უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისათვის და ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება

19 მაისი 2023


 
თამთა ტეფნაძე
საერთაშორიოს სამართლის მაგისტრისაქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის წევრი

ინტერნეტი და ონლაინ განხორციელებული ქცევის მომწესრიგებელი ნორმები ყოველდღიურად სულ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგება, ვინაიდან მსოფლიო მასშტაბით ბავშვები სულ უფრო ხშირად და მცირე ასაკიდან მოიხმარენ ინტერნეტს როგორც განათლების, ასევე, გართობის თუ თვითგამოხატვის მიზნით, რაც, თავის მხრივ, სარგებლობასთან ერთად ზრდის ინტერნეტთან დაკავშირებულ რისკებს - მავნე ზეგავლენის მქონე კონტენტის, სხვა ბავშვებთან და უფროსებთან ზიანის მომტანი ურთიერთობების თუ მარკეტინგის სახით. დღეს, უკვე არაერთი კვლევა და საერთაშორისო მასშტაბის ანგარიში მიუთითებს ციფრულ ეპოქაში გამარტივებული კავშირებიდან წარმოშობილ ონლაინ საფრთხეებზე და ზიანისაგან ბავშვთა დაცვისათვის საჭირო აუცილებელ ძალისხმევაზე, როგორც გლობალურ გამოწვევაზე.

ინტერნეტ სფეროში ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენს არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა, ბავშვებისათვის უსაფრთხო online გარემოს შექმნის უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებშიც მოიაზრება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ბავშვების უსაფრთხო კონტენტზე წვდომის უზრუნველყოფა და მშობლებისათვის ადექვატური კონტროლის მექანიზმების შექმნა საკანონმდებლო დონეზე. 

უკვე წლებია მეცნიერები მცირეწლოვანებზე და მოზარდებზე ახალი მედიის ზეგავლენის შედეგებს იკვლევენ. სოციალური ქსელების მოხმარება იწვევს როგორც დადებით, ისე ნეგატიურ შედეგებს. ესენია: იზოლაცია, დეპრესია, ემოციური კავშირის ნაკლებობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის უგულვებელყოფა, მხედველობის გაუარესება, წონის მატება, დროის ფლანგვა და სიზარმაცისკენ მიდრეკილება. 

ციფრულ სამყაროში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვისათვის გამოვლენილ გამოწვევბთან საპასუხო ნაბიჯების გადადგმა, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გვევლინება. შესაბამისად, წინა პლანზე მნიშვნელოვნად გამოიკვეთა ამ თემაზე ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საჭიროება და ონლაინ სივრცეში ბავშვებისათვის ზიანისშემცველ კონტენტთან მიმართებით აუცილებელი საკანონმდებლო რეგულაციების და საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირება.

მოზარდები ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ მედიამომხმარებლად. ისინი, ხშირ შემთხვევაში, არ  არიან ინფორმირებული მედიასა და მედიაპროდუქტების უკან არსებული გავლენის/ეფექტის ნეგატიური თუ რისკის შემცველი ასპექტების შესახებ. არსებული გამოწვევების პირობებში ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ როგორც ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, ასევე, მედიასამყაროში ორიენტირება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება, სწორი არჩევანის გაკეთება. 

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მომზადებული ერთ-ერთი შემაჯამებელი ანგარიში: „მსოფლიო ბავშვთა მდგომარეობა 2017 - ბავშვები ციფრულ სამყაროში“ საყურადღებოდ მიიჩნევს ბავშვების დახმარებას ციფრული უნარების განვითარებაში, რათა ისინი უფრო ინფორმირებულები, აქტიურები და დაცულები იყვნენ ინტერნეტ სივრცეში. ბავშვების ციფრული ცოდნის ხელშეწყობისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების მიზნით გამოყენებისთვის UNICEF-ის ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანია იმ ონლაინ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელთა სანდოობა და ეფექტურობაც უკვე დადასტურებულია; აგრეთვე, არაფორმალურ განათლებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების სწავლება; მასწავლებლების ხელშეწყობა ციფრული უნარების განვითარებაში, რომ უკეთ დაეხმარონ მოსწავლეებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში და გააცნობიერონ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების მნიშვნელობა საკლასო ოთახის ფარგლებს გარეთ. 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2012 წ. ანგარიში - „ბავშვთა დაცვა ინტერნეტში: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საბჭოს რეკომენდაცია ბავშვების ონლაინ რისკებთან და მათი დაცვის წესებთან დაკავშირებით“ - გამოყოფს სამი ტიპის რისკს ბავშვებისთვის: კონტენტისა და კონტაქტის რისკები (პორნოგრაფია, „კიბერგრუმინგი“, დაშინება ინტერნეტით);  სამომხმარებლო რისკები (ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები და ა.შ.); პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები (სოციალური ქსელების გამოყენება პოტენციური გრძელვადიანი შედეგების გააზრების გარეშე).

სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ საკანონმდებლო კუთხით ონლაინ კონტენტის რეგულირება ორ ასპექტს მოიცავს:

უკანონო კონტენტის ზოგადი აკრძალვა - ამასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ის, რაც უკანონოა ინტერნეტის გარეთ, უკანონოა ინტერნეტშიც. შესაბამისად, არსებულ კანონმდებლობაში, მაგ., სისხლის სამართლის კოდექსში და სხვ. შეტანილია ცვლილებები, რათა უკვე არსებულ დანაშაულს დაემატოს ინტერნეტის მეშვეობით ჩადენილი დანაშაული. ამასთან, ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელს ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობისა და გავრცელებისთვის;

ბავშვებისთვის შეუფერებელი კონტენტის შეზღუდვა განსაზღვრულ ასაკობრივ ზღვრამდე. 
ინტერნეტ-სივრცეში ზიანისშემცველი ინფორმაციისგან ბავშვთა დაცვის საკითხი უნდა განიხილებოდეს უფრო ფართოდ, მავნე ზეგავლენისგან და ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან ბავშვთა დაცვის ერთიანი ხედვის ფარგლებში. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოს განახორციელოს სათანადო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სოციალური და საგანამანათლებლო ღონისძიებები ბავშვის დასაცავად ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან. ამგვარი ღონისძიებები უნდა მოიცავდეს, მათ შორის, ბავშვის და მისი მშობლების ან სხვა მზრუნველების მხარდაჭერას ძალადობის პრევენციის, გამოვლენის და სათანადო რეაგირებისთვის. 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2014)6 წევრი სახელმწიფოებისთვის ინტერნეტ მომხმარებელთა ძირითადი უფლებების სახელმძღვანელოს თაობაზე, მოიცავს დანართს, რომელშიც ცალკე პუნქტები ეთმობა ბავშვებს/მოზარდებს და აღნიშნულია, რომ ბავშვები, მათი ასაკის გათვალისწინებით, ინტერნეტით სარგებლობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული დაცვით და მხარდაჭერით უნდა სარგებლობდნენ. მათ უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია და მხარდაჭერა მათი ასაკისათვის შესაბამის (გასაგებ) ენაზე საკუთარი მასწავლებლებისგან, აღმზრდელებისგან, მშობლებისგან ან მეურვეებისგან ინტერნეტით უსაფრთხო სარგებლობისთვის, ასევე, როგორ დაიცვან თავიანთი პირადი ცხოვრება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების დანართით ხაზგასმით იქნა განმარტებული, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ ის კონტენტი, რომელსაც ისინი ინტერნეტში ქმნიან, ან კონტენტი, რომელსაც ინტერნეტით სხვა მომხმარებლები ქმნიან მათ შესახებ, შეიძლება გლობალურად ხელმისაწვდომი იყოს და გამოიწვიოს მათი ღირსების შელახვა, პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების ხელყოფა, ან დაარღვიოს მათი უფლებები ცხოვრების მიმდინარე ან მომავალ ეტაპზე. მოთხოვნის შემთხვევაში, მსგავსი კონტენტი ამოღებული ან წაშლილი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების დანართით ასევე განიმარტა, რომ ბავშვებს და მოზარდებს უფლება აქვთ მიიღონ უტყუარი ინფორმაცია უკანონო ონლაინ კონტენტისა და ქცევის თაობაზე (მაგალითად, ონლაინ ძალადობა), ასევე იმის შესახებ, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ უკანონო ონლაინ კონტენტის თაობაზე.

რეკომენდაციის დანართით განმარტებულია, რომ ეროვნული ხელისუფლებები ვალდებულნი არიან ინტერნეტ მომხმარებლები, მათ შორის,  ბავშვები და მოზარდები, დაიცვან ინტერნეტის გამოყენებით კრიმინალური საქმიანობისაგან, ან სისხლის სამართლის დანაშაულისაგან, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება მომხმარებელთა ციფრულ იდენტობაზე და კომპიუტერში დაცულ მონაცემებზე უკანონო წვდომას, გაყალბებას, ან სხვა სახის თაღლითურ მანიპულირებას.  ამავე რეკომენდაციების თანახმად, განსაკუთრებული მხარდაჭერით და დაცვით სარგებლობის საშუალება უნდა ჰქონდეთ ბავშვებს/მოზარდებს, რათა შეძლონ ინტერნეტის ან კიბერდანაშაულის სხვა ფორმების  გამოყენების გზით, მათი ფიზიკური, სულიერი და მორალური კეთილდღეობის შელახვისგან თავის დაცვა; განსაკუთრებით კი, სექსუალური ძალადობისგან. კერძოდ, ბავშვებს და მოზარდებს უფლება აქვთ, მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია ამ საფრთხეებისგან საკუთარი თავის უკეთ დაცვის მიზნით. 

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მომზადებული შემაჯამებელი ანგარიში: „მსოფლიო ბავშვთა მდგომარეობა 2017 - ბავშვები ციფრულ სამყაროში“ აანალიზებს თუ როგორ შეცვალა ციფრულმა ტექნოლოგიებმა ბავშვების ცხოვრება და განვითარება. ანგარიშს თან ერთვის ენტონი ლეიკის (გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი) სიტყვები: „ანგარიში ეხება ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების უარყოფით მხარეებს, რომელთა უგულვებელყოფაც შეუძლებელია, ესაა: კიბერბულინგი, ბავშვებზე სექსუალური ძალადობა თუ ვების „შავი“ ტრანზაქციები და ვალუტა, რაც აადვილებს ტრეფიკინგსა და ბავშვებისათვის საზიანო სხვა უკანონო ქმედებებს.  საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი მიმოიხილავს ზოგიერთ მოსაზრებას იმ ნაკლებად თვალსაჩინო ზიანის შესახებ, რაც ბავშვებს ციფრულ ეპოქაში ემუქრება: ესაა ციფრული დამოკიდებულება და ციფრული ტექნოლოგიების ზეგავლენა ტვინის განვითარებასა და ბავშვის შემეცნებაზე.“

მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტი ბავშვებისათვის წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს განათლების, განვითარების, სოციალიზაციის, კონტაქტების დამყარებისა და თვითგამოხატვისათვის. თუმცა ამასთანავე წარმოშობს კონკრეტულ რისკებსა და საფრთხეებს ბავშვთა დაცვის თვალსაზრისით. აღნიშნული პრობლემური საკითხი, შესაძლოა მიჩნეულ იქნას, როგორც ადგილობრივი და ეროვნული მნიშვნელობის, ასევე გლობალური ზრუნვის საგნად. შესაბამისად, ევროპის განვითარებული ქვეყნების მაგალითზე შეგვიძლია განვიხილოთ არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვისა და ბავშვებისათვის უსაფრთხო ონლაინ გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად უკვე არსებული საუკეთესო გამოცდილებები, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა მექანიზმებთან ერთად, მოიაზრება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ბავშვების უსაფრთხო კონტენტზე წვდომის უზრუნველყოფა და მშობლებისათვის ადექვატური კონტროლის მექანიზმების შექმნა საკანონმდებლო დონეზე. 

„შემჩნევა - წაშლის“ ევროკავშირის რეჟიმის (notice-and-takedown regime) თანახმად,  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინტერნეტ სერვის პროვაიდერებს (ISPs) არ ეხებათ კონტენტის შინაარსში ჩარევა და იმისთვის, რომ მათ დაბლოკონ კონტენტი, მათ სჭირდებათ სასამართლოს გადაწყვეტილება. მაგალითად, სიძულვილის ენის შემცველი პროდუქციის ონლაინ სივრციდან ამოღება ევალებათ მხოლოდ სასამართლოს მიმართვის შემდგომ, რადგან ითვლება, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს სიძულვილის ენის არსებობა კონკრეტულ საქმეში. ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკის თანახმად, ბლოკირებაზე ბევრად ეფექტიანიად მიიჩნევა დამნაშავეთა დასჯა, ვინაიდან ბლოკირებული ინფორმაცია არ ქრება ქსელიდან და ბავშვებისათვის ზიანის შემცველი კონტენტი შესაძლოა კვლავ განათავსონ ონლაინ სივრცეში სხვა სერვერზე (იგულისხმება ინფორმაციის გადატანა სხვა სახელმწიფოში განლაგებულ სერვერებზე).

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (CM/Rec(2014)6 წევრი სახელმწიფოებისათვის) დანართში მთელი რიგი აქცენტები გაკეთებულია ინტერნეტ მომხმარებლებისათვის სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებებზე წვდომის უფლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული რეკომენდაციის დანართში მითითებულია, რომ სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებები შეიძლება პირდაპირ ინტერნეტ პროვაიდერმა, საჯარო ხელისუფლებამ, და/ან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელმა ეროვნულმა ინსტიტუტებმა უზრუნველყონ. დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებებად შეიძლება მოიაზრებოდეს მოკვლევა, განმარტება, რეაგირება, გამოსწორება, ბოდიშის მოხდა, უფლებების აღდგენა, კომპენსაცია და სხვა. ამავე რეკომენდაციის დანართის თანახმად, პრაქტიკაში ეს გულისხმობს - ინტერნეტ სერვის პროვაიდერის, ონლაინ კონტენტისა და სერვისების პროვაიდერების, ან სხვა კომპანიების და/ან საჯარო ხელისუფლების მიერ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის უფლებების, თავისუფლებების, სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებისა და იმის თაობაზე, თუ ვის მიმართონ მომხმარებლებმა ამ საშუალებებით სარგებლობისთვის. ეს გულისხმობს ადვილად ხელმისაწვდომ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ განაცხადონ მომხმარებლებმა ან იჩივლონ უფლებების დარღვევის ან შეზღუდვის თაობაზე და როგორ უნდა მიაღწიონ დარღვეული უფლებების აღდგენას. 
ამავე რეკომენდაციის დანართით განმარტებულია, რომ ეროვნული ხელისუფლებები ვალდებულნი არიან ინტერნეტ მომხმარებლები, მათ შორის,  ბავშვები და მოზარდები, დაიცვან ინტერნეტის გამოყენებით კრიმინალური საქმიანობისაგან, ან სისხლის სამართლის დანაშაულისაგან, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება მომხმარებელთა ციფრულ იდენტობაზე და კომპიუტერში დაცულ მონაცემებზე უკანონო წვდომას, გაყალბებას, ან სხვა სახის თაღლითურ მანიპულირებას. 

ბავშვებისათვის უსაფრთხო ინტერნეტის რეგულირება ევროპის განვითარებულ ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი და ფინეთი

საინტერესოა, როგორ არის დარეგულირებული ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის საკითხი ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ქვემოთ მოყვანილია ბავშვებისთვის შეუფერებელი კონტენტის რეგულირების ზომები გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, შვედეთსა და ფინეთში. 

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში ძირითად ინტერნეტ პროვაიდერებს შორის არსებობსშეთანხმებული ქცევის კოდექსი, რომლის საფუძველზეც მომხმარებლები თავიდანვე არ დაიშვებიან რიგ ვებ-გვერდებზე, რადგან წვდომა იფილტრება სპეციალური პროგრამის მიერ. ფილტრაციის პროგრამა გამოიყენება 2013 წლიდან. დაბლოკილ კონტენტზე წვდომისთვის მომხმარებელმა უარი უნდა თქვას ფილტრაციაზე. დაბლოკილ მონაცემებს შორისაა პორნოგრაფია, სიძულვილის ენა, იარაღი, ძალადობა და აშ. 
ბრიტანეთის მობილური ტელეფონების ოპერატორმა კომპანიებმა თავად დაიწყეს ინტერნეტის კონტენტის გაფილტვრა, ყველა ძირითადი მობილური ოპერატორი იყენებს ინტერნეტის ფილტრაციის სქემებს. ფილტრაციის დეაქტივაციისთვის პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ 18 წელს მიღწეულია. ფილტრაციის პროგრამები ასევე გამოიყენება უკაბელო (Wi-Fi) ქსელებზე, რომლებზეც ბავშვებს შეიძლება მიუწვდებოდეთ ხელი. ბრიტანეთში ასევე მოქმედებს „ინტერნეტუსაფრთხოების ბრიტანული საბჭო“ (UKCIS), რომელიც სამთავრობო, სამრეწველო, ტექნოლოგიური ინდუსტრიების, სამოქალაქო საზოგადოების, კანონშემოქმედებითი, აკადემიური და საქველმოქმედო წრეების 200-ზე მეტი ორგანიზაციისგან შედგება და ზრუნავს ბავშვთა უსაფრთხოებაზე ინტერნეტით სარგებლობისას. ერთობლივი თანამშრომლობით ასევე შემუშავებული აქვთ ლოგო „მეგობრული wi-fi“, რათა მშობლებმა და ოჯახის სხვა წევრებმა მარტივად შეძლონ ამოცნობა ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, სადაც დანამდვილებით უსაფრთხოა საზოგადოებრივი wi-fi-ის გამოყენება ბავშვებისათვის, ვინაიდან მსგავსი ლოგოს გამოყენება ცალსახად მიუთითებს, რომ კონკრეტულ სივრცეში wi-fi-ზე მოქმედებს ფილტრაცია ზიანის შემცველ ვებ-გვერდებთან დაკავშირებით. ამასთან, დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მშობლების განათლების უზრუნველყოფას ონლაინ უსაფრთხოების თემაზე, ზიანის მომტანი მასალების რეგულირების მიზნით.

გერმანია 

მცირეწლოვანთა დაცვა ინტერნეტით გავრცელებული შეუფერებელი კონტენტისგან რეგულირდება მაუწყებლობასა და ტელემედიაში ადამიანის ღირსებისა და მცირეწლოვანთა დაცვის შესახებ გერმანიის ფედერალურ მიწებს (ლანდებს) შორის შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული შეთანხმება პროვაიდერებს ავალდებულებს ბავშვთა და მოზარდთა დაცვას ისეთი კონტენტისგან, რომელიც ხელს უშლის მათ განვითარებას. ასეთი კონტენტი განსაზღვრულია გერმანიის ,,კანონით მცირეწლოვანთა დაცვის შესახებ’. პროვაიდერი ვალდებულია:  ტექნიკური თუ სხვა საშუალებით აღკვეთოს ან ძალიან გაართულოს აღნიშნული სახის კონტენტზე წვდომა ბავშვებისთვის; ისე დაგეგმოს კონტენტის გადაცემა ან მასზე წვდომა, რომ შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებმა და მოზარდებმა, როგორც წესი, ვერ ნახონ და ვერ მოისმინონ ასეთი კონტენტი. 

შეთანხმება მცირეწლოვანთა დაცვის შესახებ ასევე განსაზღვრავს მცირეწლოვანთათვის დაუშვებელი რეკლამის სახეებს. ასევე იკრძალება არასრულწლოვანთათვის საზიანოდ მიჩნეული კონტენტის რეკლამირება. საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურებების პროვაიდერებს ევალებათ სათანადო სერტიფიკატის მქონე ტექნიკური სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მცირეწლოვანთა დაცვას ასაკობრივი დიფერენცირების შესაბამისად. სერტიფიკატს გასცემს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო-მედიაში მცირეწლოვანთა დაცვის კომისიის მეშვეობით. აღნიშნული კომისიის მიზანია დაეხმაროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს პროვაიდერების მიერ შეთანხმების დებულებების შესრულების კონტროლში. მცირეწლოვანთა დაცვის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ასევე დასაშვებია ნებაყოფლობითი თვითრეგულირების ორგანოების დაფუძნება სამაუწყებლო, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო მედიის მომსახურებებისთვის, რომლებიც წესდების საფუძველზე ახორციელებენ შეთანხმების დებულებებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სახელმძღვანელო მითითებების შესრულების მონიტორინგს. საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო მომსახურებების პროვაიდერი ვალდებულია მედიაში მცირეწლოვანთა დაცვის კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია კონტენტთან და მცირეწლოვანთა დაცვის დებულებების შესრულების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით და მოთხოვნის შემთხვევაში უფასოდ დაუშვას კონტენტზე წვდომა კონტროლის მიზნით.

მცირეწლოვანთა დაცვის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ნებისმიერ პირს, რომელიც აღნიშნული შეთანხმების დებულებების დარღვევით გაავრცელებს, ან არ დაიცავს გავრცელებისგან კონტენტს, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვთა და მოზარდთა განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან, პასუხისმგებლობის მქონე წევრად ჩამოყალიბებას, ეკისრება პატიმრობა ერთ წლამდე ვადით ან ჯარიმა. თუ შეთანხმების დებულებების დარღვევა დაუდევრობით არის ჩადენილი, პატიმრობის მაქსიმალური ვადა შეადგენს ექვს თვეს. პროვაიდერს ეკისრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა, თუ იგი განზრახ ან დაუდევრობით გაავრცელებს, ან არ დაიცავს გავრცელებისგან კონტენტს მცირეწლოვანთა დაცვის შესახებ შეთანხმების დებულებების დარღვევით.

საფრანგეთი 

საფრანგეთმა 2004 წ. მიიღო კანონი „ციფრული ეკონომიკის ნდობის შესახებ“ (LCEN), რომელიც ინტერნეტ სერვის-პროვაიდერებისგან მოითხოვს საკუთარი მომხმარებლისთვის ფილტრაციის პროგრამის თავისუფალ მიწოდებას გარკვეული ტიპის ინტერნეტ კონტენტისგან დასაცავად. კანონი ასევე ავალდებულებს პროვაიდერებს ებრძოლონ დარღვევებს, მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიას. პროვაიდერებს ევალებათ განახორციელონ პროცედურა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პირს შეუძლია შეტყობინება უკანონო კონტენტის შესახებ და შესაბამისი ზომების გატარება ონლაინ კონტენტისგან მიყენებული ზიანის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით. სასამართლო ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე პროვაიდერები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ნებისმიერი პირის იდენტიფიცირება, რომელმაც მონაწილეობა მიიღო უკანონო კონტენტის შექმნაში.

სატელეფონო და ინტერნეტ სერვისების პროვაიდერებს ევალებათ პროფესიული ეთიკის კოდექსის დაცვა, რაც გულისხმობს არ მიაწოდონ მოსახლეობას ძალადობის ან პორნოგრაფიის შემცველი, ან ბავშვებისა და მოზარდებისთვის საზიანო გამოსახულებები. პროვაიდერებს მოეთხოვებათ ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი და ნებისმიერი სახის უკანონო ინფორმაციის წაშლა ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებამდე. ამასთან, პროვაიდერები მისდევენ მკაცრ სახელმძღვანელო მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს ბავშვებს. საფრანგეთის მობილურმა სატელეფონო კომპანიებმა 2006 წელს ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონიერი კონტენტი (მაგალითად პორნოგრაფია, ძალადობის შემცველი გამოსახულებები და სხვ.) შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს ბავშვებისთვის და მოიცავს ოპერატორების მიერ კონტენტის კლასიფიცირების ზომებსა და იოლად გამოსაყენებელ კონტროლის ზომებს მშობლებისთვის.

უსაფრთხო ინტერნეტის ფრანგული ცენტრი (SIC) 2009 წლის 1 ივლისიდან უზრუნველყოფს სამი დამატებითი სერვისის კომბინაციას მცირეწლოვანთა ონლაინ დაცვისა და ონლაინ რისკებზე მათი განათლების თვალსაზრისით, ესენია:
•    მოზარდების ცნობიერების ამაღლების ეროვნული პროგრამა;
•    ინტერნეტში მოზარდების დაცვის მიზნით შექმნილი უფასო
დახმარების ხაზი - 3018, რომელსაც მართავს ასოციაცია e-Enfance.
•    არალეგალური კონტენტის ონლაინ შეტყობინების ეროვნული სერვისი (ცხელი ხაზი), რომელიც იმავდროულად არის INHOPE ქსელის პარტნიორი.

2004 წლიდან საფრანგეთის სკოლებში მოქმედებს მასწავლებლებისა და მოსწავლეების საგანმანათლებლო პროგრამები ინტერნეტ უსაფრთხოების კუთხით. ამავე დროს, ყველა სკოლაში დანერგილია ნაციონალური ფილტრის სისტემები ბავშვების შეუფერებელი კონტენტისგან დასაცავად. ინტერნეტ რესურსები ხელმისაწვდომია „Eduscol“-ის მეშვეობით. „Eduscol“ არის პორტალი, რომელიც განკუთვნილია მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლებისა და განათლების სფეროს პროფესიონალებისთვის და მოიცავს მრავალფეროვან რესურსებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ინტერნეტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ყველა სკოლა ვალდებულია წარმოადგინოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) წესი, რომელსაც ხელს აწერენ მოსწავლეები და მშობლები.
    
შვედეთი

შვედეთის კანონი „რადიოსა და ტელევიზიის შესახებ“ სატელევიზიო გადაცემებთან ერთად ეხება სატელევიზიო კონტენტს, რომლის მიღება შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით. კანონის შესაბამისად, ძალადობა და პორნოგრაფიული გამოსახულებები ისე არ უნდა იქნას მიწოდებული, რომ ბავშვები აღნიშნული პროგრამების ნახვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. იუსტიციის კანცლერი სამაუწყებლო კომისიის მეშვეობით აკონტროლებს პროგრამებში ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ძალადობისა და პორნოგრაფიის არსებობას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართავს შესაბამის მხარეს შეწყვიტოს აღნიშნული პროგრამის გადაცემა. 

შვედეთის მონაცემთა დაცვის სააგენტომ, ბავშვთა ომბუდსმენმა და შვედეთის მედიის საბჭომ 2020 წელს ერთობლივად შეიმუშავეს სახელმძღვანელო, რომელიც ორიენტირებულია ბავშვთა უფლებების პერსპექტივიდან გამომდინარე მოზარდებისთვის უსაფრთხო ციფრული პლატფორმების შექმნაზე. მასში ასევე თავმოყრილია რეკომენდაციები ზიანის შემცველი კონტენტისგან ბავშვთა დაცვის საკითხებზე, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტით მიჩნეულია, რომ ზრდასრულებისგან განსხვავებით ბავშვები ბევრად დაუცველები არიან, რადგან ისინი ნაკლებად კრიტიკულად უდგებიან და შესაბამისად, უფრო მგრძნობიარენი არიან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის თუ შეტყობინებების მიმართ. 
 

ფინეთი 

ფინეთის კონსტიტუციის მიხედვით, „ყველას აქვს უფლება გამოთქვას, გაავრცელოს და მიიღოს ინფორმაცია, აზრი და სხვა სახის კომუნიკაცია ნებისმიერი პირის მიერ წინასწარი შეზღუდვის გარეშე. კანონით შესაძლებელია ცალკეული დებულებებისა და შეზღუდვების დაწესება ილუსტრაციულ პროგრამებზე ბავშვთა დაცვის მიზნით. „აუდიოვიზუალური პროგრამების შესახებ“ ფინეთის კანონის (the Act on Audiovisual Programmes (710/2011)) შესაბამისად, სატელევიზიო გადაცემებთან ერთად აუდიოვიზუალური პროგრამა გულისხმობს „თამაშებს ან სხვა სახის კონტენტს, რომლის ნახვაც შესაძლებელია მოძრავი სურათების სახით ტექნიკური საშუალებების დახმარებით“. კანონის შესაბამისად, აუდიოვიზუალური პროგრამის მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ მისი კლასიფიცირების შემდგომ. კლასიფიცირება ნიშნავს კონტენტის შეფასებას, რათა განისაზღვროს მისი საზიანო ზემოქმედება გარკვეული ასაკის ბავშვების განვითარებაზე. ამასთან, აუცილებელია პროგრამასთან ერთად წარმოდგენილი იყოს ასაკობრივი ზღვარის მაჩვენებელი ნიშანი.
ფინეთში აკრძალულია 18 წლამდე ასაკობრივი შეზღუდვის მქონე კონტენტის მიწოდება მცირეწლოვანთათვის. აუდიოვიზუალური პროგრამის პროვაიდერს ევალება უზრუნველყოს, რომ 7, 12 და 16 წლამდე შეზღუდული კონტენტი არ იყოს ხელმისაწვდომი უფრო მცირე ასაკის ბავშვებისთვის. ამასთან, ასაკობრივი შეზღუდვის მქონე პროგრამის მიწოდება დასაშვებია არაუმეტეს 3 წლით უმცროსი ბავშვისთვის, 18 წელს მიღწეული პირის თანდასწრებით.

კონტენტის შეზღუდვის მიზნით პროვაიდერმა ასევე უნდა უზრუნველყოს: მომსახურების შეთავაზება, რომელიც აღნიშნული პროგრამის ნახვას ზღუდავს; მაყურებლის ასაკის სხვაგვარი შემოწმება პროგრამის მიწოდების დროს. აღნიშნული კანონის შესაბამისად, აუდიოვიზუალური პროგრამის პროვაიდერი თავისუფლდება თამაშის კლასიფიცირებისგან, თუ მას შემუშავებული აქვს ქცევის კოდექსი, რომელიც შემოწმებულია ფინეთის მედია განათლებისა და აუდიოვიზუალური პროგრამების ცენტრის მიერ. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ფინეთის მედია განათლებისა და აუდიოვიზუალური პროგრამების ცენტრი რეკომენდაციას უწევს აუდიოვიზუალური პროგრამების პროვაიდერს აღნიშნული დებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და უფლებამოსილია დააკისროს ჯარიმა რეკომენდაციის აღსრულების მიზნით.ევროკომისიის დოკუმენტის ფარგლებში - „Communication - European Strategy to make the internet a better place for kids“ - ყველა განხილულ ქვეყანაში, მოქმედებს უსაფრთხო ინტერნეტის ცენტრი და აღინიშნება უსაფრთხო ინტერნეტის დღე. 

ევროკავშირის ქვეყნებში, ქსელში არსებულ კონტენტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკისრებათ ინტერნეტ-კომპანიებს და პროვაიდერებს. ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ნებაყოფლობით Safer Internet Programme-ს, რომელშიც გაერთიანებულია 30 მსხვილი მსოფლიო დონის კომპანია მაღალი ტექნოლოგიის სფეროში. კერძოდ, Apple, Facebook, Google, Deutsche Telekom, Samsung, Microsoft, Nintendo და სხვ. Safer Internet Programme-ს აქვს სხვადასხვა მიმართულება, რომელიც მოიცავს პროგრამულ უზრუნველყოფას, ეფექტურ და მარტივ ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ბავშვებს და მათ მშობლებს შეატყობინონ ქსელში ნებისმიერი მავნე ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ. გარდა Safer Internet Programme-ისა, ევროკავშირი მნიშვნელობას ანიჭებს მშობლების განათლებას და ინტერნეტ-საიტების კონტენტის ნებაყოფლობით დასათაურებას. ამ სფეროში დახმარებას უწევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც  დაკომპლექტებულია ევროკავშირის ქვეყნების, ისლანდიისა და ნორვეგიის წარმომადგენლებისგან, 2019 წელს შეიქმნა ევროკომისიის მიერ. იგი  ორიენტირებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ბავშვების უსაფრთხოება ინტერნეტით სარგებლობისას. ჯგუფის ერთ-ერთი მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს არასრულწლოვანთა შესახებ ძირითად სამართლებრივ აქტებში არსებული ზოგიერთი კონკრეტული დებულება, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა მავნე კონტენტისგან დაცვის ზომებს (აუდიოვიზუალური მედია სერვისების დირექტივა - AVMSD) და ბავშვების მონაცემებზე წვდომისთვის მშობლის თანხმობის მოპოვების წესებს (მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია -GDPR).

დღეს, ევროპული ქვეყნების პრაქტიკით აღიარებულია, რომ ბავშვების დასაცავად ონლაინ რისკებისგან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თვითრეგულირების მექანიზმები. ეს ინსტრუმენტი მიუთითებს მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაზე და ვალდებულებაზე. საქართველოს რეალობისთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირებმა ერთობლივად იზრუნონ ქმედითი თვითრეგულირების მექანიზმისა და ქცევის კოდექსების შემუშავებაზე; ხოლო, მეორე მხრივ, ეფექტიანი საფილტრო პროგრამების შემუშავების/ადმინისტრირების პარალელურად მუდმივად მიმდინარეობდეს მშობელთა, აღმზრდელთა და ბავშვთა ცნობიერების დონის უწყვეტი ამაღლების პროცესი. 

არაერთი საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის შედეგად ცალსახად წარმოჩინდა, რომ მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე. ამ თვალსაზრისით საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და კვლავ მიმდინარეობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივითა და ხელშეწყობით. რაც უფრო მაღალია ბავშვების და მოზარდების მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია რეალურ სამყაროსა და ონლაინ სამყაროს შორის არსებული საზღვრის დანახვის უნარი. როდესაც მოზარდი მედიაწიგნიერია, ის უფრო სწრაფად და სწორად იკვლევს გზას ინფორმაციისა და ტექნოლოგიების უწყვეტი ნაკადებით სავსე სამყაროში, ადვილად არიდებს თავს მისთვის საზიანო ან ზედმეტ ინფორმაციას, არ ექცევა ინფორმაციის წნეხში და არ აძლევს საშუალებას მედიას, ზეგავლენა ხელოვნურად მოახდინოს მის გონებასა და მის დღის წესრიგზე. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიაწიგნიერების მიდგომები ფართოდ იქნას გამოყენებული სწავლების პროცესში როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში; ხოლო აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, პრაქტიკაში ეფექტიანად და უწყვეტ პროცესად იქნას დანერგილი საერთაშორისო გამოცდილება და მიღწევები.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი