მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შუქზე

19 მაისი 2023

ავტორი: ეკა მამალაძე
ადამიანის უფლებათა სამართლის იურისტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უფროსი ანალიტიკოსი


გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს და მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სისტემაში. გამოხატვის თავისუფლების გარანტიებით თითოეული მოქალაქის მსგავსად მოსამართლეებიც სარგებლობენ. მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებმა განსაკუთრებული აქტუალურობა მას შემდეგ შეიძინა, რაც 2021 წლის დეკემბერში ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის საკანონმდებლო ცვლილებებით გაფართოვდა მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და არსებულ საფუძვლებს დაემატა ,,მოსამართლის მიერ აზრის გამოხატვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით’’. 2023 წლის 14 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში ვენეციის კომისიამ გაიმეორა აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით 2022 წელს გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმად ტერმინი ,,პოლიტიკური ნეიტრალურობა’’ ფართო განმარტებისა და გამოყენების შესაძლებლობას იძლეოდა და უნდა დავიწროვებულიყო. კომისიამ აღნიშნა, რომ ,,თუ პოლიტიკური ნეიტრალურობა’’ შენარჩუნებულ უნდა იქნეს, დისციპლინური სანქციის დაკისრება შესაძლებელი უნდა იყოს მოსამართლის მხრიდან ნეიტრალურობის ვალდებულების მხოლოდ აშკარა დარღვევებზე ან იმგვარ საკითხებზე გამოხატვასთან დაკავშირებით გამონაკლისის დაწესებით, როგორიცაა სასამართლო სისტემის რეფორმა და საკანონმდებლო საკითხები.’’ მნიშვნელოვანია, თუ რა სტანდარტებს აწესებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო [შემდეგში სტრასბურგის სასამართლო] მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით და რა ფაქტორებს ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლო მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობის შეფასების დროს.

წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით დადგენილი სტანდარტების შესწავლას და ამ მიმართულებით პრეცედენტული სამართლის მიმოხილვას. აღნიშნული საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ პრაქტიკის განვითარების ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველს შექმნის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმის განხილვის სტანდარტები

მოსამართლეების გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით, თუმცა ის არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას და მისი შეზღუდვა დასაშვებია კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფით გათვალისწინებული საფუძვლებით. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ჰარაბინი სლოვაკეთის წინააღმდეგ მიიჩნია, რომ მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა მკაცრ ზედამხედველობას საჭიროებს. სასამართლო იაზრებს, რომ მოსამართლეთა გამოხატვა განსხვავდება სხვა ადამიანების გამოხატვისგან, ვინაიდან ისინი სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები არიან და კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის იდეას წარმოადგენენენ; ამასთანავე, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები საზოგადოების მხრიდან შესაძლოა მიჩნეულ იქნეს სასამართლო ხელისუფლების პოზიციად. თუმცა, სასამართლოს განმარტებით, მოსამართლეებს მათი სტატუსისა და საქმიანობის გამო არ უნდა აეკრძალოთ სოციალურ აქტივობებში ჩართულობა. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოსამართლის გამოხატვის ფარგლები შედარებითი ხასიათისაა და მისი ფარგლები დამოკიდებულია გამოხატვის კონტექსტზე, ასევე იმაზე თუ სად ხდება აზრის გამოთქმა და რა საკითხთან დაკავშირებით. იმგვარი საკითხები, რომლებიც ხელისუფლების დანაწილებას, სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასა და სამართლებრივ ასპექტებს ეხება საჯარო ინტერესის მქონედ მიიჩნევა და ამ შემთხვევებში მოსამართლეთა გამოხატვა უფრო მაღალი ხარისხით არის დაცული. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლების დანაწილება ან სასამართლო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება ეხებოდეს პოლიტიკურ ასპექტებსაც, მოსამართლეებს არ უნდა ართმევდეს საჯარო დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ვინაიდან აღნიშნული ეჭვქვეშ არ აყენებს მათ მიუკერძოებლობას. ამდენად, მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები უფრო ვიწროა, როდესაც ეჭვქვეშ დგება სასამართლოს მიუკერძოებლობა.

სტრასბურგის სასამართლო მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას აფასებს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით: ჩარევა კანონმდებლობით უნდა იყოს გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული ხელისუფლება მასთან შედარებით უკეთეს პოზიციაშია, რათა განახორციელოს თავდაპირველი შეფასება კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეროვნული სახელმწიფოები თავისუფალი შეფასების ფარგლებით სარგებლობენ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით ჩარევა შეესაბამებოდა თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, სტრასბურგის სასამართლო იღებს. 

როგორც წესი, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე განსახილველ საქმეებში ზემოხსენებული სამი საფეხურიდან პირველი ორი სახეზეა ე.ი. ჩარევა გათვალისწინებულია კანონით და ემსახურება კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფით განმტკიცებული რომელიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ამდენად, სასამართლოს მიერ შეფასების მთავარ საგანს წარმოადგენს, რამდენად იყო ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლით ეს უკანასკნელი საფეხური მოიცავს ორი კომპონენტის შეფასებას, კერძოდ, განხორციელებული ჩარევა შეესაბამებოდა თუ არა ,,მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას’’ და იყო თუ არა ,,მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული’’.
იმის შეფასებისას მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა შეესაბამება თუ არა ,,მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას’’ და არის თუ არა ,,მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული’’, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეისწავლის სადავო განცხადებას საქმის კონკრეტული გარემოებების შუქზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მომჩივნის თანამდებობას, სადავო განცხადების შინაარსს, სადავო განცხადების გაკეთების კონტექსტს და დაკისრებული სასჯელის ბუნებასა და სიმკაცრეს. სამართალწარმოების სამართლიანობა და პროცედურული გარანტიები ასევე იმ ფაქტორებს შორისაა, რომლებიც მხედველობაში მიიღება გამოხატვის თავისუფლების ჩარევაში პროპორციულობის შეფასებისას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა

მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მრავალფეროვანი არ არის და სულ რამდენიმე საქმით შემოიფარგლება, თუმცა აღნიშნულ საქმეები მნიშვნელოვან სტანდარტებს ადგენს.

მოსამართლის გამოხატვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმეა ბაკა უნგრეთის წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეში მომჩივანმა, როგორც უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გამოთქვა კრიტიკული მოსაზრებები უნგრეთში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით. შემდგომში, მას საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე უფლებამოსილების ვადა შეუწყდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების ნაადრევი შეწყვეტა მომჩივნის მიერ საკუთარი აზრის საჯარო გამოხატვას და უფლებამოსილების შესრულებას უკავშირდებოდა, ხოლო მისი თანამდებობიდან გათავისუფლება არღვევდა მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებას. სასამართლომ ამ საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მომჩივნის მიერ დაკავებულ თანამდებობას და დაასკვნა, რომ როგორც უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მას არა მხოლოდ შეეძლო, არამედ ვალდებულიც იყო, სხვადასხვა სასამართლოების წარმომადგენელთა აზრის გაგების შემდეგ, საკუთარი აზრი გამოეხატა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეფორმებზე.

საქმეში ვილე ლიხტენშტეინის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ იმსჯელა შემდეგ საკითხზე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მომჩივნის ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით ლიხტენშტეინის პრინცის უარი, ეფუძნებოდა თუ არა მის მიერ საკონსტიტუციო კანონმდებლობასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს. სასამართლომ ასევე იმსჯელა მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა შეესაბამებოდა თუ არა ,,მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას’’. მოცემულ საქმეში სასამართლოს დიდმა პალატამ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ პრინცის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მომჩივნის მიერ ლექციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს და არა მის მიერ პროფესიული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას. მომჩივნის განცხადებებით უკმაყოფილო პრინცმა მოსამართლეს არაერთი წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობებდა, რომ პარლამენტის მხრიდან მისი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, ის მხარს არ დაუჭერდა ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მის ხელახალ დანიშვნას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა არაპროპორციული იყო, ვინაიდან მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები შეუსაბამობაში არ მოდიოდა მოსამართლის თანამდებობასთან. სასამართლომ გაიმეორა პრეცედენტული სამართლით დადგენილი პრინციპები და განაცხადა, რომ მოსამართლე პოზიციის გამოხატვისას გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება, როდესაც მისმა განცხადებამ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და ავტორიტეტი. თუმცა, ,,მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან მკაცრ ზედამხედველობას მოითხოვს’’ (&64). სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის ლექცია შეიცავდა პოლიტიკურ ელემენტებს, ვინაიდან ის საკონსტიტუციო სამართლის საკითხებს ეხებოდა. თუმცა, მისი მოსაზრება არ იყო დაუსაბუთებელი და მას იზიარებდა ლიხტენშტეინში მცხოვრები არაერთი პირი. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პრინცის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მხოლოდ მოსამართლის განცხადებას და არა მისი როგორც მოსამართლის საქმიანობის ხარისხს. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ჩარევა არაპროპორციული იყო, ვინაიდან არ ყოფილა წარმოდგენილი საკმარისი მიზეზები, რომლებიც დაადასტურებდა დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი მიღების აუცილებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, თუ დებატების ფარგლებში განსახილველი საკითხი პოლიტიკურ კომპონენტს მოიცავს, ეს გარემოება თავისთავად საკმარისი არ არის, რათა მოსამართლეს შეეზღუდოს საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების გამოხატვა.  კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით პოლიტიკურ გამოხატვასა ან საზოგადოებრივი ინტერესების მქონე დებატების შეზღუდვისთვის მხოლოდ მცირე ფარგლებია გათვალისწინებული, რასაც სტრასბურგის სასამართლო მხედველობაში იღებს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საქმეზე. ამდენად, გამოთქმულ მოსაზრებას შეაქვს თუ არა წვლილი ,,საჯარო ინტერესების დებატებში’’ მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ფასდება მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობა. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საქმეა კუდეშკინა რუსეთის წინააღმდეგ. მოცემულ საქმეზე 18-წლიანი სტაჟის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან გათავისუფლება, მის მიერ მართლმსაჯულების სისტემისადმი საჯაროდ გამოთქმული კრიტიკის გამო, სტრასბურგის სასამართლომ მე-10 მუხლის დარღვევად მიიჩნია. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ შემაშფოთებელ მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ ,,მოსამართლეებზე ზეწოლის შემთხვევები ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ამ პრობლემას სერიოზულად უნდა მოპყრობოდნენ, თუ სასამართლო სისტემას  დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საზოგადოების ნდობით სარგებლობა სურდა'’. როგორც ზემოთაც აღინიშნა, მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას  ყურადღება ექცევა იმ გარემოებას, თუ რა ვითარებაში ხდება მოსამართლის მიერ აზრის გამოხატვა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეში მომჩივანმა სადავო განცხადებები გააკეთა რუსეთის ფედერაციის დუმას კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რაც სასამართლომ იმგვარ ელემენტად მიიჩნია, რომელიც აფართოვებდა მომჩივნის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. 

სტრასბურგის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები საჯარო ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, რომლის შესახებაც დებატები გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში ხვდებოდა. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსამართლე კუდეშკინამ გააჟღერა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხები, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფალი დებატების ნაწილი უნდა იყოს. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს არ დაურღვევია სამოსამართლო ეთიკა და არ უსაუბრია ისეთ საკითხებზე, რომლებიც შესაძლებელია შეფასდეს, როგორც მის მიერ საქმის ფაქტების გამჟღავნება. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა დაკისრებული სანქციის სიმკაცრეზე. სტრასბურგის სასამართლომ ხასგასმით აღნიშნა, რომ დაკისრებული სანქცია – თანამდებობიდან გათავისუფლება, არის ,,მსუსხავი ეფექტის” მქონე იმ მოსამართლეების მიმართ, რომელთაც საჯარო დებატებში მონაწილეობის მიღება სურთ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსამართლის გათავისუფლება გულისხმობდა მისთვის სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების ნებისმიერი შანსის ჩამორთმევას და მომჩივნისთვის უკიდურესად რთული იქნებოდა იმ პროფესიაზე უარის თქმა, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ახორციელებდა.  ამასთან, ის რთული ფინანსური გამოწვევების წინაშე რჩებოდა. 

ანალოგიურად, საქმეზე დი ჯიოვანი იტალიის წინააღმდეგ  სასამართლომ, მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას, მხედველობაში მიიღო მოსამართლისთვის დაკისრებული სანქციის ბუნება და სიმკაცრე. მოცემულ საქმეში იტალიის სისხლის სამართლის სასამართლოს ტრიბუნალის თავმჯდომარე ასაჩივრებდა დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში მისთვის დისციპლინური სახდელის სახით დაკისრებულ შენიშვნას, რომელიც მას დაეკისრა პრესაში გაკეთებული განცხადების გამო, რომლის თანახმად concours public წევრი მოსამართლე, რომელსაც მოსამართლეების შერჩევის ფუნქცია ჰქონდა, ცდილობდა სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭებინა ოჯახის წევრისთვის. ხელისუფლების შეფასებით, მან აღნიშნული განცხადების გაკეთებით პატივი არ სცა სასამართლოს ხელისუფლებას და მასზე, როგორც მოსამართლეზე, დაკისრებულ შეზღუდვებს. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული საფუძვლები საკმარისად მიიჩნია დაკისრებული შეზღუდვის გასამართლებლად, ასევე გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ მომჩივანს ყველაზე მსუბუქი სანქცია დაეკისრა.

ამდენად, დაკისრებული სანქციის ბუნება და სიმკაცრე ის ფაქტორებია, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს, როდესაც აფასებს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას;  უფრო კონკრეტულად კი, კერძოდ, როდესაც აფასებს მოსამართლისთვის დაკისრებულ სანქციას ექნება თუ არა ,,მსუსხავი ეფექტი’’ სხვა მოსამართლეებზე, რაც მათ დააბრკოლებს საჯარო ინსტიტუტების ან პოლიტიკის მიმართ კრიტიკული განცხადებების გაკეთებაში. სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო მოსამართლისთვის დაკისრებულმა სანქცია ადეკვატური უნდა იყოს.

სტრასბურგის სასამართლო მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას ასევე ითვალისწინებს განცხადების გაკეთების მოტივს და იმ გარემოებას, აქვს თუ არა გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობას გავლენა მოსამართლის საქმიანობაზე. გადაწყვეტილება საქმეზე ალბაირაკი თურქეთის წინააღმდეგ ნათელი მაგალითია, სადაც სასამართლომ ჩარევის პროპორციულობის განხილვისას ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, ჰქონდა თუ არა მომჩივნის ქმედებას გავლენა მის მიერ სამოსამართლო ფუნქციის განხორციელებაზე. მოცემულ საქმეში მოსამართლეს დაეკისრა დისციპლინური სახდელი თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობილ ,,ქურთების მუშათა პარტიასთან’’ (PKK) დაკავშირებული მედიის კითხვის გამო. მოსამართლემ აღიარა, რომ ის ეცნობოდა მსგავს პუბლიკაციებს, თუმცა მხოლოდ რეგიონში არსებული ინციდენტების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით. ის ამტკიცებდა, რომ სწამდა სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპების, მას ერთგულებით ემსახურებოდა და PKK-სთან დაკავშირებული მედიის კითხვას გავლენა არ ჰქონდა მის სამოსამართლო საქმიანობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში მითითება არ ყოფილა რაიმე ინციდენტზე, რომელიც  ცხადყოფდა, რომ ,,მომჩივნის ქმედებას, მათ შორის PKK-სთან დაკავშირებული მედიისთვის თვალ-ყურის მიდევნებას, გავლენა ჰქონდა მომჩივნის, როგორც მოსამართლის, საქმიანობაზე, ეს ეხებოდა როგორც, ძველ, ასევე მოქმედ ან სამომავლო სამართალწარმოებას’’.  აღნიშნულის საპირისპიროდ, სტრასბურგის სასამართლომ დასაშვებად არ ცნო საქმე პიტკევიჩი რუსეთის წინააღმდეგ , სადაც მოსამართლე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, სამოსამართლო ფუნქციის განხორციელების დროს რელიგიური მრწამსის გამოხატვის გამო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყენებული ღონისძიება კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული და ემსახურებოდა სხვათა დაცვისა და სასამართლოს ავტორიტეტის შენარჩუნების ლეგიტიმურ მიზანს. რაც შეეხება საკითხს - იყო თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსამართლის მხრიდან სასამართლო პროცესზე მრწამსის გაცხადებამ შესაძლოა სასამართლოს მიკერძოების შთაბეჭდილება შექმნას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულებისადმი. საბოლოო ჯამში, ცალსახა იყო, რომ მომჩივანმა დაარღვია მასზე, როგორც მოსამართლეზე, კანონით დაკისრებული ვალდებულება და საფრთხე შეუქმნა მოსამართლის მიუკერძოებლობის სურათს, რომელსაც მოსამართლე საზოგადოებაში უნდა ტოვებდეს. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო და აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია.

დასკვნა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ანალიზი ცხადყოფს, რომ გამოხატვის თავისუფლების გარანტიები მოსამართლეებზეც ვრცელდება. თუმცა, მათი განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, ის შეიძლება შეზღუდულ იქნეს შესაბამისი გამამართლებელი საფუძვლების არსებობისას, მათ შორის როდესაც შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს სასამართლოს მიუკერძოებლობა. სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი სტანდარტებით, მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა საჭიროებს მკაცრ ზედამხედველობას. ამასთან, სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, მოსამართლეებს არ უნდა ეკრძალებოდეთ საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე დებატებში მონაწილეობა და მათი გამოხატვა უფრო მაღალი სტანდარტით არის დაცული, როდესაც გამოხატვა უკავშირდება ხელისუფლების დანაწილებას, სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასა და სამართლებრივ საკითხებს. სტრასბურგის სასამართლო საკითხის შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტორებზე: რა არის მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი, სად და რა ფორმით გაკეთდა აღნიშნული განცხადება და რა იყო აღნიშნული განცხადების გაკეთების კონტექსტი. სტრასბურგის სასამართლო დამატებითი ყურადღება აქცევს სახელმწიფოს მიერ გამოყენებული სანქციის ბუნებასა და სიმძიმეს, რაც მნიშვნელოვანია, რათა არაპროპორციულად მძიმე სანქციამ ,,მსუსხავი ეფექტი’’ არ იქონიოს სხვა მოსამართლეებზე.


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი