 11; Act on Mediation in Civil Matters, Austria, Published 6 June 2003, Art. 16 (1); Bulgarian Mediation Act, Promulgated, State Gazette No. 110/17.12.2004, amended and supplemented, SG No. 86/24.10.2006, supplemented, SG No. 9/28.01.2011, amended and supplemented, SG No. 27/1.04.2011, Art. 10 (1); Czech Republic Act on Mediation, No. 202/2012 Coll., Art. 8 (2). აღნიშნულ დებულებას შეიცავს მედიაციის მარეგულირებელი ყველა სამართლებრივი სისტემა. რჩევის გაცემის დაუშვებლობა არის მედიატორის როლის მაკვალიფიცირებელი ნიშანი ყველა მართლწესრიგში. 
Choung Y., Achieving Justice Through ADR: An Analysis of the Korean Mediation System ,Indiana University Maurer School of Law, Theses and Dissertations 39, 5-2017, 97.
Meyerson B.E., Mediation and the Practice of Law, Dispute Resolution Magazine, Vol.3, Number 2, 1996, 11; Maclean M., Eekelaar J., Lawyers and Mediators: The Brave New World of Services for Separating Families, Oxford and Portland Oregon, Bloomsbury, 2016, 127. 
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 08.01.2013 წლის გადაწყვეტილება, დისციპლინური საქმე No100/11, [20.03.2021]; ასევე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის სრული შემადგენლობის 08.01.2015 წლის რეკომენდაცია No012/14, [30.03.2021], საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 08.01.2013 წლის გადაწყვეტილება, დისციპლინური საქმე No100/11, [20.03.2021]; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 26.07.2013 წლის გადაწყვეტილება, საქმე Noდს-შ/3-13, მითითებულია: გასიტაშვილი ე., ზამბახიძე თ., კორძახია ი., ლორია ა., მესხიშვილი ქ., მოლიტერნო ჯ., ხუბულური თ., იურიდიული ეთიკა, თბ., 2021, 269-270. იხ. ანალოგიურად, ABA Model Rules of Professional Conduct (adopted 1983, revised 2000), Scope comment 3;  State Bar Ass’n of Connecticut v. Connecticut Bank and Trust Co., 140 A.2d 863 (Conn. 1941); Stern v. State Bd. of Law Examiners, 199 N.E.2d 850, 853 (Ind. 1964). 
Oregon State Bar v. Smith, 942 p.2 d 793, 799 (Or. App 1997), მითითებულია: Abel R. L., Lawyers in the Dock, Learning from Attorney Disciplinary Proceedings, Oxford University Press, 2010, 68. 
Committee on Prof. Ethics and Conduct of Iowa State Bar Ass’n v. Baker, 492 N.W.2 d. 695, 701, (Iowa 1992), მითითებულია: Meyerson B. E., AAA Handbook on Mediation, 2nd ed., American Arbitration Association, Juris, 2010, 764; Washington State Courts General Rule GR 24, 2002. 
მაგალითად, საოჯახო მედიაციის საქმეებში. იხ. Waldman E., Identifying the Role of Social Norms in Mediation: A Multiple Model Approach, Hastings Law Journal, Vol. 48, 1997, 761–764. 
Furlan F., Blumstein E., Hofstein D.N., Ethical Guidelines for Attorney Mediators: Are Attorneys Bound by Ethical Codes for Lawyers When Acting as Mediators? Journal of the American Academy of Matrimonial Law, Vol.14, Issue 2, 1997, 10.
Kovach K.K., Mediation: Principles and Practice, West Group, 1994, 30-39. 
ამ თვალსაზრისით საყურადღებოა შინაარსის მართვის ისეთი ქვეკომპეტენციები, როგორიცაა: დავის შინაარსის გააზრებისა და განსახილველ საკითხთა წრის განსაზღვრის წახალისება, იურისტების როლის სწორი გამოყენება სამართლებრივი რეალობის ტესტის განხორციელებისთვის და სამართლებრივი რისკების ობიექტური ანალიზისთვის, ასევე აღსრულებაუნარიანი და შესრულებაუნარიანი სამედიაციო მორიგების მიღწევის ხელშეწყობა. იხ. ,,მედიატორის კომპეტენციების ჩარჩო“ დამტკიცებული სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს მიერ (ნოემბერი, 2021). ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დავის შინაარსი არ ვგულისხმობთ მხოლოდ სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხებს. მასში მოიაზრება ასევე ინტერპერსონალური უთანხმოება, ღრმად ემოციური საკითხები, რომელთა არსებობაც მედიატორმა აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს. იხ. Golann D., Folberg J., Mediation the Role of Advocate and Neutral, 4th ed., Aspen Casebook Series, 2022, 95. 
და არა მხარეთა დახმარება მის შედგენაში, Alfini J. J., Press S. B., Stulberg J. B., Mediation, Theory and Practice, Reporter’s Notes, 3rd ed., LexisNexis, 2013, 451; Washington State Bar Association Advisory Opinion №2223. 
იხ. Washington State Bar Association Advisory Opinion №2223, [01.09.2024]; Laflin M.E., Preserving the Integrity of Mediation through the Adoption of Ethical Rules for Lawyer-Mediators, Notre Dame Journal of Law, Ethics and Public Policy, Vol. 14, Issue 1, 2000, 503; Boulle L. J., Colatrella M. T., Picchioni A. P., Mediator Skills and Techniques, LexisNexis, 2008, 104-105.
Nolan-Haley J., Alternative Dispute Resolution in a Nutshell (Nutshells) 4th ed., West Academic Publishing, 2013, 124.
Furlan F., Blumstein E., Hofstein D.N., Ethical Guidelines for Attorney Mediators: Are Attorneys Bound by Ethical Codes for Lawyers When Acting as Mediators? Journal of the American Academy of Matrimonial Law, Vol.14, Issue 2, 1997, 10.
იქვე, 4. 
ბეიდერი ე., მედიაციის ფსიქოლოგია: IDR - დავის შინაგანი გადაწყვეტის ციკლი, მედიაციის შემეცნების ახალი მოდელი, ჩიტაშვილი ნ. (მთარგ), ჟურნ. ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდეული 2020“, 2020, 220-222.
Picard C.A., Sargent N., Bishop P.J., Ramkay R., The Art and Practice of Mediation, 2nd ed., Emond Montgomery Publications, Toronto, Canada, 2015, 261.
Furlan F., Blumstein E., Hofstein D.N., Ethical Guidelines for Attorney Mediators: Are Attorneys Bound by Ethical Codes for Lawyers When Acting as Mediators? Journal of the American Academy of Matrimonial Law, Vol.14, Issue 2, 1997, 4.
Kovach K.K., Mediation: Principles and Practice, West Group, 1994, 28. 
Esplugues C., Louis M., New Developments in Civil and Commercial Mediation, Global Comparative Perspectives, Ius Comparatum, Springer International Publishing Switzerland, 2015, 280; Peyerwold D., Mandelbaum M.(ed.), Wage and Hour, Oakland, California, 2016, 13-18. რეალობის ტესტი შეფასებითი მედიაციის გარდა რეგულარულად გამოიყენება ფასილიტაციური, ხელშემწყობის მედიაციის კონტექსტში. იხ. Zubick J., Callow S., ADR for Legal Professionals, Emond Publishing, 2022, 201. 
Golann D., Folberg J., Mediation, the Role of Advocate and Neutral, 4th ed., Aspen Casebook Series, 2022, 156.
Clark B., Lawyers and Mediation, Springer, Heidelberg, New York, Dordrecht, London, 2012, 159.
Virginia Supreme Court Department of Dispute Resolution, Guidelines on Mediation and Unauthorised Practice of Law (UPL), 1999-2000.
Brooker P., Mediation Law, Journey through Institutionalism to Jurisdiction, Routledge Taylor and Francis Group, London and New York, 2013, 251. აღნიშნული ქმედება არათუ ჩაითვლება ეთიკის დარღვევად, არამედ სრულად ვერ დარჩება მედიაციის საზღვრებში და განიმარტება კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობად. Maclean M., Eekelaar J., Lawyers and Mediators: The Brave New World of Services for Separating Families, Oxford and Portland Oregon, Bloomsbury, 2016, 123.
Alfini J. J., Press S.B., Stulberg J. B., Mediation, Theory and Practice, Reporter’s Notes, 3rd ed., LexisNexis, 2013, 450-451.
Russel M.O., The Mediation Handbook, Effective Strategies for Litigators, Bradford Publishing Company, Denver Colorado, 2011, 195.
Picard C.A., Sargent N., Bishop P.J., Ramkay R., The Art and Practice of Mediation, 2nd ed., Emond Montgomery Publications, Toronto, Canada, 2015, 348.
Washington State Bar Association Advisory Opinion №2223.
იხ.: Fla. R. Civ. P. 10.370 (c) (2002); ADR Institute of Canada, Code of Conduct for Mediators, Art.3.3., [24.08.2024]; Picard C.A., Sargent N., Bishop P.J., Ramkay R., The Art and Practice of Mediation, 2nd ed., Emond Montgomery Publications, Toronto, Canada, 2015, 348.
Menkel-Meadow C., Plapinger E., Model Rule for The Lawyer as Third-Party Neutral, Preamble, CRP Georgetown Commission on Ethics and Standards in ADR, 2002, 4.
იქვე, 7.
The Solicitors Regulation Authority (SRA) Handbook and Code of Conduct 2011, para. 3.5. 
State Bar of Texas Professional Ethics Committee, Opinion 583, 2008; Washington Rules of Professional Conduct (RPC), Rule 1.7.; Shin C.P., Drafting Agreements as an Attorney-Mediator: Revisiting Washington State Bar Association Advisory Opinion 2223, 89 Wash. L. Rev., 2014, 1045. 
Code of Conduct for Lawyers in the European Union, 28/10/1988, article 3.2.1 (conflict of interests).
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, დამტკიცებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2006 წლის 15 აპრილს, 2012 წლის 8 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებებითა და დამატებებით, მუხლი 6, პუნქტი 1.
Florida Bar V. Brumbaugh, 355 So. 2d. 1186, (Fa. 1978), მითითებულია: Pirsig M. E., Kirwin K. F., Cases and Materials on Professional Responsibility, West Pub. Co., 1 Jul 1984, 93.
,,მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა საკითხებთან ერთად მხარეებისთვის მედიატორისა და წარმომადგენლის როლის განმარტებას. იხ. ასევე, Standards of Ethics and Professional Responsibility for Certified Mediators, Adopted by the Judicial Council of Virginia April 5, 2011, Effective Date: July 1, 2011, Standard D 2 (a) (1-4).
ABA Model Rules of Professional Conduct (adopted 1983, revised 2000), Rule 2.4. (2); იხ. ასევე, Alfini J. J., Press S.B., Stulberg J. B., Mediation, Theory and Practice, Reporter’s Notes, 3rd ed., Lexis Nexis, 2013, 451.
Alfini J. J., Press S. B., Stulberg J. B., Mediation, Theory and Practice, Reporter’s Notes, 3rd ed., LexisNexis, 2013, 450.
საქმეში: State Bar of Arizona v. Arizona Land Title and Trust Co., 366, 2, d.1., 8-9, (Ariz. 1961).
Meyerson B.E., AAA Handbook on Mediation, 2nd ed., American Arbitration Association, Juris, 2010, 764. 
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმები გაავრცელა ავსტრიამ ადვოკატ მედიატორზე, თუმცა აღნიშნული არჩევანი კრიტიკას იმსახურებს სამეცნიერო თუ პრაქტიკოსთა წრეებში იმ არგუმენტით, რომ მედიატორის როლი შეუთავსებელია სხვა პროფესიულ როლთან და შესაბამისად, მის ეთიკურ ვალდებულებათა სისტემასთანაც. იხ. Act Regulating the Exercise of the Lawyers’s Profession, amended on July 1, 2014 Art. 8 (5); ასევე, De Palo G., Trevor M.B., EU Mediation Law and Practice, Oxford University Press, 2012, 16, para. 2.38. 
Laflin M. E., Preserving the Integrity of Mediation through the Adoption of Ethical Rules for Lawyer-Mediators, Notre Dame Journal of Law, Ethics and Public Policy, Vol. 14, Issue 1, 2000, 501; Alfini J. J., Press S.B., Stulberg J. B., Mediation, Theory and Practice, Reporter’s Notes, 3rd ed., LexisNexis, 2013, 450. 
საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ, 20.06.2001, [ცვლილებები 29.12.2004 Nº970], მუხლი 6. 
რამეთუ მედიატორის სტატუსის მოპოვებისთვის უმრავლეს მართლწესრიგში სავალდებულო არ არის იურიდიული განათლების არსებობა. Köhler B., Gulati R., John T., The Elgar Companion to UNCITRAL, Edward Elgar Publishing Limited, 2023, 261.
Meyerson B., Lawyers Who Mediate Are Not Practicing Law, 14 Alternatives 74, 1996, მითითებულია: Alfini J. J., Press S. B., Stulberg J. B., Mediation, Theory and Practice, Reporter’s Notes, 3rd ed., LexisNexis, 2013, 450.
Muigua K., Promoting Professional Conduct, Ethics, Integrity & Etiquette in ADR, 2021, 4, [08.11.2024].
დავის გადაწყვეტის სისტემის ეთიკური მთლიანობის უზრუნველსაყოფად ეთიკის რეგულირების მნიშვნელობის შესახებ იხ. Muigua K., Promoting Professional Conduct, Ethics, Integrity & Etiquette in ADR, 2021, 5, [08.11.2024].
Crowe J., Mediation Ethics and the Challenge of Professionalisation, Bond Law Review, Vol. 29, No. 1, 2017, 5-14.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი