რამდენიმე პრობლემური ასპექტი სასესხო ურთიერთობაში  

21 დეკემბერი 2021

ავტორი: ნათია გუჯაბიძე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

 

სესხი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელსაც კერძო სამართალში ეთმობა სპეციალური მოწესრიგება - სამოქალაქო კოდექსის სახელშეკრულებო სამართლის შესაბამის თავში. 
მიუხედავად სესხის ხელშეკრულებათა ინტენსივობისა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის შემეცნება ამ სამართლებრივი ინსტიტუტისადმი არც თუ სახარბიელოა, რასაც მოწმობს, როგორც სასამართლო სისტემაში მიმდინარე მრავალრიცხოვანი დავა, ისე - მათი გართულებული შემთხვევები. 
სესხი ძირითადად ფულადი ვალდებულების სახეა, რადგან გამსესხებელი მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს ფულს, თუმცა, სესხის ხელშეკრულების საგანი ასევე შესაძლოა იყოს გვაროვნული ნივთი, მსესხებელი კი ვალდებულია, უკან დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი (იხ. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი). 
ვინაიდან სამოქალაქო სამართალი ინდივიდთა თავისუფალი მოქმედების სამართალია იმ მასშტაბით, ვიდრე ის არ იბოჭება სხვისი უფლებების გადაკვეთის საზღვრით, სესხის ობიექტის შერჩევა სესხის ხელშეკრულების მხარეთა გადასაწყვეტია. თუმცა კანონმდებლის მთავარი ინტერვენცია მოცემულ თავისუფლებაში იმით გამოიხატება, რომ სესხის ხელშეკრულების საგანი მხოლოდ და მხოლოდ გვაროვნული ნივთი შეიძლება იყოს, ნივთი კი გვაროვნულია მაშინ, როდესაც შესაძლებელია მისი ჩანაცვლება. სამოქალაქო კოდექსი გვაროვნული ნივთის დეფინიციას სანივთო სამართალში არ გვთვაზობს, ხოლო ვალდებულებითი სამართლის ზოგად ნაწილში გვაროვნულ ნივთად ვალდებულების შესრულების მიზნებისთვის დასახელებულია ნივთი, რომლის შეცვლაც შესაძლებელია (იხ. სამოქალაქო კოდექსის 382-ე მუხლი). გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §91-ის მიხედვით კი (სწორედ გერმანული სამართლის ტრანსფორმაციით ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართული სამოქალაქო სამართალი), გვაროვნული ნიშნით განსაზღვრულ ნივთებად კანონის გაგებით მიიჩნევა მოძრავი ნივთები, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში განისაზღვრება რიცხვით, ზომით თუ წონით.1
უმეტესწილად, საზოგადოებაში გავრცელებულია სესხის ხელშეკრულებები ფულის გადაცემით, რაც, ცხადია, ნიშნავს ფულის დროებით სხვის საკუთრებაში გადაცემას, მაგრამ - არა იმავე ფულის კუპიურების დაბრუნების ვალდებულებას. ასე რომ იყოს, სესხის ხელშეკრულება აზრს დაკარგავდა, ვინაიდან ფულის ერთეულის მიმოქცევა სამოქალაქო ბრუნვაში შეუძლებელი გახდებოდა.
პრაქტიკაში ხშირად პრობლემას წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებით განპირობებული დავები. ქართული სამოქალაქო სამართლის შესაბამისად, სესხი რეალური ხელშეკრულებაა, განსხვავებით გერმანული მოდელისგან, რომლის შესაბამისადაც, სესხის ხელშეკრულებას გააჩნია კონსენსუალური ხასიათი, ხელშეკრულების დადებისა თუ ვალდებულებათა შესრულების მარეგულირებელი ნორმების გათვალისწინებით. ეს მოსაზრება ეფუძნება გერმანიის სამოქალაქო კოდექსის §488 და §607-ის დანაწესს. (§488 (1): სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი ვალდებულია, გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით. მსესხებელი ვალდებულია, გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა; §607(1):ნივთების სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი ვალდებულია, მსესხებელს გადასცეს შეთანხმებული გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთი. მსესხებელი ვალდებულია, გადაიხადოს სესხის საზღაური და სესხის გადახდის ვადის დადგომისას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი). ქართული სამართლის მიხედვით კი, სესხი რეალური ხელშეკრულებაა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარეობს, კერძოდ, სესხის ხელშეკრულება იდება სესხის საგნის მსესხებლისათვის გადაცემით. უმრავლეს შემთხვევებში კი ეს ფულია. მაშასადამე, სესხის რეალურ ხელშეკრულებათა რიგისათვის მიკუთვნება იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება).(იხ. სუსგ.საქმე №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.). ერთ-ერთ საქმეში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ.სუსგ. საქმე №ას-361-343-2015, 14.12. 2015).
სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად (მუხლი 624: სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთნხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით), სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (იხ. სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლი). მაგრამ პრობლემას წარმოადგენს სესხის ზეპირად დადებული ხელშეკრულების მტკიცებითი პროცესი, ისევე როგორც, ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ისეთ შემთხვევებში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, პროცედურული სამართლით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებითაც შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო სასამართლო გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. სუსგ. საქმე №ას-398-371-2017, 06 ივნისი, 2017 წ.).  სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა (შდრ. სუსგ.საქმე №ას-127-119-2015, 22.07.2015). მაშასადამე, სესხის რეალური ბუნების „უარყოფითი“ გამოძახილი პრაქტიკაში სწორედ ის შემთხვევევბია, როდესაც მოპასუხე საერთოდ უარყოფს სესხად თანხის მიღების ფაქტს, მაშასადამე, უარყოფს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას.  
აღიარებულია, რომ მატერიალური სამართლის დადგენას ემსახურება საპროცესო სამართალი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეთა მიერ მათი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის საფუძვლად მითითებულ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან არცერთს არა აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თავად მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე, რაც გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულების რეალური ხასიათიდან. შესაბამისად, გასესხებული თანხის გადაცემის დამტკიცების მოვალეობა აქვს გამსესხებელს. ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს თანხის გადაცემის და შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს ზეპირი სახის მტკიცებულებებით – მოწმის ჩვენებით, მხარის ახსნა-განმარტებით. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი სესხის ხელშეკრულების კვალიფიციურ, წერილობით ფორმას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ხელშეკრულების სადავოდ გახდომისას მხარეთა ინტერესების დაცვა უფრო მეტადაა გარანტირებული, გამსესხებელი – თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითებს წერილობითი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე, ცხადია, თანხის კონტრაგენტისათვის უკვე გადაცემის დათქმით, მსესხებელმა კი უნდა დაადასტუროს ამ საბუთის უსწორობა. აქვე უნდა ითქვას, რომ თავისთავად ზეპირი ფორმით ხელშეკრულების დადება არ აკნინებს სესხის ხელშეკრულების იურიდიულ ნამდვილობას, მაგრამ მისი სადავოობის გადაწყვეტისას, უფრო მეტი მტკიცებითი ძალა სწორედ წერილობით მტკიცებულებებს გააჩნია ხელშეკრულების დადების შესახებ.
ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ გართულებული სესხის შემთხვევები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მსესხებელი უარყოფს თანხის მიღებას. აღნიშნული ფაქტი მტკიცების ტვირთს უმძიმებს გამსესხებელს, თუკი არ არსებობს თანხის გაცემა-მიღების შესახებ წერილობითი მტკიცებულება. ვინაიდან საზოგადოების მართლშეგნება ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მაღალი, რაც განაპირობებს სამართლებრივი ინსტიტუტებისადმი ზერელე თუ გაუთვითცნობიერებელ დამოკიდებულებას, გამსესხებლები ხშირად სესხის ხელშეკრულებისა და თანხის მსესხებლისათვის გადაცემის ფაქტის დადასტურებას ცდილობენ, მათი შეხედულებით, კანონიერი და დასაშვები მტკიცებულებით, ასე მაგალითად, ფარული აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერით. ასეთივე ვითარებაა მსესხებლის შემთხვევაშიც, როდესაც მას არ გააჩნია გამსესხებლისათვის თანხის დაბრუნების შესახებ წერილობითი მტკიცებულება - შესაბამისად, სასესხო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. 
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ შემთხვევათა განხილვის თვალსაზრისით სასამართლო პრაქტიკა შეიცვალა და დამკვიდრდა საერთშორისოდ აღიარებული სტანდარტი, რაც ეფუძნება ადამიანის ძირითადი უფლებების განუხრელ დაცვას. საქართველოს საერთო სასამართლოების ადრეული მიდგომა ამ საკითხისადმი  ეყრდნობოდა იმ მოსაზრებას, რომ „სისხლის სამართალი და სამოქალაქო სამართალი სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებენ და განსხვავებულია მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმებიც სისხლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო სამართალში. სისხლის სამართალში, სადაც ორივე დაპირისპირებული მხარე არ არის კერძო სამართლის სუბიექტი, გადამწყვეტია, რომ ბრალდების მხარემ ბოროტად არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება, არ იმოქმედოს თვითნებურად და არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები, საბოლოოდ, არ დაისაჯოს უდანაშაულო ადამიანი. მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხიც სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარე წესრიგდება, ამიტომ აქ ბრალდების მხარისათვის დაკისრებული მტკიცების სტანდარტი უფრო მკაცრია, ვიდრე დაცვის მხარისთვის... სამოქალაქო საპროცესო სამართალში ასეთი პრობლემატიკა არ დგას, რამდენადაც აქ ურთიერთდაპირისპირებულია კერძო სამართლის სუბიექტები, რომელთაც თანაბარი საპროცესო შესაძლებლობები აქვთ თავის დასაცავად.  ამიტომ ფარული აუდიოკასეტის მტკიცებულებად დაშვების საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო პროცესის ნორმების საფუძველზე. კასატორი ვერ ასაბუთებს ამ შემთხვევაში აუდიოჩანაწერის კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად მიჩნევას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მოცემული აუდიოჩანაწერი არ შეიცავს მხარეთა პირადი საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ისეთ კონფიდენციალურ ფაქტებს, რასაც დაუკავშირდებოდა მოსარჩელის სუბიექტური ინტერესი, რომ მისი საუბარი სხვა პირთათვის არ გახდეს ცნობილი. (იხ. სუსგ. საქმე №ას-1154-1416-09, 01.06.2010)2
სასიხარულოა, რომ სასამართლო პრაქტიკა ტრანსფორმირდა და სამართლებრივად შეფასდა ფარული ჩანაწერის, როგორც უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების იურიდიული ძალა და მნიშვნელობა, როგორც ვიწრო, ისე ფართო გაგებით. ამავე დროს მეტნაკლებად გაიმიჯნა ფარული ჩანაწერის, როგორც მტკიცებულების, სამოქალაქო სამართალწარმოებაში დაშვებისა თუ დაუშვებლობის ფარგლები.  ფარულად სხვა პირის საუბრის ჩანაწერის შეფასებისას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მსჯელობის ამოსავალ წერტილად მიიჩნია ადამიანის უფლებების დაცული სფერო და განმარტა შემდეგი: „აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ აზრის გამოხატვა, არამედ მისი ადრესატამდე მისვლაც. შესაბამისად, აზრის თავისუფლება დაცული უნდა იყოს მესამე პირთა მხრიდან მისი შინაარსის გაცნობისაგან. ადამიანის უფლებები ირღვევა, როდესაც ინდივიდი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მისი ნებისმიერი სიტყვა, რაიმე, თუნდაც, გაუაზრებელი და სპონტანური აზრის გამოხატვა, განვითარების პროცესში არსებული დიალოგისას გამოთქმული წინასწარი პოზიცია, ან რაიმე ფორმულირება, რომლის ნამდვილი შინაარსის გაგება მხოლოდ კონკრეტული სიტუაციის ცოდნის შემთხვევაშია შესაძლებელი, სხვა გარემოებებში და სხვა კონტექსტში შეიძლება იქნას გამოყენებული. ინდივიდმა კერძო საუბრები უნდა აწარმოოს იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს.“(იხ.სუსგ.საქმე №ას-1155-1101-2014, 04.05.2015)3. 
უზენაესმა სასამართლომ პირადი შეხვედრისას განხორციელებული საუბრების აუდიოჩანაწერი, რომელიც მეორე მხარის ნებართვის გარეშე, ფარულად იყო ჩაწერილი, კანონდარღვევით მოპოვებულ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის კონტექსტში, დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია, რადგანაც პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას ეხება. 
აღსანიშნავია, რომ მითითებულ დავაში ფარული ჩანაწერი არ მოიცავდა ინტიმურ სფეროს, რა დროსაც პირადი ცხოვრების დაცულობის ხარისხი უფრო მაღალია. ჩანაწერი შეეხებოდა კერძო სამართალს მიკუთვნებულ საკითხს, რომელიც არ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში. 
უზენაესმა სასამართლომ შეაპირისპირა, ამგვარი მტკიცებულების დაშვებისათვის დაცვის ღირსი ინტერესი იდგა თუ არა პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა და მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობის ფარგლებში სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადასტურების მიზნით, მტკიცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევა და ამით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა გამართლებული არ არის. 
თვისთავად, უზენაესი სასამართლოს ამგვარი მსჯელობა განპირობებულია სამოქალაქო საზოგადოებაში მართლწესრიგისა და კონსტიტუციურ ღირებულებათა ყოფით ცხოვრებაში დამკვიდრების მიზნებით. ვინაიდან, სასამართლო გარკვეული ქცევის წესებს უმკვიდრებს საზოგადოებას, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რეზონანსული მნიშვნელობა აქვს. სამოქალაქო სამართალი გარკვეულწილად, რისკების სამართალია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებმა შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ სამოქალაქო ურთიერთობაში შესვლისას. სასამართლო გადაწყვეტილებას ასევე გააჩნია შემეცნებითი ფუნქცია, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობაში შემსვლელ პირთათვის ერთგვარ გზამკვლევსაც წარმოადგენს, რათა მათ მოახერხონ თავიანთი უფლებებისათვის გარანტიების შექმნა. როგორც უზენაესი სასამართლო განმარტავს, სამოქალაქო უფლებამოვალეობათა მატარებელი სუბიექტები თავისუფალი არიან სამოქალაქო ურთიერთობებში, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი წინდახედულობა და მტკიცებულება პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობის ფარგლებში მოიპოვონ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარე სათანადოდ არ უზრუნველყოფს სამართალურთიერთობას  მტკიცებულებებით, არ გულისხმობს იმას, რომ მას შემდგომ აღნიშნული მტკიცებულების შექნის უფლება მეორე მხარის პირად ცხოვრებაში ჩარევის გზით წარმოეშობა.
რაც შეეხება ფარული ჩანაწერის მტკიცებულებად დაშვების გამონაკლის შემთხვევებს, როგორც უზენაესი სასამართლო განმარტავს, ეს გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში, ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა. (შენიშვნა: ფარული ჩანაწერის მტკიცებულებად დაშვების საკითხზე მსჯელობისისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაზიარებულია გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა (BVerfGE 34, 238 (246 f); უშუალო წყარო: ი.კობახიძე, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, მეორე თავი, საქართველოს მოქალაქეობა.)
მაშასადამე, უნდა დავასკვნათ, რომ სასესხო ურთიერთობაში შემსვლელ პირებს წაეყენებათ წინდახედულობის მინიმალური სტანდარტი - გამსესხებელს - თანხის მსესხებლისათვის სესხად გადაცემის კანონიერი მტკიცებულების, ხოლო მსესხებელს სესხის თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების დამადასტურებელი ლეგიტიმური დოკუმენტის შექმნა. ფარული მოსმენის გზით მტკიცებულების მოპოვების დასაბუთებისათვის არ არის საკმარისი სამოქალაქო-სამართლებრივი მოთხოვნის (სესხის) საფუძვლის უზრუნველყოფის ინტერესი (გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 1BvR 1611/96, 1BvR 805/98, უშუალო წყარო: გერმანიის ფედრალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, იურგენ შვაბე, 2011 წ. გვ.42-43). იგივე ითქმის ფარული ჩანაწერის წარდგენისას შესრულებით, თანხის უკან დაბრუნებით, ვალდებულების შეწყვეტის დასადასტურებელ ინტერესზეც. არცერთი ამ ინტერესთაგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი დავუპირისპიროთ ზოგადპიროვნულ უფლებას და მასზე უფრო პრივილეგირებულად მივიჩნიოთ.

1 ტექსტში ყველგან გამოყენებულია გერმანიის სამოქალაქო კოდექსი BGB, 2010 წლის მდგომარეობით, გამომცემლობა შპს “სიესტა“,  GTZ-ის მხარდაჭერით
2 მოცემულ საქმეში მსესხებელი გამსესხებლისათვის თანხის დაბრუნების ფაქტის დადასტურებას ცდილობდა ფარული აუდიოჩანაწერით
3 მითითებულ გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ მთლიანად გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე თანდართული განსხვავებული აზრი
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი