ბნელი ქსელი (Dark Web) - ახალი შესაძლებლობები კიბერდანაშაულისთვის

22 ნოემბერი 2023

ავტორი: ლევან სურამელაშვლი
კრიმინოლოგის მეცნიერებათა მაგისტრი 
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ანალიტიკოსი

რა არის ბნელი ქსელი და რა შესაძლებლობები შეუქმნა მისმა განვითარებამ კიბერდანაშაულს? 

აღნიშნულ შეკითხვას აქტუალურს უკანასკნელ ათწლეულებში მიმდინარე უსწრაფესი ტექნოლოგიური ცვლილებები ხდის, რამაც დახვეწა როგორც 21-ე საუკუნის დამნაშავეობა, ისე მასთან ბრძოლის მექანიზმები და ის უფრო მეტად ტექნოლოგიებზე დამოკიდებული გახადა. 

პრობლემა სწორედ ისაა, რომ ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ დანაშაულის მრავალმა ფორმამ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. შედეგად, კანონსაწინააღმდეგო ქმედება გახდა ნაკლებად დამოკიდებული ადამიანის უშუალო, ფიზიკურ ჩართულობაზე, დამნაშავეობამ შეიძინა მეტად ტრანსნაციონალური ხასიათი და ჩამოყალიბდა დანაშაულის სრულიად ახალი ფორმები. შესაბამისად, კრიმინალური სამყაროსთვის ინტერნეტ სივრცე კომფორტის ზონად იქცა და ისეთი დანაშაულებიც კი, როგორიცაა ტრეფიკინგი, სექსუალური ექსპლუატაცია და სხვა, „წარმატებით“ ხორციელდება დისტანციურად, ერთი ქვეყნიდან მეორეში, პირდაპირი გაშუქების საშუალებებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით. ბნელი ქსელი კი, ინტერნეტ სივრცის ყველაზე რთულად კონტროლირებადი ნაწილია, სადაც შესაძლებელია ანონიმურობის შენარჩუნება და დანაშაულის კვალის დაფარვა, რაც მას დამნაშავეთათვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. 

ბნელ ქსელსა და კიბერდანაშაულს შორის არსებული კავშირის გამოაშკარავებამდე, მნიშვნელოვანია კიბერდანაშაულის შინაარსის დაზუსტება:  
ერთი შეხედვით, კიბერდანაშაული სისხლის სამართლის კანონმდებლობას დაქვემდებარებული მოვლენაა. თუმცა, პრობლემის სრულყოფილად გასაანალიზებლად საკმარისი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიდგომის გაზიარება, რომელიც მის გამოვლინებად მხოლოდ 284-2862 მუხლების დისპოზიციაში აღწერილ ქმედების შემადგენლობებს განიხილავს. ამის საპირისპიროდ, კიბერდანაშაული ბევრად ფართო ცნებაა და მის ქვეშ მოიაზრება ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც ჩადენილია ონლაინ, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საინფორმაციო სისტემების გამოყენებით. 

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ბნელ ქსელთან დაკავშირებული საფრთხეების ანალიზისას მკითხველი არ შეიზღუდოს ამა თუ იმ ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ნაციონალური კანონმდებლობის მიდგომით და კიბერდანაშაული დაინახოს უფრო ფართო ჭრილში. რა საკვირველია, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ე.წ. კიბერ-დამოკიდებული დანაშაული (კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა, ელექტრონული ფინანსური და საბარათე მონაცემების უკანონო მოპოვება, ა.შ), რომელიც შეიძლება მხოლოდ ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით განხორციელდეს. თუმცა, არასწორი იქნებოდა დანაშაულის იმ კატეგორიის უგულებელყოფა, რომელიც არსებობს კიბერ სივრცის მიღმაც, თუმცა, მის ჩასადენად ინტერნეტ საშუალებებიც აქტიურად გამოიყენება (მაგ. ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, თაღლითობა, ა.შ.).

ბნელი ქსელის ადგილი ინტერნეტ სივრცეში:

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა და ყოველდღიური ლექსიკონის ნაწილად იქცა ისეთი ტერმინები, როგორიცაა ციფრული სამყარო, ინტერნეტი, მსოფლიო კომპიუტერული ქსელი (World Wide Web) და სხვა. თუმცა, ამ ტერმინების ზუსტი მნიშვნელობა ბევრისთვის ნათელი დღემდე არ არის და ხშირია მათი ერთმანეთთან აღრევისა და ერთმანეთის სინონიმებად გამოყენების შემთხვევები. ბნელი ქსელის არსის უკეთესად აღსაქმელად კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ბუნდოვანების გაფანტვა და ინტერნეტსა და მსოფლიო ქსელს შორის არსებული განსხვავების იდენტიფიცირება.

ინტერნეტი და მსოფლიო კომპიუტერული ქსელი (World Wide Web - WWW, იგივე მსოფლიო აბლაბუდა, მსოფლიო ქსელი ან უბრალოდ ვები) ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა მჭიდრო კავშირში მყოფი ცნებებია. ინტერნეტი არის ერთგვარი ქსელების გლობალური ქსელი, რომელიც აკავშირებს მილიონობით კომპიუტერულ მოწყობილობას ერთმანეთთან. ინტერნეტი არ არის ცენტრალიზებულად მართული სისტემა, არამედ, ტექნოლოგიური მახასიათებლები, ასევე წვდომისა და გამოყენების პოლიტიკა განისაზღვრება შიდა ქსელების მიერ. ინფორმაციის მიმოცვლა კი, ხორციელდება სხვადასხვა „ენის“ გამოყენებით, რასაც ინტერნეტ პროტოკოლი (IP) ეწოდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, ვები (WWW) ინფორმაციის გაზიარების ერთ-ერთი მოდელია, რომელიც მონაცემების მიმოცვლის „ენად“ იყენებს ინტერნეტ სივრცეში არსებული „ენებიდან“ მხოლოდ ერთს, HTTP პროტოკოლს. შესაბამისად, ვები ინტერნეტ სივრცის ძალიან დიდი, თუმცა, მაინც მისი შემადგენელი ნაწილია.


ვებ სივრცის ფარგლებში შესაძლებელია სამი ძირითად ფენის იდენტიფიცირება - ქსელის ზედაპირი, ღრმა ქსელი და ბნელი ქსელი:

მეტი სიცხადისთვის და ბნელი ქსელის არსის უკეთესად აღსაქმელად გავრცელებულია მსოფლიო ქსელის აისბერგთან შედარების მეთოდი. კერძოდ, შედარების თანახმად, ვები ჰგავს აისბერგს, რომლის ხილული ნაწილი, დაახლოებით 1-7 %, არის ე.წ. ქსელის ზედაპირი. აისბერგის დანარჩენი, უხილავი, წყალქვეშა მასა არსი ე.წ. ღრმა ქსელი. ხოლო, ბნელი ქსელი ღრმა ქსელის უკიდურესი, ყველაზე ღრმად განთავსებული ნაწილია - მთლიანი მოცულობის დაახლოებით 5 %. 
ქსელის ზედაპირი (Surface Web) ვების ის ნაწილია რომელიც მარტივად ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის. აღნიშნული ფენის გამოყენება შესაძლებელია სტანდარტული ბრაუზერებით (Opera, Google Chrome და სხვა), სტანდარტული საძიებო სისტემებით (Google, Yahoo და სხვა) და მასზეა განთავსებული საჯარო ვებ-გვერდები, მათ შორის სოციალური ქსელები, ბლოგები და ა.შ. სწორედ ქსელის ზედაპირია ის სივრცე სადაც მაგ. ფართო საზოგადოება ეცნობა ყოველდღიურ სიახლეებს ან ყიდულობს ნივთებს ონლაინ-მაღაზიებში. აღნიშნულ ვებ-გვერდებზე წვდომა არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ კონფიგურაციას. ამასთან ერთად, მთავრობებისთვის მარტივია მათი მეთვალყურეობა და როგორც წესი, ამას მუდმივად ახორციელებენ კიდეც. 
ქსელის ზედაპირი მსოფლიო კომპიუტერული ქსელის მხოლოდ მცირე, სავარაუდო გამოანგარიშებით 1-7 %-მდე ნაწილია. აღნიშნულ ფენაზე შესაძლებელია მრავალი სახის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის კონკრეტული პირების ცხოვრების შესახებ. თუმცა, პერსონალური მონაცემები, მაგ. სამედიცინო ან საბანკო ჩანაწერები ქსელის ზედაპირზე ხელმისაწვდომი არ არის, არამედ, ის ღრმა ქსელის ნაწილია.
ღრმა ქსელი (Deep Web) მსოფლიო ქსელის ყველაზე მოცულობითი ფენაა, სადაც განთავსებულია ის საინფორმაციო ბაზები, რომლებიც სტანდარტული ბრაუზერებითა და სტანდარტული საძიებო სისტემების გავლით ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი არ არის. აღნიშნული ფენა მოიცავს სწორედ იმ ინფორმაციას, რომელიც პერსონალური ხასიათისაა და მისი უსაფრთხოდ შენახვა ადამიანთა პირდაპირ ინტერესს განეკუთვნება - სამედიცინო და საბანკო მონაცემები, ელექტრონული ფოსტებისა და სოციალური ქსელების ჩანაწერები, ჯავშნები და განხორციელებული შესყიდვები და სხვა.  შესაბამისად, ღრმა ქსელის გამოყენება საჭიროებს განსხვავებულ მეთოდებსა და საშუალებებს, როგორიცაა მაგალითად, ავტორიზაციის რამდენიმე კომპონენტიანი მეთოდი ან პაროლით დაშიფრული ბრაუზერი. აქედან გამომდინარე, ვებზე არსებული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც არ ექვემდებარება უბრალოდ „დაგუგლვას,“ როგორც წესი, ღრმა ქსელს განეკუთვნება. 
ბნელი ქსელი (Dark Web / Dark Net) ღრმა ქსელის ის ნაწილია, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ სპეციალური საშუალებებით. აღნიშნულ ფენაზე მოსახვედრად საკმარისი არ არის უბრალო პაროლის ან ავტორიზაციის განსხვავებული მეთოდის გამოყენება, არამედ, აუცილებელია, მომხმარებელი სარგებლობდეს შესაბამისი პროგრამით უზრუნველყოფილი ბრაუზერით, რომელიც ქმნის ანონიმურობის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. მასზე განთავსებული საიტები ძირითადად იშიფრება იმ მიზნით, რომ არ გამჟღავნდეს მათი არსებობის შესახებაც კი, ხოლო მათი IP-მისამართები ფაქტობრივად შეუმჩნეველია. მეორე მხრივ, ბრაუზერის საშუალებით დაფარულია მომხმარებელთა ვინაობაც. შესაბამისად, ბნელ ქსელს ახასიათებს ანონიმურობისა და კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხი როგორც საიტის ადმინისტრატორებისთვის, ისე მისი მომხმარებლებისთვის.

როგორ მუშაობს ბნელი ქსელი?

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ბნელი ქსელი 1990-იან წლებში შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) მთავრობის მიერ აგენტთა და სადაზვერვო სამსახურთა კომუნიკაციის ანონიმურობის უზრუნველსაყოფად, რათა მონაცემთა გაცვლა უსაფრთხოდ ყოფილიყო შესაძლებელი. სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისათვის ბნელი ქსელის გამოყენების აქტუალურობა 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომშიც გამოიკვეთა, როდესაც აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) გამოაქვეყნა ინსტრუქცია რუსეთის მოქალაქეებისათვის (აგენტობის მსურველებისთვის) ბნელი ქსელის გავლით სადაზვერვო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. 
ბნელ ქსელში ციფრულ მონაცემთა ანონიმურად მიმოცვლისათვის დღემდე გამოიყენება ე.წ. Onion Routing მეთოდი, რომელიც გადასაგზავნ მონაცემს/ინფორმაციას მრავალი ფენით შიფრავს იმგვარად, რომ გამგზავნიდან მიმღებამდე გასავლელ გზაზე ის დაფარულია, ხოლო მისი რეალური შინაარსის გამოვლენა შესაძლებელი ხდება მხოლოდ და მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მიღწევის შემდგომ. შესაბამისად, გაგზავნილ მონაცემს ხედავს მხოლოდ ის, ვისთვისაც ის არის განკუთვნილი. 

მაგალითად, TOR (The Onion Routing) ბრაუზერი აღჭურვილია Onion Routing სისტემით და ანონიმიზირების სხვა საშუალებებით, რაც უზრუნველყოფს ვებ-გვერდთა ძიების მაქსიმალურ დაცულობას და მას ბნელ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრაუზერად აქცევს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ TOR არ არის ბნელი ქსელის ფენაზე მოხვედრის ერთადერთი საშუალება და ხელმისაწვდომია ალტერნატიული პროგრამებიც, მაგ.  I2P და Freenet, რომლებიც ციფრული ინფორმაციის ანონიმურ მიმოცვლას ასევე შესაძლებელს ხდიან. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბნელ ქსელში არსებული ანონიმურობის მაღალი ხარისხი არ გულისხმობს ჩარევისგან აბსოლუტურ თავისუფლებას იმდენად, რამდენადაც სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ მეთვალყურეობის განხორციელების გარკვეული საშუალებები. ამის მიუხედავად, ბნელ ქსელში არსებული უსაფრთხოების გარანტიები ქსელის ზედაპირთან შედარებით ბევრად მაღალია, რაც მას მიმზიდველს ხდის როგორც ლეგიტიმური მიზნებისთვის (პერსონალური ინფორმაციის მოპარვის პრევენცია, კვლევის ჩატარება ცენზურის გვერდის ავლით, ა.შ.), ისე კრიმინალური ზრახვებისათვის.

ბნელი ქსელი და კრიმინალური სამყარო:

ფაქტები იმის შესახებ, რომ ბნელი ქსელის ჩამოყალიბებაში წვლილი აშშ-მთავრობას მიუძღვის მიუთითებს, რომ აღნიშნული ვებ-სივრცე მხოლოდ კრიმინალური მიზნებისთვის არ გამოიყენება. მისი მომხმარებელი ხშირად საერთოდ არ არის კავშირში კრიმინალურ სამყაროსთან, არამედ, ის შეიძლება იყოს მაგ. პოლიტიკური აქტივისტი, ჟურნალისტი, სამართალდამცავი ან სამხედრო ორგანოს თანამშრომელი, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელი ან თუნდაც ჩვეულებრივი პირი პროფესიული მიზნების გარეშე, რომელსაც სურს ვებ-გვერდების დათვალიერება ანონიმურად, ყოველგვარი კონტროლის გარეშე. თუმცა, კიბერდანაშაულის კონტექსტში, უფრო საყურადღებოა ბნელი ქსელით მოსარგებლეთა მეორე კატეგორია - სისხლის სამართლის დამნაშავეები.

კრიმინალურმა სამყარომ ბნელ ქსელს ფეხი მალევე აუწყო და მასზე არსებული ანონიმურობის შენარჩუნების შესაძლებლობები კანონსაწინააღმდეგო ქმედებების კვალის დაფარვისკენ მიმართა. მათთვის ბნელი ქსელი არა მარტო უსაფრთხო გარემოა, არამედ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საშუალებასაც იძლევა - კრიმინალები, როგორც წესი, ქმნიან დანაშაულის ჩადენის ახალ სქემებს და სისტემებს, ხოლო, სამართალდამცავების ფუნქციაა არ ჩამორჩნენ აღნიშნულ განვითარებას. შესაბამისად, დღეისთვის ბნელი ქსელი დამნაშავეთათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სივრცეა და მოსალოდნელია, რომ მისი გამოყენება კრიმინალური მიზნებისთვის მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ბნელი ქსელის გავლით არაერთი კატეგორიის დანაშაული ხორციელდება, თუმცა, შესაძლებელია რამდენიმე მათგანის გამოყოფა, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული აღნიშნულ სივრცეში. ბნელ ქსელში არსებულ ონლაინ-ბაზრებზე შესაძლებელია მრავალი სახის არალეგალური პროდუქტისა თუ სერვისის შეძენა, როგორიცაა ჰაკერული მომსახურება, ყალბი პროდუქტები, მოპარული პროდუქცია და ელექტრონული მონაცემები (მათ შორის საიდენტიფიკაციო მონაცემები, პასპორტები და ა.შ.), აკრძალული ნივთები და ნივთიერებები (მაგ. იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები). ბნელი ქსელი ასევე აქტიურად გამოიყენება ტერორისტული ჯგუფების მიერ წევრების მოსაზიდად და გადასამზადებლად, კიბერ შეტევებისათვის, ფულის გათეთრების მიზნით ტრანზაქციების შესასრულებლად (მაგ. კრიპტო-ვალუტების შეძენა), ტრეფიკინგის, სექსუალური ექსპლუატაციის (მაგ. ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება), კონტრაბანდული და სხვა მიზნებისთვის.

აბრეშუმის გზა (Silk Road):

ბნელ ქსელში ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი მაგალითი აბრეშუმის გზის (Silk Road) სახელითაა ცნობილი. როს უილიამ ულბრიხტის (ონლაინ-მეტსახელი Dread Pirate Roberts) მიერ შექმნილი ეს სავაჭრო პლატფორმა შავ ბაზარზე 2011 წლიდან გამოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ აბრეშუმის გზა მალევე იქცა არალეგალური პროდუქტებისა თუ სერვისების როგორც გასხვისების, ისე შეძენის პოპულარულ საშუალებად, სამართალდამცავებს დიდი ხნის განმავლობაში უჭირდათ მასთან გამკლავება. ერთი მხრივ, ზემოხსენებული TOR ბრაუზერი, ხოლო მეორე მხრივ, ბითქოინი (შესყიდვები და ტრანზაქციები ხორციელდებოდა ბითქოინის საშუალებით) უზრუნველყოფდა როგორც გამყიდველების, ისე მყიდველების ანონიმურობას.

აბრეშუმის გზაზე შესაძლებელი იყო ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შეძენა, როგორიცაა ჰაკერული მომსახურება, აკრძალული საქონელი, ციფრული საქონელი (მაგ. მავნე ან პირატული პროგრამები), ყალბი საქონელი (მაგ. ლიცენზიები და სხვა დოკუმენტები), ლეგალური საქონელი და მომსახურება (მაგ. წიგნები, სამკაულები). თუმცა, ყველაზე გავრცელებული და მომგებიანი სავაჭრო პროდუქტი მაინც ნარკოტიკული საშუალებები იყო, რაც, სავარაუდო გამოანგარიშებით, გასაყიდი პროდუქციის დაახლოებით 70%-ს შეადგენდა.

აბრეშუმის გზამ ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იფუნქციონირა, ვიდრე 2013 წელს, აშშ-ს ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ მისი  შემოსავლები გაყინა, ხოლო მისი დამფუძნებელი დააპატიმრა. სამართალდამცავი ორგანოს მონაცემების თანახმად, აღნიშნული ბაზრის გაყიდვებმა 1,2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო, მომსახურების საკომისიო გადასახადის სახით მიღებულმა შემოსავალმა - 80 მილიონ აშშ დოლარს. უილიამ ულბრიხტს უვადო პატიმრობა მიესაჯა და მიიჩნეოდა, რომ ეს გარკვეულწილად მოახდენდა მომავალში მსგავსი ქმედებების პრევენციას. თუმცა, ბნელმა ქსელმა მეტი პოპულარობა მოიპოვა და მას შემდეგ არაერთი შავი ონლაინ-ბაზარი ჩამოყალიბდა. მათ შორის, შეიქმნა აბრეშუმის გზის 2.0., 3.0. და 3.1. ვერსიები, ასევე სხვა მრავალი ონლაინ-მარკეტი და ფორუმი.

საერთო ჯამში, უკანასკნელ ათწლეულებში ბნელი ქსელი იქცა შესაძლებლობების წყაროდ როგორც დანაშაულის ტრადიციული, ისე მისი ახალი კატეგორიებისათვის. მასზე არსებულმა ანონიმიზირების მექანიზმებმა შექმნეს კრიმინალური სისტემის ორგანიზებისა და ინფორმაციის გაზიარების კარგი საფუძველი. შესაბამისად, დანაშაულის ფორმებმა, რომლებიც წლების წინ ყოველგვარი ტექნოლოგიის გამოყენების გარეშეც ხორციელდებოდა, აქტიურად გადაინაცვლა ინტერნეტ სივრცეში - მაგ, აკრძალული ან ყალბი პროდუქციით ვაჭრობა. ბნელმა ქსელმა ასევე შექმნა ხელსაყრელი გარემო კლასიკური კიბერდამნაშავეებისათვის - ჰაკერები, კიბერტერორისტები და სხვა. გარდა ანონიმურობისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვებ-სივრცით სარგებლობისას ნაკლებია კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში დამნაშავის ფიზიკური ჩართულობის როლი, რაც მათთვის ამარტივებს კრიმინალური საქმიანობის განხორციელებას, ხოლო სამართალდამცავებისათვის ართულებს დამნაშავეთა გამოვლენასა და დაკავებას.

                        ბიბლიოგრაფია
Ball, J., & Gabbatt, C. A. A. (Oct, 2013). FBI claims largest Bitcoin seizure after arrest of alleged Silk Road founder. Retrieved from https://www.theguardian.com/technology/2013/oct/02/alleged-silk-road-website-founder-arrested-bitcoin 
Kavallieros, D., Myttas, D., Kermitsis, E., Lissaris, E., Giataganas, G., & Darra, E. (2021). Understanding the dark web. In B. Akhgar, M Gercke, S. Vrochidis & H. Gibson (Eds.) Dark web nvestigation (pp. 3-26). Doi: https://doi.org/10.1007/978-3-030-55343-2
Kavallieros, D., Myttas, D., Kermitsis, E., Lissaris, E., Giataganas, G., & Darra, E. (2021). Using the dark web. In B. Akhgar, M Gercke, S. Vrochidis & H. Gibson (Eds.) Dark web nvestigation (pp. 27-48). Doi: https://doi.org/10.1007/978-3-030-55343-2 
Ozkaya, E., & Islam, R. (2019). Inside the Dark Web. NW, US: Taylor & Francis.
Wright, A., J. (2020). The dark web. The unseen side of the internet. ISBN: 9788835360933 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი