ამნისტია, როგორც სამართლიანობისა და საზოგადოებრივი თანხმობის მექანიზმი

24 ნოემბერი 21

ავტორი: ამირან გიგუაშვილი 
ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე, 
სამართლის დოქტორი

2021 წლის 11 იანვარს საქართველოს პარლამენტმა განახორციელა მორიგი ამნისტია, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა საკმაოდ მძაფრი სხვადასხვაობა გამოიწვია.
პროფესიული წრეების წარმომადგენლები, ძირითადად ადვოკატები და უფლებადამცველები, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ამნისტიის კანონპროექტში ასახული სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების სიმცირის გამო, აცხადებდნენ, რომ ეს იყო „ამნისტია ამნისტიისათვის“ და რეალურად არ ემსახურებოდა იმ ათასობით ბრალდებულის ინტერესებს, რომლებიც საპატიმრო დაწესებულებებში მათთვის დაწესებული სასჯელების შემსუბუქებას ან სულაც პატიმრობისგან გათავისუფლებას ელოდებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები და კანონპროექტის ინიციატორი კი ყურადღებას ამახვილებდნენ ბალანსის შენარჩუნების აუცილებლობაზე საჯარო და კერძო ინტერესებს  შორის და აცხადებდნენ, რომ ეს ამნისტია ემსახურებოდა მხოლოდ ისეთ დანაშაულებს, რომელიც არ ატარებენ ძალადობრივ ხასიათს და განსაკუთრებულ საფრთხეს არ უქმნიან საზოგადოებას. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოსა და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინება.
ამ სტატიის ავტორი, როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე, ასოციაციის ხელმძღვანელობასა და სხვა კოლეგებთან ერთად უშუალოდ გახლდით მონაწილე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტის განხილვისა და უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა ჩვენ მიერ წარდგენილი არაერთი მოსაზრება გაიზიარეს, რაც საბოლოოდ აისახა კიდეც კანონში ამნისტიის შესახებ, მაგრამ, ვიდრე ამ განხილვათა დეტალებსა და არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრებდე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, მცირე ისტორიული და სამართლებრივი ექსკურსი შემოგთავაზოთ ზოგადად ამნისტიის, როგორც პოლიტიკური და სამართლებრივი აქტის, რაობაზე.
ამნისტიის შესახებ კანონები პოსტკონფლიქტურ წყობილებათა შედეგების აღმოფხვრისკენ მიმართული ერთ-ერთი უძველესი ინსტრუმენტია, რომელიც ჯერ კიდევ ხამურაბის ეპოქაში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1700 წელს, იღებს სათავეს.1 ამნისტია და შეწყალება მიიჩნევა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების ყველაზე გავრცელებულ შემთხვევად, რასაც, მიუხედავად სახელწოდებათა სახესხვაობისა, პრაქტიკულად ყველა ქვეყნის კანონმდებლობა შეიცავს.2 ამნისტია მეტწილად განიხილება როგორც საგანგებო კანონმდებლობა და, შესაბამისად, მისი შინაარსის განსაზღვრისას მოქმედებს ნორმები, რომლებიც მოითხოვს საკითხის მაქსიმალურად ვიწრო და კონკრეტულ რეგულირებას.3 ამნისტიის გამოყენების მთავარი მიზეზია პოსტკონფლიქტურ პერიოდში სენსიტიური პოლიტიკური საჭიროება – „სამართლიანობის“ საკითხზე მაღლა საზოგადოების შერიგების საკითხი დადგეს.4 შესაბამისად, ამნისტია თავისი მნიშვნელობით სცდება მხოლოდ სამართლებრივი კატეგორიის ფარგლებს,5 კერძოდ, აღნიშნული აქტი თავისი ბუნებით უფრო პოლიტიკური კატეგორიის საკითხია.6
თავად ამნისტიის კანონი, როგორც აღინიშნა, გადაუდებელი ინსტრუმენტია პოსტკონფლიქტურ პერიოდში, რაც მის გამოყენებას ხშირად აზრთა სხვადასხვაობის ობიექტად აქცევს.7 ასეთი დისკუსია ცნობილია „მშვიდობა სამართლიანობის წინააღმდეგ“ დებატის სახელით, რომელიც ამნისტიის კანონისა და სხვა პოსტკონფლიქტური წარმონაქმნების – სასამართლოებისა და სპეციალური კომისიების – გამოყენების ჭრილში განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სამართალი, პოლიტიკა და ეთიკა.8 აღნიშნულის გათვალისწინებით, ამნისტიის გამოყენების კონტექსტში ერთმანეთს უპირისპირდება მოსაზრებები მისი გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.9 მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობისას კი აქტუალობას იძენს პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი ასპექტები.10 თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნული ინსტრუმენტი თავისი მნიშვნელობით პოსტკონფლიქტურ პერიოდში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ეფექტურ საშუალებად უნდა იქნეს მიჩნეული. 
საქართველოს სსკ-ის თანახმად, საქართველოს პარლამენტი ამნისტიას ინდივიდუალურად განუსაზღვრელი პირების მიმართ აცხადებს11 და, მიუხედავად იმისა, რომ კანონში პირდაპირ არ არის დათქმა, ცხადია, საყოველთაო ამნისტია სცდება მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებს და თავისი შინაარსით ასევე პოლიტიკურ აქტს წარმოადგენს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მისი მიღების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს აქვს, რაც აქტის მაღალ ლეგიტიმაციას ადასტურებს.
შესაბამისად, უნდა დავასკვნათ, რომ თავად ამნისტია, როგორც თავისი არსით სამოქალაქო მიტევების ინსტრუმენტი, ავტომატურად არ ნიშნავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის აღიარებას. თუმცა, ხშირად ამნისტიის შესახებ კანონის მიზნის საფუძველი დარღვეული უფლების აღდგენაა. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის პრინციპიდან გამომდინარე, დგება დარღვევების მსხვერპლთა მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის არსებობის პრეზუმფცია. ამავე დროს, არ შეიძლება ხაზი არ გაესვას ამნისტიის კანონის მაპრევენცირებელ ხასიათს, რათა მომავალში აღმოიფხვრას მსგავსი დარღვევები აღნიშნული საგამონაკლისო სამართლებრივი აქტის ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. 
თუ ზემოაღნიშნულ მსჯელობას შევაჯამებთ, ცხადი გახდება, რომ ამნისტიის ძირითადი მიზანია ფართო საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისების განსამუხტად. 
ჩნდება კითხვა: რამდენად ემსახურებოდა აღნიშნულ მიზნებს საქართველოს უახლოეს ისტორიაში განხორციელებული ორი, 2012 და 2021 წლების, ამნისტია და რამდენად იყვნენ ისინი თანხვედრაში საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებთან და საერთაშორისო გამოცდილებასთან.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ამნისტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდა12. აღნიშნული კანონის შედეგად საპატიმრო დაწესებულებებიდან ათასობით ადამიანი, მათ შორის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები, გათავისუფლდა. აღნიშნულ კანონს უძღოდა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ, რომლითაც 190 ადამიანს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 25 კაცი პოლიტიკური ნიშნით დევნილად იქნა ცნობილი.13
ორივე აქტის მნიშვნელობა, ცხადია, სცდებოდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მოიცავდა პოლიტიკურ შემადგენელ ელემენტებს, ეფუძნებოდა რა არაერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ანგარიშსა და კრიტიკულ შეფასებას საქართველოში 2004-2012 წლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების კუთხით, მათ შორის – პოლიტიკური ნიშნითაც. ორივე სამართლებრივი აქტის საფუძვლად, გარდა ჰუმანიზმის პრინციპებისა, მითითებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 (2012) რეზოლუცია და მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმები პოლიტიკური ნიშნით თავისუფლებაშეზღუდულ პირთა შესახებ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ აქტებს მძაფრი დისკუსია მოჰყვა როგორც შიდა პოლიტიკური წრეების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრივ, რაც, უპირველეს ყოვლისა, პროცესის დაჩქარებული და გაუმჭვირვალე ხასიათით იყო გამოწვეული, განსაკუთრებით – პოლიტიკური ნიშნით დევნილთა და დაპატიმრებულ პირთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში14. 
ამავე დროს კრიტიკისა და უკმაყოფილების მიზეზი გახდა ამნისტიის შედეგად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ძალადობრივ დანაშაულებათა ჩამდენი პირების პატიმრობისგან გათავისუფლება ან სასჯელის არსებითად შემცირება, რადგანაც სრულად იქნა იგნორირებული დაზარალებულთა ინტერესები და უფლებები.
მართალია, ამნისტიის კანონი ეფუძნებოდა 2004-2012 წლებში საპატიმრო დაწესებულებებში ადამიანის უფლებების მასობრივ უხეშ დარღვევებს, მაგრამ ცხადია, რომ საზოგადოების პოლარიზებისა და დაზარალებულთა ინტერესების ნიველირების ფონზე ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზანი 2012 წლის საყოველთაო ამნისტიის კანონმა ვერ უზრუნველყო, რამაც პროცესის მიმართ სანდოობა მნიშვნელოვნად შეამცირა.
შესაბამისად, ერთმნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის ამნისტიის კანონის ინიციატორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, კანონპროექტის შემუშავებისას გაითვალისწინა რა გამოწვევებით და კითხვის ნიშნებით აღსავსე უახლესი წარსულის გამოცდილება,  უპირატესობა სახელმწიფო ინტერესებისა და დაზარალებულის ინტერესებს შორის ბალანსის შენარჩუნებას მიანიჭა; მაგრამ ამავე დროს ასეთ ფრთხილ მიდგომას, განსაკუთრებით კანონპროექტის საწყის ეტაპზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთი უფლებადამცველისა და მსჯავრდებულების მოლოდინის გაცრუება და კანონის მიმართ  მეტწილად ემოციურ ფონზე დაფუძნებული კრიტიკა გამოიწვია.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2021 წლის ამნისტიის კანონპროექტის განხილვაში პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო. ჩვენ წარვადგინეთ რამდენიმე არსებითი ხასიათის მოსაზრება და არგუმენტი, დაკავშირებული ამნისტიის კანონის უფრო ეფექტურ გამოყენებასთან.
კმაყოფილებით უნდა აღინიშნოს, რომ მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში აისახა მთელი რიგი ცვლილებებისა ნორმათა რაოდენობებისა და კვალიფიკაციათა გაფართოების კუთხით, რაშიც სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებთან ერთად თავისი წვლილი ადვოკატთა ასოციაციის სამუშაო ჯგუფმაც შეიტანა. ამავე დროს  საგანგებო აღნიშვნის ღირსია თავად კანონპროექტის ინიციატორის მიმართება წარმოდგენილ მოსაზრებებთან, რამაც კანონპროექტზე საბოლოოდ უდავოდ დადებითი ეფექტი მოახდინა. 
უფრო კონკრეტულად: ადვოკატთა ასოციაციამ მოითხოვა არაძალადობრივ-ქონებრივ დანაშაულებთან დაკავშირებით ამნისტია გარკვეული ფორმით ასევე გავრცელებულიყო ისეთ მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი ზიანი და დიდი ოდენობა. ჩვენი მოთხოვნა ასევე ეხებოდა ამნისტიის გაფართოებას ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით, ოდენობის მიუხედავად, თუ არ არსებობდა გასაღების ნიშანი. მიზანშეწონილად მიგვაჩნდა, ამნისტია შეხებოდათ ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებსაც შეადგენენ არასრულწლოვანები და ქალები. 
კანონის არსი – ამნისტია მოქმედებს შემთხვევებზე, როდესაც ზიანი ანაზღაურებულია და დაზარალებული აცხადებს თანხმობას – დაკონკრეტდა „გამოყენების მექანიზმით და ობიექტური გარემოებების არსებობისას“, ასევე – იმ დაზარალებულთა შემთხვევაშიც, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, და შესაძლებელი გახდა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარმოდგენა.
ამნისტიის კანონში აისახა მთელი რიგი მუხლებისა, რომელთა მოქმედება გავრცელდა ზოგიერთ შემთხვევაში დანიშნული სასჯელის განახევრებაზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – ერთი მეოთხედით შემცირებაზე.
ცხადია, არც ამჟამინდელი და არც მომავალში მიღებული ამნისტიები ვერ იქნება იდეალური. ასევე შეუძლებელია სრულად იქნეს მიღწეული ყველა კეთილშობილური მიზანი, რომლებიც აქვს ამ ინსტრუმენტს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდილებაზე დამყარებული ამნისტია – ეფექტური მექანიზმი ფართო პოლიტიკურ-სამართლებრივი და საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევისა ყოველთვის რაციონალურად და გაბედულად უნდა იქნეს გამოყენებული, თუკი ამისი პოლიტიკური და სამართლებრივი აუცილებლობა იარსებებს, მით უფრო – ჩვენი ქვეყნის ახალფეხადგმული დემოკრატიის განვითარების გზაზე.

 
1 Louise Mallinder, “Global Comparison of Amnesty Laws.” (August 1, 2009). The Pursuit of International Criminal Justice: A World Study on Conflicts, Victimisation, and Post-Conflict Justice, M. Cherif Bassiouni, ed., Intersentia, Antwerp 2010: 1. Available at SSRN: https://ssrn.com/abstract=1586831.
2 გიორგი ბურჯანაძე, „ამნისტიის განხორციელების უფლებამოსილება და ადამიანის უფლებები“, წიგნში: ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა, რედაქტორი კონსტანტინე კორკელია, (თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013), 11.
3 გიორგი ბურჯანაძე, „ამნისტიის განხორციელების უფლებამოსილება და ადამიანის უფლებები“, წიგნში: ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა, რედაქტორი კონსტანტინე კორკელია, (თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013), 11.
4 Lisa J. Laplante, “Outlawing Amnesty: The Return of Criminal Justice in Transitional Justice Schemes.” Virginia Journal of International Law, Vol. 49, (2009); Marquette Law School Legal Studies Paper No. 08-26: 916. Available at SSRN: https://ssrn.com/abstract=1292062.
5 Louise Mallinder, Amnesty, Human Rights and Political Transitions: Bridging the Peace and Justice Divide (Studies in International Law). 1st ed. (London: Hart Publishing, 2008), 3.
6 Louise Mallinder, Amnesty, Human Rights and Political Transitions: Bridging the Peace and Justice Divide (Studies in International Law). 1st ed. (London: Hart Publishing, 2008), 3.
7  Louise Mallinder, “Global Comparison of Amnesty Laws.” (August 1, 2009). The Pursuit of International Criminal Justice: A World Study on Conflicts, Victimisation, and Post-Conflict Justice, M. Cherif Bassiouni, ed., Intersentia, Antwerp 2010: 1. Available at SSRN: https://ssrn.com/abstract=1586831
8 Louise Mallinder, “Global Comparison of Amnesty Laws.” (August 1, 2009). The Pursuit of International Criminal Justice: A World Study on Conflicts, Victimisation, and Post-Conflict Justice, M. Cherif Bassiouni, ed., Intersentia, Antwerp 2010: 1. Available at SSRN: https://ssrn.com/abstract=1586831
9 Louise Mallinder, Amnesty, Human Rights and Political Transitions: Bridging the Peace and Justice Divide (Studies in International Law). 1st ed. (London: Hart Publishing, 2008), 3.
10 Louise Mallinder, Amnesty, Human Rights and Political Transitions: Bridging the Peace and Justice Divide (Studies in International Law). 1st ed. (London: Hart Publishing, 2008), 3.
11 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (სსმ, 41(48), N2287, 13/08/1999), მუხლი 77.1. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=228. [20.08.2020].
12 იხ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი (N202-რს, სსმ., ვებგვერდი, 12/01/2013). ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1819020?publication=0. [20.08.2020].
13 „საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76 დადგენილება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/435. [20.08.2020].
14 „ვენეციის კომისიის დასკვნა მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ საქართველოს კანონპროექტის თაობაზე“ (დასკვნა N728; 27 ივნისი, 2013 წელი), მე-2 თავი. ხელმისაწვდომია: https://gdi.ge/uploads/other/0/182.pdf. [20.08.2020].
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი