ავტორი: დიანა ბერეკაშვილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დოქტორი
მემკვიდრეობის განსაკუთრებული წესი დადგენილია იმ შემთხვევისთვის, როცა კანონით ან ანდერძით მემკვიდრე ისე გარდაიცვალა, რომ მემკვიდრეობის მიღების უფლების განხორციელება ვერ მოასწრო. თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ – ოღონდ სამკვიდროს მიღებამდე – გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე (მემკვიდრეობითი ტრანსმისია). მემკვიდრის გარდაცვალების გამო სამკვიდროს მიღების უფლების გადასვლას მის მემკვიდრეებზე მემკვიდრეობითი ტრანსმისია ეწოდება. ამ წესის გამოსაყენებლად მნიშვნელოვანია ორი წინაპირობის არსებობა: არ უნდა იყოს გასული მემკვიდრეობის მისაღებად დადგენილი ვადა და მემკვიდრეობის მისაღებად მოწვეულ მემკვიდრეს გასული ვადის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს სამკვიდრო მიღებული (არც განცხადების წარდგენით და არც ფაქტობრივი ფლობით). თუ სავალდებულო მემკვიდრემ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ დროში კანონით განსაზღვრული ნებისმიერი საშუალებით მიიღო სამკვიდრო, მიღებული მემკვიდრეობა შედის სამკვიდროში და მემკვიდრეებზე საერთო წესით ნაწილდება. მემკვიდრეობის მიღების უფლება იმ შემთხვევაში არ გადადის, თუ მემკვიდრემ არ გამოხატა ნება და სამკვიდრო არ მიიღო კანონით დადგენილ ვადაში, ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეს სიცოცხლეშივე დაუკარგავს მემკვიდრეობის მიღების უფლება, ამიტომ მის მემკვიდრეებს უფლება არ აქვთ, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება მოითხოვონ.
სავალდებულო წილის ტრანსმისია სამოქალაქო კანონმდებლობის სპეციალური ნორმით – 1372-ე მუხლით არის მოწესრიგებული, რომლის თანახმად, ისევე როგორც ზოგადი ტრანსმისიისთვის, სავალდებულო წილის ტრანსმისია დასაშვებია, თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო სავალდებულო წილის სამკვიდროს მიღება, შესაბამისად, სავალდებულო წილის მიღების უფლება მის მემკვიდრეებზე გადადის. გარდაცვლილ სავალდებულო მემკვიდრეს, რომლის სავალდებულო წილის მიღების უფლება მის პირველი რიგის მემკვიდრეებზე გადადის, „სავალდებულო ტრანსმიტენტი“ ეწოდება, ხოლო მემკვიდრეს, რომელზეც სავალდებულო წილის სამკვიდროს მიღების უფლება გადადის –„სავალდებულო ტრანსმისარი“.
მემკვიდრეობით-სამართლებრივ ურთიერთობაში ტრანსმიტენტი მამკვიდრებლის როლში თავის ქონებასთან ერთად იმ წილის საფუძველზე გამოდის, რომელიც მას მთელ სამკვიდრო მასაში გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა. ტრანსმისარი ტრანსმიტენტის უშუალო მემკვიდრეა, მაგრამ გარკვეული სამართლებრივი კავშირი აქვს ტრანსმიტენტის მამკვიდრებელთანაც, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოიხატება, რომ მას არა მარტო ტრანსმიტენტის, არამედ ტრანსმიტენტის მამკვიდრებლის ვალების გასტუმრებაც ეკისრება;2 თუ პირველი მამკვიდრებლის სამკვიდრო აქტივი საკმარისია როგორც მისი, ასევე ტრანსმიტენტის კრედიტორთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ტრანსმისარს ორივე მათგანის გადახდა ევალება (თავისი წილის კვალობაზე), ხოლო, თუ პირველი მამკვიდრებლის (ტრასმიტენტის მამკვიდრებლის) სამკვიდრო აქტივი უპირატესად მხოლოდ მისი კრედიტორების ინტერესებს აკმაყოფილებს, მაშინ სწორედ ტრანსმიტენტის მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს.
გარდაცვლილი მემკვიდრის (ტრანსმიტენტის) გარდაცვალებისას ასევეა შესაძლებელი, რომ სამკვიდრო მის ქონებაზე გაიხსნას. ასეთ ვითარებაში სამკვიდრო ორია: ერთი სამკვიდრო, რომელიც პირველი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა, და მეორე, რომელიც გაიხსნა მემკვიდრის (ტრანსმიტენტის) გარდაცვალების შემდეგ. ტრანსმიტენტის მემკვიდრეს უფლება აქვს სამკვიდროს მიღებისა როგორც მემკვიდრეობითი ტრანსმისიით (როგორც ტრანსმისარმა), ასევე თავად ტრანსმიტენტის სამკვიდროსი. ეს ორი დამოუკიდებელი უფლება შესაძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც განხორციელდეს. იმ მემკვიდრეთა წრე, რომელნიც მოწვეულნი არიან მემკვიდრეობის მისაღებად მემკვიდრეობითი ტრანსმისიის წესით და უშუალოდ ტრანსმიტენტის გარდაცვალების შემდეგ, ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. საზოგადოდ, მემკვიდრეობითი ტრანსმისიით კანონისმიერ მემკვიდრეებს იწვევენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ტრანსმიტენტმა ანდერძი მთელ ქონებაზე შეადგინა, მემკვიდრეებზე ანდერძით მემკვიდრეობითი ტრანსმისიით მემკვიდრეობის მიღების უფლება გადადის; ამიტომ, თუ ტრანსმიტენტმა ანდერძით განკარგა თავისი ქონების ნაწილი, ანდერძით მემკვიდრეები არ იქნებიან მოწვეულნი მემკვიდრეობითი ტრანსმისიით.
მემკვიდრეობის მიღება მემკვიდრეობითი ტრანსმისიით ხორციელდება იმავე წესით, რომელიც საერთო მემკვიდრეობის შემთხვევაშია, მაგრამ, ვინაიდან ორ დამოუკიდებელ მემკვიდრეობას იღებენ, აღნიშნული ქმედებანი მაინც ორი სხვადასხვა აქტია; ამიტომ განცხადების შეტანა ტრანსმიტენტის სამკვიდრო ქონების მისაღებად ან ამ უკანასკნელის ქონების ფაქტობრივი დაუფლება არ მიიჩნევა ტრანსმისიით მემკვიდრეობის მიღებად. მემკვიდრეობის მისაღებად უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი მოქმედებები. ტრანსმისარმა განცხადება უნდა წარადგინოს პირველი მამკვიდრებლის მემკვიდრეობის მისაღებად ან ფაქტობრივად დაეუფლოს მას. გარდა ამისა, პირს შეუძლია წარადგინოს როგორც ორი (სათითაოდ) განცხადება თითოეული სამკვიდროს მისაღებად, ისე ერთი (საერთო) განცხადება ორივე სამკვიდროს მისაღებად. გარდაცვლილი ტრანსმიტენტის მემკვიდრეებმა შეიძლება მემკვიდრეობა მიიღონ მემკვიდრეობითი ტრანსმისიით და უარი თქვან მის მემკვიდრეობაზე ან პირიქით – მიიღონ გარდაცვლილი ტრანსმიტენტის სამკვიდრო და არ მიიღონ სამკვიდრო მემკვიდრეობითი ტრანსმისიის წესით. მათ შეუძლიათ მიიღონ ორივე მემკვიდრეობა ან უარი თქვან ორივეს მიღებაზე. ტრანსმისარის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ მან ვერ მოასწრო მემკვიდრეობითი ტრანსმისიით მასზე გადასული სამკვიდროს მიღების უფლების რეალიზება, მის მემკვიდრეებზე ეს უფლება არ გადადის. ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეობის მიღების უფლების ტრანსმისარის წილი გადადის სხვა ტრანსმისარებზე, ასეთთა არსებობის შემთხვევაში, ოღონდ, თუ სხვა ტრანსმისარები არ არიან იმ მემკვიდრეებზე, რომლებიც სამკვიდროს მისაღებად ტრანსმიტენტთან ერთად იყვნენ მოწვეულნი ძირითადი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ.3
მემკვიდრეობითი ტრანსმისიით მემკვიდრეობის მიღების უფლების საკითხი არ წარმოიშობა, თუ პოტენციურ ტრანსმიტენტს, ე.ი. მემკვიდრეს, რომელმაც დადგენილ ვადაში ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება, დანიშნული ჰყავდა სათადარიგო მემკვიდრე. მაშინ უპირატესობა სათადარიგო მემკვიდრეს ენიჭება. მამკვიდრებლის ერთ-ერთი საანდერძო განკარგულება შეიძლება სათადარიგო მემკვიდრის დანიშვნა იყოს, ე.ი. მეორე მემკვიდრის განსაზღვრა, რომელსაც მემკვიდრეობის მიღების უფლება იმ შემთხვევაში აქვს, თუ ძირითადი მემკვიდრე მემკვიდრეობას რაიმე მიზეზით ვერ მიიღებს. კანონი ამომწურავად განსაზღვრავს საფუძვლებს, როცა მემკვიდრეობის მისაღებად სათადარიგო მემკვიდრე მოიწვევა. ამ საფუძვლებში შედის იმ მემკვიდრის გარდაცვალება, რომელმაც ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება. ამრიგად, თუ ანდერძში არაა მითითებული, დაკონკრეტებული ძირითადი მემკვიდრის ნაცვლად სათადარიგო მემკვიდრის მოწვევის საფუძველი, მაშინ ნებისმიერი საფუძვლით ძირითადი მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში ამ უკანასკნელის ნაცვლად სამკვიდროს სათადარიგო მემკვიდრე მიიღებს. იგივე შედეგები დგება, თუ ანდერძში სათადარიგო მემკვიდრის მოწვევის საფუძვლად ძირითადი მემკვიდრის გარდაცვალებაა მითითებული. თუ სათადარიგო მემკვიდრის მოწვევის საფუძვლად მითითებულია სხვა კონკრეტული მიზეზი (მაგ., უღირს მემკვიდრედ ცნობა, მემკვიდრის გარდაცვალება სამკვიდროს გახსნამდე და ა.შ.) მემკვიდრეობითი ტრანსმისიით მემკვიდრეობის მიღება დასაშვებია.
მემკვიდრეობითი ტრანსმისია ფორმალურად ჰგავს სათადარიგო მემკვიდრეობას ანდერძით მემკვიდრეობისას და წარმომადგენლობით მემკვიდრეობას კანონით მემკვიდრეობისას, თუმცა მათ შორის არსებითი სხვაობაა. ჯერ ერთი, ტრანსმისია გამოიყენება როგორც ანდერძით, ისე კანონით მემკვიდრეობის დროს. მეორე, მემკვიდრეობითი ტრანსმისიაა, თუ მემკვიდრედ წოდებული პირი სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაგრამ სამკვიდროს გახსნის დროს ცოცხალი იყო. სათადარიგო მემკვიდრე კი მოანდერძის მიერ იმ შემთხვევისათვის ინიშნება, თუ ანდერძით მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება, უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე ან ჩამოერთმევა მემკვიდრეობა. ასევე წარმომადგენლობითი მემკვიდრეობაა, თუ კანონით მემკვიდრე სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვლება. გარდა ამისა, წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლება აქვთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ტრანსმისიისას კი მემკვიდრეობის უფლება შეუძლია მოიპოვოს ნებისმიერმა მემკვიდრემ, მათ შორის – შვილიშვილმაც. განსხვავება ტრანსმისიასა და წარმომადგენლობით მემკვიდრეობას შორის ამ შემთხვევაშიც იქნება შენარჩუნებული. თუ შვილიშვილი მემკვიდრედ იმის გამო იქნა მოწვეული, რომ ჯერ მისი მშობელი გარდაიცვალა, რომელიც ბებიის ან პაპის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი – ბებია ან პაპა, ეს იქნება მემკვიდრეობა წარმომადგენლობის უფლებით; ხოლო, თუ ჯერ ბებია ან პაპა გარდაიცვალა, ხოლო შემდეგ მათი მემკვიდრე შვილი, რომელმაც ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება დადგენილ დროში, შვილიშვილი მიიღებს სამკვიდროს მემკვიდრეობითი ტრანსმისიის საფუძველზე.4 წარმომადგენლობითი მემკვიდრეობით სამკვიდროს მიღებისას ქონების გადასვლა ერთი მამკვიდრებლისგან (ბებია ან პაპა) მეორეზე (შვილიშვილი) შუალედური მემკვიდრის (შვილიშვილის ადრე გარდაცვლილი მშობლები) გამოტოვებით ხდება. ტრანსმისიის დროს სხვა მდგომარეობაა: ორი მამკვიდრებელია, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან.5 ხშირად ერთმანეთში ურევენ მემკვიდრეობის უფლების გადასვლას ტრანსმისიის წესით და მემკვიდრეობას წარმომადგენლობის უფლებით, არადა სხვაობა ამ ორ ინსტიტუტს შორის აშკარაა. პირველ შემთხვევაში მემკვიდრე გარდაიცვალა მემკვიდრეობის მიღების გარეშე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, რომელმაც შეიძინა რა მემკვიდრეობის უფლება სამკვიდროს გახსნისას, ეს უფლება თავის მემკვიდრეებს გადასცა. წარმომადგენლობის უფლებით მემკვიდრეობის დროს კი პირიქით ხდება: ევენტუალური მემკვიდრე მამკვიდრებელზე ადრე კვდება. მისი მოწვევა მემკვიდრედ სამკვიდროს გახსნის შემდეგ შეუძლებელია, სამემკვიდრეო უფლებებს ის თავის მემკვიდრეებს ვერ გადასცემს, ვინაიდან თავად არ გააჩნია (არ მიუღია) ეს უფლებები. მის ნაცვლად კი მისი მემკვიდრეები მოიწვევიან უშუალოდ და დამოუკიდებლად.
ქართული კანონმდებლობა განმარტავს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტს და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება მემკვიდრეობით გადადის, თუმცა არ არეგულირებს, თუ კონკრეტულად რომელ მემკვიდრეებზე გადადის სავალდებულო მემკვიდრის სავალდებულო წილის უფლება – ნებისმიერსა თუ მხოლოდ ასევე სავალდებულო მემკვიდრეებზე. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება მემკვიდრეობით უნდა გადავიდეს არა ყველა მემკვიდრეზე, არამედ იმათზე, ვისაც გარდაცვლილი სავალდებულო ტრანსმისარი მამკვიდრებლისაგან ასევე სავალდებულო წილი ეკუთვნოდა6, ე.ი. მხოლოდ შვილებზე, მშობლებსა და მეუღლეზე. სასამართლომ სხვაგვარად დაასაბუთა სავალდებულო მემკვიდრის წილის გადასვლა მის მემკვიდრეებზე საქმეში, რომელშიც სავალდებულო მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 3 თვეში გარდაიცვალა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გარდაცვლილი სავალდებულო მემკვიდრის სავალდებულო წილი სამკვიდროდან მის მეორე რიგის მემკვიდრეებზე – და-ძმაზე გადავიდოდა. საკასაციო სასამართლომ კი განმარტა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო ქონება შეიცავს რა მამკვიდრებლის იმ ქონებრივ უფლებებს – სამკვიდრო აქტივს, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის და მათ შორის ამავე კოდექსის 1371-ე მუხლით გათვალისწინებულ სავალდებულო წილს, ამ უფლების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში მიუღებელი სავალდებულო წილი განხილულ უნდა იქნეს როგორც სამკვიდრო აქტივის ნაწილი და მასზე მემკვიდრეობის უფლება უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლით დადგენილი რიგითობით კანონით მემკვიდრეობისას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ამ შემთხვევაში, განსხვავებით სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირებისაგან, რაიმე გამონაკლისი კანონით დადგენილი არ არის.7
თუ სავალდებულო წილის მემკვიდრეობის ტრანსმისიის დროს ტრანსმიტენტ სავალდებულო მემკვიდრეს არ დარჩნენ პირველი რიგის მემკვიდრეები, არ შეიძლება სხვა – მეორე ან შემდგომი რიგის – მემკვიდრეებზე გადავიდეს სავალდებულო წილის მიღების უფლება, რამდენადაც ეს უფლება კონკრეტულ პირთა – პირველი რიგის მემკვიდრეთა – პირადი უფლებაა. ამ უფლებით სარგებლობენ მხოლოდ კანონით განსაზღვრული კონკრეტული, პირველი რიგის, მემკვიდრეები. თუ ტრანსმიტენტი სავალდებულო მემკვიდრე გარდაიცვალა და მას არ დარჩნენ პირველი რიგის მემკვიდრეები, მისი უფლება სავალდებულო წილის მიღებაზე ძალას კარგავს და უქმდება ანდერძის თავისუფლების კანონისმიერი შეზღუდვაც. სავალდებულო მემკვიდრის უფლებების მოცულობა შევიწროებულია „ჩვეულებრივი“ მემკვიდრეების უფლებამოსილებათა სპექტრთან შედარებით. სავალდებულო წილის პერსონიფიცირებული ხასიათი განმარტავს და მკაცრად განსაზღვრავს კანონმდებლობით შემოფარგლულ აუცილებელ მემკვიდრეთა წრეს. ყოველივე ეს მეტყველებს კანონმდებლობის მკაფიო პოზიციაზე სავალდებულო წილის მემკვიდრეობის ინდივიდუალური ხასიათის მიმართ.
სავალდებულო წილის მემკვიდრეობითი ტრანსმისიის დროს გარდაცვლილი მემკვიდრის მემკვიდრეებმა სამკვიდრო უნდა მიიღონ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ექვსთვიანი ვადის დარჩენილი დროის განმავლობაში. თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, იგი სამ თვემდე უნდა გაგრძელდეს. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მემკვიდრის გარდაცვალება იწვევს სამკვიდროს გახსნას მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, რომელშიც, თავის მხრივ, დამატებით უნდა ჩაირთოს იმ სამკვიდროს მიღების უფლებაც, რომელიც მემკვიდრემ ვერ განახორციელა სამკვიდროს მიღების ვადის განმავლობაში. გამოდის, რომ გარდაცვლილი მემკვიდრის ძირითადი სამკვიდროს მისაღებად უფრო მეტი ვადაა დადგენილი, ვიდრე მასში ჩართული სხვა სამკვიდროს მიღებისათვის.
სასამართლოს შეუძლია აღადგინოს სამკვიდროს მიღების ვადა, თუ ვადის გაშვების მიზეზებს საპატიოდ მიიჩნევს. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით სამკვიდროს მიღების ვადის გაშვებისას სამკვიდროს მიღების მეორე შესაძლებლობას კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს. აღნიშნული, რასაკვირველია, შესაძლებელია უდავო წესითაც, ანუ იმ პირობით, თუ ამაზე თანხმობას სამკვიდროს მიმღები ყველა დანარჩენი მემკვიდრე განაცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს კანონი უშუალოდ არ არეგულირებს, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დადგენილი ვადის გასვლისას მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობის საერთო წესები. დაუშვებელია მემკვიდრედ არ მიიჩნიოს პირი, თუ მის მემკვიდრედ ცნობას ეთანხმება ყველა დანარჩენი მემკვიდრე, რომელთაც მემკვიდრეობა მიღებული აქვთ. გასათვალისწინებელია, რომ იმ მემკვიდრეთა წრე, რომელთა თანხმობითაც ვადის გამშვებ სავალდებულო მემკვიდრეს შეუძლია მემკვიდრეობის ტრანსმისიით მიღება, უნდა განისაზღვროს მემკვიდრეობითი ტრანსმისიის თავისებურებათა გათვალისწინებით. თუ მემკვიდრეობის მიღების უფლება რამდენიმე სავალდებულო ტრანსმისარზე გადავიდა, თანხმობა წერილობითი ფორმით ყოველმა მათგანმა უნდა გამოხატოს. თუ მემკვიდრეობის მიღების უფლება ერთ სავალდებულო მემკვიდრეზე გადადის, რომელმაც ვადა გაუშვა, მის მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე თანხმობა იმ მემკვიდრემ უნდა განაცხადოს, რომელიც ძირითადი მემკვიდრის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის მისაღებად ტრანსმიტენტთან ერთად არის მოწვეული და ანდერძისმიერი მემკვიდრეა, მაგ., ანდერძისმიერი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სავალდებულო წილის მისაღებად მოწვეული იყო სამი სავალდებულო მემკვიდრე (მეუღლე, მშობლები და შვილი, თითოეულის სავალდებულო წილი – 1000 ლარი) – ამათ შორის ერთი შვილი გარდაიცვალა ძირითადი მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 3 თვეში, სავალდებულო ტრანსმიტენტის (შვილის) სავალდებულო წილის 1000 ლარის მიღების უფლება გადადის მის პირველი რიგის მემკვიდრეზე (მეუღლე, მშობლები და შვილი), სავალდებულო ტრანსმისარებზე. თუ ერთ-ერთმა სავალდებულო ტრანსმისარმა გაუშვა ტრანსმისიით სამკვიდროს მიღების კანონით განსაზღვრული ვადები, სამკვიდროს მისაღებად მას სჭირდება დანარჩენი ორი სავალდებულო ტრანსმისარი მემკვიდრის თანხმობა, ვინაიდან იგი მხოლოდ მათ ქონებრივ ინტერესებს ეხება; რადგანაც განსაზღვრულია სამკვიდროს ერთიანი მოცულობა სავალდებულო წილის სახით – 1000 ლარის ოდენობით, ამიტომ სამკვიდროს მიღების ვადების გამშვები სავალდებულო ტრანსმისარის წილი დანარჩენ ტრანსმისარ მემკვიდრეებზე გადავა. იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო ტრანსმისარი ერთადერთია, მაშინ მას სჭირდება არა ძირითადი მამკვიდრებლის სავალდებულო მემკვიდრეთა თანხმობა, ჩვენი მაგალითის მიხედვით, მეუღლისა და მშობლისა, მათ არ აქვთ ქონებრივი ინტერესი, არამედ – ანდერძისმიერი მემკვიდრის თანხმობა. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს რა სამკვიდროს მიღების ვადების საპატიოდ ცნობას და სასამართლო წესით მათს აღდგენას, შესაძლებელია ასევე, რომ არსებობს ტრანსმისიით სამკვიდროს მიუღებლობის საპატიო მიზეზებიც, რაც სასამართლომ უნდა აღადგინოს.
სავალდებულო წილის ტრანსმისიით სამკვიდროს მიღებაზე შეიძლება სავალდებულო ტრანსმისარმა თქვას უარი, მაგრამ სამკვიდროს მიუღებლობა მას არ ართმევს შესაძლებლობას, ის სამკვიდრო მიიღოს, რომელიც უშუალოდ ტრანსმიტენტს ეკუთვნოდა. ზოგადად, ტრანსმისარს შეუძლია უარი თქვას ტრანსმისიით სამკვიდროზე, ოღონდ ტრანსმიტენტის მემკვიდრეთა სასარგებლოდ. თუ სავალდებულო ტრანსმისარი რამდენიმეა, როგორც აღინიშნა, თითოეულს თანაბრად ეკუთვნის სავალდებულო ტრანსმიტენტის წილი და, თუკი რომელიმე მათგანი არ მიღებს ან უარს იტყვის ტრასნმიტენტის სავალდებულო წილიდან თავის კუთვნილ წილზე, – ეს არ გამოიწვევს ანდერძისმიერი მემკვიდრის წილის გაზრდას. ხოლო, თუ სავალდებულო ტრანსმისარი მხოლოდ ერთია და არ მიიღებს სავალდებულო ტრანსმიტენტის სავალდებულო წილს ან უარს იტყვის მასზე, სავალდებულო წილის უფლება გადადის არა სხვა სავალდებულო მემკვიდრეზე, არამედ მხოლოდ ძირითადი მამკვიდრებლის ანდერძისმიერ მემკვიდრეზე. სავალდებულო ტრანსმისარის მიერ სავალდებულო წილის მიღებაზე უარს კანონმდებლობა არ არეგულირებს და, ზოგადად, სავალდებულო წილზე უარის თქმის ნორმების ანალოგიით გამოყენება დაუშვებელია, ტრანსმისიის განსაკუთრებული თავისებურებებიდან გამომდინარე.
შვილიშვილის სავალდებულო წილის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ქართულ სასამართლო პრაქტიკაში დავა დღემდე გრძელდება. ზოგიერთი სასამართლო გადაწყვეტილებით შვილიშვილი მიჩნეულია სავალდებულო წილზე უფლებამოსილ პირად, რაც არასწორია და სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირთა წრის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ გაფართოებას გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლი ამომწურავად შეიცავს სავალდებულო წილზე უფლებამოსილ პირთა ჩამონათვალს და ანალოგიის გამოყენებით ამ წრის გაზრდა დაუშვებელია. მითითებული ნორმა სავალდებულო მემკვიდრეებად მამკვიდრებლის შვილებს ასახელებს და არ შეიცავს დებულებას შვილიშვილების შესახებ, თუ მათი მშობელი, რომელიც სავალდებულო მემკვიდრე იქნებოდა, უკვე აღარ არის ცოცხალი სამკვიდროს გახსნის დროისათვის, როგორც ამას შეიცავს სსკ 1336-ე მუხლის დანაწესი. კანონმდებლის შეგნებული გადაწყვეტილება, მკაცრად განსაზღვროს სავალდებულო წილზე უფლებამოსილ მემკვიდრეთა წრე, გამორიცხავს ნორმის ანალოგიით გამოყენებას კანონით მოუწესრიგებელ შემთხვევაზე, რადგან არ არსებობს ანალოგიის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა, კერძოდ, გამორჩენილი ხარვეზი. ის ფაქტი, რომ კონკრეტული „ა“ გარემოება და კანონით მოწესრიგებული „ბ“ შემთხვევა ერთმანეთის მსგავსად შეგნებულად არ მოწესრიგდა, თავისთავად გამორიცხავს ანალოგიის გამოყენების შესაძლებლობას. პირიქით, კანონმდებელი აქ უშვებს მხოლოდ ე.წ. უკუდასკვნის გაკეთების შესაძლებლობას – argumentatio e contratio an argumentum e silentio. თავისი დუმილით კანონმდებელი გადაჭრით აცხადებს, რომ კანონით მოუწესრიგებელი შემთხვევა არ უნდა გადაწყდეს კანონით გარკვევით მოწესრიგებული შემთხვევის მსგავსად. ასეთ შემთხვევაში საკითხი იმის შესახებ, ეხება თუ არა საქმე კანონმდებლის შეგნებულ გადაწყვეტილებას ან გამორჩენილ ხარვეზს, შესაბამისად, დასაშვებია თუ არა კანონის ანალოგიის გამოყენება, იქმნება თუ არა უკუდასკვნის გაკეთების აუცილებლობა, შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ ნორმის აზრისა და მიზნის გამოკვლევის შედეგად. საქმე ეხება ე.წ. ტელეოლოგიურ განმარტებას.8 სავალდებულო მემკვიდრეთა სუბიექტების განსაზღვრისას კანონმდებლობა არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს და მოსამართლეს არ აქვს უფლება, კანონს, რომელიც ფორმულირებისა და შინაარსის მიხედვით ერთმნიშვნელოვანია, „კონსტიტუციის შესაბამისი“ განმარტების გზით საპირისპირო მნიშვნელობა მიანიჭოს. გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ 1953 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ „ორაზროვნების შემთხვევაში საჭიროა ნორმის კონსტიტუციური განმარტება“, მაგრამ იქვე მიუთითა, რომ ყოველივე აღნიშნულის ფარგლებში „აუცილებელია მთლიანად კანონის მიზნის გათვალისწინება... არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ასეთი კონსტიტუციური განმარტება არსებით საკითხებში გასცდეს ან შეცვალოს საკანონმდებლო მიზნები“.9
სასამართლო პრაქტიკაში მოსამართლეთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს სსკ 1372-ე მუხლი, რომლის თანახმადაც: სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან და ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით. ზემოაღნიშნული დანაწესის გამოყენებისათვის აუცილებელია ორი პირობის არსებობა: პირველი – სამკვიდროს გახსნა, ანუ გარდაიცვალა ძირითადი მემკვიდრე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ გარდაიცვალა სავალდებულო მემკვიდრე ისე, რომ ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება და მეორე – ასეთი სამკვიდროს, ანუ სავალდებულო წილის, მიღების უფლება გადადის არა ყველა, არამედ მხოლოდ იმ მემკვიდრეებზე, რომლებსაც გარდაცვლილი მემკვიდრისაგან სავალდებულო წილი ეკუთვნით. სავალდებულო წილის მიღების უფლება ჯერ თავად წარმომდგენ პირს უნდა ჰქონდეს, მაგალითად, მამის გარდაცვალების შემდეგ გარდაიცვალა სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირის შვილი, შესაბამისად მამის გარდაცვალებისა და სამკვიდროს გახსნის შემდეგ მას მოიწვევდნენ სავალდებულო წილის მისაღებად. ასეთ დროს, თუ მან ვერ მოასწრო სავალდებულო წილის მიღება, მისი ეს უფლება შესულია სამკვიდრო მასაში და მემკვიდრეებზე გადადის. სამკვიდრო მოიცავს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებზე მემკვიდრეობის სამართლის ნორმებით დადგენილი წესით გადადის, შესაბამისად, სამკვიდროში შედის მხოლოდ ის უფლება-მოვალეობანი, რომლებიც მამკვიდრებელს სამკვიდროს გახსნის დროისათვის ჰქონდა. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სავალდებულო მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნის დროისათვის ჰქონდა სავალდებულო წილის მიღების უფლება, რომელიც მის სამკვიდრო მასაში შედის და მის მემკვიდრეებს გადაეცემათ. თუ სავალდებულო მემკვიდრის გარდაცვალება თავად მამკვიდრებლის გარდაცვალებას უსწრებდა, მაშინ ამ უკანასკნელს, ბუნებრივია, სავალდებულო წილის მისაღებად ვერ მოიწვევდნენ, შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროისათვის მის სამკვიდრო მასაში ვერც შევიდოდა სავალდებულო წილზე უფლება. ამის საწინააღმდეგო განმარტება უსაფუძვლოდ გაზრდიდა სავალდებულო წილის მიმღებ პირთა წრეს და, რაც მთავარია, შესაძლებლობას მისცემდა არა მხოლოდ შვილიშვილს, არამედ მამკვიდრებლისათვის უცხო სხვა პირებსაც, რომ სავალდებულო წილი მიეღოთ. თუ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ სავალდებულო წილის მემკვიდრის უფლება სავალდებულო წილზე მემკვიდრეობით გადადის, – მაშინაც კი, როცა მას ეს უფლება სიცოცხლეშივე არ მოუპოვებია, – გამოდის, რომ იგი დამოუკიდებელი სამკვიდროს ქონებაა და ეს ქონება (სავალდებულო წილი) მემკვიდრეობით გადავა სავალდებულო მემკვიდრის ნებისმიერ მეორე თუ შემდგომი რიგის ან თუნდაც ანდერძისმიერ მემკვიდრეებზე. მემკვიდრე, რომელიც თავად არ იყო აღჭურვილი სავალდებულო წილის მიღების უფლებით, არც არასოდეს მოუპოვებია ეს უფლება სიცოცხლეში, ვერც მემკვიდრეს გადასცემს იმას, რაც მას არასოდეს ჰქონია.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, – მოსარჩელე შვილიშვილი ითხოვდა სავალდებულო წილს – განმარტა შემდეგი: საქართველოს კოდექსის 1307-ე მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. მოცემულ შემთხვევაში მამკვიდრებლის გარდაცვალებას უსწრებდა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირის, კასატორის მამის, გარდაცვალება. ამდენად, ბუნებრივია, ეს უკანასკნელი მოგვიანებით გარდაცვლილის სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მისაღებად ვერ იქნებოდა მოწვეული. კასატორის მოთხოვნის უსაფუძვლობას განამტკიცებს სკ-ის 1372-ე მუხლი, რომლის თანახმად, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან წარმოიშობა. სავალდებულო წილთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი ურთიერთობის წარმოშობისათვის კი აუცილებელია ისეთი იურიდიული ფაქტის დადგომა, – ადამიანის გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადება – რომელიც იწვევს სამკვიდროს გახსნას (იხ. სკ-ის 1319-ე მუხლი). ქ. ბ-ის ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა მისი გარდაცვალების შემდეგ და, შესაბამისად, სავალდებულო წილის მიღების უფლებით მხოლოდ იმ მომენტისათვის ცოცხალ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეებს შეეძლოთ, რომ ესარგებლათ.10
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შვილიშვილის სავალდებულო წილთან დაკავშირებულ სხვა დავასთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული განმარტა, გაიზიარა და მიუთითა, რომ: სავალდებულო წილის მიღების უფლებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხლად მყოფ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეებს. კასატორებზე მათი მამის სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება მემკვიდრეობით მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიდოდა, თუ ეს უკანასკნელი სამკვიდროს გახსნის შემდეგ ისე გარდაიცვლებოდა, რომ სავალდებულო წილის მიღებას ვერ მოასწრებდა. საკასაციო სასამართლო არ დაეთანხმა კასატორების არგუმენტს, რომ სასამართლოს მათთვის სავალდებულო წილის მიკუთვნების საკითხის გადაწყვეტისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმა ადგენს კანონისმიერ მემკვიდრეთა წრეს, რომელშიც შვილიშვილებიც შედიან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ნორმა განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნებოდა გამოყენებული, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი ან, თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან, თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში მამკვიდრებლის მიერ დატოვებული იყო ანდერძი, ამიტომ სადავო ურთიერთობა რეგულირდება სავალდებულო წილის მომწესრიგებელი ნორმებით, რომლებიც მამკვიდრებლის სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.11
ამგვარად, კანონით მემკვიდრეობისა და სავალდებულო წილის მომწესრიგებელი ნორმები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა თავში და ისინი წარმოადგენს სპეციალურ ნორმებს. კანონით მემკვიდრეობის მომწესრიგებელი ნორმები (სამოქალაქო კოდექსის 1336-ე-1343-ე მუხლები) არ შეიცავს რაიმე დათქმას სავალდებულო წილზე, რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის შინაარსს: ჩამოთვლილი სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირები არიან არა ზოგადად კანონით მემკვიდრეთა წრიდან, არამედ – კონკრეტულად, სხვა ნორმაზე მითითების გარეშე, და მათ შორის მამკვიდრებლის შვილიშვილები მოხსენიებული არ არიან. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის გამოყენებას განსახილველი შემთხვევისათვის აფერხებს ასევე ამავე კოდექსის 1306-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსი, რომლის თანახმადაც, კანონით მემკვიდრეობა, გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი ან, თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან, თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული ნორმა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს არ შეიცავს, იგი, როგორც ზოგადი ნორმა, სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის ლოგიკური განმარტებისათვის შემოწმებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ნათელი ხდება ის ფაქტი, რომ სავალდებულო წილის უფლების დადგენისათვის არ შეიძლება იქნეს გამოყენებული კანონით მემკვიდრეობის ნორმები.12
სულ სხვა მოსაზრებები განავითარა სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დადგინდა. პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლი განსაზღვრავს კანონით მემკვიდრეთა წრეს, რომელთა შორისაა პირველი რიგის იმ მემკვიდრეთა ჩამონათვალი, რომლებსაც უფლება აქვთ, მიიღონ 1371-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო წილი. სამოქალაქო კოდექსის 1371-ე და 1336-ე მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შვილიშვილი პირველი რიგის კანონით მემკვიდრეს წარმოადგენს და, შესაბამისად, – სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის მისი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ცოცხალი აღარ არის. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტებები არ გაიზიარა საკასაციო სასამართლომ და განმარტა, რომ: ვიდრე გაირკვეოდეს მატერიალური კანონმდებლობით პირისათვის მინიჭებული უფლების რეალიზაციის საკითხი, აუცილებელია იმისი დადგენა, არის თუ არა კონკრეტული პირი ამ უფლების სუბიექტი და სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილი პირი. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, უპირველეს ყოვლისა, სავალდებულო წილის მომწესრიგებელი ნორმები უნდა იყოს სწორად განმარტებული. სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის მიხედვით იმ პირთა წრე განისაზღვრება, რომელთაც სავალდებულო წილის მიღების უფლება აქვთ, კერძოდ: მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რომელიც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება იმის შესახებ, რომ სავალდებულო წილის ინსტიტუტის შემოღებით კანონმდებელმა შეზღუდა რა ანდერძის თავისუფლება, გაითვალისწინა პირველი რიგის კანონით მემკვიდრეთა, მათ შორის შვილიშვილების, ინტერესები, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იქნებოდა მისი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ამგვარი დასკვნა არ შეესაბამება როგორც კანონის სიტყვასიტყვით, ასევე ლოგიკურსა და სისტემურ განმარტებას. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის გამოყენებას განსახილველი შემთხვევისათვის ასევე აფერხებს ამავე კოდექსის 1306-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსი, რომლის თანახმადაც, კანონით მემკვიდრეობა, გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი ან, თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან, თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული ნორმა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს არ შეიცავს, იგი, როგორც ზოგადი ნორმა, სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის ლოგიკური განმარტებისათვის შემოწმებას მოითხოვს. სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სავალდებულო წილთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელია ისეთი იურიდიული ფაქტის დადგომა, ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება, რომელიც იწვევს სამკვიდროს გახსნას. სავალდებულო წილის მიღების უფლებით მხოლოდ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხლად მყოფი სავალდებულო მემკვიდრეები სარგებლობენ. სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლის მეორე წინადადება ითვალისწინებს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების ტრანსმისიას, თუმცა, ამავე ნორმის თანახმად, ტრანსმისია დასაშვებია, თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო სავალდებულო წილის მიღება. ხოლო ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პირიქით მამკვიდრებლის გარდაცვალებას სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირის გარდაცვალება უსწრებდა.13
ამგვარად, მემკვიდრეობის სამართლის დებულებები შეიცავს კანონით მემკვიდრეობისა (სსკ 1336-ე–1343-ე მუხლები) და სავალდებულო წილის მემკვიდრეობის (1371-ე–1382-ე) მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმებს. სავალდებულო წილზე უფლებამოსილ მემკვიდრეთა წრეს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლი, რომელიც იმპერატიულად, სხვა ნორმაზე (მაგ. სსკ 1336-ე მუხლზე) მითითების გარეშე ადგენს სავალდებულო წილზე უფლების მქონე კონკრეტულ პირთა წრეს პირველი რიგის მემკვიდრეებიდან, ესენი არიან: მეუღლე, მშობლები და შვილები, მაგრამ მათ შორის არ მოიხსენებიან მამკვიდრებლის შვილიშვილები. შვილიშვილი სავალდებულო მემკვიდრე შეიძლება იყოს სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების ტრანსმისიას. ამავე ნორმის თანახმად, ტრანსმისია დასაშვებია, თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო სავალდებულო წილის მიღება, ხოლო, თუ მამკვიდრებლის გარდაცვალებას სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირის გარდაცვალება უსწრებდა, ბუნებრივია, ამ უკანასკნელს (სავალდებულო მემკვიდრეს) ვერ წარმოეშობოდა სავალდებულო წილის მიღების უფლება და ამ უფლებით ვერც მისი მემკვიდრე ვერ ისარგებლებდა. შესაბამისად, შვილიშვილი სავალდებულო მემკვიდრეა მხოლოდ მემკვიდრეობითი ტრანსმისიით და სპეციალური ნორმის არსებობისას დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი სავალდებულო წილის მემკვიდრეობის უფლება.
1 დიანა ბერეკაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დოქტორი
2 შენგელია რ. შენგელია ე. „საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი“, თბილისი 2017, გვ.414
3 Булаевский Б.А. Наследственное право – М.: 2005. c. 178.
4 შენგელია რ, შენგელია ე. „საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი“, თბილისი 2017 წ., გვ.414
5 იქვე, გვ.415
6 ახვლედიანი ზ. „მემკვიდრეობის სამართალი“, თბილისი 2007 წ., გვ.49
7 სუსგ საქმე Nას-981-1245-05. 3 აპრილი, 2006 წ.
8 ბიოლინგი ჰ. უღირს მემკვიდრედ ცნობა და სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ჟურნალი „ქართული სამართლის მიმოხილვა“, ტომი 6, თბ. N4. 2003; გვ. 520
9 იურგენ შვაბე (ჰამბურგის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორი), გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, თბ. 2011 წ., გვ. 1
10 სუსგ N 3კ-1434-02 27.05. 2003 წ.
11 სუსგ N ას-681-637-2010 25.01.2011 წ.
12 სუსგ N ას-1223-1164-2014. 16 თებერვალი, 2015 წ.
13 სუსგ N ას-1577-1480-2012. 16 ივნისი, 2013 წ.