სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის  სამართლებრივი რეგულირება:  არსებული   მდგომარეობა და სირთულეები

11 მაისი 2022

ავტორი: მარიამ კუბლაშვილი
2017 წლიდან შპს „მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისის“ დამფუძნებელი და დირექტორი;
2017 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი


რა არის სიძულვილის ენა?
საერთაშორისო ხელშეკრულებებითა თუ საქართველოს კანონმდებლობით სიძულვილის ენის ზუსტი განმარტება არ არსებობს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2019 წლის მაისში მიღებული სიძულვილის ენასთან ბრძოლის სტრატეგიისა და გეგმის ამსახველი დოკუმენტის მიხედვით, სიძულვილის ენა განიმარტება როგორც ვერბალური, წერითი ან ქცევითი გამოხატულება, რომლითაც ხორციელდება თავდასხმა ან გამოიყენება დამამცირებელი, დისკრიმინაციული ენა პირის ან პირთა წრის მიმართ მათი რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რასის, კანის ფერის, გენდერის ან იდენტობასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორის გამო. 
სიძულვილის ენას ხშირად აიგივებენ ყველა ტიპის ნეგატიურ გამონათქვამებთან. შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური თუ დისკრედიტაციისთვის მომზადებული მასალა სიძულვილის ენად აღიქმება. სინამდვილეში მათ შორის დიდი განსხვავებაა. რადგან ყოველ ქვეყანას სხვადასხვანაირი უნიკალური კონტექსტი აქვს, რთულია განსაზღვრო, თუ რა არის სიძულვილის ენა, რომელი ტერმინები, ფრაზები და გამონათქვამები ამწვავებს ნეგატიურ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პირის მიმართ.
სიძულვილის ენა მეტია, ვიდრე უხეშობა. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი გამოხატულება შეურაცხყოფისა და დამცირებისა ან წაქეზება სიძულვილისა ადამიანთა ჯგუფის ან ფენის მიმართ. სიძულვილის ენა შეიძლება გამოიხატოს სიტყვით, სიმბოლოთი, გამოსახულებით ანდა ვიდეოთი. სიძულვილის ენას ზიანი მოაქვს როგორც ცალკეული პირებისათვის, ისე პირთა ჯგუფებისა და საზოგადოებისათვის. არაერთი კვლევა მოწმობს, რომ სიძულვილის ენა იწვევს უარყოფით ემოციურ, მენტალურ და ფიზიკურ შედეგებს. შედეგები მოიცავს დაბალ თვითშეფასებას, შფოთვას, შიშს, მათ შორის საკუთარი სიცოცხლის დაკარგვის შიშს, თვითდაზიანებას და თვითმკვლელობასაც კი. 

ამასთან უნდა ითქვას, რომ სიძულვილის ენა საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლებასთან, რომელიც, თავის მხრივ, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირებულებასა და თავად ამ საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს. გამოხატვის თავისუფლება კი აღიარებულია ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტით, რომლებიც ადამიანის უფლებებს ეხება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლის მიხედვით: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა; ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად.“ 
 „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“ 

კანონში ასახულია გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ტერმინი, მინიშნებულია ისიც, რომ „კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.“ ამასთან ერთად მითითებულ კანონში არ არის აღნიშნული, რას ნიშნავს სიძულვილის ენა ან რამდენად არის ის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კანონის მიერ დამკვიდრებული სტანდარტი შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ პრაქტიკას და უფრო ახლოს ე.წ. ამერიკულ მოდელთან დგას.
საერთაშორისო სამართლის ნორმები, ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობა, კრძალავს დისკრიმინაციის, მტრობის გაღვივებისა და ძალადობის წაქეზებას, მაგრამ ნაკლებად – სიძულვილის ენის გამოყენებას. ბუნებრივია, წაქეზება გამოხატვის ძალიან საშიში ფორმაა, ვინაიდან ის აშკარად და შეგნებულად დისკრიმინაციის, მტრობის და ძალადობის გაღვივებისათვის არის გამიზნული და ასევე შეიძლება აღმოჩნდეს ტერორიზმის ან სასტიკი დანაშაულის ბიძგის მიმცემი. როგორც წესი, სიძულვილის ენა არ აღწევს წაქეზების ზღვარს და საერთაშორისო კანონმდებლობა არ ავალდებულებს სახელმწიფოებს მის აკრძალვას. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ იმ მოცემულობაშიც კი, როდესაც მისი გამოყენება არ არის აკრძალული, სიძულვილის ენა შეიძლება იყოს და არის კიდეც ზიანის მომტანი.

საქართველოში, მაგალითად სსკ-ის 239 პრიმა მუხლის შესაბამისად, დანაშაულად ითვლება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირი, წერილობითი ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ კანონმდებელს გავლებული აქვს ზღვარი გამოხატვის იმგვარ ინტენსივობასთან, რომელიც ქმნის ძალადობრივი ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ბუნებრივია, ასეთი გამონათქვამები შეიძლება უკავშირდებოდეს და მოიცავდეს კიდეც სიძულვილის ენას, მაგრამ, თუ ის დიდი საფრთხის შემცველი არ იქნება შედეგის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასებითია, დანაშაულად არ ჩაითვლება.
სიძულვილის ენას გარკვეულწილად არეგულირებს საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმფხვრის შესახებ“. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პრიმა ნაწილის შესაბამისად, „შევიწროება არის ნებისმიერი ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას“. ამგვარი დისკრიმინაციული ქმედების გამოვლენისას ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს და ამგვარი ფაქტის დადასტურებისას, საქართველოს კანონმდებლობისა და მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

როგორც ვხედავთ, საქართველოს კანონმდებლობაში გარკვეულწილად მოცემულია რეგულაციები, როდესაც დამრღვევი არასასურველად იქცევა, რასაც შედეგად მოსდევს შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნა, თუმცა მის აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ორგანიზაციას, რომელშიც ეს დარღვევა მოხდა. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ სიძულვილის ენაზე სოციალური ქსელების კუთხით, სამწუხაროდ, ეს მექანიზმი ვერ იქნება ქმედითი, ვინაიდან საქართველოში გავრცელებული და პოპულარობის მქონე თითქმის ყველა სოციალური ქსელი უცხოურ კორპორაციებს ეკუთვნის, რომლებზეც, ბუნებრივია, არ ვრცელდება საქართველოში მოქმედი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა.
ინტერნეტმა, რომელმაც ადამიანებს მთელ მსოფლიოში საშუალება მისცა მყისიერად დაემყარებინათ ერთმანეთთან კონტაქტი, რევოლუცია მოახდინა კომუნიკაციის ფორმასა და ერთმანეთთან ინფორმაციის გაზიარებაში. უამრავ სფეროში მოახდინა ინტერნეტმა დადებითი გავლენა საზოგადოებაზე, მაგალითად: ის ხელს უწყობს კომუნიკაციის ადვილად განხორციელებას, ერთმანეთისათვის ცოდნის გაზიარებას. მაგრამ ზიანის მიყენებასაც შეუწყო ხელი. ფართო მასასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ნიშნავს, რომ შეიცვალა თითოეული ჩვენგანის ჩართულობაც პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ერთმანეთთან ურთიერთობაშიც. სიძულვილის შემცველმა შეტყობინებებმა და ძალადობის წაქეზებამ სოციალურ მედიაში იმატა, რადგან ამისი შესაძლებლობა ადრე არც არსებობდა.
ინტერნეტში უამრავი სხვადასხვა შინაარსის მასალაა. სიძულვილის ენას წააწყდებით სხვადასხვა ონლაინპლატფორმასა და ფორუმზე და, მიუხედავად იმისა, რომ სიძულვილის ენის გამოყენება იკრძალება, მაინც საკმაოდ ხშირად შეგხვდებათ ისეთ პოპულარულ პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook და Twitter. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიები კრძალავენ და ცდილობენ, ამოიღონ სიძულვილის ენის შემცველი შეტყობინებები და გამონათქვამები, ამას ყოველთვის ვერ აღწევენ. ამისი მიზეზი ზოგჯერ ის არის, რომ მომხმარებლები პოსტის შინაარსს არ ასაჩივრებენ; კომპანიების პროგრამული უზრუნველყოფა კი ვერ ახერხებს ასეთი შინაარსის შემცველი შეტყობინებების იდენტიფიცირებას; ზოგჯერ საეჭვო შინაარსის გამონათქვამები კერძო საუბრის შემადგენელი ნაწილია ან დახურულ ჯგუფებშია მოქცეული, რომლებიც თვით კომპანიის მოდერატორებისთვისაც კი ლიმიტირებულია; ზოგ შემთხვევაში გასაჩივრებული შეტყობინების შინაარსი არ აღწევს იმ ზღვარს, რომელსაც კომპანიები ასაკრძალავად თვლიან; ზოგჯერ თავად მოდერატორებმა არ იციან კომპანიის მიერ დამკვიდრებული წესები, რის გამოც მცდარ გადაწყვეტილებებს იღებენ და მართალია, საზოგადოების დიდი ნაწილი კრიტიკულადაა განწყობილი სიძულვილის ენის მიმართ პოპულარულ ონლაინპლატფორმებზე, მაგრამ ახალგაზრდა თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალ ონლაინსივრცეში ინაცვლებს, განსაკუთრებით იმ სივრცეში, რომელიც ონლაინთამაშებთან, სტრიმინგსა და გამოსახულებათა გაზიარების პლატფორმებთან არის დაკავშირებული. 
რატომ არის სიძულვილის ენა ასეთ პლატფორმებზე? 
- ყოველ წუთს მილიონობით პოსტი იქმნება და გაზიარდება სოციალური მედიის მეშვეობით. ონლაინშინაარსის სფერო და მასშტაბი უზარმაზარია და ადამიანები, რომლებიც მოდერირებენ ამგვარ პოსტებს, უბრალოდ, ვერ ახერხებენ, რომ ყოველ მათგანს გასწვდნენ. პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ასეთი გამონათქვამების ავტომატურად მიგნებას, ჯერ ახალია და ახასიათებს კონტექსტის არასრული გაგება იმის განსასხვავებლად, თუ რა არის სიძულვილის ენა.

ონლაინსივრცეში ძალადობრივი და ზიანის მომტანი გამონათქვამების ზრდის ფაქტორის გამო ბევრ ქვეყანაში ისმება კითხვა: უნდა იქნეს თუ არა შემოღებული გამოხატვის შეზღუდვა ონლაინსივრცეში და, თუ კი, როგორ მოხერხდება ამგვარი გამონათქვამების რეგულირება? 
ზიანის მომტანი გამონათქვამების რეგულირება ონლაინსივრცეში საჭიროებს მკაფიო ზღვრის გავლებას გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და საერთაშორისო სამართლის ნორმებითაც არის დაცული. ერთ-ერთი საფრთხე კი, რომელსაც ონლაინსივრცეში სიძულვილის ენის რეგულირება პოტენციურად შეიცავს, ის არის, რომ შეიძლება ავტორიტარული რეჟიმების მიერ ადამიანის უფლებების დამატებითი შეზღუდვის წინაპირობად იქცეს. 
რამდენადაც ვაფასებთ სიტყვის თავისუფლებას, იმდენადვე აუცილებელია კარგად გავიაზროთ, რატომ უნდა ავკრძალოთ სიძულვილის ენა. პირველი და ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ამგვარი გამონათქვამები რეალურ ზიანს იმათ აყენებს, ვინც მიზანში ჰყავთ ამოღებული. როგორც აღინიშნა, ძალადობის წაქეზება, რომლის სამიზნეები არიან, მაგალითად, ცალკეული პირები რელიგიის, გენდერის ან სექსუალური იდენტობის ნიშნით, კრიმინალიზებულია და დანაშაულად ითვლება. ბევრი ქვეყანა ასევე თანხმდება, რომ სიძულვილის ენა, რომელიც ადამიანთა ჯგუფს მიემართება, ასაკრძალია, ვინაიდან ამგვარი გამოხატულება ძირს უთხრის მათ მდგომარეობას, იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი, თანასწორი და თავისუფალი წევრები.

სიძულვილის ენის ონლაინრეგულირება მოქმედი რეგულაციების მნიშვნელოვან ცვლილებას საჭიროებს. რეგულაციების მიღებამდე კი საჭიროა დავრწმუნდეთ იმაში, რომ სოციალური მედიის პლატფორმების თვითნებურმა შეზღუდვამ გაუმართლებელი გავლენა არ მოახდინოს სიტყვის თავისუფლებაზე. პრობლემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, აუცილებელია ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ხშირი მონიტორინგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის მიხედვით, რათა დადგინდეს ზუსტი ბალანსი სიტყვის თავისუფლების დაცვასა და სიძულვილის ენის აკრძალვას შორის. ასეთი მონიტორინგის განსახორციელებლად კი სოციალური მედიის კომპანიებმა გამჭვირვალობა უნდა გვიჩვენონ იმ გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი შლიან, რათა საჯარო მკვლევართა მიერ მოპოვებული მონაცემების შესწავლა ფართო საზოგადოებისთვის გახდეს მისაწვდომი. 
უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 02 სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფეისბუქის მომხმარებელი პასუხისმგებელია თავის გვერდზე დატოვებული სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე.
ევროპული სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სოციალური ქსელების მომხმარებელს შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს მის გვერდზე სხვა ადამიანების მიერ დატოვებულ კომენტარებზე.
ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს საქმიდან „სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ“. 
2011 წელს ჟიულიენ სანჩესმა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბოკერის მერი იყო და კენჭს იყრიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ფრონტის“ სახელით, ფეისბუქზე გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც მის პოლიტიკურ ოპონენტს ეხებოდა. ამ ჩანაწერზე კომენტარი სანჩესის არაერთმა გულშემატკივარმა დაწერა. ზოგიერთი კომენტარი ქალაქის მუსლიმი მცხოვრებლებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა და 2013 წელს ამ კომენტარების გამო სანჩესსა და კომენტარების ავტორებს ეთნიკურ, რელიგიურსა და რასობრივ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებაში დასდეს ბრალი. სასამართლომ ისინი სამართალდამრღვევებად ცნო და ჯარიმის სახით 4 000 ევროს გადახდა დააკისრა. ეროვნულ სასამართლოებში გასაჩივრების შემდეგ სანჩესმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება დაირღვა. საქმის განხილვა 2015 წელს დაიწყო. საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს და დაადგინა, რომ სანჩესი პასუხისმგებელია სხვა ადამიანების მიერ დატოვებულ ჩანაწერებზე, რადგან მან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები ექვსი თვის განმავლობაში არ წაშალა საკუთარი გვერდიდან და რადგან ხელმისაწვდომი იყო ფართო აუდიტორიისთვის – „მოსარჩელემ შეგნებულად გახადა საკუთარი გვერდი ყველასთვის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ის პასუხისმგებელი იყო თავის გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერების მონიტორინგზე. და კიდევ, როგორც სასამართლომ გაუსვა ამას ხაზი, სანჩესს არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდა, რომ მისი გვერდი მიიზიდავდა პოლიტიკური და პოლემიკური ხასიათის კომენტარებს. ამრიგად, მას მეტი ყურადღებით უნდა განეხორციელებინა ამ კომენტარების მეთვალყურეობა, სააპელაციო სასამართლომ კი აღნიშნა, რომ სანჩესს პოლიტიკური ფიგურის სტატუსი ავალდებულებდა, მეტი სიფრთხილე გამოეჩინა“, – წერია სასამართლოს დადგენილებაში.

შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება უაღრესად დიდი, პრეცედენტული მნიშვნელობის მქონეა, ვინაიდან დაარეგულირა და მომხმარებელს დააკისრა სოციალური ქსელით სარგებლობის დროს სიძულვილის ენის შემცველი, თუნდაც სხვა მომხმარებლის მიერ დაწერილი, კომენტარის წაშლის ვალდებულება, თუ ეს კომენტარი მომხმარებლის გზავნილს მოჰყვა, ე.ი. მასთანაა დაკავშირებული. 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელმა მოვლენებმა, როგორიცაა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, საკუთარი გავლენა მოახდინა კომპანია „მეტა“-ს წესებზე, რომელსაც, თავის მხრივ ეკუთვნის „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“. კომპანიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 10 მარტიდან, დროებით, დასაშვები გახდა რუსი დამპყრობლებისადმი ძალადობრივი მოწოდებები ცალკეულ ქვეყნებში, კერძოდ - სომხეთში, აზერბაიჯანში, ესტონეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, რუმინეთში, რუსეთში, სლოვაკეთში, უკრაინასა და საქართველოში. მაგალითად, დასაშვებია იმგვარი პოსტები, რომლებიც შეიცავს სიკვდილის მოწოდებას რუსი დამპყრობლებისადმი, ჯარებისადმი, ასევე ვლადიმერ პუტინის ან ალექსანდრ ლუკაშენკო სიკვდილისაკენ მოწოდებები. ამავდროულად, კვლავაც დაუშვებელია მსგავსი შინაარსის პოსტები რუსეთის მოქალაქეებისადმი, რომელთაც არ აქვთ კავშირი მიმდინარე ომთან.
ყოველივე აღნიშნული მოწმობს, რომ სიძულვილისა და ძალადობის მოწოდებისაკენ მიმართული გამონათქვამების რეგულირება სოციალურ მედიაში ჯერ კიდევ ექვემდებარება განვითარებას, დახვეწას და შორსაა სრულყოფილებისაგან. ეს არის დინამიური პროცესი, რომელზეც გავლენას ახდენს მთელი რიგი, მათ შორის გლობალური მოვლენები და როგორც ჩანს, არაერთი ცვლილებას განიცდის მომავალში.
ამრიგად, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ არა მხოლოდ გამოქვეყნებული გზავნილის შინაარსს, არამედ სხვა მომხმარებლების მიერ გზავნილზე გაზიარებულ აზრსა და გაკეთებულ კომენტარს, რათა თუნდაც უნებლიეთ ხელი არ შევუწყოთ სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამების გავრცელებას, რომ არ აღმოვჩნდეთ კანონდამრღვევნი.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი