გაკოტრების საქმისწარმოების სამართლებრივი ჩარჩო 

24 ნოემბერი 21

ავტორი: ლაშა ქოჩიაშვილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

გადახდისუუნარობის სწრაფი, განჭვრეტადი, ეფექტური და მოქნილი კანონმდებლობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ დღის წესრიგში დადგა გადახდისუუნარობის კანონმდებლობის შექმნის აუცილებლობა. მითითებული პერიოდიდან დღემდე საწარმოთა გადახდისუუნარობის პროცესს არეგულირებდა და არეგულირებს შემდეგი კანონები: ა) „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონი (ძალადაკარგულად გამოცხადდა 2007 წლის 15 აგვისტოდან); ბ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 2007 წლის 15 აგვისტოს და მოქმედებს დღეის მდგომარეობით 2021 წლის 01 აპრილამდე შეტანილ გადახდისუუნარობის საქმეებზე; გ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 01 აპრილიდან და მისი მოქმედება ვრცელდება 2021 წლის 01 აპრილიდან შეტანილ გადახდისუუნარობის განცხადებებზე. 
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და 2021 წლის 01 აპრილიდან ამოქმედებული ახალი კანონით, გათვალისწინებულ პროცესებს შორის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური განსხვავებებისა და მათი ურთიერთჩანაცვლების სირთულიდან გამომდინარე, დადგენილი იქნა ახალი კანონის ამოქმედებამდე გახსნილი წარმოებების დასრულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, არსებული ფორმატიდან გამომდინარე, მოკლედ შევეხებით ძირითადად „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქმის წარმოების წესს, პრობლემურ საკითხებსა და გადაწყვეტის გზას, რომლებიც საქმისწარმოების მიმდინარეობის დროს გვხვდება პრაქტიკაში, ასევე განვიხილავთ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წინა კანონისაგან განსხვავებულ რეგულაციებს. 
როგორც ზემოთ აღინიშნა, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა 2007 წლის 15 აგვისტოდან, ძალადაკარგულად კი გამოცხადდა „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონი. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი გავრცელდა მხოლოდ იმ გადახდისუუნარობის საქმეებზე, რომლებზეც განცხადება შეტანილი იყო კანონის ამოქმედების შემდეგ. იმ საქმეების მიმართ, რომლებზეც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილი იყო „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის შესაბამისად,  გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესი უნდა დასრულებულიყო ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში, ვადის გასვლის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესსა და გაკოტრების რეჟიმში მყოფი სუბიექტების მიმართ უნდა შეწყვეტილიყო „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის მოქმედების გავრცელება და უნდა დაწყებულიყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  დღეის მდგომარეობით სხვადასხვა რაიონულ სასამართლოში კვლავ რჩება წარმოებაში „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის მოქმედების პერიოდში დაწყებული საქმეები. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონის მე-4 მუხლით დადგინდა საქმეთა განხილვის სპეციალური განსჯადობა ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოების მიერ, რაიონული სასამართლოებიდან რამდენიმე შემთხვევაში „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის მოქმედების პერიოდში დაწყებული საქმე გადაეგზავნა ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებს და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოსცა მოსამართლეთა შეხვედრებზე შემუშავებული რეკომენდაცია, რომლის მიხედვით „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის შესაბამისად დაწყებულ საქმეებზე 2008 წლის 15 აგვისტოდან უნდა გავრცელებულიყო „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება; კანონის ამოქმედება განსჯადობის საკითხს არ ცვლიდა და საქმის წარმოება გრძელდებოდა იმ სასამართლოში, რომელშიც საქმეს იხილავდნენ (იხ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში შემუშავებული რეკომენდაციებისა და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, 2011 წ. www.supremecourt.ge).
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის მოქმედება ვრცელდებოდა როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირის მიმართ, თუმცა ფიზიკური პირის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადება მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში თუ იყო აღძრული სასამართლოში, ისევე როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში ინდივიდუალური მეწარმის განცხადება (კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა ფიზიკურ პირებზე, გარდა ინდმეწარმისა). „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ფიზიკური პირის გადახდისუუნარობაზე; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადახდისუუნარობაზე; გ) კომერციულ ბანკზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაზე, სადაზღვევო კომპანიასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტზე, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხსაც სპეციალური კანონმდებლობა აწესრიგებს (4.2 მუხლი).
შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის ვალდებულებას ადგენს როგორც „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-16 მუხლი), ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-16 მუხლი), ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 207-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გადახდისუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარუდგენლობისათვის.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველი მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობაა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი 2021 წლის 01 აპრილიდან ამოქმედდა. კანონის 121-ე მუხლის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება გადახდისუუნარობის მხოლოდ იმ საქმეებზე, რომლებზეც განცხადებები გადახდისუუნარობის შესახებ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იქნება შეტანილი. კანონის ამოქმედებამდე დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გაგრძელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თუ რომელი კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს იმ განცხადებაზე, რომელიც სასამართლოში  2021 წლის 01 აპრილამდე შევიდა და სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი განმცხადებელმა ახალი კანონის მოქმედების პერიოდში – 2021 წლის 01 აპრილის შემდეგ შეავსო, ამ კითხვაზე, ორივე კანონის ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უნდა გავრცელდეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონის მოქმედება, რადგან  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, გადახდისუუნარობის საქმე განცხადების შეტანის დღიდან ითვლება გახსნილად, ხოლო ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 121-ე მუხლი ახალი კანონის გავრცელებას უკავშირებს კანონის ამოქმედების შემდეგ განცხადების შეტანას და არა განცხადების დასაშვებად ცნობას. 
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს გადახდისუუნარობის განცხადების სასამართლოში შეტანის საფუძვლებს, კერძოდ, კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:  
მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;  
სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დიდი ალბათობა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; 
მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში; დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; 
მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; 
მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 
კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტით განისაზღვრება სასამართლო განსჯადობა და საპროცესო ნორმები, რომელთა მიხედვით ამ კანონით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობის საქმეებს განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები. ამ კანონით გათვალისწინებულ გადახდისუუნარობის საქმეთა განხილვის მიზნებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.
როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, მოვალის ფინანსური პრობლემების გადაჭრა – შესაძლებლობის შემთხვევაში რეაბილიტაციის გზით კრედიტორთა დაკმაყოფილება, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაში დასაშვებია სამეურვეო ქონების რეალიზაცია და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება – გაკოტრება. 
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: 
მოვალეს – საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით; 
კრედიტორს; 
რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს; 
რეაბილიტაციის მმართველს – კონვერსიის მოთხოვნით, როდესაც მოვალის მიმართ გახსნილია რეაბილიტაციის რეჟიმი; 
გაკოტრების მმართველს – კონვერსიის მოთხოვნით, როდესაც მოვალის მიმართ გახსნილია გაკოტრების რეჟიმი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.
მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას განცხადების სასამართლოში შეტანისას კრედიტორის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, როგორც ამას „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი ადგენდა, მაგალითად, ერთ კრედიტორს, რომელსაც მოვალის მიმართ 150 000 ლარზე მეტი ოდენობის მოთხოვნა ჰქონდა, მოთხოვნა კი არ აღემატებოდა მოვალის მიმართ არსებულ მოთხოვნათა საერთო რაოდენობის 30%-ს, უფლება არ ჰქონდა, სასამართლოში მოვალის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით შეეტანა განცხადება; მაშინ, როდესაც განცხადების შეტანის უფლება ჰქონდა ორ კრედიტორს 150 000 ლარზე მეტი მოთხოვნით (მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი) ან სამ კრედიტორს არანაკლებ 50 000 ლარის მოთხოვნით (მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი). პრაქტიკაში იყო შემთხვევა 150 000 ლარზე მეტი მოთხოვნის მფლობელი კრედიტორის მიერ სხვა კრედიტორისთვის მოთხოვნის ნაწილობრივ დათმობისა, რათა გადახდისუუნარობის განცხადებას კანონით დადგენილი ფორმალური დასაშვებობის პირობა დაეკმაყოფილებინა.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 46-ე მუხლები ადგენენ სასამართლოსათვის გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართვის ფორმასა და წესს, ხოლო კანონის 47-ე მუხლი განსაზღვრავს განცხადების დასაშვებად ცნობის პროცედურას.  გადახდისუუნარობის შესახებ მოვალის მიერ განცხადების შეტანის შემთხვევაში სასამართლო ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს წყვეტს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული განცხადების კრედიტორის მიერ შეტანის შემთხვევაში – მოვალისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ეს ვადა სასამართლომ თავისი ინიციატივითა და დასაბუთებული განჩინებით შეიძლება გააგრძელოს ერთჯერადად. გაგრძელებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის განხილვისთვის დადგენილ ვადას. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირია, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებას აქვეყნებს ამ კანონით დადგენილი წესით აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე. განჩინებაში, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მითითებული უნდა იყოს შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით შერჩეული მმართველის/ზედამხედველის ვინაობა. კრედიტორთა პირველად რეესტრში შემავალ კრედიტორთა კრება, რომელიც აგრეთვე იმ კრედიტორებისგან შედგება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც საქმეში მოიპოვება, უფლებამოსილია სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანამდე კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე კრედიტორების 2/3-ის უმრავლესობით აირჩიოს სხვა მმართველი/ზედამხედველი და ამის შესახებ აცნობოს სასამართლოს. ამ შემთხვევაში სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით მმართველად/ზედამხედველად დანიშნავს კრედიტორთა კრების მიერ არჩეულ პირს.
ის საქმეები, რომლებიც უნდა დასრულდეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციის ფარგლებში (2021 წლის 01 აპრილამდე მიღებული საქმეები), გადის შემდეგ ეტაპებს: მეურვის – ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა, კრედიტორთა კრების დღის განსაზღვრა (განჩინების გამოქვეყნებიდან კრედიტორთა კრების დღემდე შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 30 და არა უმეტეს 40 დღისა) და განცხადების წარმოებაში მიღებით მოქმედებს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შეზღუდვები, მათ შორის: მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიიმართება, იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი დარიცხვა/გადახდა. აღნიშნული სახის ღონისძიებები გათვალისწინებულია ასევე „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით, როგორც მორატორიუმის ღონისძიებები. განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს ელექტრონულად უნდა ერთოდეს ასევე მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც კრედიტორს მოვალის მიმართ მოთხოვნა მხოლოდ მეურვესთან ან მხოლოდ სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში აქვს წარდგენილი, ანდა კრედიტორის სარჩელი მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის განცხადების წარდგენამდე უკვე განიხილება და კრედიტორმა დაგვიანებით მიმართა სასამართლოს კრედიტორთა რეესტრში მოთხოვნის ასახვის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ დაცული არ არის კანონის ზემოაღნიშნული ნორმა (მეურვისთვის ან სასამართლოსათვის მოთხოვნის წარდგენის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადა), ასეთი მოთხოვნა რეესტრში დაგვიანებულ მოთხოვნად არ აისახება, რადგან კრედიტორმა უფლების რეალიზაცია განახორციელა კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში სასამართლოსათვის ან მეურვისათვის მიმართვის გზით. კრედიტორთა პირველ კრებაზე ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მისი მოცულობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მოწმდება. კრედიტორთა მოთხოვნები კრებაზე განიხილება სათითაოდ და თანმიმდევრულად. მოსამართლე უსმენს მეურვეს, მხარეებს და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოაქვს განჩინება კრედიტორის მოთხოვნების აღიარების ან უარყოფის შესახებ. ყველა მოთხოვნა აისახება ეროვნულ ვალუტაში, რაც ვალუტის კურსის ცვალებადობის გამო ქმნის გარკვეულ პრობლემებს, რაც იწვევს არაერთგვაროვან პრაქტიკას, ესენია: გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების დროს არსებული კურსით მოთხოვნის ასახვა ან მოთხოვნის სასამართლოში წარდგენის დროს არსებული კურსით ასახვა, ასევე სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის შესაბამისად – ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას – მოთხოვნის ასახვა).  
კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საფუძველზე მოსამართლე ადგენს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრს და მას განათავსებს ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას ადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი. აქვე მნიშვნელოვანია განიმარტოს კრედიტორთა კრებაზე კრედიტორის მოთხოვნის განხილვის ფორმა და წესი, კერძოდ, რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს აღიარებული ან უარყოფილი თითოეული მოთხოვნა. მართალია, აღნიშნული გამომდინარეობს ინდივიდუალურად თითოეული მოთხოვნის საფუძვლისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან, მაგრამ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ, მაგალითად, თუ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს მოთხოვნის საფუძველსა და ოდენობას, თუნდაც მას არ ეთანხმებოდნენ მეურვე და მოვალე, ასეთ შემთხვევაში მეურვისა და მოვალის წინააღმდეგობა ვერ გახდება მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ან, პირიქით, შესაძლებელია მეურვე და მოვალე არ უარყოფდნენ მოთხოვნის საფუძველსა და ოდენობას, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიდეს მოთხოვნის აღიარების საფუძველს, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა მოსმენის და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს; ხოლო რაც შეხება ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც საჭიროებს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენას, დაზუსტებას, მტკიცებულებათა კვლევას, ექსპერტიზასა და საქმის არსებითად განხილვას, ასეთი მოთხოვნა უარყოფილი უნდა იქნეს სადავო ნაწილში. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის პროცესში მონაწილე პირს და მესამე პირს უფლება აქვთ, დავის სასარჩელო წესით განსახილველად მიმართონ სასამართლოს იმ მოთხოვნებზე, რომლებიც არ აისახება კრედიტორთა ნუსხაში. ასევე მნიშვნელოვანია განიმარტოს უზრუნველყოფილი კრედიტორის არსი, რადგან, მიუხედავად კანონის მიერ ნათლად და არაორაზროვნად განმარტებული ტერმინისა, პრაქტიკაში მაინც ვხვდებით დავასა და კერძო საჩივრებს უზრუნველყოფილ კრედიტორად აღიარებასთან დაკავშირებით, როდესაც კრედიტორს გამოყენებული აქვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ითხოვს უზრუნველყოფილ კრედიტორად აღიარებას ან მოვალის ქონება არ არის უზრუნველყოფის საგანი და კრედიტორი ითხოვს უზრუნველყოფილ კრედიტორად აღიარებას. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ უზრუნველყოფილია კრედიტორი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, გირავნობით ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებით. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ უზრუნველყოფილი კრედიტორი არის ის კრედიტორი, რომლის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილია იპოთეკით ან გირავნობით. შესაბამისად, უზრუნველყოფილ კრედიტორად არ ითვლება ის კრედიტორი, რომლის განცხადების საფუძველზე სასამართლომ გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გაუქმდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ხელს უშლის გადახდისუუნარობის კანონის მიზნების განხორციელებას. ამასთან, უზრუნველყოფილია კრედიტორი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია მოვალის საკუთრებაში არსებული ქონებით და არა მესამე პირის ქონებით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა, რომ მეურვე უნდა ყოფილიყო მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი პირი, ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი აუდიტორი ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით. მითითებული ნორმის მოქმედების პერიოდში სასამართლოსათვის პრობლემას წარმოადგენდა განცხადების სასამართლოში აღძვრიდან 5 დღის ვადაში მეურვის მოძიება, როდესაც არ არსებობდა შესაბამისი რეესტრი, როგორც ამას სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს, დღეს კი უკვე „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონშიც არის მითითებული. სასამართლოს მეურვედ უნდა მოეძიებინა კონკრეტული პირი, რომელიც დააკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, მისგან მიეღო მეურვედ დანიშვნის თანხმობა; ობიექტური დამკვირვებლის თვალით შესაძლოა ყოფილიყო კითხვები – თუ რატომ შეირჩა კონკრეტული პირი მეურვედ, დგებოდა აცილების საკითხი, კერძო საჩივრით საჩივრდებოდა მიღებული განჩინება, რაც აფერხებდა პროცესის მიმდინარეობას. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლში 2011 წლის 17 ივნისს განხორციელებული ცვლილების შემდეგ მეურვედ ინიშნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. მითითებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით 2017 წლის 23 მაისს კონსტიტუციური სარჩელიც იქნა წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (საქართველოს მოქალაქეები თ. ართქმელაძე და ა. ციცვიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) იმის დასაბუთებით, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სარჩელზე შეწყდა წარმოება 2018 წლის 22 თებერვლის №2/3/1227 განჩინებით იმ საფუძვლით, რომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ინსტიტუტს; კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მონაწილეობა სავალდებულოა. მე-11 მუხლის მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პროფესიული წრეების წარმომადგენელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოს ავტორიზაციის წესსა და პირობებს, ასევე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულების შემდეგ ინიშნება გაკოტრების მმართველი, რომელიც ახორციელებს კანონით დადგენილ პროცედურებს სამეურვეო ქონების აუქციონზე რეალიზაციისა და რეალიზაციით შემოსული თანხის განაწილების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ მოითხოვს გაკოტრებას და მხოლოდ გადახდისუუნარობის განცხადებით მიმართავს სასამართლოს, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების შემდეგ არჩეული მომრიგებელი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის, მოვალის გაკოტრების ან რეაბილიტაციის შესახებ (ისევე როგორც კრედიტორის განცხადების შემთხვევაში). კანონი არ ადგენს მომრიგებელი საბჭოს ანაზღაურების საკითხს, მომრიგებელი საბჭოს წევრი ვალდებულია შეისწავლოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და მიიღოს კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი დასაბუთებული გადაწყვეტილება, ამიტომ მუდმივად იდგა პრობლემა მომრიგებელი საბჭოს წევრის შერჩევისა და მათგან დანიშვნის თანხმობის მიღებასთან დაკავშირებით. კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობა უნდა განისაზღვროს 3 წევრით, რომელთაგან ერთს ნიშნავს მოვალე, ხოლო მეორე წევრს ირჩევს კრედიტორთა კრება ხმების უბრალო უმრავლესობით. თუ კრედიტორთა კრება ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრის არჩევის თაობაზე, მაშინ მას დანიშნავს მოსამართლე კრედიტორთა პირველი კრების დამთავრებისთანავე (მაგრამ ვინ უნდა დანიშნოს მოსამართლემ მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრად, თუ არც კანდიდატები არიან წარმოდგენილი და არც კანდიდატთა რაიმე რეესტრი არსებობს,  კანონი არაფერს ამბობს). მესამე წევრი შეირჩევა მოვალისა და კრედიტორების (ან მოსამართლის) მიერ განწესებულ მომრიგებელთა შეთანხმებით. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც მოვალე ვერ ასახელებს მომრიგებელი საბჭოს წევრს და  კრედიტორები წარადგენენ ორ წევრს ნაცვლად ერთისა, შემდეგ ისინი მესამე წევრსაც ირჩევენ. რაც შეეხება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონს, კანონი მომრიგებელი საბჭოს ინსტიტუტს არ ითვალისწინებს და რეაბილიტაციის ან გაკოტრების მმართველად შერჩევის პროცედურას სასამართლო იწყებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების მიღებისთანავე. 
გადახდისუუნარობის პროცესში მომრიგებელი საბჭოს როლსა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, კანონი ადგენს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოვალის მიმართ შემდგომი პროცესის წარმართვას (რეაბილიტაცია, გაკოტრება ან საქმის წარმოების შეწყვეტა), მაგრამ მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, რომელიც კანონის მიზნებიდან გამომდინარეობს, მოვალისა და კრედიტორთა გადაწყვეტილების საფუძველზე ხშირად იცვლებოდა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული რეაბილიტაციის თუ გაკოტრების საქმეთა წარმოება. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი ცვლილებებამდე არ ითვალისწინებდა გაკოტრების საქმის წარმოებიდან რეაბილიტაციის რეჟიმზე გადასვლას, მაგრამ, მიუხედავად მომრიგებელი საბჭოს მიერ მიღებული გაკოტრების გადაწყვეტილებისა, სასამართლოს მიუღია განჩინება გაკოტრების პროცესის შეწყვეტისა და რეაბილიტაციის რეჟიმზე გადასვლის შესახებ. პრაქტიკის მიხედვით, სამეურვეო ქონების გასხვისების მიზნით ჩატარებული მეორე აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემდეგაც კი გადასულა კომპანია გაკოტრებიდან რეაბილიტაციის რეჟიმზე კრედიტორთა შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით. კანონში განხორციელებული არაერთი ცვლილების შემდეგ თავად მოვალესაც შეეძლო მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მოეთხოვა რეაბილიტაციის პროცესის დაწყება ან ნებისმიერ სტადიაზე – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, რაც ადასტურებს, რომ მომრიგებელი საბჭოს ინსტიტუტის არარსებობა ხელს ვერ უშლიდა გადახდისუუნარობის პროცესის სწორად წარმართვას. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს გაკოტრების რეჟიმიდან რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლის შესაძლებლობას (ან პირიქით), რასაც კონვერსია ეწოდება.
გაკოტრების საქმის წარმოება სრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს (მუხლი 42-ე). რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, ის სრულდება რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებისთანავე. რეაბილიტაციის პროცესი შეწყდება, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის შეწყვეტის შესახებ მიზეზით, რომ რეაბილიტაციის გეგმა არ ხორციელდება. რეაბილიტაციის გეგმის შეწყვეტა იწვევს მოვალის გაკოტრებას (მუხლი 52-ე.) რეაბილიტაციის გეგმის შეწყვეტის მიუხედავად, მის შეწყვეტამდე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება და გარიგება ძალაში დარჩება. 
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, ისევე როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი, ითვალისწინებს გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარს და მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებას იმ შემთხვევაში, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. სასამართლო განჩინებაში მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ ხსენებული განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს განცხადებას იმავე მოვალის გამო გადახდისუუნარობის შესახებ.
სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორის მიერ ფორმალური განცხადების შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით არ არის ამგვარი წარმოების დაწყების საფუძველი. კრედიტორის განცხადება უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას მოვალის ქონების არსებობასთან ან მოვალის მიერ დადებულ კრედიტორისათვის ზიანის მომტან გარიგებებთან („გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48.4 მუხლი) და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფორმალური განცხადების საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება შეწყდება და მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება ისევ იმ საფუძვლით, რომ ვერ ფარავს პროცესის ხარჯებს და არ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების კანონით დადგენილი მიზანი.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი