სამკვიდროს გაყოფა - საჩუქრის ჩათვლა მემკვიდრის წილში

17 ოქტომბერი 2022

ავტორი: ეკატერინე შენგელია
თსუ იურიდიული ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი,  საქართველოს ნოტარიუსი, 
ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის ინდივიდუალური წევრი

სამკვიდრო მემკვიდრეთა შორის იყოფა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინებით. სამკვიდრო ქონების გაყოფა ნიშნავს თითოეული მემკვიდრისათვის საერთო მასიდან იმ ნაწილის განსაზღვრას, რომელიც მათ კანონით ან ანდერძით ერგებათ. გაყოფის ძირითადი კრიტერიუმი სამკვიდროში თითოეული მათგანის წილის ოდენობაა. მაგრამ შესაძლებელია, რომ მემკვიდრეები შეთანხმდნენ სამკვიდროს ისეთ განაწილებაზეც, რომელიც არ იქნება კანონით ან ანდერძით განსაზღვრული წილის შესაბამისი. მემკვიდრეთა შორის შეთანხმება აუცილებელია. პრობლემა იხსნება მაშინ, როცა მემკვიდრეებს ეანდერძათ კონკრეტული ნივთები და ამით მამკვიდრებელმა თვითონ გადაწყვიტა სამკვიდროს განაწილების საკითხი მემკვიდრეთა შორის. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს სამკვიდროს გაყოფის წესი. ასევე შეუძლია სამკვიდროს გაყოფა მესამე პირს მიანდოს, ოღონდ მესამე პირის გადაწყვეტილება არ არის მემკვიდრეებისათვის სავალდებულო, თუკი ისინი ჩათვლიან, რომ ასეთი გადაწყვეტილება აშკარად უსამართლოა. ასეთ შემთხვევაში სამკვიდრო ერთ-ერთის ან ორივე მემკვიდრის სარჩელის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა გაიყოს. სამკვიდროს გაყოფისას თითოეულ მემკვიდრეს შეუძლია თავისი წილის გამოყოფა ნატურით მოითხოვოს. არ აქვს მნიშვნელობა, ქონება მოძრავია თუ უძრავი. აუცილებელია, შესაძლებელი იყოს ქონების ნატურით გაყოფა ან არ იკრძალებოდეს კანონით. ნატურით გაყოფის შესაძლებლობაში იგულისხმება ნივთის ისეთი გაყოფა, რომელიც ცალკეულ ნაწილებს არ დაუკარგავს სამეურნეო ან სხვა მიზნობრივ დანიშნულებას. ასეთია ყველა ნივთი, რაც იყოფა, მათ შორის: ხორბლის ან სიმინდის მოსავალი, საცხოვრებელი სახლი ან მიწის ნაკვთი და სხვ. არ შეიძლება ავტომანქანის ნატურით გაყოფა მემკვიდრეებს შორის და სხვ. მემკვიდრეთა შეთანხმებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუყოფელი ნივთი შეიძლება მემკვიდრეთა საერთო წილობრივი საკუთრება გახდეს ან ერთ-ერთს დარჩეს და მეორემ სანაცვლოდ სხვა ნივთი ან მისი წილის ღირებულების ტოლფასი ანაზღაურება მიიღოს. კანონით არ დაიშვება მემკვიდრეებს შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანაწევრება და დაყოფა, თუ ამის გამო შეუძლებელი იქნება სრული და ეფექტური მეურნეობის შენარჩუნება. მსგავს შემთხვევებში სამკვიდრო ნატურით არ უნდა გაიყოს. აქედან ლოგიკური გამოსავალი ის არის, რომ გაიყიდოს მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე მეურნეობა და მემკვიდრეებმა მიიღონ თავ-თავისი წილის ფულადი ანაზღაურება. ერთი მემკვიდრისათვის მიწის ნაკვეთის მიკუთვნების შემთხვევაში, დანარჩენებმა სამკვიდრო წილი სხვა ქონებით ან შესაბამისი ანაზღაურებით უნდა მიიღონ. ერთი მემკვიდრის გამორჩევის აუცილებლობისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმას, ვინც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა და მასთან ერთად ეწეოდა მეურნეობას. თუ ასეთი მემკვიდრე არ აღმოჩნდება, მაშინ მიწის ნაკვეთი უნდა მიეკუთვნოს იმას, რომელსაც აქვს უნარი და სურვილი გაუძღვეს მეურნეობას.

სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მამკვიდრებლისგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში მიიღო. საჩუქრის ასეთ სტატუსს მნიშვნელოვნად განაპირობებს საბაზრო მეურნეობის პრინციპების მოქმედება. კერძო საკუთრების ობიექტების თავისუფალი ბრუნვა სამოქალაქო ურთიერთობებში შესაძლებელს ხდის მნიშვნელოვანი ღირებულების ნივთების გაჩუქებას. ამჟამად შესაძლებელია ავტომანქანის, მიწის, საცხოვრებელი სახლის, საწარმოს და მისგან მიღებული დივიდენდების გაჩუქება და სხვ. ამიტომ გაჩუქებული ნივთის სტატუსის განსაზღვრაში გამჩუქებლის ინტერესებზე ყურადღების გამახვილება სავსებით ლოგიკურად უნდა ჩაითვალოს. საჩუქარს სამკვიდრო ქონების შემადგენელ ნაწილად კანონზომიერად თვლის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლი. სამკვიდროს გახსნამდე მამკვიდრებლისაგან ნაჩუქარი ქონება, რაოდენ დიდი მნიშვნელობისაც უნდა იყოს, სამკვიდრო ქონებად ჩაითვლება, თუკი გამჩუქებელი მკაფიოდ გამოხატავს მემკვიდრისათვის საჩუქრის სახით გადაცემული ქონების ღირებულების ამ მემკვიდრის სამკვიდრო წილში ჩათვლის ნებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით N2/3/1337, სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი. ნაჩუქარი ქონების ჩათვლა სამკვიდროში სხვა მემკვიდრეების ინტერესების დაცვის აუცილებლობითაცაა ნაკარნახევი. თუ ადრე დასაჩუქრებულ მემკვიდრეს საჩუქარი სამკვიდროში ჩაეთვლება, ამით საჩუქრის შესაბამისი ქონება სხვა მემკვიდრეებზე გადანაწილდება და შესაბამისადვე გაიზრდება მათი წილი.

თანამემკვიდრეთა შეთანხმებით დასაშვებია მთელი სამკვიდროს გაყიდვა და მემკვიდრეთა შორის ფულის განაწილება თითოეული მათგანის წილის შესაბამისად. სამკვიდროს ამგვარი გაყოფა პირობითად ნატურით გაყოფის ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალოს. სამკვიდრო ქონების ნატურით გაყოფისას თითოეული მემკვიდრე მიღებული წილის ფულად ანაზღაურებას მიიღებს. შესაძლებელია თანამემკვიდრეების შეთანხმება იმაზეც, რომ მთელი სამკვიდრო ქონება ერთ მემკვიდრეს გადაეცეს იმ პირობით, რომ დანარჩენებს მან გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია, მაგალითად: თუ სამკვიდროს ღირებულება 5000 ლარია, რომელიც მამკვიდრებლის ხუთ მემკვიდრეს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად, მათ შორის მიღწეული შეთანხმებით, და თუ სამკვიდრო ერთ-ერთ მათგანს დარჩება, იგი ვალდებული იქნება დანარჩენ ოთხ მემკვიდრეს შორის თითოეულს მისცეს კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით. თუ სამკვიდროში თანამემკვიდრეებს სხვადასხვა ოდენობის წილი ეკუთვნით, მაშინ კომპენსაცია მათი წილის შესაბამისი უნდა იყოს.

თანამემკვიდრეები შეიძლება შეთანხმდნენ იმაზეც, რომ სამკვიდროს გაყოფა განსაზღვრული დროით შეჩერდეს; ეს უმეტესად მაშინ ხდება, როცა ერთი ან რამდენიმე მემკვიდრე ობიექტური მიზეზების გამო ვერ მონაწილეობს სამკვიდროს გაყოფაში. თუ სამკვიდროს გაყოფა განსაზღვრული დროით შეჩერდა, მაშინ ამ ხნის განმავლობაში მთელი სამკვიდრო თანამემკვიდრეთა საერთო წილობრივ საკუთრებად ჩაითვლება. ასეთი ქონების სტატუსი და თანამემკვიდრეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საერთო საკუთრების მარეგულირებელი ნორმებით. იგულისხმება, რომ თანამემკვიდრეების მიერ დადგენილი დროის გასვლის შემდეგ სამკვიდრო გაიყოფა და დანაწილდება მემკვიდრეებს შორის ინდივიდუალური საკუთრების ობიექტად. თანამემკვიდრეები შეიძლება იმაზეც შეთანხმდნენ, რომ სამკვიდრო საერთოდ არ გაიყოს და დარჩეს საერთო წილობრივ საკუთრებაში. ეს მაშინ მოხდება, თუ სამკვიდროს გაყოფა გამოიწვევს მისი სამეურნეო დანიშნულების მოშლას ან შესუსტებას. ოღონდ თანამემკვიდრეებისთვის სამკვიდრო ქონების გაყოფის სხვა ფორმა არ უნდა იყოს მისაღები. თანამემკვიდრეებს შორის შეთანხმების მომენტისათვის სამკვიდრო ქონების საერთო წილობრივ საკუთრებაში გადასვლა მისი გამოყენების ყველაზე საუკეთესო ვარიანტს უნდა წარმოადგენდეს.

სამკვიდროს გაყოფისას მამკვიდრებლის ვალების დაფარვის მოვალეობა თითოეულ მემკვიდრეზე თავ-თავისი წილის შესაბამისად უნდა გადანაწილდეს. თანამემკვიდრეთა შეთანხმებით, დასაშვებია სავალო მოთხოვნები მთლიანად ერთ-ერთ მემკვიდრეს დაეკისროს მისთვის სამკვიდროდან შესაბამისად გაზრდილი წილის მიცემის სანაცვლოდ, მაგალითად, თუ მამკვიდრებელს 1000 ლარი დარჩა ვალად და მის ორ მემკვიდრეს შორის ერთი მათგანი თანახმაა გადაიხადოს იგი, მაშინ 3000 ლარის ღირებულების სამკვიდროდან მან უნდა მიიღოს 2000 ლარი, მეორემ კი – 1000. მსგავს შემთხვევებში სამკვიდრო, ბუნებრივია, არათანაბრად გაიყოფა.

სამკვიდროს გაყოფის დროს მოქმედებს თანამემკვიდრეთა ურთიერთდახმარებისა და სამკვიდრო წილის მიღებაში ხელშეწყობის პრინციპი. თითოეული მემკვიდრე მოვალეა უზრუნველყოს სხვა თანამემკვიდრეთა მიერ შესაბამისი წილის მიღება. განსაკუთრებით აღსანიშნავია კანონის მოთხოვნა იმაზე, რომ, თუ ერთ-ერთი თანამემკვიდრე სამკვიდროს გაყოფის დროს მოთხოვნის უფლებას იძენს, სხვა მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მოვალის გადახდისუნარიანობა თავიანთი სამკვიდრო წილის მიხედვით უზრუნველყონ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების მქონე მემკვიდრისათვის თუ ეს უფლება ვერ განხორციელდა, ანუ მან ვერ მიიღო მამკვიდრებლის მიერ სხვაზე გასესხებული ვალი, სხვა თანამემკვიდრეების მიერ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. ამ დროს, ფაქტობრივად, ხდება მოთხოვნის უფლების რეალიზაცია არა ერთი, არამედ ყველა თანამემკვიდრის მონაწილეობით. თანამემკვიდრეთა ასეთი ვალდებულება არა მხოლოდ მაშინ უნდა შესრულდეს , როცა სამკვიდრო იყოფა , არამედ მაშინაც, როცა სამკვიდროს გაყოფის შემდეგ მოთხოვნის უფლების შესრულების დრო დადგება. სამკვიდროს გაყოფისას თუ აღმოჩნდა, რომ ანდერძით განსაზღვრულ წილთა ჯამი მთელ სამკვიდროს აღემატება, მაშინ თითოეული მემკვიდრის წილი პროპორციულად შემცირდება. მემკვიდრეთა შორის განაწილდება რეალურად არსებული სამკვიდროს ღირებულება. კანონით, მემკვიდრეობისას ასეთი რამ გამორიცხულია, რადგან სამკვიდრო არ ყოფილა თავდაპირველად განსაზღვრული და მემკვიდრეებს შორის რეალურად არსებული სამკვიდრო ნაწილდება. 
 
შესაძლებელია, თანამემკვიდრეები ვერ შეთანხმდნენ სამკვიდროს გაყოფის თაობაზე, უმეტესად სამკვიდროში შემავალი ნივთის მიზნობრივი დანიშნულებისა და თითოეული მემკვიდრის პროფესიის გაუთვალისწინებლობის გამო, მაგალითად, თუ ერთ-ერთი მემკვიდრე დანტისტია, მიზანშეწონილი იქნება შესაბამისი სამკურნალო მოწყობილობა მის წილში იქნეს ჩართული, თუმცა უნდა გაითვალისწინონ თითოეულის წილის შესაბამისი ღირებულებაც. დავის განხილვისას კი, როცა სამკვიდრო იყოფა, ეს ყოველივე, გამომდინარე ყველა მემკვიდრის ინტერესებიდან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს.
თითოეულ თანამემკვიდრეს შეუძლია სამკვიდროში თავისი წილის განკარგვა. რაც გულისხმობს წილის განკარგვის უფლებას სამკვიდროს გაყოფამდე, ანუ სანამ გაირკვევა, კონკრეტულად რა საგნები შევა სამკვიდროდან მის წილში, მემკვიდრეს შეუძლია მანამდე გაყიდოს, გაცვალოს ან გააჩუქოს იგი. ამ შემთხვევაში წილის განმსაზღვრელს ცალკეული ნივთები კი არ წარმოადგენს, არამედ საერთო მოცულობის ზოგადი საზომი, მაგალითად: თუ მემკვიდრეს ეკუთვნის სამკვიდროს ერთი მეხუთედი, მას შეუძლია ეს ნაწილი ისე განკარგოს, რომ დანამდვილებით არ იცოდეს არც მან და არც შემძენმა, კონკრეტულად რა ნივთებისგან შედგება იგი. ეს სამკვიდროს გაყოფის შემდეგ გაირკვევა. ამიტომ მანამდე თანამესაკუთრეს არ შეუძლია ცალკეული საგნების თავისი წილიდან განკარგვა. რადგან გამორიცხული არ არის, რომ ასეთი საგანი სამკვიდროს გაყოფისას სხვა თანამემკვიდრის წილში შევიდეს, ამიტომ აუცილებელია ნოტარიუსის მიერ დადასტურდეს ის ხელშეკრულება, რომლითაც ერთ-ერთი თანამემკვიდრე განკარგავს თავის წილს. თანამემკვიდრის მიერ თავისი წილის განკარგვის შემთხვევაში სხვა თანამემკვიდრეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება ჰქონდეთ ამ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება. ასეთი უფლებით თანამემკვიდრეები სარგებლობენ წილის გასხვისების გამოცხადებიდან განსაზღვრული ვადის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამემკვიდრეს არ აქვს უფლება, სხვა თანამემკვიდრეთა თანხმობის გარეშე გაასხვისოს თავისი წილი დადგენილი დროის განმავლობაში. ამ ვადაში ნებისმიერ თანამემკვიდრეს შეუძლია წილის შეძენის სურვილი გამოთქვას. თუ ხელშეკრულება წილის გასხვისებაზე ამ მოთხოვნის უგულებელყოფით დაიდო, იგი უნდა გაბათილდეს. ისიც შესაძლებელია, რომ წილის შეძენის სურვილი რამდენიმე თანამემკვიდრემ გამოთქვას, მაშინ თითოეულ მათგანს შეუძლია გასასხვისებელი წილის შესაბამისი ნაწილი შეიძინოს.

წილის შესყიდვის უპირატესი უფლება მემკვიდრეობით გადადის. თუ ამ უფლების მქონე მემკვიდრე ისე გარდაიცვალა, რომ მისი განხორციელება ვერ მოასწრო, მაშინ ეს უფლება მის მემკვიდრეებზე გადავა, ანუ მემკვიდრის მემკვიდრეებს გაუჩნდებათ უპირატესი შესყიდვის უფლება, რომელიც დადგენილი ვადის დარჩენილ პერიოდში უნდა განხორციელდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში სამკვიდროს წილის შესყიდვის უპირატესი უფლება დაიკარგება.

თანამემკვიდრეთა უპირატესი შესყიდვის უფლება დადგენილი ვადის განმავლობაში მანამდე მოქმედებს, სანამ მემკვიდრეს სამკვიდროდან თავისი წილი გამოეყოფა და გადაეცემა, თუ ამის შემდეგ მემკვიდრე გამოყოფილ წილს გაყიდის, თანამემკვიდრეებს ვეღარ ექნებათ უპირატესი შესყიდვის უფლება. ასეთ შემთხვევაში მემკვიდრე იქნება არა საერთო-სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრე, არამედ ინდივიდუალური საკუთრების უფლებით მფლობელი და განმკარგველი თავისი წილი სამკვიდროსი.

წილის გასხვისების შემთხვევაში მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მოვალეობა, შეძენილი წილის ოდენობის შესაბამისად, შემძენზე გადადის. შემძენი იმდენს იხდის, რამდენსაც თანამემკვიდრე გადაიხდიდა, თავისი წილი რომ არ გაესხვისებინა, მაგალითად: თუ მამკვიდრებლის ოთხ მემკვიდრეს თანაბრად ეკუთვნის 12000 ლარის ღირებულების სამკვიდრო, მამკვიდრებელს კი 6000 ლარი დარჩა ვალად, ერთ-ერთი მემკვიდრის მიერ სამკვიდროდან თავისი ერთი მეოთხედი წილის გასხვისების შემთხვევაში, წილის შემძენი ვალდებული იქნება შეძენილი 3000 ლარის ღირებულების ქონებიდან მამკვიდრებლის ვალის დასაფარავად 1500 ლარი გადაიხადოს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 322-ე მუხლის საფუძველზე, სამკვიდროს გახსნამდე არ შეიძლება სამკვიდრო ქონებაზე, მათ შორის – სავალდებულო წილის ან საანდერძო დანაკისრის გასხვისების თაობაზე სხვა პირებს შორის ხელშეკრულების დადება. დადებული ხელშეკრულება უნდა გაბათილდეს. ასეთი აკრძალვა არ მოქმედებს მომავალ კანონისმიერ მემკვიდრეებს შორის სამემკვიდრეო ან სავალდებულო წილის თაობაზე დადებული ხელშეკრულების მიმართ.

სამკვიდროს გაყოფისას ზოგიერთ მემკვიდრეს შეიძლება წარმოეშვას თანამესაკუთრეებთან ქონებრივი გათანაბრების უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1473-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან სამკვიდროს მისაღებად, ვალდებულნი არიან წილთა გასათანაბრებლად გაყოფამდე მიათვალონ სამკვიდროს ყველაფერი, რაც მათ მამკვიდრებლისგან მიიღეს მის სიცოცხლეში – მშობლების ქონებიდან გამოყოფის სახით. წილის გათანაბრების მიზანია სამკვიდრო ქონებისთვის განსაზღვრული ნაწილის გამოკლება და იმ თანამემკვიდრის წილისათვის მიმატება, რომელსაც აქვს ასეთი მოთხოვნის უფლება. ამით ყველა თანამემკვიდრე, ფაქტობრივად, ერთნაირ წილს მიიღებს სამკვიდროდან, მაგალითად: მამკვიდრებელს გარდაცვალების შემდეგ დარჩა პირველი რიგის კანონით მემკვიდრეები – მეუღლე და სამი შვილი. სამკვიდროს ღირებულება 12000 ლარია. სამკვიდროს გაყოფისას გაირკვა, რომ უფროსმა შვილმა გარდაცვლილი მშობლის სიცოცხლეში ცალკე ცხოვრება დაიწყო და გამოყოფის სახით მიიღო 1000 ლარის ღირებულების ქონება. ასეთ შემთხვევაში უმცროს შვილებს მიეცემათ გათანაბრების უფლება, რომლის მიხედვითაც მათ უფლება ენიჭებათ, მოითხოვონ, რომ 2000 ლარი გამოაკლდეს სამკვიდრო ქონებას მათ წილზე დასამატებლად, ხოლო დარჩენილი 10 000 ლარის ღირებულების ქონება თანაბრად გაიყოს. თითოეულ მემკვიდრეს სამკვიდროდან წილის სახით ერგება 2500 ლარი, უმცროს შვილებს კი დამატებით – გათანაბრების თანხა, თითოეულს – 1000 ლარი. საბოლოოდ თუ უფროსი შვილი სამკვიდროდან 2500 ლარის ქონებას მიიღებს წილის სახით, ორ უმცროს შვილს შორის თითოეულს ერგება 3500 ლარის ქონება. სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინება წილის გათანაბრების საფუძველზე მემკვიდრეთა ქონებრივი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალებაა. წილთა გათანაბრება არ მოხდება მაშინ, თუ მამკვიდრებელმა უკვე გაითვალისწინა თავის მემკვიდრეთა ინტერესების დაცვის სხვა საშუალებები, მაგალითად, ანდერძის საშუალებით მათი წილის საბოლოო გათანაბრება და სხვ. წილის გათანაბრების მოთხოვნის გავრცელებულ საფუძველს ქალიშვილისათვის მზითვის გამოყოფა წარმოადგენს. სხვა შვილებს სამკვიდროს გაყოფისას უფლება აქვთ მზითვის ღირებულების გათვალისწინება მოითხოვონ.

წილის გათანაბრების საკითხი დადგება მაშინაც, როცა სამკვიდროს გახსნამდე ან გახსნის შემდეგ გარდაიცვლება ის შთამომავალი, რომელიც, როგორც მემკვიდრე, ვალდებული იყო წილი გაეთანაბრებინა. ასეთ შემთხვევაში წილის გათანაბრებაზე ზრუნვის ვალდებულება გადავა გარდაცვლილი მემკვიდრის მემკვიდრეებზე, მაგალითად: ორი კანონისმიერი მემკვიდრიდან ერთმა მამკვიდრებლისგან გამოყოფის სახით მიიღო 1000 ლარის ღირებულების ქონება. მამკვიდრებელს კი 5000 ლარის ღირებულების ქონება დარჩა. მამკვიდრებლისაგან გამოყოფილი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე ან მისი გახსნის შემდეგ გარდაიცვალა. რადგან მისი კუთვნილი წილი მემკვიდრეობით მის ორ შვილზე უნდა გადავიდეს, ცოცხლად დარჩენილ მემკვიდრეს უფლება აქვს წილის გათანაბრება მოითხოვოს გარდაცვლილი მემკვიდრის შვილებისგან 1000 ლარის ოდენობით იმ წილიდან, რომელიც 2500 ლარის ღირებულებისაა. საბოლოოდ ცოცხალი მემკვიდრე მიიღებს (2500+1000) 3500 ლარს, ხოლო გარდაცვლილი მემკვიდრის შვილები გათანაბრების შემდეგ, დარჩენილი ქონების (2500-1000) ნახევარს, თითოეული 750 ლარის ღირებულების ოდენობით. მამკვიდრებლის შთამომავალს, რომელიც საოჯახო მეურნეობაში გაწეული შრომით, მამკვიდრებლის პროფესიულსა და კომერციულ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობით, მამკვიდრებლის ქონებაზე მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევით ან სხვა სახის საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მამკვიდრებლის ქონების შენარჩუნებასა და გაზრდაში, სამკვიდროს გაყოფისას უფლება აქვს მოითხოვოს წილის გათანაბრება იმ ნათესავებისაგან, რომლებიც მასთან ერთად კანონით მემკვიდრეები არიან იმ ოდენობით, რამდენითაც შენარჩუნებულ იქნა სამკვიდრო ან გაიზარდა იგი. სამკვიდროს გაყოფისას გათანაბრების თანხა იმ მემკვიდრის წილს ემატება, რომელსაც მისი მოთხოვნის უფლება აქვს. სამკვიდრო კი მემკვიდრეებს შორის ამ თანხის გარეშე ნაწილდება.

გათანაბრების მოთხოვნის უფლება იმ შემთხვევაში არ წარმოიშობა, თუ მომსახურების გასამრჯელოს ნათესავი იღებდა ან ამაზე წინასწარ იყო შეთანხმებული. გათანაბრების მოთხოვნა იმ შემთხვევაშიც არ დაიშვება, თუ სხვა სამართლებრივი საფუძველი არსებობს მაგალითად: ნათესავი მონაწილეობდა მამკვიდრებლის ქონების გაზრდაში, მაგრამ, ამავე დროს, შესაბამის წილსაც იღებდა. გათანაბრების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მარტო გაწეული მომსახურების ეფექტურობა, არამედ თვით სამკვიდროს მოცულობა. მცირე მოცულობის სამკვიდროს მომსახურება, ბუნებრივია, მის მნიშვნელოვან ზრდას არ იწვევს და ამიტომ არც გათანაბრების მოთხოვნა უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. გათანაბრების შესაქმნელად მომსახურების ეფექტურობა და სამკვიდროს საკმარისი მოცულობაა საჭირო.

სამკვიდროს გაყოფისას აუცილებლად ყველა მემკვიდრის ინტერესი უნდა იყოს დაცული. თუ მემკვიდრეთა შორის არიან ისეთებიც, რომელთა ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან, მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფლის დასადგენად, რათა ისინიც მოიწვიონ სამკვიდროს მისაღებად.

მემკვიდრის გამოუცხადებლობას სამკვიდროს მისაღებად სხვადასხვა შედეგი მოჰყვება იმის მიხედვით, არის თუ არა დადგენილი მისი ადგილსამყოფელი. თუ სამკვიდროს მისაღებად მოწვეული მემკვიდრე, რომლის ადგილსამყოფელი დადგენილია, მაგრამ ადგილზე არ იმყოფება, სამი თვის განმავლობაში უარს არ იტყვის სამკვიდროზე, მაშინ დანარჩენი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მას თავიანთი განზრახვა სამკვიდროს გაყოფის თაობაზე. თუ ასეთი მემკვიდრე შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში არ აცნობებს დანარჩენ მემკვიდრეებს ქონების გაყოფის თაობაზე შეთანხმებაში მონაწილეობის შესახებ, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმებით გაყონ სამკვიდროს ქონება და გაითვალისწინონ ადგილზე არმყოფი მემკვიდრის წილიც. მაგრამ, თუ მემკვიდრის ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში და არც რაიმე ცნობა არსებობს მისგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს შეუძლიათ გაყონ სამკვიდრო და გამოუცხადებელ მემკვიდრეს თავისი კუთვნილი წილი ხელუხლებელი დაუტოვონ.
სამკვიდროს ქონების გაყოფის დროს აუცილებელია უპირატესი მემკვიდრეობის უფლების გათვალისწინება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უფლების მქონე მემკვიდრეებს აქვთ კანონით განსაზღვრული ქონების თავიანთ წილში აუცილებელი ჩართვის შესაძლებლობა. დანარჩენ თანამემკვიდრეებს ამით არ უმცირდებათ წილი – ისინი სამკვიდროს წილს სხვა ქონებიდან მიიღებენ, მაგალითად: იმ მემკვიდრეებს, რომელთაც მამკვიდრებელთან ერთად აქვთ საერთო საკუთრება ქონებაზე, უპირატესი უფლებაც მათ აქვთ საერთო საკუთრებაში შემავალი ქონების მემკვიდრეობაზე. თუ მამასა და შვილს საერთო საკუთრებაში ჰქონდათ 600 ლარის ღირებულების კომპიუტერი, მამის გარდაცვალების შემთხვევაში 1000 ლარის ღირებულების სხვა ქონებასთან ერთად სამკვიდროში ჩაერთვება 300 ლარი მამის წილი კომპიუტერის ღირებულებიდან. სამკვიდრო მთლიანად 1300-ლარიანი ქონება იქნება. 600- ლარიანი კომპიუტერი მამკვიდრებლის თანამესაკუთრე შვილს ერგება, რომელმაც, ამავე დროს, დამატებით 350 ლარის ქონება უნდა მიიღოს. მეორე შვილის სამკვიდრო კი 650 ლარის ქონება იქნება. საბოლოოდ ორივე მემკვიდრეს თანაბარი ღირებულების სამკვიდრო წილი შეხვდება.

უპირატესი მემკვიდრეობის უფლება მემკვიდრეს შეიძლება სხვა შემთხვევებშიც წარმოეშვას. კანონის მიხედვით, ქონების გაყოფისას მემკვიდრეს, რომელიც სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა, აქვს უპირატესი უფლება სამკვიდროდან საცხოვრებელი სახლი, ბინა ან სხვა საცხოვრებელი ნაგებობა, ასევე საოჯახო მოხმარების საგნები მიიღოს. პრაქტიკაში შეიძლება სადავო გახდეს, რა მიეკუთვნება საოჯახო მოხმარების საგნებს –ავეჯი, ტელევიზორი, ბიბლიოთეკა, სატრანსპორტო საშუალება, პირუტყვი, ფრინველი, ხელოვნების ნაწარმოებები თუ სხვ. სხვადასხვა დავას სასამართლო დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით განიხილავს.

ადრინდელი ქართული კანონმდებლობით საოჯახო მოწყობილობასა და საყოფაცხოვრებო საგნებზე მემკვიდრეობის განსაკუთრებული რეჟიმი ვრცელდებოდა. ასეთი საგნები სამკვიდროს ცალკე ნაწილს წარმოადგენდა და გადადიოდა იმ მემკვიდრეებზე, რომლებიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდნენ არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში მის გარდაცვალებამდე. მამკვიდრებელთან ერთად მცხოვრებ მემკვიდრეს ან საერთო მეურნეობა უნდა ჰქონოდა მასთან, ან მის კმაყოფაზე უნდა ყოფილიყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა რიგს. ამიტომ შეიძლებოდა ასეთი ქონება მემკვიდრეობით გადასულიყო და-ძმაზე – მაშინაც, როცა მამკვიდრებელს ცალკე მცხოვრები შვილებიც ჰყავდა. საოჯახო მოწყობილობა და საყოფაცხოვრებო საგნები სამკვიდროს დამტოვებელთან მცხოვრებ მემკვიდრეზე გადადიოდა არა უპირატესი მემკვიდრეობის უფლებით, არამედ დამატებით იმ წილზე, რომელიც მას ეკუთვნოდა ამ საგნების გამოკლებით მიღებული სამკვიდრო მასის სხვა თანამემკვიდრეებთან თანაბრად გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული საგნების მემკვიდრეობის საერთოდ გამორჩეული წესი მიზნად ისახავდა მამკვიდრებლის სიცოცხლეში ჩამოყალიბებული ყოფითი პირობების სტაბილურობის უზრუნველყოფას.

მოქმედმა კანონმდებელმა აღნიშნული საგნები ჩართო საერთო სამკვიდროში და მათ მიმართ გაავრცელა უპირატესი მემკვიდრეობის რეჟიმი. უპირატესი მემკვიდრეობის უფლების განხორციელების დროს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში მონაწილეობენ. თუ ქონება საკმარისი არ იქნება მათი კუთვნილი წილის მისაღებად, მაშინ უპირატესი უფლების მფლობელმა მემკვიდრეებმა უნდა მისცენ მათ შესაბამისი ფულადი ან ქონებრივი კომპენსაცია, მაგალითად: თუ მამასა და მასთან მცხოვრებ ერთ შვილს ჰქონდა 10 000 ლარის ღირებულების ბინა, ხოლო სხვა სამკვიდრო ქონება 8000 ლარისა იყო, საერთო სამკვიდრო ქონება 18000 ლარის ღირებულებისა იქნება. აქედან მამკვიდრებელთან მცხოვრები შვილი უპირატესი მემკვიდრეობის უფლებით მიიღებს ბინას, ხოლო ცალკე მცხოვრებ მეორე შვილს უფლება ექნება თავისი ძმისგან მოითხოვოს კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით.

საკომპენსაციო თანხა ზოგჯერ შეიძლება ბევრად აჭარბებდეს უპირატესი მემკვიდრეობის უფლების მქონე მემკვიდრის რეალურ წილს სამკვიდროში. ასეთ შემთხვევაში, თუ იგი ერთდროულად ვერ გადაიხდის საკომპენსაციო თანხას, სასამართლო განუსაზღვრავს გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი