მიგრაციის სამართალი: სასამართლო პრაქტიკის განვითარება

21 დეკემბერი 2021


ავტორი: ირაკლი კოკაია
შპს „მიგრაციის და თავშესაფრის სამართლის ცენტრის დირექტორი“
საერთაშორისო სამართლის დოქტორი

 

მიგრაცია ჩვენი დროის გამოწვევაა. ის გლობალიზაციის თანმხლები პროცესია. ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ასობით მილიონი ადამიანის მიგრაცია ხდება. მათი უმეტესობა უკეთეს ცხოვრებას ეძებს, ზოგს კი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების სურვილი აიძულებს თავისი ქვეყნის დატოვებას. მიგრაციული პროცესების სწორად წარმართვა და მათი რეგულირება პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებასთან. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. 
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (SEEECA) რეგიონს მიაკუთვნებს. მეზობლად შექმნილი თუ არსებული ვითარება მომავალშიც იქონიებს გავლენას ქვეყანაში მიგრაციული ნაკადების დინებაზე.
მიგრაციის თემის განხილვა სხვადასხვა კუთხით არის შესაძლებელი, ამ სტატიაში ჩვენ შევეხებით საქართველოში მყოფი უცხოელების სამართლებრივი მდგომარეობის საკითხის მარეგულირებელ ნორმებს, მათს პრობლემებსა და ამ მიმართულებით არსებულ სასამართლო პრაქტიკას. 
გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს 79.4 ათასი მიგრანტი აღირიცხა (UN DESA იმიგრანტი მოსახლეობის რაოდენობას ძირითადად „საზღვარგარეთ დაბადებულთა“ კატეგორიაზე დაყრდნობით ითვლის), ხოლო საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს 96 864 მიგრანტია აღრიცხული, რომელთაგან 54 478 საქართველოს მოქალაქეა, 11 515 – რუსეთის ფედერაციის, 3 419 – თურქეთის რესპუბლიკის, ხოლო 5 664 – ირანის ისლამური რესპუბლიკისა. 
ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და იმიგრანტების ურთიერთობა, რადგან სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს იმიგრანტების სამართლებრივი მდგომარეობა და ქვეყანაში მათი ინტეგრაციის საკითხი. 
საქართველოში იმიგრანტთა სამართლებრივი მდგომარეობის საკითხის მოსაწესრიგებლად საკმაოდ მასშტაბური სამართლებრივი ბაზაა შექმნილი. მის ძირითად ნაწილს საქართველოს კანონები შეადგენს: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“.
სტატისტიკური მონაცემებით, 2015-18 წლებში საქართველოში 88 493 ბინადრობის მოწმობა გაიცა, ხოლო 13 598 უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა. საქართველოში 11 სახის ბინადრობის ნებართვა გაიცემა, მათგან შეგვიძლია გამოვყოთ ჩვენთვის საინტერესო 6 კატეგორია: 
შრომითი ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე – თავისუფალი პროფესიის ადამიანზე. 2015-18 წლებში საქართველოში ამ სახის ბინადრობის ნებართვა 36 044-მა უცხოელმა მიიღო.
სასწავლო ბინადრობის ნებართვა – გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. 2015-18 წლებში გაიცა 17 753 სასწავლო ბინადრობის ნებართვა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო უცხოელი სტუდენტებისთვის საკმაოდ მიმზიდველი გახდა. 2015-18 წლებში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 16 060 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა. მათ 41%-ს ინდოეთის, 23%-ს – აზერბაიჯანის, ხოლო 4%-ს ირანის მოქალაქეები შეადგენდნენ. ამით საქართველოს ეკონომიკა დიდ მოგებას ნახულობს, ვინაიდან ფული ქვეყნიდან არ გაედინება. სახელმწიფოც შეუფერხებლად გასცემს სასწავლო ბინადრობის ნებართვას, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით არ გვხვდება სახელმწიფოსა და უცხოელ სტუდენტებს შორის გამოკვეთილი პრობლემა, რომელშიც არბიტრის როლის შესრულება სასამართლოს მოუწევდა. 
მუდმივი ცხოვრების ნებართვა – გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელსა და შვილზე, აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაში იცხოვრა. 2015-18 წლებში ასეთი ნებართვა 11 667 პირზე გაიცა. ამ კუთხით კი ნამდვილად ვაწყდებით ერთგვარ უთანხმოებას უცხოელებსა და სახელმწიფოს (სახელმწიფოში დამკვიდრებულ პოლიტიკას) შორის. ხშირია შემთხვევა, როდესაც საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად უცხოელები ფიქციურ ქორწინებას მიმართავენ. თუმცა მათ შორის, ვისაც აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა, ისეთი პირებიც არიან, რომლებიც ნამდვილად არიან დაქორწინებული და საერთო შვილებიც ჰყავთ. მათი ბლოკირებაც უსაფრთხოების მოტივით ხდება. ადმინისტრაციული ორგანო, კერძოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის გადამოწმების საშუალება, ეყრდნობა უსაფრთხოების სამსახურიდან შემოსულ წერილს ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. წერილი არ შეიცავს ფაქტებსა და იმ არგუმენტებს, რომლებიც ასაბუთებს, თუ რის საფუძველზე არ არის მიზანშეწონილი უცხოელისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება – უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, ირღვევა გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, შეადგინოს ბალანსის ტესტი – შეაფასოს საფრთხე, რომელიც უცხოელმა შეიძლება შეუქმნას სახელმწიფოს, ამავდროულად გაითვალისწინოს ოჯახის ერთიანობის (ურღვევობის) პრინციპი და სათანადო შეფასების შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოს კანონის – „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ – შესაბამისად არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის (ლარით) ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ბინადრობის ნებართვა გაიცემა მისი ოჯახის წევრებზეც. უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი. 2015-18 წლებში სახელმწიფომ 511 საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გასცა, ხოლო 2019 წელს საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 310 773 740,7 ლარი შეადგინა. 
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა – გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის (ლარით) ეკვივალენტს, და მისი ოჯახის წევრებზე. 2015-18 წლებში სახელმწიფომ 6 668 მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გასცა.
უვადო ბინადრობის ნებართვა – გაიცემა 300 000 აშშ დოლარის (ლარით) ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელსა და მისი ოჯახის წევრებზე, რომელთაც საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის (ლარით) ეკვივალენტის წლიური ბრუნვა უდასტურდებათ, მეორე წლის განმავლობაში – არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის (ლარით) ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში – არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის (ლარით) ეკვივალენტის წლიური ბრუნვა ან 300 000 აშშ დოლარის (ლარით) ეკვივალენტზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელსა და მისი ოჯახის წევრებზე, რომელთაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება აქვთ. 
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ბინადრობის მოწმობა – ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც წარმოშობის ქვეყნის გარეთ იმყოფება და აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, ხოლო ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თუ არსებობს რეალური საფრთხე, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას მას სერიოზული ზიანი დაემუქრება. 
2020 წელს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით საქართველოს უცხოეთის 864-მა მოქალაქემ მიმართა. 26-მა უცხოელმა მიიღო დაცვა, ხოლო 351-ს უარი ეთქვა (მაგალითად, ირანის 4 მოქალაქეს დაცვა მიენიჭა, ხოლო 112-ს უარი ეთქვა). გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში თავშესაფრის მიმღები 26 პირიდან გარკვეულმა ნაწილმა ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უარყოფითი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებით მოიპოვა. 
საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭების მაჩვენებელი, ფაქტობრივად, მხოლოდ 7%-ია. მაგალითად, ირანელების შემთხვევაში ის 3,5%-ს შეადგენს; მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნებში, კერძოდ გერმანიაში, ირანის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 31%-ს აღემატება. ციფრები აშკარად მიგვითითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენას პოლიტიკური ასპექტი ახდენს.
დღეს საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც მიგრაციის სფეროს აწესრიგებს, განსხვავდება მისი პოლიტიკისგან, რაც, ვფიქრობთ, მთავრობის ეკონომიკურისა და უსაფრთხოების გუნდების სხვადასხვა პოზიციით არის განპირობებული, კერძოდ, თუ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები სავსებით საფუძვლიანად თვლიან, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა და ამისთვის საჭიროა არსებული ლიბერალური სამიგრაციო კანონმდებლობა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ასევე საფუძვლიანად მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში შემოსული უცხოეთის (განსაკუთრებით აზიის) წარმომადგენლების დიდმა რაოდენობამ შეიძლება მას მომავალში საფრთხე შეუქმნას. 
ყოველივე ზემოაღნიშნული უხერხულობას ქმნის პრაქტიკაში, მაგალითად, უსაფრთხოების მოტივით უცხოელის საქართველოში ლეგალურად ყოფნისთვის მისთვის რომელიმე სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის პროცენტული მაჩვენებელი წარმოუდგენლად მაღალია. 
ვინაიდან იმიგრაციის კუთხით საქართველოს კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია და უცხოელებისთვის საქართველოში ლეგალურად ყოფნის საფუძვლის შექმნა დიდი პრობლემა არ არის, უსაფრთხოების სამსახური ემიგრაციული პროცესის მოსაწესრიგებლად უსაფრთხოების მოტივით უცხოელისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გზას მიმართავს. სწორედ აქ იქმნება ის სამართლებრივი პრობლემები, რომელთაც გვსურს, რომ შევეხოთ. ასევე გვინდა არსებული სასამართლო პრაქტიკა ამ კუთხით ვაჩვენოთ.
ზოგ შემთხვევაში საქართველოში უცხოელისთვის მისი ყოფნის სამართლებრივი სტატუსი ისეთ ფუნდამენტურ უფლებებთან არის დაკავშირებული, როგორებიცაა: ოჯახის ურღვევობის უფლება, ბავშვის უფლებები, სიცოცხლის უფლება, კერძო საკუთრების უფლება და ა. შ. 
პრაქტიკაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო – უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის მიცემაზე უარყოფით დასკვნას მაშინ გასცემს, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა, რომ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოში მისი ცხოვრება მიზანშეუწონელია. 
სწორედ აქ ვაწყდებით პირველ პრაქტიკულ და საკანონმდებლო ხარვეზს, ვინაიდან უფლებამოსილი ორგანოს (უსაფრთხოების სამსახურის) დასკვნა ბინადრობის ნებართვის მინიჭების მიზანშეუწონლობის შესახებ არ შეიცავს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც პირისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭება მიზანშეწონილი არ არის. მიზეზების არარსებობა, თავის მხრივ, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს უზღუდავს ბალანსის ტესტის შედგენას უცხოელის უფლებასა და იმ საფრთხეს შორის, რომელიც მან შეიძლება სახელმწიფოს შეუქმნას, და ამის მიხედვით გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, ირღვევა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლება, შეაფასოს სავარაუდო საფრთხე და პირის ინდივიდუალური გარემოება და სათანადო გადაწყვეტილება ამის შედეგად მიიღოს. 
შერეული ქორწინების შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, ვინაიდან უფლებები აქვს არა მხოლოდ უცხოელს, არამედ მის მეუღლეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, და შვილს (შვილებს). ბალანსის ტესტის არარსებობისას ოჯახის ერთიანობის პრინციპი ირღვევა. თუმცა სახელმწიფომ შეიძლება განაცხადოს, რომ არ ირღვევა, რადგან ოჯახს შეუძლია ცხოვრება უცხოელის მოქალაქეობის ქვეყანაში განაგრძოს. ერთი შეხედვით, ეს სწორიცაა, მაგრამ, თუ უცხოელი ქმარი ერაყის ან ირანის მოქალაქეა, მაშინ სახელმწიფომ გადაწყვეტილების მიღებისას ისიც უნდა გაითვალისწინოს, თუ რამდენად მოხერხდება მისი მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების (რწმენის თავისუფლება, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება, სიცოცხლის უფლება და ა. შ.) დაცვა უცხოელი მეუღლის მოქალაქეობის ქვეყანაში.
ბევრად უფრო პრობლემურია ისეთი შემთხვევა, როცა ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად უცხოელი აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის ჟენევის კონვენციის IA(2) მუხლითა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ უსაფრთხოების მიზეზით მის მიმართ უარყოფით გადაწყვეტილებას იღებენ, – ეს მაშინ, როცა უცხოელის სიცოცხლეს უკან დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ამით სახელმწიფო არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის („ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“) მოთხოვნებს. 
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი აცხადებს, რომ „არავინ არ უნდა დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“. აღნიშნული მუხლი არ ექვემდებარება რაიმე სახის გადახედვას (იხ., მაგალითად, საქმე №1/1989/161/217 – „სერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ყველაზე რთულ გარემოებებშიც კი, მაგალითად ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კონვენცია მკაცრად კრძალავს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს. იმავეს აცხადებს გაეროს „სახელმძღვანელო ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ“: „ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხული პირი, სხვა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებიდან გამომდინარე, მაინც შეიძლება იყოს დაცული წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისაგან, სადაც მას სასტიკი მოპყრობა ემუქრება. მაგალითად, კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის აკრძალვის შესახებ კატეგორიულად კრძალავს პირის დაბრუნებას ქვეყანაში, სადაც იგი წამებას დაექვემდებარება. ანალოგიური დებულებები არის ადამიანის უფლებათა სფეროს სხვა საერთაშორისო და რეგიონულ დოკუმენტებში“. 
სწორედ ამ მიზნით შეიმუშავა საქართველომ მარეგულირებელი ნორმა, რომელიც შეესაბამება კონვენციას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ და გამონაკლისს ითვალისწინებს იმ პირთათვის, რომელთა გაძევებაც შეუძლებელია. ეს ნორმა გახლავთ „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №525 დადგენილებით დამტკიცებული „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის“ მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის მიხედვით უცხოელს, რომლის გაძევებაც შეუძლებელია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოჩენისას სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ აძლევს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებას. თუმცა სამწუხარო რეალობაა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ჩვენს ქვეყანაში თვეობით და ლამის წლობით მიმდინარეობს, მაშინ, როდესაც დღეს მოქმედი არც ერთი ნორმატიული აქტი არ აძლევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის საშუალებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და საკითხის კვლევის საბაბით გააჭიანუროს განცხადებაზე პასუხის გაცემა. რაც შეეხება უსაფრთხოების მიზეზით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების სასამართლო პრაქტიკას, მოსამართლეს უფლება აქვს, უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვოს ის მასალა, რომელსაც დასკვნა ემყარება, და შეადგინოს ბალანსის ტესტი, მასალა საიდუმლო ხასიათისაა და ამიტომ მოპასუხე მხარეს არ უზიარებენ. შესაბამისად, უცხოელი მოკლებულია თავის მართლების შესაძლებლობას, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმპერატიულ ნორმას – დაინტერესებული მხარის უფლებას, წარადგინოს თავისი მოსაზრება. 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მსგავსი შემთხვევებისთვის ადგენს სტანდარტს, რომლის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესის არსებობის მიუხედავად, სახელმწიფოში უნდა არსებობდეს საჭირო მექანიზმი, რომელიც პირს სახელმწიფოს ბოროტი დისკრეციისგან დაიცავს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ეს არ არსებობს, მოსამართლეს არ ეძლევა საშუალება, გადაამოწმოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში აღნიშნული ინფორმაცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს ამ თვალსაზრისით საქართველოში წლების განმავლობაში უგულებელყოფენ როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, ისე სასამართლო ინსტანციები. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული და სერიოზული საფრთხის არსებობას. გავიხსენოთ საქმე ‘’Al-Nashif v. Bulgaria’’, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დეპორტაციას ეხებოდა, მაშინ სასამართლომ განმარტა, რომ, მიუხედავად ეროვნული უსაფრთხოების რისკებისა, კანონის უზენაესობის მოთხოვნა სახელმწიფოს ავალდებულებდა, რომ ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვისას დამოუკიდებელი ორგანოს წინაშე უზრუნველეყო რაიმე ფორმის შეჯიბრებითი პროცედურა, რომელიც შეამოწმებდა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებსა და შესაბამის მტკიცებულებებს საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის მიმართ სათანადო პროცედურული შეზღუდვით (მაგალითად, ის მიუთითებს საგანგებო წარმომადგენელს, უსაფრთხოების სამსახურების მიერ შემოწმებულს). სასამართლო აკონკრეტებს, რომ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სადავოდ გახადოს აღმასრულებელი ხელისუფლების მტკიცება, რომ არსებობს ეროვნული უსაფრთხოების რისკები. სასამართლო აღიარებს სახელმწიფოს ფართო დისკრეციას, თავად შეაფასოს,რა შეიძლება იყოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელ ორგანოს უნდა შეეძლოს ისეთ საქმეებზე რეაგირება, როდესაც წარმოდგენილ ფაქტებს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს რაციონალურად ვერ უკავშირებს ან ეროვნულ უსაფრთხოებას უკანონოდ ან თვითნებურად განმარტავენ, ან ისე, რომ ცნების განმარტება ეწინააღმდეგება საზოგადოდ მიღებულ წარმოდგენებს. სასამართლო ასევე აზუსტებს, რომ საქმეში განხილული მაგალითი თვალსაჩინოს ხდის კონფიდენტებთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და პროცედურული სამართლიანობის უზრუნველყოფის ინტერესების დაბალანსების შესაძლებლობას. სასამართლოს განცხადების თანახმად, ფარული მოსმენის თავისებურებისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ გასაიდუმლოების შემთხვევაშია ეფექტიანი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციის მიმართ სენსიტიური ინფორმაციის საიდუმლოების შენარჩუნებისა და პირის სამართლებრივი დაცვის უფლების ინტერესების დაბალანსება ნაკლებად რთულია. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურული შეზღუდვა ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ ინფორმაციის გასაჯაროებისგან დასაცავად აუცილებელი იქნება, ასეთი საჭიროება პროცედურული გარანტიების უარყოფას ვერავითარ შემთხვევაში ბოლომდე ვერ გაამართლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ინტერესი სახელმწიფოს შეიძლება ცალსახად ჰქონდეს, მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს საფრთხე პირის ინდივიდუალური მახასიათებლების, ფაქტობრივი გარემოებებისა და პროპორციულობის საფუძველზე დასტურდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი ხდება და განმცხადებელი უფლების არსებითი დარღვევის წინაშე დგება. 
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პარალელურად გარდაუვალი გახდება ამ კუთხით როგორც ადმინისტრაციული, ისე სასამართლო ორგანოების მიერ ევროპული სტანდარტების სისტემების ჩამოყალიბება. ევროპის ქვეყნებში არსებობს საკმაოდ მდიდარი პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები თანაბრადაა დაცული, მაგალითად, ზოგ ევროპულ ქვეყანაში საგანგებო ადვოკატებს ხელი მიუწვდებათ საიდუმლო ინფორმაციაზე, რაც სასამართლო პროცესებზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვას უზრუნველყოფს. ზოგიერთ ქვეყანაში განსაკუთრებული დამოუკიდებელი ორგანოც არსებობს, რომელიც საიდუმლო მასალას ეცნობა და უცხოელის მიერ ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნასა და ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების საფუძვლის მიღების უფლებას შორის ბალანსის ტესტს ადგენს. მნიშვნელოვანია სპეციალიზებული მოსამართლეების ინსტიტუტის შექმნაც.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი