ცილისწამება სოციალურ მედიაში და უფლების დაცვის სამართლებრივი გზები 

17 ოქტომბერი 2022

ავტორი: სერგი ჯორბენაძე  
ასოც. პროფესორი, სამართლის დოქტორი (PhD), სამართლის მაგისტრი (LL.M.), 
ადვოკატი, JG Counselors-ის მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი 


1. წინათქმა

სოციალური მედია სამართლისგან დამოუკიდებელი არ არის. შესაბამისად, მომხმარებელმა მედიით სარგებლობისას უნდა დაიცვას კანონი. ეს კი ნიშნავს, რომ სოციალურ მედიაში კანონის დარღვევით განხორციელებული აქტივობა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს. წინამდებარე ნაშრომში დარღვევების ფართო წრიდან, ყურადღება გამახვილდება ცილისწამების საკითხსა და უფლების დაცვის სამართლებრივ გზებზე. ამ კუთხით იქნება გააზრებული ქართულ სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული ძირითადი ასპექტები. 

2. ცილისწამების გამოვლინება სოციალურ მედიაში

ცილისწამება სოციალურ მედიაში სხვადასხვა ფორმით შეიძლება განხორციელდეს. ეს ეხება როგორც წერილობით (მაგალითად, პოსტი), ისე ზეპირ (მაგალითად, ვიდეო) ფორმას და სხვ. თითოეულ შემთხვევაში, უპირველესად უნდა განისაზღვროს ადრესატის სამართლებრივი სტატუსი (კერძო პირია თუ საჯარო) და შემდეგ ის წინაპირობები, რომლებიც ცილისწამების საფუძვლებს წარმოადგენს. 

2.1 კერძო და საჯარო პირი

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, კერძო პირის განმარტება საკმაოდ ლაკონიურია: „ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო“. რაც შეეხება საჯარო პირის განმარტებას, მასში მოაზრებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება“. შესაბამისად, ასეთად შეიძლება მოაზრებულ იქნეს საზოგადოებისთვის ცნობილი პირი (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, 23.04.2014, №ას-1332-1258-2012), ნოტარიუსი (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, 06.04.2015, №ას-22-22-2014), ბიზნესმენი (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, 26.07.2017, №ას-1011-972-2016) და სხვ.

2.2 ცილისწამების საფუძვლები

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ცილისწამებას წარმოადგენს „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“. ამავე კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, კერძო პირის ცილისწამებას ექნება ადგილი, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მის შესახებ და რომ ამ განცხადებით მას ზიანი მიადგა. ამავე კანონის მე-14 მუხლით გაწერილია საჯარო პირის ცილისწამება, რომელშიც, გარდა მე-13 მუხლით განსაზღვრული წინაპირობებისა, დამატებულია შემდეგი მოცემულობა: „...და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება“. ამდენად, საჯარო პირის შემთხვევაში, კანონითაა დადგენილი მეტი წინაპირობა ცილისწამების დასასაბუთებლად (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, 03.08.2012, №ას-1739-1720-2011).

2.3 გავრცელების არეალი სოციალურ მედიაში

სოციალურ მედიაში ცილისწამება შეიძლება განხორციელდეს როგორც საკუთარ „კედელზე“ პოსტის/ვიდეოს დადებით, ისე კომენტარისა თუ ე.წ. „სთორის“ განთავსებით, ასევე ნებისმიერი გზით, რაც პირს შესაძლებლობას მისცემს, შელახოს სხვა პირის უფლებები. ამის შესახებ საინტერესო განმარტება გააკეთა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რომელმაც ცილისწამების აუცილებელ წინაპირობად გასაჯაროების ფაქტის არსებობა მიიჩნია. მაგალითად, თუ კომუნიკაციას (და შესაბამისად, ცილისმწამებლურ განცხადებას) ადგილი ჰქონდა ორ პირს შორის პირად მიმოწერაში (Messenger), მაშინ ცილისწამების საფუძველიც არ იარსებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, 05.03.2021, №ას-810-2019). აღნიშნული ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პირადი მიმოწერისას (მაგალითად, Messenger-ით, WhatsApp-ით, ან Chat-ის ფუნქციის მქონე ნებისმიერი საშუალებით) ცილისწამების გარემოება გამოირიცხება, არამედ განჩინებაში საუბარია ორ პირს შორის კომუნიკაციაზე. შესაბამისად, ვთქვათ, Messenger-ის ჯგუფში 100 ადამიანი რომ იყოს გაწევრებული საქმიანი ურთიერთობით და ერთ-ერთმა მათგანმა გააკეთოს ცილისმწამებლური განცხადება (შელახოს სხვა პირის უფლება), განმცხადებლის პასუხისმგებლობა (ცილისწამების დადასტურების შემთხვევაში) მაინც დადგება. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალურ მედიაში ცილისწამებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს პირთა როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი წრისთვის განკუთვნილ სივრცეში. მაგალითად, დახურულ ჯგუფში, რომლის წევრების რაოდენობაცა და გაწევრების მიზანიც დაფუძნებულია საქმიან ან რაიმე მსგავს გამაერთიანებელ წინაპირობაზე. მხოლოდ ფაქტი, რომ ჯგუფი დახურულია, არ ნიშნავს, რომ პირს მცდარი (მით უმეტეს, ზიანის მომტანი) ფაქტის გავრცელების უფლება აქვს. 

2.4 ცილისწამების გამომრიცხველი გარემოებები

ცილისწამების გამომრიცხველი გარემოება ორი ასპექტით განისაზღვრება: ა) აბსოლუტური პრივილეგია და ბ) კვალიფიციური პრივილეგია. პირველ მათგანს განეკუთვნება აზრის დაფიქსირება (ასევე პროფესიული საიდუმლოების წყაროს დაცვის უფლება. თუმცა, რადგან ეს უკანასკნელი წინამდებარე ნაშრომის განხილვის საგანი არ არის, მასზე არ შევჩერდები). აზრის დაფიქსირება გულისხმობს შეხედულების, მოსაზრების საჯაროდ გამოხატვას, რა დროსაც სხვა პირის (მოსარჩელის) უფლებები (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, 24.09.2012, №ას-677-638-2011) არ უნდა შეილახოს. რაც შეეხება კვალიფიციურ პრივილეგიას (გარდა მოწოდებისა, რომელიც წინამდებარე ნაშრომის განხილვის თემას არ წარმოადგენს), ის ხუთ ასპექტშია მოცემული: ა) განცხადება, რომლის გაკეთებისას პირმა მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად; ბ) განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს; გ) პირის მიერ გაკეთებული განცხადება მოსარჩელის თანხმობით; დ) თუ განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს; ე) თუ განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. კვალიფიციური პრივილეგიისას კანონი განსაზღვრავს პირის ნაწილობრივ ან პირობით გათავისუფლებას პასუხისმგებლობისგან. 

3. უფლების დაცვის გზები

სოციალური მედიის განვითარების გათვალისწინებით, უფლების დაცვის გზები განსხვავებულად წარმოჩინდება: სასარჩელო მოთხოვნის დაყენებისა თუ სხვა პროცესუალური ასპექტების კუთხით. აღნიშნულის მიზეზი კი სოციალური მედიის ე.წ. „ტრადიციული მედიისგან“ განსხვავებული მახასიათებლებია. 

3.1 სასარჩელო მოთხოვნა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების უარყოფაზე

არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების უარყოფა ცილისწამების დავაში მთავარ და საკვანძო ასპექტს წარმოადგენს. მოთხოვნა უარყოფის თაობაზე უნდა იყოს კონკრეტული და უნდა გამომდინარეობდეს სადავო (ცილისმწამებლური) განცხადების შინაარსიდან (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, 03.07.2019, №ას-1544-1464-2017).

3.2 სასარჩელო მოთხოვნა უარყოფილი ფაქტების სათანადო გავრცელებაზე

როგორც აღინიშნა, მხოლოდ ფორმალური უარყოფა შედეგს ვერ მოიტანს დავებში, რომლებიც სოციალურ მედიაში ცილისწამების საკითხს ეხება. მაგალითად, შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგი მოცემულობა: პირს დაევალა, საკუთარი ფეისბუქის „კედელზე“ უარმყოფელი განცხადების განთავსება. სოციალურ ქსელში არსებულ საშუალებათა გათვალისწინებით, პირს შეუძლია, უარმყოფელი განცხადება დროის მცირე მონაკვეთით განათავსოს და შემდეგ წაშალოს. ეს კი ნიშნავს, რომ ფორმალური გზით თავს აარიდებს იმ შედეგის მიღწევას, რაც სურს მოსარჩელეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ სასარჩელო მოთხოვნაში დაკონკრეტდეს ორი ასპექტი: ა) გადაწყვეტილების გამოტანიდან, რა პერიოდში უნდა განათავსოს პირმა უარმყოფელი განცხადება და ბ) რა პერიოდით უნდა ჰქონდეს განთავსებული პირს უარმყოფელი განცხადება (მაგალითად, 6 თვე, 1 წელი თუ სხვ.).

ცალკე აღნიშვნის თემაა, რა ფორმატით უნდა განთავსდეს უარმყოფელი პოსტი. მაგალითად, თუ ცილისმწამებლური განცხადება გაკეთებულია კონკრეტული ფოტოს/სურათის/ვიზუალის გამოყენებით, შესაძლებელია, რომ სასარჩელო მოთხოვნაში დაკონკრეტდეს ანალოგიური ფორმატის (ფოტოს/სურათის/ვიზუალის) გზით შესაბამისი უარმყოფელი განცხადების გავრცელების აუცილებლობა. 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს შეუძლია, ნებისმიერ დროს წაშალოს სოციალურ მედიაში თავისი ანგარიში, ამ მხრივაც მნიშვნელოვანი იქნებოდა მის მიმართ სათანადო მოთხოვნების დაყენება და მისი ვალდებულებების ხაზგასმა, არ წაშალოს ანგარიში სოციალურ მედიაში იმ ვადით, რა ვადაშიც მოუწევს მას უარმყოფელი პოსტის განთავსება. 

3.3 მიყენებული ზიანის ანაზღაურება

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თუ შესწორება ან უარყოფა საკმარისი არ იქნა ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის, მოპასუხეს შეიძლება ცალკე დაეკისროს ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, 26.07.2017, №ას-1011-972-2016).

4. სარჩელის უზრუნველყოფა სოციალურ მედიაში განხორციელებულ აქტივობასთან მიმართებით

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ცილისწამების დავებთან მიმართებით ახლებურ პრეცედენტს წარმოადგენს. რადგან მომხმარებელს (მაშასადამე, მოპასუხეს) აქვს სოციალურ მედიაში ანგარიშის და, შესაბამისად, ამ ანგარიშის ქვეშ არსებული პოსტის/განცხადების განკარგვის შესაძლებლობა, ეს ნიშნავს, რომ მისი განსასაზღვრია, პოსტს წაშლის, დააკორექტირებს თუ სხვა მოქმედებას განახორციელებს. ამდენად, ერთი მხრივ, სასამართლოში მიმდინარეობს ცილისწამებასთან დაკავშირებული დავა, ხოლო, მეორე მხრივ, მთელი ეს პერიოდი (იგულისხმება ყველა ინსტანცია) ცილისმწამებლური პოსტი განთავსებულია და მისი ხილვის უფლება აქვს თითოეულ პირს (განსაზღვრულ ჯგუფს). ამ მოცემულობით, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება მოსარჩელის მიერ შესაბამისი უფლების დაცვა. ერთ-ერთ საქმეზე მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და გასაჩივრებული პოსტის საჯაროდან („Public“) მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმზე („Only Me“) გადაყვანა მოითხოვა. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე მოპასუხეს დაეკისრა ვალდებულება, პოსტის დაფარვის (საჯაროობისგან შეზღუდვის და არა წაშლის) სახით. 

ქართულ სასამართლო პრაქტიკაში სარჩელის უზრუნველყოფის სხვა შემთხვევებსაც აქვს ადგილი. თითოეული მათგანი  გამომდინარეობს სარჩელის აღსრულების მიზნებიდან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, 24.12.2021, №ას-1192-2021). მაგალითისთვის შეიძლება რამდენიმე მათგანის განხილვა: მოპასუხეს დაევალა: YouTube-ზე განთავსებული ვიდეოს გასაჯაროების შეზღუდვა; სოციალურ მედიაში არსებული ანგარიშის წაშლა; სოციალურ მედიაში არსებული ანგარიშის სახელის შეცვლის შეზღუდვა (მაგალითად, თუ პირის ანგარიშის სახელია Giorgi Kapanadze, იმგვარად უნდა ისარგებლოს მან ანგარიშით, რომ უარყოფის განცხადების განთავსებისას ასევე Giorgi Kapanadze-მ გამოაქვეყნოს შესაბამისი პოსტი); დამეგობრებული პირების 30%-ზე მეტის შეზღუდვა. 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად, მისი აღსრულება შეიძლება ორი მთავარი მიმართულებით წარიმართოს: ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს და ბ) სოციალური მედიის პლატფორმის გზით. პირველ შემთხვევაში წარმოება სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებით იწყება, ხოლო მოპასუხის მხრიდან აღუსრულებლობა შესაბამის იურიდიულ შედეგებს წარმოშობს. რაც შეეხება მეორე გზას, ის უშუალოდ სოციალური მედიის პლატფორმისთვის სააღსრულებო ფურცლისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაგზავნაზე (შესაბამისი ფორმალური წინაპირობების დაცვით) გადის. 

5. ბოლოთქმა
სოციალურ მედიაში ცილისწამების შემთხვევის არსებობისას მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელემ მოთხოვნა განცხადების შინაარსიდან გამომდინარე დააყენოს. ამ მხრივ ყურადსაღებია, როგორც ცილისმწამებლური განცხადების ტექსტი, ისე ფორმატი. შესაბამისად, მოთხოვნაც ორივე მათგანის საპირწონედ უნდა ჩამოყალიბდეს, რათა შესაძლებელი იყოს არაქონებრივი უფლებების სათანადო დაცვა. თავის მხრივ, ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მოსარჩელემ შუამდგომლობა დააყენოს სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის გზით. ამით იგი სათანადოდ უზრუნველყოფს საბოლოო მიზნის მიღწევას ცილისწამების დავაში. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი