დაიცავი შენი ციხესიმაგრე! ანუ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული დავის რამდენიმე საჭირბოროტო საკითხი

21 დეკემბერი 2021

ავტორი: სიმონ ჩხაიძე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

 

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგიერთ სხვა, მათ შორის კონტინენტური ევროპის, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. „ციხესიმაგრის დოქტრინა“ – castle doctrine – რომელიც მესაკუთრეს არაკანონიერი შეჭრისაგან, მათ შორის ფიზიკური ძალის ანდა იარაღის გამოყენებითაც კი, თავისი საცხოვრისის დაცვის უფლებას ანიჭებს; ზოგ შემთხვევაში მოძალადის მოკვდინების შესაძლებლობასაც კი უშვებს და ამ ქმედების ჩამდენ მესაკუთრეს როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს.
საინტერესოა, რომ „ციხესიმაგრის დოქტრინას“ გერმანიაც იყენებს და ამ ქვეყნის სასამართლო მას საკმაოდ ფართოდაც განმარტავს (შდრ. BGH, 02.11.2011 – 2 StR 375/11).
საქართველომ, კავკასიური ტემპერამენტისა და „კაი ყმის“ ტრადიციების მიუხედავად, ან იქნებ სწორედ ამის გამოც, უარი თქვა „ციხესიმაგრის დოქტრინაზე“. მეტიც, ჩვენი კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ზღვარი თვითდახმარებასა და თვითნებობას შორის იმდენად გამჭვირვალე და უმნიშვნელოა, რომ ბინისა თუ სახლის თავგამოდებული მესაკუთრე შეიძლება ხელმყოფზე მეტადაც კი დაისაჯოს.
ამიტომ საკუთრების დაცვის ლეგალური გზა ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოზე გადის და, თუ ჩვენში ვინმეს ამ უფლებას დაურღვევენ, მან, ტექსესელი ფერმერისგან განსხვავებით (ამ შტატში ფერმის მესერზე ხშირად შეხვდებით წარწერას: უნებართვოდ შემოსვლა არ გაბედოთ, თორემ 911-ს კი არ დავურეკავ, პირდაპირ გესვრითო), ხელი კოლტის სისტემის რევოლვერს კი არ უნდა სტაცოს, არამედ ტელეფონი მოიმარჯვოს და კარგი ადვოკატის ნომერი აკრიფოს.
და აი სწორედ ადვოკატის ნომრის აკრეფის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო – სასამართლო დავა!
ამ სტატიაში ზოგიერთ ისეთ საკითხზე ვისაუბრებთ, რომლებიც მსგავსი კატეგორიის საქმეებში ყველაზე ხშირად გვხვდება. ცხადია, სტატია სრული და ყოვლისმომცველი ვერ იქნება – მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული დავის პრობლემური საკითხების სრულად აღწერასა და ანალიზს რამდენიმეტომიანი ნაშრომიც არ ეყოფა...
გარდა ამისა, სტატიის თავისებურებიდან, ანუ, როგორც ახლა უწოდებენ, ფორმატიდან გამომდინარე, მასში შეძლებისდაგვარად ნაკლები მითითება იქნება სამეცნიერო წყაროებსა და დასკვნებზე;
სტატია ძირითადად სასამართლო პრაქტიკასა და მის ანალიზს მოიცავს. ვფიქრობ, პრაქტიკოსი იურისტებისათვის ეს საკითხები უნდა იყოს უფრო საინტერესო და ყურადსაღები.
მაშ ასე:

კომლის ქონებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემის შესახებ
2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, რომელმაც inter alia კომლის წევრთა სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხი მოაწესრიგა. გარდა ამისა, 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს სამოქალაქო კოდექსს დაემატა 15131 მუხლი, რომელიც კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდროს გახსნას ეხება.
აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ კომლის წევრთა უფლებანი ჩვენს ქვეყანაში დღესაც აქტუალური და პრობლემურია. აღნიშნული განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებას ეხება, რასაც საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაც ადასტურებს.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ძირითადად სოფლებსა და დაბებში გვხვდება. ამ ტიპის დასახლებებში კი 1921 წლიდან 2007 წლამდე არსებობდა ე.წ. საკომლო წიგნი, რომელშიც კომლთა მდგომარეობის ამსახველი ცნობები იყო თავმოყრილი.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1917 წლის 26 ოქტომბერს (ახ. სტილით 8 ნოემბერს) ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა საბჭოების მეორე ყრილობაზე გამოსცეს დეკრეტი, რომლითაც რუსეთში არსებული მიწა მთლიანად გადაეცა სახელმწიფოს. 1921 წლის 17 მარტს რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია დაასრულა და ამ დღიდან ზემოხსენებული დეკრეტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც ამოქმედდა. ეს ყველაფერი მოგვიანებით კერძო სამართლებრივ კანონმდებლობაშიც აისახა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად (1964 წლის რედაქციით), მიწა მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და მისი გადაცემა მხოლოდ სარგებლობაში დაიშვებოდა.
1938 წლიდან საბჭოთა კავშირში დაიწყო ე.წ. კოლექტივიზაცია და შეიქმნა კოლმეურნეობები; თუმცა საბოლოოდ კოლექტივიზაცია საქართველოში არსებულ ყველა სოფელსა და დაბას არ შეხებია და ამ დასახლებულ პუნქტებში მათ ნაცვლად ე.წ. საბჭოთა მეურნეობები ჩამოყალიბდა. საქართველოში არსებული ტრადიციის მიხედვით, სოფლად მცხოვრებ ოჯახს „კომლს“ უწოდებდნენ და მათ „საკომლო წიგნში“ აღრიცხავდნენ. ოღონდ იმ დასახლებებში, რომლებშიც საბჭოთა მეურნეობები იყო შექმნილი, კომლისთვის რაიმე სახის განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი არ მიუნიჭებიათ. ამგვარი კომლის წევრები ე.წ. მუშა-მოსამსახურის ოჯახის წევრებს უთანაბრდებოდნენ და სხვადასხვა სახის კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში საერთო წესით მონაწილეობდნენ. ზოგჯერ ამგვარ ოჯახებს „საკომლო წიგნში“ სპეციალური აბრევიატურით – „მ.მ.“ – აღნიშნავდნენ.
ამისგან განსხვავებით, საკოლმეურნეო კომლი, რომლის აბრევიატურადაც „საკომლო წიგნში“ ხშირად ან „ს.კ.“-ს, ან „კოლმ.“-ს იყენებდნენ, სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტი, კოლმეურნეობის შემადგენელი ნაწილი იყო.
როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, „საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მეორე პუნქტით კი დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით“ (შდრ. სუსგ №ას-1063-983-2017, 17.10.2017 წ.).
კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებასა და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს შეადგენენ. აღნიშნული ქონება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმშია ჩართული (შდრ. სუსგ №ას-1778-1756-2011, 29.06.2012 წ.)“ – (სუსგ. საქმე №ას-1273-2020, 18 თებერვალი, 2021 წელი პ. 35-36).
ეს ნიშნავს, რომ 1993 წლის 1 იანვრიდან საკოლმეურნეო კომლის წევრები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ამ დროისთვის საკომლო წიგნში საკოლმეურნეო კომლის წევრებად იყვნენ რეგისტრირებულნი და კომლის წევრის უფლება დაკარგული არ ჰქონდათ, ipso jure კომლის საკუთრებაში არსებული ნივთების, მათ შორის საცხოვრებელი სახლების, თანამესაკუთრეები გახდნენ თანაბარი წილით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე კი 1997 წლის 25 ნოემბრიდან მათ საკუთრებად ჩაითვალა მიწის ის ნაკვეთები, რომლებზეც ეს სახლები მდებარეობდა.
1993 წლის 1 იანვრის შემდეგ ყოფილი საკოლმეურნეო კომლის მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებს: კომლის გაყრას, გამოყოფას, შეერთებას – ყოველ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით მაინც – ზემოხსენებული სამართლებრივი შედეგების შეცვლა არ შეეძლო; როგორც ვთქვით, კომლის ყოფილ წევრებს ეს ნაკვეთები საკუთრებაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ გადაეცათ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების განკარგვის ამგვარ გზას არ ითვალისწინებდა და არც ითვალისწინებს.
ოღონდ ეს სამართლებრივი რეჟიმი, როგორც აღინიშნა, მხოლოდ საკოლმეურნეო კომლის წევრთა ქონებაზე ვრცელდებოდა. ე.წ. საკომლო წიგნის მონაცემებით, მუშა-მოსამსახურის ოჯახში ახალი წევრის „ჩაწერა“ ან „გასვლა“ კომლის ქონებაზე არც საკუთრების მოპოვებას და არც მის დაკარგვას არ იწვევდა. ამიტომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედაქციით) დადგენილი წესებით საკუთრების შეძენა აუცილებელი იყო.
ამრიგად, თუ ადამიანი სამოქალაქო-სამართლებრივი თვალსაზრისით იმ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დააპირებს დავას, რომელზეც შეიძლება კომლის წევრებს ჰქონდეთ უფლება, მან ყურადღება შემდეგ გარემოებებს უნდა მიაქციოს: ა) იყო თუ არა ეს კომლი საკოლმეურნეო; ბ) ვინ იყო რეგისტრირებული მასში 1992 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით; გ) ხომ არ ჰქონდა საკომლო წიგნში რეგისტრირებულ რომელიმე პირს დაკარგული უფლება კომლის ქონებაზე; დ) ეკუთვნოდა თუ არა კომლს საცხოვრებელი სახლი და ე) იყო თუ არა ეს სახლი სადავო მიწის ნაკვეთზე.
კი, მაგრამ აბა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონიო? – იკითხავს ზოგიერთი.
არა, ეს კანონი არ დამვიწყებია, ოღონდ იგი ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრთა ქონებასა და სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე მათთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებს საერთოდ არ ეხება და ვერც შეეხებოდა, რადგან ამ შემთხვევაში მრავალი მათგანისათვის საკუთრების ჩამორთმევას გამოიწვევდა.
როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „სრულიად გაუგებარია, თუ რატომ უნდა გამოეყენებინა სასამართლოს დავის გადაწყვეტის ეს წესი, როცა მოსარჩელეები საკომლო ქონების თანამესაკუთრეები უკვე გახდნენ 1993 წელს“ – (სუსგ.№ას-1430-1350-2017, 30 აპრილი, 2018 წელი, პ. 26).
იგივე ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15131 მუხლით მოწესრიგებულ ურთიერთობებსაც, თუმცა, როგორც იტყვიან, ეს ამბავი აქ განსახილველი არ არის.

გზასთან დაკავშირებული აუცილებლად გადასაჭრელი საკითხები
ზოგჯერ სხვადასხვა მიზეზით ერთი მეზობლის კუთვნილი ნაკვეთი ერთი ან რამდენიმე სხვა მეზობლის ნაკვეთებს შორის მოექცევა ხოლმე და საჯარო კომუნიკაციებთან კავშირს კარგავს. ჩვეულებრივ, ამგვარი ვითარება ყოველგვარი დავიდარაბის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, კეთილმეზობლურად წყდება; მაგრამ, თუ ერთმანეთს „ჭირვეული მეზობლები“ შეხვდებიან, „ანკლავის“ მესაკუთრეს სხვის ნაკვეთზე გადაადგილების უფლების მოპოვება სასამართლოსათვის მიმართვის გზით მოუწევს.
იურისტებისთვის ცნობილია, რომ ამ ტიპის მოთხოვნას „აუცილებელი გზა“ ჰქვია და მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი აწესრიგებს, რომლის 1 ნაწილის თანახმად: „თუ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს“.
ცხადია, რომ ამ შემთხვევაში „მესაკუთრეში“ იგულისხმება ის, ვისთვისაც გზა აუცილებლად საჭიროა, ხოლო „მეზობელში“ – ის, ვისი ნაკვეთიც უნდა დაიტვირთოს.
მსგავსი კატეგორიის საქმეებში სირთულეს იწვევს გზის მოწყობის საკითხის გადაწყვეტა მაშინ, როცა ამისი რამდენიმე ალტერნატივა არსებობს, აგრეთვე ისიც, რა ზომამდე შეიძლება მეზობელი ნაკვეთის შეზღუდვა აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.
ზოგჯერ თვლიან, რომ აუცილებელი გზის მოწყობის რამდენიმე შესაძლებლობის შემთხვევაში ერთი მათგანის არჩევის უპირატესობა მესაკუთრეს ენიჭება, რასაც, ჩვეულებრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპით ამართლებენ.
სინამდვილეში ეს ასე არ არის. როგორც საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს: „სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას- 70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი)¬ – (სუსგ.საქმე №ას-815-763-2017, 11 იანვარი, 2018 წელი, პ. 24); 
„აუცილებელი გზა იმგვარად უნდა დადგინდეს, რომ ორივე მხარის უფლებები იყოს დაცული და მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობა ყველაზე ნაკლებად შეზღუდოს“ (იქვე, პ. 33).
ალტერნატივის არსებობისას მესაკუთრეს აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება შეიძლება იმ მეზობლის მიმართ ჰქონდეს, რომლის ნაკვეთიც საერთო გზაზე მას უმოკლესსა და გონივრულ გასასვლელს მისცემს (შდრ. ვოლფი/ველენჰოფერი – „სანივთო სამართალი 29-გამოცემა“, გვ. 698). ამ შემთხვევაში „გონივრულ გასასვლელში“ მეზობლის ყველაზე ნაკლებ შემზღუდავი სარგებლობაც იგულისხმება.
ამრიგად, მეზობლის ნაკვეთზე გადაადგილების უფლების მინიჭება არა მესაკუთრის ნება-სურვილზე, არამედ ობიექტურ ვითარებაზეა დამოკიდებული და ამიტომ, თუ ამ უფლების მისაღებად მაინცდამაინც სარჩელის აღძვრა გახდება აუცილებელი და თუ გზის მოწყობის სხვადასხვა ვარიანტი იარსებებს, მესაკუთრემ ყველა ეს შესაძლებლობა დასაშვებად უნდა მიიჩნიოს.
ამას კი შეიძლება სამართალწარმოებაში არა მარტო მესაკუთრის მიერ არჩეული მეზობლის, არამედ ყველა იმ მეზობლის ჩართვა დასჭირდეს, რომელთა ნაკვეთებსაც სასამართლო ალტერნატივის სახით განიხილავს.
და კიდევ ერთიც: აუცილებელი გზის დადგენის შემთხვევაში მესაკუთრეს სხვისი საკუთრებით სარგებლობა მხოლოდ აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად შეუძლია. აუცილებელი კავშირი იმგვარი კავშირია, რომლის გარეშეც მიწის ნაკვეთს რენტაბელობა დაეკარგება ან არსებითად და გაუმართლებლად შეუმცირდება. 
როგორც წესი, საავტომობილო კავშირის გარეშე მიწის ნაკვეთი მნიშვნელოვნად კარგავს რენტაბელობას; გარდა ამისა, მიწის ნაკვეთთან საავტომობილო კავშირი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე გადაუდებელი დახმარების სამსახურებისთვისაცაა აუცილებელი. სწორედ ამიტომ „აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც“ – (სუსგ. საქმე №ას-1513-2018, 8 თებერვალი, 2019 წელი, პ. 38).
თუმცა აუცილებელი გზის დადგენით პირი არ ხდება დატვირთული ნივთის მესაკუთრე და ამ ნივთით არც ნებისმიერი მიზნითა და სახით სარგებლობის უფლება ენიჭება. აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთი უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მხოლოდ დატვირთვის მიზნებისათვის, ე.ი. გადასაადგილებლად გამოიყენოს.
ამიტომ აუცილებელი გზის დადგენა მესაკუთრეს მეზობელ ნაკვეთზე საჭიროზე მეტი ხნით დაყოვნების, მაგალითად ავტომობილის პარკირების, უფლებას არ აძლევს.

დაბოლოს, შეგვიძლია დავასკვნათ:
რუდოლფ ფონ იერინგი წერდა: „თუ რომელიმე ერი თავის მეზობელს ნებას აძლევს, დაუსჯელად წაართვას მას ერთი მილი მიწა, მას მალე დანარჩენ მიწასაც წაართმევენ, სანამ საერთოდ მოისპობა მისი დამოუკიდებელი სახელმწიფური არსებობა და ასეთი ერი ღირსიც არის ამგვარი ხვედრისა.
მაგრამ, თუ მთელ ერს ეკუთვნის ერთი მილი მიწისათვის ბრძოლა, მიუხედავად საბრძოლო საგნის ღირებულებისა, მაშინ გლეხმა რატომ არ უნდა დაიცვას თავისი ერთი ნაჭერი მიწა?“ („ბრძოლა უფლებებისათვის“ – გვ. 45-46).
ეს გმირული და ამაღლებული შეგონება დამახასიათებელი იყო ჩვეულებრივი, იერინგის ეპოქისათვის: რომანტიკული ეპოქის შემდეგ ადამიანებს საკუთარი შეუმცდარობის უკიდეგანო რწმენა და ყოვლისშემძლეობის განცდა ჰქონდათ; მათ სჯეროდათ, რომ სიმტკიცითა და შეუპოვრობით სანუკვარ მიზანს – სამართლიანობაზე დამყარებულ სრულ ჰარმონიასა და ბედნიერებას მიაღწევდნენ. 
სინამდვილეში კი სწორედ ამის საპირისპირო რამ მოხდა: გადაჭარბებულმა თვითრწმენამ და უკომპრომისობამ კაცობრიობას სისხლიანი რევოლუციები, მსოფლიო ომები და არნახული მასშტაბის ტანჯვა-წამება მოუტანა.
ამ სტატიას ეპიგრაფად იესო ქრისტესა და პილატე პონტოელის დიალოგი წავუმძღვარე, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში უთუოდ ყველაზე უარესი მსაჯულის შეკითხვით სრულდება, რომელსაც მაცხოვარი პასუხს არ სცემს. 
მართლაც, რა არის ჭეშმარიტება? რა ვიცით ჩვენ მის შესახებ? იქნებ ის, რაც ჩვენ დღეს სწორად და ჭეშმარიტად მიგვაჩნია, სინამდვილეში მცდარი და დამღუპველია? იქნებ, მართლაც, ყველას თავისი „სიმართლე“ აქვს და ადამიანების თუ არა, ღვთის თვალში მაინც სხვისი „სიმართლე“ ჩვენსაზე ჭეშმარიტია?
ჩვენ, ადამიანებს, სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს; მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი სადმე – ჩვენ გარეშე და ჩვენგან შორს მაინც – არ არსებობს: „კაცთათვის შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია“ (ლუკა – 18; 27).
ამიტომ მოსალოდნელი საფრთხისაგან თავის ასარიდებლად უმჯობესია არა დავასა და დაპირისპირებაზე, არამედ მშვიდობიან შეთანხმებასა და მორიგებაზე ვიზრუნოთ, ბოლოს და ბოლოს მიწის ის ნაჭერიც ხომ მშვიდი და წყნარი ცხოვრებისათვის გვინდა!
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი