ავტორი: ბესარიონ ბოხაშვილი
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში
გამოხატვის თავისუფლება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ქვაკუთხედს და როგორც საზოგადოების მთლიანად, ასევე თითოეული ინდივიდის თვითრეალიზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფს არა მხოლოდ მოსაზრების, ან ინფორმაციის გავრცელების უფლებას, არამედ საზოგადოების უფლებას მიიღოს იგი1.ოცდამეერთე საუკუნეში, ინტერნეტი და სოციალური ქსელი გახდა ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება ადამიანებისათვის ინფორმაციის მიღებისა და მისი გავრცელებისათვის.
გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების პოპულარიზაციასა და დაცვაში, „სახელმწიფოების მიერ ინტერნეტში არსებული ინფორმაციის დაბლოკვა ან გაფილტვრის ტექნოლოგია ხშირად შეუსაბამოა გამოხატვის თავისუფლების იმ ვალდებულებებთან, რომელიც სახელმწიფოებს აკისრიათ“2.სპეციალური მომხსენებელი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ინტერნეტის შეზღუდვა თუ ბლოკირება, ძალზედ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ინტერნეტის მომხმარებლებზე და ხელს უშლის მათ მიიღონ ან გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ ან საზოგადოებრივად საინტერესო სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ დროს იბლოკება ოპოზიციური პარტიების ვებ-გვერდები, დამოუკიდებელი მედია და სოციალური ქსელის პლატფორმები, როგორიცაა Twitter და Facebook და სხვ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ხელმისაწვდომობის, ინფორმაციის უზარმაზარი რაოდენობის შენახვისა და კომუნიკაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების მიერ ახალი ამბების ან საზოგადოებრივად საინტერესო საკითხებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში და ზოგადად ინფორმაციის გავრცელებაში3. შესაბამისად, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც ინტერნეტი, ასევე ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია დაცულია ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება).
თუმცა, ნათელია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) არ არის აბსოლუტური უფლება და გარკვეულ შემთხვევებში იგი ლეგიტიმურად შეიძლება შეიზღუდოს. ამავე დროს, ხელისუფლების ორგანოებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ იმ ინფორმაციასა და იდეებს, რომლებიც დადებითად და კეთილგანწყობილად შეიძლება იქნეს მიჩნეული, არამედ ასევე იმ იდეებსა და მოსაზრებებს, რომელიც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი და ამაღელვებელი შეიძლება იყოს. ევროპული სასამართლოს განმარტებით სწორედ ეს არის პლურალიზმი, ტოლერანტობა და გლობალურად აზროვნება, რომლის გარეშეც არ არსებობს „დემოკრატიული საზოგადოება“4.
წინამდებარე სტატია ეხება სწორედ ინტერნეტსა და სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ უახლეს სტანდარტებს და მიმოიხილავს პრეცედენტული სამართლის განვითარებას ამ მიმართულებით.
ინტერნეტის
შეზღუდვასთან
დაკავშირებული
სტანდარტები
ევროპული სასამართლოს განმარტებით ინტერნეტი გახდა ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ინდივიდები ეფექტიანად ახდენენ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების განხორციელებას5. კონვენციის მე-10 მუხლი კი ეხება არა მხოლოდ ინფორმაციის შინაარსს, არამედ გავრცელების საშუალებებსაც, რადგან ამ უკანასკნელზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა აუცილებლად ახდენს ზეგავლენას ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებაზე6. შესაბამისად, ინტერნეტის, რომელიც სასამართლოს ზემოხსენებული განმარტებიდან გამომდინარე ცალსახად ხვდება გამოხატვის თავისუფლების დაცვის ფარგლებში, შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მოცემულია ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში: 1) განსაზღვრული უნდა იყოს კანონმდებლობით; 2) ემსახურებოდეს შესაბამის კანონიერ მიზანს; 3) აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში (პროპორციულობა).
წყება საქმეებში, რომელიც ევროპულმა სასამართლომ განიხილა ინტერნეტის ან გარკვეულ ვებ-გვერდებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, სასამართლომ განსაკუთრებული ტვირთი დააკისრა სახელმწიფოებს, რომ მათ დამაჯერებლად წარმოედგინათ ის არგუმენტები, რომლებიც მეტყველებდნენ შეზღუდვის კანონიერებასა და პროპორციულობასთან დაკავშირებით. ინტერნეტის/გარკვეული ვებ-გვერდების დაბლოკვასთან დაკავშირებული საქმეები ძირითადად განხილული იქნა სასამართლოს მიერ თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ესტონეთისა და ლიტვის წინააღმდეგ.
ერთ-ერთ პირველ საქმეში Ahmet Yildirim v. Turkey7 მომჩივანი ფლობდა და მართავდა ვებ-გვერდს (http://sites.google.com/a/ahmetyildirim.com.tr/academic/), რომელზეც იგი აქვეყნებდა თავის აკადემიურ ნაშრომებს და მოსაზრებებს სხვადასხვა თემაზე. ვებ-გვერდი შექმნილი იყო Google Sites ვებ-გვერდის შექმნისა და ჰოსტინგის სერვისის გამოყენებით (http://sites.google.com/). 2009 წელს თურქეთის ხელისუფლებამ სისხლის სამართალწარმოება აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ, მუსტაფა ქემალ ათა თურქის შერაცხყოფის გამო, ხოლო თურქეთის სასამართლოებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაებლოკათ Google Sites პორტალი, რომლის ერთ-ერთი ვებ-გვერდიც ეკუთვნოდა მომჩივანს. გადაწყვეტილების შედეგად, დაიბლოკა არამხოლოდ მომჩივანის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომობა, არამედ Google-ის ყველა სხვა საიტზე წვდომა. განმცხადებელი ჩიოდა, რომ ხსენებული წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლების დარღვევას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ Google Sites იყო Google-ის სერვისი, რომელიც მიზნად ისახავდა ვებ-გვერდების, მათ შორის საინფორმაციო და საზოგადოებრივად საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ვებ-გვერდების შექმნას და გაზიარებას და შესაბამისად, წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლების განხორციელების საშუალებას8. ამავე დროს, ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ამგვარი ზომების განხორციელებამ ზეგავლენა მოახდინა ინტერნეტის და ერთ-ერთი უმსხვილესი გვერდის – Google-ის ხელმისაწვდომობაზე, რაც ცალსახად წამოჭრიდა მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხს9. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ხსენებულ საქმეში ადგილი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლების დარღვევას, რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იყო ჯეროვნად განჭვრეტადი და არ ითვალისწინებდა მსხვილი საძიებო სისტემის დაბლოკვის შესაძლებლობას. აღნიშნული კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებდა იმის შესაძლებლობას, რომ ეროვნულ სასამართლოებს განეხილათ მთლიანად ინტერნეტ საძიებო სისტემის დაბლოკვის საკითხი. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლების დარღვევას, რადგანაც განხორციელებულმა შეზღუდვამ ვერ დააკმაყოფილა შეზღუდვის ლეგიტიმურობისათვის კონვენციის მე-10 მუხლით დადგენილი პირველი კრიტერიუმი (არ იყო ჯეროვნად გათვალისწინებული კანონმდებლობით).
ანალოგიურ საქმეში Cengiz and Others v. Turkey ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაბამისობაში იყო გამოხატვის თავისუფლებასთან თურქეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ პორტალ Youtube– ზე წვდომის სრული ბლოკირება, რომელიც ხელისუფლების ორგანოებმა განახორციელეს იმ მოტივით, რომ პორტალზე მრავალ მილიონ ვიდეოებს შორის განთავსებული იყო ათი ვიდეო, რომელიც ხელისუფლების ორგანოების მოსაზრებით შეურაცხყოფდა ათა თურქის ხსოვნას . მოსარჩელეები, რომლებიც იყვნენ ვებ-გვერდის აქტიური მომხმარებლები, ჩიოდნენ, რომ ხსენებული გადაწყვეტილებით მათ დაერღვათ გამოხატვის თავისუფლება.
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლების) დარღვევას, რადგან ჩარევა არ აკმაყოფილებდა კონვენციით გათვალისწინებული კანონიერების მოთხოვნას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნებს, ისევე როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწე აკადემიურ პერსონალს, ხელი შეეშალათ Youtube-ზე წვდომაში დიდი ხნის განმავლობაში და მათ შეეძლოთ კანონიერად ეთქვათ, რომ ვებ-გვერდის დაბლოკვამ გავლენა მოახდინა ინფორმაციის მიღებისა და ინფორმაციის გავრცელების უფლებაზე. ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ Youtube იყო უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევდა მომხმარებელს ხელმისაწვდომობა ჰქონოდა სპეციფიურად საინტერესო მასალაზე, მაგალითად, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, და ხელს უწყობდა ‘მოქალაქე ჟურნალისტს’ თვითრეალიზებაში. როგორც ზემოხსენებულ საქმეში, აქაც სასამართლომ დაადგინა, რომ კანონით არ იყო გათვალისწინებული რაიმე დებულება, რომელიც ითვალისწინებდა ნათლად პორტალის სრულად დაბლოკვის შესაძლებლობას ამ პორტალზე განთავსებული რომელიმე ან რამოდენიმე ინფორმაციის/ვიდეოს გამო.
ზემოხსენებული საქმეების მსგავსად, ევროპული სასამართლო მკაცრად მიუდგა ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მომჩივანისათვის სოციალურ ქსელში პირად გვერდზე (profile) შესვლის შეზღუდვას. საქმეში KABLIS v. RUSSIA10 მომჩივანი სოციალური ქსელის მეშვეობით (в Контакте) მოუწოდებდა თანამოაზრეებს შეკრებილიყვნენ ქ. სიკტივკარის ადმინისტრაციულ შენობასთან, რათა თავდაპირველად სახალხოდ ემსჯელათ კომის რესპუბლიკის გუბერნატორის და მისი მოადგილეების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მომჩივანმა და მისმა თანამოაზრეებმა შეტყობინება გაუგზავნეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შეკრების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც უარყოფილ იქნა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ. თუმცა, მომჩივანი სოციალური ქსელის მეშვეობით აგრძელებდა მოწოდებას შეკრებასთან დაკავშირებით. გენერალური პროკურორის მოადგილის შუამდგომლობის საფუძველზე, კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური ბიუროს ბრძანებით, მომჩივანს შეეზღუდა სოციალური ქსელის პირად გვერდზე შესვლა, ისევე როგორც შეიზღუდა სოციალურ ქსელში მომჩივანის მიერ გამოქვეყნებული სტატუსების ხილვა დაინტერესებული პირების მიერ. საჩივრის განხილვისას ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. პირველი, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის თანახმად, გენერალური პროკურორის მოადგილეს უფლებამოსილება გააჩნდა შეეზღუდა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ან სტატუსებზე ხელმისაწვდომობა თუკი ადგილი ჰქონდა ან მომეტებული დამაჯერებლობით ადგილი ექნებოდა სამართალდარღვევას. რუსეთის ხელისუფლების ორგანოების მტკიცებით, შეკრებაზე უარის შემდგომ ნებისმიერი მოწოდება შეკრების განხორციელბასთან დაკავშირებით იყო მოწოდება სამართალდარღვევისაკენ. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობა არ ანიჭებდა მომჩივანს რაიმე სახის უფლებას/გარანტიას, რომ სასამართლო წესით ედავა და მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილება შეკრების არაკანონიერად გამოცხადებასთან დაკავშირებით – სულ მცირე მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილება იმ მომენტამდე, სანამ შეკრება გაიმართებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ღონისძიების მიზანი იყო აზრის გამოხატვა საზოგადოებრივი ინტერესის აქტუალურ საკითხზე, კერძოდ, რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელ დაპატიმრებებზე. მეორე, საჯარო შეკრებაზე მომჩივანს უარი ეთქვა ფორმალური საფუძვლით – მომჩივანის მიერ შერჩეულ ადგილას საზოგადოებრივი თავშეყრა ზოგადად იყო აკრძალული (ევროპულ სასამართლოს კი მიღებული აქვს გადაწყვეტილება, სადაც დადგენილია, რომ ხსენებული ზოგადი აკრძალვა ეწინააღმდეგება კონვენციას). მესამე, სადავო ინტერნეტ–პოსტებში არ იყო მითითებული საჯარო ღონისძიების დროს ძალადობის, არეულობის ან სხვაგვარი უკანონო ქმედებების ჩადენის მოწოდება. მეოთხე, მხოლოდ ორმოცდაათამდე ადამიანი უნდა დასწრებოდა საჯარო თავშეყრას. ღონისძიების ადგილმდებარეობის, მცირე ზომის და მშვიდობიანი ხასიათის გათვალისწინებით, არ არსებობდა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ საჭირო და პროპორციული ყოფილიყო საზოგადოებრივი არეულობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად მოსარჩელის სოციალური ვებ-გვერდის დაბლოკვა ან მის სტატუსებზე შეზღუდვის დაწესება.
ინტერნეტზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ასევე ძალიან საინტერესო იყო რამდენიმე წლის წინ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეზე Kalda v. Estonia11. ხსენებულ საქმეში პარნა-ს ციხის დირექტორმა უარი განუცხადა ციხეში მყოფ პატიმარს მასზედ, რომ ამ უკანასკნელს ხელმისაწვდომობა ჰქონოდა ინტერნეტში განთავსებულ სამ ვებ-გვერდზე (საკანონმდებლო მაცნე, უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო სისტემა), რომლებზეც შესაძლებელია მოძიებულ იქნეს იურიდიული ინფორმაცია. სარჩელში მომჩივანი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ ესტონეთის კანონი, რომელიც კრძალავდა ამ კონკრეტულ ვებ-გვერდებზე წვდომას, არღვევდა ინტერნეტის მეშვეობით მის მიერ ინფორმაციის მიღების უფლებას კონკრეტულად მისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და ხელს უშლიდა მას მიეღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია (რაც მას ხელს შეუწყობდა დაცვის პოზიციის ჯეროვნად ჩამოყალიბებაში) მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოებისას.
ხსენებულ საქმეში სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია საჯარო ინტერესის მქონე საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ფორუმების შექმნის ფუნქცია საჯარო დებატებისთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ პრესით. ამ ფუნქციას შესაძლოა ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა საქმიანობა ინფორმირებული საზოგადოებრივი დებატების აუცილებელი ელემენტია12.
გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ ინფორმაციის მიღების უფლებით დადგენილი ვალდებულება უკრძალავს ხელისუფლებას, ხელი შეუშალოს პირს მიიღოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც სხვებს სურდათ გაეზიარებინათ13. თუმცა, ევროპული სასამართლოს განმარტებით ადამიანის უფლება მიიღოს ინფორმაცია არ გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას შეაგროვოს და გასცეს იგი14.
წინამდებარე საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება) იმ მოტივით, რომ განმცხადებლისთვის იურიდიული ინფორმაციის შემცველ ინტერნეტგვერდებზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა არღვევდა მოსარჩელის ინფორმაციის მიღების უფლებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არ არიან პატიმრები უზრუნველყონ ინტერნეტით. ამასთანავე, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თუკი სახელმწიფოები აძლევდნენ პატიმრებს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას, როგორც ეს ხდებოდა ესტონეთში, სახელმწიფოს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, რათა გაემართლებინა კონკრეტულ საიტებზე წვდომის შეზღუდვა. მოსარჩელის საქმის სპეციფიკურ გარემოებებში, სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი მიზეზები (უსაფრთხოების ინტერესები და ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებული მიზეზები) არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ გაემართლებინა ჩარევა მოსარჩელის ინფორმაციის მიღების უფლებაში. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას მიღებული ჰქონდა უსაფრთხოების ზომები პატიმრების ინტერნეტით სარგებლობასთან დაკავშირებით – სპეციალურად ამ მიზნებისათვის ადაპტირებული კომპიუტერებისა და ციხის პერსონალის მეშვეობით (ხსენებული უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული ხარჯები გაღებული იყო). შესაბამისად, ევროპული სასამართლოსათვის გაურკვეველი დარჩა რას ეყრდნობოდნენ ხელისუფლების ორგანოები, როდესაც ერთის მხრივ პატიმრებს აძლევდნენ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას, ხოლო, მეორეს მხრივ უკრძალავდნენ ისეთ ვებ-გვერდებზე წვდომას, როგორიცაა: ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო ვებ-გვერდი და უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი.
„Jankovskis v. Lithuania“ საქმე ეხებოდა პატიმრის საჩივარს, რომლის თანახმადაც მას უარი ეთქვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდებზე შესვლაზე, რამაც ხელი შეუშალა მას განათლების მიღებასა და შესაბამისი ინფორმაციის მიღებაში. მოსარჩელემ წერილობით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა მიეწოდებინათ მისთვის ინფორმაცია უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ, იურიდიული განათლების მისაღებად. განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი პასუხის თანახმად, სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი იყო სამინისტროს ვებ-გვერდზე. თუმცა, ციხის ადმინისტრაციამ, მოგვიანებით კი ადმინისტრაციულმა სასამართლოებმა, მოსარჩელეს ინტერნეტით სარგებლობაზე უარი უთხრეს, იმ მოტივით, რომ პატიმრებს, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, აკრძალული ჰქონდათ ინტერნეტით სარგებლობა (პატიმრებს ზოგადად ჰქონდათ აკრძალული რადიო და სატელეფონო კომუნიკაცია, ისევე როგორც ინტერნეტი).
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მართალია კონვენციის მე-10 მუხლი არ შეიძლება ყოფილიყო იმგვარად განმარტებული, რომ იგი აკისრებდა სახელმწიფოს პატიმრის ინტერნეტით უზრუნველყოფის ვალდებულებას, მაგრამ, რადგან ლიტვის კანონმდებლობა უფლებას აძლევდა პატიმარს მიეღო განათლება, ინტერნეტზე და კერძოდ, განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვა უნდა განხილულიყო მოსარჩელის ინფორმაციის მიღების უფლებაში ჩარევად. ეს ჩარევა კანონით იყო დადგენილი და ემსახურებოდა სხვისი უფლებების დაცვას და არეულობის და დანაშაულის პრევენციის ლეგიტიმურ მიზანს. ამასთან, ვებ–გვერდი, რომელზეც განმცხადებელს სურდა ჰქონოდა წვდომა, შეიცავდა ინფორმაციას ლიტვაში სწავლისა და სწავლების პროგრამების შესახებ. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან გარკვეული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო ექსკლუზიურად ინტერნეტში. ამასთან, ლიტვის ხელისუფლებამ არ განიხილა განმცხადებლის შეზღუდული ან კონტროლირებადი ინტერნეტით სარგებლობის მინიჭების შესაძლებლობა იმ კონკრეტულ ვებ-გვერდზე, რომელსაც ადმინისტრირებას უწევდა სახელმწიფო ინსტიტუტი და ხსენებულით ანეიტრალებდა უსაფრთხოების რისკებს.
დასკვნა
როგორც ზემოხსენებული საქმეებიდან ნათლად ჩანს, ინტერნეტი ცალსახად ხვდება გამოხატვის თავისუფლების დაცვის ფარგლებში. უფრო მეტიც, გამომდინარე ინტერნეტის როლიდან თანამედროვე სამყაროში ხელი შეუწყოს ინფორმაციის და მოსაზრებების გავრცელებას საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით, მისი შეზღუდვა ყოველთვის ექვემდებარება ევროპული სასამართლოს მხრიდან მკაცრ მეთვალყურეობას. შესაბამისად, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა გამართლებული უნდა იქნეს განსაკუთრებით მყარი არგუმენტებით. ამასთანავე, დაუშვებელია ინტერნეტ-პორტალების და ვებ-გვერდების ბლანკეტური შეზღუდვა შესაბამისი ჯეროვანი საფუძვლის გარეშე, რაც შეიძლება იყოს ძალადობის, ბავშვის პორნოგრაფიის, ტერორიზმის, ექსტრემიზმის აღკვეთის ინტერესები.
1 Observer and Guardian v. the United Kingdom, 26 November 1991, § 59 (b)
2 https://www.ohchr.org/EN/Issues/FreedomOpinion/Pages/SR2017ReporttoHRC.aspx
3 CASE OF TIMES NEWSPAPERS LTD v. THE UNITED KINGDOM (Nos. 1 AND 2)
3002/03 23676/03 | Judgment (Merits) | Court (Fourth Section) | 10/03/2009
4 (Handyside v. the United Kingdom), 7 დეკემბერი 1976, § 49, Series A no. 24, და, ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლორენსი და ჯული საფრანგეთის წინააღმდეგ (Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France) [GC], nos. 21279/02 და 36448/02, § 45, ECHR 2007IV, და ფონ ჰანოვერი (Von Hannover (no. 2), ზემოთ ციტირებული, § 101)
5 Cengiz and Others v. Turkey, judgment of 1 December 2015, §§ 49 and 52
6 CASE OF AHMET YILDIRIM v. TURKEY განაცხადი #3111/10, 18 დეკემბერი 2012, პუნქტი 50
7 Ahmet Yildirim v. Turkey განაცხადი #3111/10, 18 დეკემბერი 2012
8 Ibidem. პუნქტი 49
9 Vereinigung demokratischer Soldaten Österreichs and Gubi v. Austria, 19 December 1994, § 27, Series A no. 302
10 KABLIS v. RUSSIA განაცხადი #48310/16 59663/17, 30 აპრილი 2019
11 Kalda v. Estonia, სარჩელი #17429/10, 19 იანვარი 2016
12 (იხ., მაგალითად, Österreichische Vereinigung zur Erhaltung, Stärkung und Schaffung v. Austria, Application no. 39 39534/07, §§ 33-34, 2013 წლის 28 ნოემბერი,)
13 (იხ. Leander v Sweden, 1987 წლის 26 მარტი, § 74, სერია A არა 116)
14 იხ. Guerra and Others v. Italy, 19 თებერვალი1998, § 53