ავტორი: თეა ჭეიშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი
„ნუ ეტყვი ადამიანებს, როგორ გააკეთონ რაღაც, უბრალოდ, უთხარი,
რა გააკეთონ და მიეცი მათ საშუალება, გაგაოცონ შედეგებით“.
ჯორჯ პეტონი
ადამიანის უფლებათა დაცვა სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს. ამ მიზნით სახელმწიფო უნდა ქმნიდეს მექანიზმებს და აძლიერებდეს ინსტიტუტებს, რათა უზრუნველყოს ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და უმთავრეს ღირებულებათა დაცვა.
ნებისმიერი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული გზით განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შექმნას ეფექტური მოდელი ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ საჭიროებათა მოსაგვარებლად და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შექმნილი მოდელით ყველასათვის თანაბრად უნდა იქნას მიღწეული მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური მიზანი. ამისი საჭიროება და აუცილებლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო მაშინ ხდება, როდესაც საქმე ეხება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ/ღარიბ მოსახლეობას. სწორედ ამ მიზნით არის საქართველოში შექმნილი იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მოწყვლად პირებს უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფს.
ჩვენს ქვეყანაში დღეს მოქმედი მძლავრი იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნას საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ არცთუ სახარბიელო სტერეოტიპთა მსხვრევა და მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეგულაციათა შემოღება უძღოდა წინ.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში იურიდიული დახმარების გაწევა ეკისრებოდა სახელმწიფოს მიერ დანიშნულ „სახაზინო ადვოკატს“, რომელსაც ძალიან დაბალი ანაზღაურება ჰქონდა და იმ პერიოდში ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც სახაზინო ადვოკატი კანონის უხეში დარღვევით ბრალდებულისგანაც იღებდა ჰონორარს. სახაზინო ადვოკატსა და პროცესის მწარმოებელ პირთა შორის კორუფციული კავშირები ნორმად იყო ქცეული, აღნიშნულის წახალისებას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ ადვოკატის საქმიანობის, მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარისხი არ მოწმდებოდა. შედეგად, სახაზინო ადვოკატისადმი ნდობის, მისი კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის მიმართ საზოგადოებაში არსებულმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ „სახაზინო ადვოკატის“ ინსტიტუტის სრული დისკრედიტაცია გამოიწვია, რამაც იურიდიული დახმარების ახალი მოდელის შექმნის აუცილებლობა წარმოშვა.
2003-2004 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ძალისხმევით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც, მნიშვნელოვანი გამოწვევის პირობებში, იურიდიული დახმარების ქართული მოდელის კონცეფციაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. 2005 წელს შეიქმნა საზოგადოებრივი სახაზინო ადვოკატის სამსახური, რომელიც თბილისისა და ზესტაფონის საპილოტე ოფისების სახით ფუნქციონირებდა. პარალელურად არ წყდებოდა და აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა კანონის პროექტზე, რომლის მიზანს იურიდიული მომსახურების ორგანიზაციის ისეთი მოდელის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუცია იქნებოდა, საზოგადოებაში გააჩენდა ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობას და შეცვლიდა „სახაზინო ადვოკატზე“ მანკიერი წარსულიდან მომდინარე წარმოდგენას. 2007 წელს, სამსახურის განვითარების იმ ეტაპისთვის, სახელმწიფომ ნაადრევად მიიჩნია სამსახურის დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება და მიღებული კანონით იურიდიული დახმარების სამსახური იუსტიციის სამინისტროს მართვის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა. 2008 წელს, იურიდიული დახმარების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, იურიდიული დახმარების სამსახური სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შევიდა.
სამსახურის ინსტიტუციური განვითარების ყველა ეტაპზე ადვოკატების, სამსახურის სისტემაში დასაქმებული თითოეული ადამიანის, სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების – საქართველოს კანონის უზენაესობის პროგრამა (USAID/PROLoG), ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, (UNDP), ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ – დიდი ძალისხმევისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად 2014 წელს საკანონმდებლო ცვლილებებისა და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე იურიდიული დახმარების სამსახური გამოეყო სასჯელაღსრულების სამინისტროს და ჩამოყალიბდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებელია თავისი საქმიანობით.
დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოქმედ იურიდიული დახმარების სისტემათა შორის საქართველოს აქვს იურიდიული დახმარების ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა. საქართველოში იურიდიული დახმარების სამსახური არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე. სამსახური დამოუკიდებლად ასრულებს დაკისრებულ ამოცანებს. დაუშვებელია ზემოქმედება მის საქმიანობაზე. სწორედ დამოუკიდებლობის ეს ხარისხი ქმნის სამსახურის ეფექტური მუშაობის შესაძლებლობას და განსაზღვრავს ამ სამსახურის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს, ხოლო მის მდგრადობას დაფინანსების წყაროები განსაზღვრავს: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, შემოწირულობა და გრანტი, ასევე – საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვადასხვა შემოსავალი.
იურიდიული დახმარების სამსახურმა ინსტიტუციური განვითარების გზაზე ბევრი ამოცანა ღირსეულად გადალახა და დღესაც ატარებს სამსახურის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული დახმარების სამსახური საკმაოდ ახალგაზრდა უწყებაა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე ჩამოყალიბდა როგორც სტაბილური, წარმატებული, ავტორიტეტული და დამოუკიდებელი სამსახური.
საქართველოში იურიდიული დახმარების სამსახურის არსებობის ფასდაუდებელი მნიშვნელობა ნათელი და თვალსაჩინო გახდება, თუ პასუხი გაეცემა კითხვებს: ვინ სარგებლობს იურიდიული სამსახურის მომსახურებით? შეუძლია თუ არა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებმა საქართველოს ყველა მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა მიიღოს უფასო იურიდიული დახმარება? რა კატეგორიის საქმეებზე შეუძლიათ მათ მიმართონ სამსახურს იურიდიული მომსახურებისა და კონსულტაციის მისაღებად? როგორ ხდება ბენეფიციარისთვის ადვოკატის მომსახურების მიწოდება?
იურიდიული დახმარების სამსახური საზოგადოების შეჭირვებული ნაწილისთვის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კატეგორიის საქმეებზე კანონიერების, თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით ორი სახის მომსახურებას უზრუნველყოფს: იურიდიულ დახმარებასა და იურიდიული კონსულტაციის გაწევას. სამსახური იურიდიულ მომსახურებას ახორციელებს პირადი შეხვედრების, ონლაინკომუნიკაციისა და სატელეფონო კონსულტაციის, სამსახურში მოქმედი ქოლცენტრის მეშვეობით, რომლის კონცეფციის მომზადება, ტექნიკური აღჭურვა და თანამშრომელთა გადამზადება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მოხერხდა. დღეისათვის მოქალაქეებს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან იურიდიული დახმარების სამსახურში 0 32 292 00 55 ნომერზე დარეკვით შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია და დახმარება.
ბენეფიციარს იურიდიული კონსულტაციით შეუძლია სამართლებრივი რჩევის მიღება ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო იურიდიული დახმარების გაწევით – სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და სხვა დოკუმენტები) შედგენა, ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გამართლებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში. სისხლის სამართლის პროცესში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაზარალებულის დაცვის განხორციელება სახელმწიფო ხარჯზე, წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულსა და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით, ასევე წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევს არა საქართველოს ყველა მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, არამედ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ მოწყვლად პირებს, კერძოდ, უფასო იურიდიული დახმარებით (სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში სისხლის, ადმინისტრაციულსა თუ სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოში) სარგებლობენ: საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, უცხო ქვეყნის მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს; ხოლო, რაც შეეხება სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიულ კონსულტაციას (სამართლებრივი რჩევა) ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ის ხელმისაწვდომია ყველასათვის.
უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის არსებობის ყველა ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში მოხდა არაერთი ცვლილება და განხორციელდა არაერთი რეფორმა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული სამსახურის მანდატი 2019 წლიდან გლობალურად გაფართოვდა და, შესაბამისად, იურიდიულმა მომსახურებამ და კონსულტაციებმა ზ/აღნიშნული პირებისათვის საგრძნობლად იმატა. იურიდიული სამსახურის მიერ განხორციელებული წარმატებული, ეფექტური, დროული და საფუძვლიანი რეფორმების შედეგად დღეისათვის სისხლის სამართალში ბრალდებული სარგებლობს იურიდიული დახმარებით – როგორც სავალდებულო დაცვით, ასევე ადვოკატის დანიშვნით, თუ ეს გადახდისუუნარო ბრალდებულს სჭირდება. სავალდებულო დაცვით სარგებლობენ შემდეგი ბრალდებული პირები: არასრულწლოვანი, ვინც არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, თუ პირს აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ხელს შეუშლის, თავი თვითონ დაიცვას, თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით, თუ მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე, თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, თუ არაიდენტიფიცირებული პირია, თუ განიხილება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის საკითხი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
იურიდიული სამსახური სახელმწიფო ხარჯით ასევე უზრუნველყოფს გადახდისუუნარო ბრალდებულის დაცვას, როცა ის ადვოკატის დანიშვნას მოითხოვს, თუ ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) სისხლის სამართლის საქმის მონაწილე არ არის; სასამართლო უფლებამოსილია, ბრალდებულს ან მსჯავრდებულს სავალდებულო წესით დაუნიშნოს ადვოკატი, თუ ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, რაც, სასამართლოს შეფასებით, საქმის განხილვას აჭიანურებს; ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ადვოკატი, რომელიც საპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, სასამართლო სხდომას არაუმეტეს 10 დღით გადადებს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია, რომ ბრალდებულს ან მსჯავრდებულს სავალდებულო წესით დაუნიშნოს ადვოკატი.
სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/ მსჯავრდებული/ გამართლებული და დაზარალებული უზრუნველყოფილნი არიან უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არასრულწლოვანის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) არ მონაწილეობს, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეუძლია ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით იმ შემთხვევებში, თუ იგი არის: გადახდისუუნარო ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX, XX და XXII თავებითა და 1441-ე−1443-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე. 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული ან მსჯავრდებული სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით.
18-დან 21 წლამდე ბრალდებული ან მსჯავრდებული (მოთხოვნის შემთხვევაში), კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, მან ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451-ე და 1002-ე მუხლებით, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 123-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 150-ე მუხლის 22-ე ნაწილით, 1533-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1536-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1552-ე, 157-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 173-ე მუხლით, 1741-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 17415-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 1752-ე, 1771-ე და 178-ე მუხლებით და 1811-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
იურიდიული მომსახურებისა და კონსულტაციების გაწევის მანდატი ვრცელდება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც, კერძოდ, დღევანდელი მდგომარეობით იურიდიული სამსახური საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ახორციელებს გადახდისუუნარო განმცხადებელი/საჩივრის ავტორი/ მოსარჩელე/ მოპასუხე/მესამე პირის იურიდიულ დახმარებას, ადმინისტრაციულ ორგანოში/ სასამართლოში წარმომადგენლობას, თუ ეს საქმე ეხება: უძრავ ნივთთან დაკავშირებულ, საოჯახო და მემკვიდრეობის, სოციალური დახმარების, სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, ჯანმრთელობის დაცვის, პაციენტის უფლებათა საკითხებს; ასევე – ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვას. სამსახურის იურიდიული მომსახურება ასევე მოიცავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „საქართველოს შრომის კოდექსიდან“ და ამ კანონთა საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იურიდიული სამსახური ბენეფიციართა გადახდისუუნარობის შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატების მეშვეობით დღეს უკვე ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლთა, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური წარმოებისას ბრალდებულ/მსჯავრდებულთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წარმოებისას სავარაუდო სამართალდამრღვევის/სამართალდამრღვევთა იურიდიულ მომსახურებას; პირის გადახდისუნარიანობის მიუხედავად, იურიდიული მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ პაციენტ/ბრალდებულს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებისას, მხარდაჭერის მიმღებ პირს ასეთად ცნობისას, საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირს მის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას, პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისას, საქმის სასამართლოში განხილვისას, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს, როდესაც მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეულ ქმედებათა შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის გამოცემის საკითხს სასამართლო განიხილავს; მხარდაჭერის მიმღებ პირს, რომელიც არის მხარე სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეზე, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ პირს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 2015 წელს მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ხოლო 2019 წელს – ბავშვის უფლებათა კოდექსი, საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით იურიდიული დახმარების სამსახური კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და მისი მანდატი შეეხო (სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები) ყველა არასრულწლოვანისთვის ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომით არასრულწლოვანი ბავშვის იურიდიულ დახმარებასა და კონსულტაციების გაწევას, გადახდისუნარიანობის მიუხედავად;
ზემოაღნიშნული იურიდიული მომსახურება განისაზღვრება კანონით, თუმცა, იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს იურიდიული დახმარების გაწევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება იმ პირთათვისაც შეუძლია, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული. საბჭოს მიერ აღნიშნული კრიტერიუმების შემოღებას განაპირობებდა მიზანი: ქვეყანაში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მართლმსაჯულება, უკლებლივ ყველას შეეძლოს თავისი დარღვეული უფლების დაცვა, მიუხედავად მისი თუ ოჯახის ფინანსური მდგომარეობისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სამსახური იურიდიულ მომსახურებას უწევს ისეთ პირს/პირებს, რომელიც მიმართვამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ითვლებოდა გადახდისუუნაროდ და ენიჭებოდა სახელმწიფო ხარჯით იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება. თუ პირის ოჯახი რეგისტრირებული არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და წარმოდგენილი სარწმუნო დოკუმენტაცია იძლევა საშუალებას დასკვნისათვის, რომ მისი ოჯახი ისეთ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება, რომელიც შეუძლებელს ხდის მათ მიერ ადვოკატის დაქირავებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების მოძიებას, პირი, რომელიც დაავადებულია მძიმე ან განუკურნებელი დაავადებით (დაავადებათა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებით, ასევე საქართველოს მთავრობის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ შესაბამისი დადგენილებით), მარტოხელა მშობელი, მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი, არასრულწლოვანი პირი, რომელიც შესაძლოა იყოს მხარე სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეებზე, ასაკით პენსიონერი, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარი, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი „კათარზისი“-ს (სათნოების სახლის) ბენეფიციარი, იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატი, ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი.
მნიშვნელოვანია განიმარტოს, თუ როგორ ხდება იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ბენეფიციარისათვის ადვოკატის გამოყოფა და იურიდიული კონსულტაციის გაწევა. სისტემა ამ მიმართულებითაც შეუფერხებლად, გამართულად და მიუკერძოებლად უზრუნველყოფს ბენეფიციარისთვის ადვოკატის მომსახურების უზრუნველყოფას. პროცედურა ასეთია: იურიდიული დახმარების ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრს მომსახურების გაწევის შესახებ განცხადებით მიმართავს ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, არასრულწლოვანი დაზარალებული, მოწმე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას ბენეფიციარები, პირადად მათი კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი;
სამოქალაქო/ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე (გარდა სავალდებულო დაცვის შემთხვევებისა) ადვოკატის გამოსაყოფად სამი წინაპირობა უნდა არსებობდეს: პირი უნდა იყოს გადახდისუუნარო, საქმე უნდა იყოს რთული და მნიშვნელოვანი, დავის საგანი იურიდიული დახმარების სამსახურის უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. ბიუროს უფროსი/საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი განიხილავს ადვოკატის დანიშვნის საფუძვლიანობას და დავის ნებისმიერი კატეგორიის გათვალისწინებით წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმეზე ნიშნავს ადვოკატს. უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ადვოკატს ვერ დანიშნავს, თუ პირი უკვე სარგებლობს საკუთარი ხარჯით აყვანილი ადვოკატის მომსახურებით. რაც შეეხება საკონსულტაციო ცენტრების მიერ მომსახურების გაწევას, ფიზიკური პირის ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად, დაინტერესებულ პირებს იურიდიულ კონსულტაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაუწევენ აღნიშნული ცენტრებისათვის მიმართვის გზით. იურიდიული კონსულტაციის ხანგრძლივობა არაუმეტეს ერთი საათია. საკონსულტაციო ცენტრებში კონსულტანტი დაინტერესებულ პირს კონსულტაციის გაწევისას განუმარტავს ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრის ფარგლებში მომსახურების პირობებს, არკვევს პრობლემის არსში და უწევს შესაბამის კონსულტაციას;
იურიდიული დახმარების ბიურო სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის ჩართვის საკითხს წყვეტს დაუყოვნებლივ და ბენეფიციარი უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფილია ადვოკატის მომსახურებით, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, თუ საქმის გარემოებანი არ მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას, ბიუროს უფროსი/საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ადვოკატის დანიშვნის საკითხს განცხადების, მიმართვის ან განჩინების ჩაბარებიდან 2 დღის განმავლობაში განიხილავს და დაკმაყოფილების შემთხვევაში ნიშნავს საქმეზე ადვოკატს;
ბიუროს/საკონსულტაციო ცენტრს იურიდიული დახმარების გაწევაზე უარის თქმის უფლება მხოლოდ იმ საფუძვლით აქვს, თუ დასაცავი პირი ან/და საქმის მოცემული კატეგორია სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებს არ აკმაყოფილებს. ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ბიუროს უფროსი/საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი წერილობით გასცემს დასაბუთებულ პასუხს იურიდიულ დახმარების გაწევაზე უარის შესახებ; ბიუროს უფროსი/საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი იურიდიული დახმარების გაწევაზე უარს დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის დირექტორს. პირისთვის ბიუროს უფროსის/საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტის უარი იურიდიული დახმარების გაწევის თაობაზე საჩივრდება სამსახურის დირექტორთან, სამსახურის დირექტორის უარი კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – სასამართლოში.
იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ დიდ ნდობას მეტწილად სამსახურის მართვისა და ხელმძღვანელ ორგანოთა მოწყობა და გამჭვირვალე საქმიანობა განაპირობებს.
იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას დირექტორი ახორციელებს, რომელსაც (სამსახურის დირექტორს) ღია კონკურსის წესით 5 წლის ვადით ირჩევს იურიდიული დახმარების საბჭო. დირექტორად შეიძლება შერჩეულ იქნეს არანაკლებ 30 წლის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ ხუთი წლისა და ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. დაუშვებელია დირექტორად ერთისა და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა. დირექტორი ახორციელებს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, აღასრულებს საბჭოს გადაწყვეტილებებს, ის არის სამსახურის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში. დირექტორი არ არის საბჭოს წევრი და უფლებამოსილების ვადის განმავლობაში მას არ აქვს საადვოკატო და სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების უფლება, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იმის გათვალისწინებით, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე, სამსახურის დირექტორი ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 მარტისა საბჭოსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს სამსახურის წინა წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე. დირექტორის გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში.
იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციების ეფექტური შესრულების, დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სამსახურში შექმნილია მართვის ორგანო – იურიდიული დახმარების საბჭო, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუციის მიერ წარმოდგენილი 9 წევრისაგან შედგება. საბჭოში 3 წევრს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო წარადგენს, 3 წევრს კი – სახალხო დამცველი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის მიერ წევრების არჩევისას მოქმედებს როტაციის მექანიზმი, რაც საბჭოს წევრთა მესამედის ყოველწლიურ განახლებას გულისხმობს (ერთი წევრი აირჩევა ერთი წლის, მეორე – ორი წლის და მესამე – სამი წლის ვადით). აღნიშნული მექანიზმი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საბჭოს მუდმივ განახლებას მაღალი პროფესიული გამოცდილების მქონე პირებით და, მეორე მხრივ, ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, საბჭოს შეუფერხებელსა და დინამიკურ მოღვაწეობას განაპირობებს. საბჭოს წევრთაგან ერთ-ერთს იურიდიული დახმარების ბიუროები წარადგენენ, რომლებშიც საბჭოში წარსადგენი წევრის არჩევა სრული გამჭვირვალობისა და ობიექტურობის დაცვით მიმდინარეობს. თავის შემადგენლობაში შემავალ ადვოკატთაგან იურიდიული დახმარების ბიურო საბჭოში წარსადგენ წევრს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო პროგრამის შეფასების საფუძველზე ირჩევს. საბჭოს წევრს ფარული კენჭისყრით ამავე ბიუროს ადვოკატთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ. გამარჯვებულად ის ადვოკატი ითვლება, რომლის სამოქმედო გეგმაც მეტ ხმას მიიღებს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს კანდიდატი, რომლის პროგრამასაც კენჭს უყრიან. იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოში ერთ წევრს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთაგან იუსტიციის მინისტრი წარადგენს, ერთ წევრსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთაგან – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება აირჩიონ. საბჭოს წევრებს 3 წლის ვადით ირჩევენ, გარდა საბჭოს იმ წევრისა, რომელიც იმავე დროს არის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, ერთი წლით არჩეული. საბჭოს წევრები ანაზღაურების გარეშე მუშაობენ. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს წევრების მიერ საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით 1 წლით აირჩევა. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ აირჩიონ. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას წარმართავს საბჭოს სხდომას. საბჭოს სხდომაში სამსახურის დირექტორი მონაწილეობს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით, საბჭოს სხდომა საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, განსახილველი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭო სხდომის დახურვას მიზანშეწონილად მიიჩნევს. საბჭო იკრიბება თვეში ორჯერ მაინც. საბჭოს საქმიანობის წესს საბჭოს დებულება განსაზღვრავს.
იურიდიული დახმარების სამსახურის სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისათვის სამსახურში შექმნილია სამმართველოები, რომლებშიც ადმინისტრაციული პერსონალია დასაქმებული, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამსახურის მართვაში. აპარატის ფორმირების წესს, სტრუქტურასა და უფლებამოსილებას კი სამსახურის დებულება განსაზღვრავს. სამსახურში ფუნქციონირებს შემდეგი სამმართველოები: ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების, ფინანსური, შესყიდვის, საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სისხლის სამართლის საქმეებზე იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების, ანალიტიკური, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრისა და იურიდიული საქმისწარმოების პროგრამის მართვისა, სამდივნო და შიდა აუდიტისა. საბჭოს მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხის გათვალისწინებით სამსახურში ფუნქციონირებს 225 საშტატო ერთეული. საშტატო თანამდებობებზე დასაქმებულია 180 თანამშრომელი;
იურიდიული დახმარების სამსახური იურიდიულ დახმარებასა და კონსულტაციების გაწევას საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით უზრუნველყოფს. საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების 13 ბიურო, 25 მოქმედი საკონსულტაციო ცენტრი და ერთიც დისტანციური მომსახურების ცენტრი. იურიდიული დახმარების ბიუროები გახსნილია შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, სიღნაღი და ფოთი.
იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრები ფუნქციონირებს ამბროლაურში, მესტიაში, ცაგერში, საჩხერეში, ახალქალაქში, წალკაში, მარნეულში, დმანისში, დუისში, დუშეთში, ყვარელში, ლაგოდეხში, შუახევში, ხულოში, ქობულეთში, წალენჯიხაში, აბაშაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, ხობში, ბაღდათში, წყალტუბოში, ჭიათურაში, ქედაში. 2021 წლიდან იგეგმება 21 საკონსულტაციო ცენტრის გახსნა: ტყიბულში, ვანში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ონში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, დედოფლისწყაროში, გარდაბანში, ახმეტაში, გურჯაანში, თიანეთში, ადიგენში, ხაშურში, ქარელში, ლენტეხში, ხონში, სენაკში, შუახევში, ვანსა და ხარაგაულში. წეროვნის დევნილთა დასახლებაში მოქმედებს დისტანციური მომსახურების ცენტრი.
იურიდიული დახმარების ბიურო, სამსახურის შემადგენელი ერთეული, სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებასა და საჭირო კონსულტაციას. იურიდიული დახმარების ბიუროს მართავს ხელმძღვანელი. იურიდიული დახმარების ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირებისათვის თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებასა და იურიდიულ კონსულტაციას უზრუნველყოფენ სისხლის, სამოქალაქო/ადმინისტრაციული, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების კოდექსის სპეციალიზაციის მქონე მაღალი კვალიფიკაციის ადვოკატების საშუალებით, რომლებიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან და მოქმედებენ ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით.
მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, მომსახურებისა და კონსულტაციის შეუფერხებლად გასაწევად იურიდიული დახმარების სამსახურში დამატებით წარმოებს მოწვეული ადვოკატების რეესტრი, რომელშიც ადვოკატი რეგისტრირდება განცხადების საფუძველზე ღია კონკურსის გზით.
რეესტრის ადვოკატი საქმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება, თუ საქმე ეხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის რომელიმე შემთხვევას; რეგიონებში არ მოქმედებს იურიდიული დახმარების ბიურო; განსაკუთრებულ შემთხვევებში – ბიუროს უფროსის, საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტის ან მიმწოდებლის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე – სამსახურის დირექტორი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ არსებობს რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის კატეგორიის საქმეებზე, რეესტრის ადვოკატს ფიზიკური პირის განცხადების, პროცესის მწარმოებლის მომართვის ან განჩინების საფუძველზე ნიშნავს ბიუროს უფროსი/საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი; საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი იურიდიულ დახმარებას იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლის ან საკონსულტაციო ცენტრის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფოს ხარჯზე ეწევა. დღეისათვის მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებულია 58 ადვოკატი.
იმის გათვალისწინებით, რომ იურიდიული დახმარების სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, მისი კანონისმიერი ვალდებულებაა ბენეფიციარებს მაღალხარისხოვანი იურიდიული მომსახურება და კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს. დღეისათვის იურიდიული დახმარების სამსახურის უმნიშვნელოვანეს ამოცანას სწორედ სამსახურის მიერ იურიდიული მომსახურების ხარისხის შეფასების სისტემის შემოღება წარმოადგენს. მაღალხარისხოვანი იურიდიული მომსახურების გაწევა პირდაპირ უკავშირდება სამსახურის, როგორც ინსტიტუციის, ავტორიტეტს, ნდობას, დამოუკიდებლობას, ფინანსურ მდგრადობას და ა.შ. სამსახურის მიერ ხარისხიანი იურიდიული მომსახურების გასაწევად იურიდიული დახმარების საბჭომ 2020 წლის 04 ივლისის N75 გადაწყვეტილებით დაამტკიცა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები. ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები შემუშავებულ იქნა ადვოკატის დამოუკიდებლობის, პროფესიული საიდუმლოებისა (კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების დაუშვებლობა) და პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით, მისი სრული დაცვით. მიღებული წესის შესაბამისად, შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ადვოკატის მიერ დასრულებული საქმე, ამასთან, საქმეში უნდა იყოს ბენეფიციარის თანხმობა შეფასების მიზნებისათვის მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ;
შეფასების სისტემა ითვალისწინებს სამსახურის მიერ გაწეული სამართლებრივი მომსახურების ხარისხის შეფასებას პრაქტიკული კომპეტენციისა და პროფესიული უნარების კრიტერიუმებით. მნიშვნელოვანია და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შეფასებას არ ექვემდებარება ადვოკატის მიერ ბენეფიციართან შეთანხმებული საქმის წარმართვის სტრატეგია (საქმის წარმართვის სტრატეგიას ბენეფიციართან შეთანხმებით ადვოკატი განსაზღვრავს). შესაბამისად, ბენეფიციარისაგან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია არ მუშავდება (ადვოკატს კანონით ეკრძალება კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება); სამსახურის შეფასების სისტემა გამორიცხავს ადვოკატის მიმართ რაიმე სახის დასჯის მექანიზმის გამოყენებას, ამისი ნათელი მაგალითი ის გახლავთ, რომ, თუ სამართლებრივი მომსახურების ხარვეზები დადგინდება, ადვოკატი ვალდებული იქნება, გადამზადების კურსები გაიაროს. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეულ იურიდიულ მომსახურებაში გაჩენილ ხარვეზებზე დროული რეაგირებისათვის სამსახურში მოქმედებს ეფექტური მექანიზმი, კერძოდ, იურიდიული დახმარების საბჭოს N69 გადაწყვეტილებით 2020 წლის 1 იანვრიდან სისტემაში ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ადვოკატების, კონსულტანტების, აპარატის თანამშრომლების, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა, რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატებისა და სხვა თანამშრომელთა პროფესიული მხარდაჭერის საჭიროებათა იდენტიფიკაციას, ადვოკატებისა და კონსულტანტებისთვის საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის სიახლეების გაცნობას, იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სამმართველოების რეკომენდაციების საფუძველზე სემინარებისა და ტრენინგების დროულ ორგანიზებას. ხანგრძლივი განათლების მიზნებისთვის ტრენინგ-მოდულები შეირჩევა ბენეფიციართა მომართვის მაჩვენებლისა და ადვოკატთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მიწოდებული იურიდიული დახმარებისა და გაწეული კონსულტაციების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება საბჭოს 2020 წლის 4 ივლისის N75 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი მხარდამჭერთა ჯგუფიც, რომელიც საქმიანობას მხარდამჭერთა ჯგუფის დებულების შესაბამისად ეწევა. მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატებისაგან შედგება, საზოგადოებრივი ადვოკატების სამართლებრივ მხარდაჭერას ახორციელებს. ადვოკატის მიმართვა მხარდამჭერთა ჯგუფისათვის ნებაყოფლობითია. მხარდამჭერთა ჯგუფს ინფორმაცია საქმის შესახებ ადვოკატის მიერ დეპერსონალიზებული ფორმით მიეწოდება. ადვოკატისათვის მხარდამჭერთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაცია სავალდებულო არ არის, მას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ადვოკატს შეუძლია გარკვეული განმარტებანი მიიღოს კოლეგებისაგან, მოისმინოს მათი მოსაზრებანი და რთული, კომპლექსური და განსხვავებული საქმეების წარმოების დროს მათი გამოცდილება გაიზიაროს; რაც საქმის მწარმოებელ ადვოკატს საშუალებას მისცემს კვალიფიციურად წარმოადგინოს სამსახურის ბენეფიციარი მისთვის მაღალხარისხოვანი იურიდიული მომსახურების გაწევით.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ამოცანების ფონზე სამსახურის პრიორიტეტს კვლავ ადვოკატის საქმიანობის შეფასების სრულყოფილი სისტემის შექმნა წარმოადგენს, ამ მიმართულებით სამსახური აპირებს ძალისხმევა არ დაიშუროს, რათა უმოკლეს ვადაში შეფასების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სისტემა გვქონდეს, რომელიც მომავალშიც ღირსეულად უზრუნველყოფს ბენეფიციარების ხარისხიან იურიდიულ მომსახურებას.
იურიდიული დახმარების სამსახურის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ჩვენი სამსახურის პოპულარობის გაზრდა წარმოადგენს, რისთვისაც იურიდიული დახმარების სამსახური, როგორც რეფორმატორი ინსტიტუტი, აქტიურად განაგრძობს მნიშვნელოვან ღონისძიებათა გატარებასა და იურიდიული დახმარების სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებას. ამ მიზნით შეიქმნა რადიოგადაცემა „სამართლებრივი რჩევები“, რომელსაც სამსახურის დირექტორი ბ-ნი რაჟდენ კუპრაშვილი უძღვება. იურიდიული დახმარების სამსახურის ისტორიაში პირველად მომზადდა სამართლებრივი ჟურნალი „საზოგადოებრივი ადვოკატი“. ჟურნალი განკუთვნილია როგორც იურიდიული წრეების წარმომადგენლებისათვის, ასევე ფართო საზოგადოებისათვის და მიზნად ისახავს საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხის განხილვას.
იურიდიული დახმარების სამსახურის პოპულარობის გაზრდისა და მომავალი თაობის პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად სამსახურში ფუნქციონირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი და მოქმედი სასწავლო პროგრამის პრაქტიკული კურსი – იურიდიული კლინიკა – რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიღრმაონ თეორიული ცოდნა, პრაქტიკოს ადვოკატებთან ერთად რეალურ საქმეებზე მუშაობის შედეგად გამოიმუშაონ და განივითარონ ადვოკატისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. სწავლების პროცესი მიმდინარეობს საკონტაქტო (პრაქტიკული მუშაობა, კლინიკის ანგარიშის პრეზენტაცია) და დამოუკიდებელი მუშაობის (დასკვნითი გამოცდისათვის კლინიკური სწავლების ანგარიშის მომზადება და სხვ.) ფორმატით. იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა ხელმისაწვდომია საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების დამამთავრებელი და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური მდგრადობა კიდევ ერთხელ დადასტურდა ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის პირობებში. Covid 19 პანდემიიდან გამომდინარე, სამსახურის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების მიუხედავად, ჩვენი სამსახურის პროფესიონალთა გუნდი მაღალი პასუხისმგებლობითა და თავდადებით გაუმკლავდა ამასაც. როგორც ადვოკატებისათვის, ასევე ადმინისტრაციული პერსონალისათვის საჭირო გახდა საქმის წარმოებაში გამართული ელექტრონული კომუნიკაციების სრულყოფილი დანერგვა. ამ მიზნით იურიდიული სამსახურის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და ელექტრონული ხელმოწერის სისტემასთან (eflow) ერთად დაწესდა დოკუმენტების (სამსახურებრივი ბარათი, განცხადება, წერილი და ა.შ.) მიწოდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მათ შორის მივლინების, შვებულებისა და ა.შ.; სასამართლოს პროცესზე დისტანციურად ჩართვისთვის საზოგადოებრივი ადვოკატებისათვის სახლიდან ZOOM-ისა და WEBEX-ის პროგრამების ინსტალირება უზრუნველყვეს, ქოლცენტრის კონსულტანტების მიერ სამსახურის ცხელი ხაზის ზარებზე დისტანციურ რეჟიმში შინიდან პასუხის გაცემის ორგანიზებაც განხორციელდა. უზრუნველყვეს იურიდიული საქმის წარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაზე (case-bank) წვდომა, თანამშრომლებისათვის კომუნიკაცია უწყვეტად რომ ყოფილიყო შესაძლებელი, შეიქმნა WhatsAPP-ის ჯგუფები. დადგინდა სამსახურში დაგეგმილი გადამზადების პროგრამების დისტანციურად ჩატარების წესი. 2020 წელს ტრენინგების უმრავლესობა (80%) ჩატარდა დისტანციურად zoom.us-ის პლატფორმაზე. სამსახურის თანამშრომლებს გაუზიარეს ინფორმაცია და გაუწიეს ტექნიკური დახმარება დისტანციურ საშუალებათა გამოსაყენებლად; ტრენინგებზე რეგისტრაცია, მასში მონაწილეობა და შემდგომი შეფასება დისტანციური საშუალებებით განხორციელდა; ქალაქების ჩაკეტვისა და კომენდანტის საათის დაწესებიდან გამომდინარე, სამსახურმა ადვოკატები და მძღოლები თავისუფლად გადაადგილებისათვის საშვებით უზრუნველყო, დადგინდა სამსახურში დაგეგმილი გადამზადების პროგრამების დისტანციურად ჩატარების წესი.
სამსახურის საქმიანობაში მიღწეული წარმატებები და მუდმივი სწრაფვა საჭირო და დროული რეფორმების განსახორციელებლად მნიშვნელოვნად არის განპირობებული ძლიერი მენეჯმენტით, თითოეული ადვოკატის თავდაუზოგავი შრომითა და სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით (USAID/Prolog, UNHCR, UNDP, UNICEF). 2020 წელს სამსახურმა დონორ ორგანიზაციებთან წარმატებულ მოლაპარაკებათა შედეგად მიიღო 115,648.22 აშშ დოლარისა და 79,501.57 ლარის გრანტი. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (Prolog, USAID-Prolog – PROMOTING RULE OF LAW IN GEORGIA) მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურმა განახორციელა და მომავალშიც განახორციელებს მნიშვნელოვან საქმეებს, რომლებიც ხელს შეუწყობს იურიდიული დახმარების სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებას.